კოტიკო თოლორაიამ საზოგადოებას თავისი რჩეული წარუდგინა

კოტიკო თოლორაიამ საზოგადოებას თავისი რჩეული წარუდგინა

"რაიო, რაიო? - კოტე ჯვარს იწერსო!" - ეს ფრაზა ფილმიდან - "ქეთო და კოტე" გახლავთ, თუმცა ახალდაოჯახებული კოტიკო თოლორაიასთვისაც შესაფერისია.

დიახ, მალე შოუმენი, ტელეწამყვანი და მომღერალი კოტიკო თოლორაია ქორწილს გადაიხდის. მისი რჩეული 20 წლის მუსიკოსი მარიამ აბდუშელიშვილია. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს. კოტიკომ მეუღლე მეგობრებს "ვიპ კლუბ ბერმუხაში" იმ დროს წარუდგინა, როდესაც მომღერალ ნინი შერმადინის შემოქმედებითი საღამო იმართებოდა: კლუბში მისულ კოტიკოს გარშემო თაყვანისმცემელი გოგონები შემოეხვივნენ, კოტიკო კი მოულოდნელად სცენაზე ავიდა და საზოგადოებას საკუთარი რჩეული წარუდგინა.

შეკრებილმა საზოგადოებამ კოტიკოს არჩევანიც მოუწონა და მეუღლესთან ერთად ნამღერიც.

- მარიამი სად გაიცანი?

კოტიკო:

- 4-5 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ვინაიდან მე საქართველოში ვარ, მარიამი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა.

- მარიამმა რით მოგხიბლა?

- პირველ რიგში, როგორც პიროვნება, მომეწონა. არ დავმალავ და გეტყვი, რომ ბოლო დროს დაოჯახება მართლა მინდოდა. ჩემ გარშემო ბევრი კარგი გოგო და ბევრი ჭორიც იყო - ხან ვისზე დამაქორწინეს, ხან - ვისზე, მაგრამ მარიამის გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მასში დავინახე არა მარტო გარეგნული სილამაზე, არამედ უდიდესი პიროვნული ხიბლი, მშვენიერება. კიდევ, სექსუალურობა, მუსიკალურობა, სიდინჯე და რა ვიცი, კიდევ რა ვთქვა! მარიამი დადებითი თვისებებით უხვად არის დაჯილდოებული.

- კოტიკომ რითი მოგხიბლა?

მარიამი:

- დიდი მონდომება არც დასჭირებია საიმისოდ, რომ მოვეხიბლე. ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. წლების განმავლობაში ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ჰოდა, ერთურთზე ბევრი რამ გავიგეთ, საერთო ენაც გამოვნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ მე და კოტიკოს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. კოტიკო ისეთი ბიჭია, როგორზეც ბევრი გოგონა ოცნებობს, მაგრამ ბედმა მე გამიღიმა და ახლა მის გვერდით ვარ. კოტიკოში უარყოფითი თვისება ჯერ არ შემიმჩნევია...

- ამერიკაში რას საქმიანობ?

- ბერკლის მუსიკალურ სკოლაში ჩავაბარე. მუსიკოსი ვარ. მე და კოტიკოს მუსიკაც გვაერთიანებს. 1 თვის წინ ჩამოვედი თბილისში და გადავწყვიტე, ცხოვრება საყვარელი ადამიანისთვის დამეკავშირებინა.

- როგორი აღმოჩნდა ოჯახური თანაცხოვრება?

კოტიკო:

- ძალიან კარგია. იმედია, სულ ასე ბედნიერები ვიქნებით. როცა სიყვარულია, პრობლემები უმნიშვნელო და ადვილად დასაძლევი გეჩვენება. მე და მარიამი ძალიან ბედნიერები ვართ!

- ქორწილის გამართვას როდის აპირებთ?

- ქორწილი ამ დღეებში იგეგმება. თუმცა, ზუსტ თარიღს არ ვიტყვი. უხერხულ სიტუაციაში ვარ...

- რატომ?

- დიდი სამეგობრო წრე მყავს შოუბიზნესში; ვმუშაობ თბილისის მერიაში, სადაც ბევრ ადამიანს ვიცნობ და თითოეულ მათგანს ჩემი დაოჯახება ძალიან უხარია. ჰოდა, აღარ ვიცი, ნაცნობების ამ დიდი არმიიდან ქორწილში ვინ მოვიწვიო და ვინ - არა; არჩევანის გაკეთება ძალიან რთული ყოფილა, არადა, ცხადია, ყველას ვერ დავპატიჟებ. იმედია, ქორწილში ვისაც ვერ მოვიწვევ, არ გამინაწყენდება.

- უფალმა ბედნიერები გამყოფოთ!

- დიდი მადლობა შენც და "გზასაც", ყურადღებისთვის.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება