ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძელი უწყების, ანუ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
"ბუნებრივია, ეს არის დროებითი, ვიდრე არ მოხდება მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება, ვინც არის პასუხისმგებელი გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნაზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება მალე შედგება და კომპრომისული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
"ამის შემდეგ, ვინაიდან გაერთიანებული შტაბი არის ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მთავარი მასპინძელი მხარე, მოკლე დროში გადაწყდება საკითხი ამ ვიზიტის ჩატარების შესახებ. საქართველოსა და ნატო-ს შორის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტებია, იმდენად ვითარდება თანამშრომლობა, რომ კონკრეტულ გაუგებრობასთან დაკავშირებული თემის გამო შეფერხება ვერ იქნება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ძალიან მჭიდროდ მიმდინარეობს მუშაობა ნატო-ს ხელმძღვანელობასთან მომავალი წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე.