ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას

ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას

პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, მაკა ძაგანია თავის პერსონაჟს ნამდვილად არ ჰგავს; თინასგან განსხვავებით, ის მხიარული და სასიამოვნო ადამიანია. თურმე შვილთან - 12 წლის ნუციკოსთან დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორიც სერიალში ნელიკოს და თინას აქვთ. ნუცამ მაკას ინტერვიუს დროსაც დაურეკა და დედიკო უკვე მესამედ გააფრთხილა: სცენაზე სახიფათო ტრიუკის შესრულებამდე თოკი კარგად შეამოწმეო...

- ახალ სეზონზე თინას ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდი. ჩემი პერსონაჟი თავის ამპლუაშია, ოღონდ - უფრო მეტად შეყვარებული გახლავთ. დედასთან და დაქალებთან ერთად, ცხოვრების დინებას მიჰყვება.

- თინასთან ბევრი გაიგივებთ?

- უცხოსაც არ უთქვამს, რომ თინას ძალიან ვგავარ.

- თქვენი როლის დამაჯერებლად შესრულებისთვის, კომპლიმენტს ხშირად იღებთ?

- ბევრი კომპლიმენტი მიმიღია, რაც მთავარია, ისეთი ხალხისგან, რომელთა აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია... ჩემი შვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ერთხელ ვიღაცის კომენტარი წაიკითხა: მაკა ძაგანია რეალურ ცხოვრებაში თინას მსგავსად, უჟმურიაო. ნუცამ უპასუხა: - ასე არ არისო. კომენტარის ავტორმა დაიჟინა: - როგორ არა, ასეა, მაკას ვიცნობო! არ იცოდა, რომ ჩემს შვილს ელაპარაკებოდა. ის კაცი ჩემი მეგობრის მეზობლის დაქალის ვიღაც აღმოჩნდა (იცინის)...

- როგორ ფიქრობთ, თინას როლის დამაჯერებლად შესრულებას ქერა თმითაც შეძლებდით?

- ვფიქრობ, შევძლებდი! მკაცრი, გაწონასწორებული ქალის განსახიერება ქერათმიანსაც არ გამიჭირდებოდა.

- ქერა თმა დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ, არა?

- 30 წელი. ქერა ჩემი თმის ბუნებრივი ფერია.

- შავ თმაში თავს კომფორტულად გრძნობთ?

- უკვე შევეჩვიე, მაგრამ თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა: სარკესთან რომ ჩავივლიდი, ვჩერდებოდი და ვიყურებოდი, - მე ვარ თუ არა-მეთქი? ახლა გავითავისე.

- ახლობლებიც შეეგუვნენ?

- ვიღაცები ვერ ეგუებიან და ამბობენ, - რატომ შეიღებე? ბუნებრივ ფერს როდის დაიბრუნებო? როცა დამჭირდება, მაშინ დავიბრუნებ! ხალხი თმას უბრალოდ იღებავს, მე კი დამჭირდა და შევიღებე, მერე რა მოხდა? თავმდაბლურად არ ჟღერს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიხდება კიდეც.

- თინა მოგწონთ?

- ძალიან! ხისტი და ხანდახან, ულმობელიცაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგი ქალია. გულიც კარგი აქვს - ბოროტი არ არის. პირდაპირობა მშვენიერი თვისებაა. ვფიქრობ, ზურგს უკან ლაპარაკსა და პირფერობას ჯობია, ადამიანს ის უთხრა, რასაც ფიქრობ. ეს თინას ხანდახან ცოტა უხეშად გამოსდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩემი გმირი ძალიან მომწონს.

- თამამი და პირდაპირი ხართ?

- პირდაპირი ვარ, მაგრამ თინა სულ სხვანაირია.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხის ცივი გონებით გადაწყვეტა შეგიძლიათ?

- არა. თინა - ტვინის, მე კი გულის კარნახით ვმოქმედებ. ჩემი ემოცია ტვინს ყოველთვის წინ უსწრებს. ვიცი, რომ ჯობს, ჯერ კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება მერე მიიღო, მაგრამ ემოციის გაკონტროლება ყოველთვის არ გამოდის.

- ემოციურობის გამო, მნიშვნელოვანი შეცდომა დაგიშვიათ?

- შეცდომა ბევრჯერ დამიშვია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს ძალიან პირადულია. ვეთანხმები გამონათქვამს, - "ადამიანები ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ". სხვათა შორის, თინას ემოციებიც აქვს, მხოლოდ ტვინით არ მოქმედებს. მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა, განიცადა და იტირა კიდეც. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ცხოვრებისეული პრობლემები მასაც აწუხებს. უბრალოდ, უნდა, რომ ძლიერი ქალი იყოს. თუმცა, ყველა ადამიანს აქვს სისუსტე.

- თქვენ გარშემო თინას მსგავსი ქალები არიან?

- ზუსტად თინას მსგავსს არავის ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთ ჩემს ნაცნობს მისი ესა თუ ის თვისება აქვს.

- ბავშვობის მეგობარი გყავთ?

- როგორ არა! სხვათა შორის, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ - ამ მხრივ გაგვიმართლა. როცა ურთიერთობა დავიწყეთ, მე 6 წლის ვიყავი, ის - 5-ის. დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით ვართ.

- მამაკაცებთან დაკავშირებით, თქვენი და თინას გემოვნება თუ ემთხვევა?

- გემოვნებაშიც ვერ "ვემთხვევით": მას უცნაური მამაკაცები მოსწონს. თუმცა მოწონება და სიყვარული ისეთი რამ არის, რასაც ვერაფერს გაუგებ; შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, რომელზეც არასოდეს გიფიქრია.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მე და ტატო ერთმანეთს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვიცნობდით; შემდეგ თეატრშიც ერთად ვთამაშობდით ანუ ვიდრე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდებოდა, მანამდე კარგი ახლობლები ვიყავით. როგორც ყველა შეყვარებული წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, გვიყვარს, გვწყინს...

- სერიალს აქტიურად უყურებს?

- არა, ეს მისი ჟანრი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არც ერთი სერია არ უნახავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი. სხვათა შორის, შეფასებისას გულახდილია. მითხრა, - რა მოსწონს სერიალში და რა - არა...

- სამაგიეროდ, როგორც მივხვდი, თქვენი გოგონა არის სერიალის აქტიური მაყურებელი...

- ჰიპერაქტიურია (იცინის)! 24 საათი ამით არის დაკავებული: სერიებს უყურებს, რჩევებს მაძლევს, "ფეისბუკზე" შედის და კომენტარებს კითხულობს.

- თქვენს სპექტაკლებზეც ასე აქტიურობს?

- რაც მე შემეხება, ყველაფერში აქტიურობს. თეატრში დამცინიან, - თანაშემწე გყავსო. შვილი პრობლემებს მიგვარებს (იღიმის).

- მსახიობობა უნდა?

- უნდა, მაგრამ მე არ მინდა, რომ მსახიობი იყოს. ჰოდა, მეუბნება, - მსახიობობას მხოლოდ მეორად პროფესიად ავირჩევო...

- კასტინგებში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამს ხოლმე?

- კი. გარკვეული ეპიზოდური როლები ნათამაშები აქვს: ფილმში - "სიყვარული აქცენტით" პატარა როლი შეასრულა; სერგო ფარაჯანოვის ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდშიც ითამაშა - რუსული ტექსტი თქვა; სპექტაკლ "ზღაპარშიც" მონაწილეობდა: რეჟისორს, მსახიობებს, დირექტორს მოელაპარაკა, - ჩემს დაბადების დღეზე მთავარი როლი მათამაშეთო. ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ამ სპექტაკლში მთავარ როლს ლელუკა თელია თამაშობდა. როცა ის არ იყო ან აგვიანებდა, ჩემი შვილი სცენაზე იდგა და მის რეპლიკებს ამბობდა. ასე რომ, ამ როლისთვის ასე თუ ისე, მზად იყო. მოკლედ, ნუცას სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი არ უთხრეს... საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნუცამ მშვენივრად ითამაშა, რამაც გამაკვირვა.

- შვილს ხომ არ გაუჯავრდით იმის გამო, რომ თქვენთან შეუთანხმებლად იმოქმედა?

- სპექტაკლის დაწყებამდე გავბრაზდი; ვამბობდი, - პატარა ლაწირაკმა ამ ადამიანების დათანხმება როგორ მოახერხა-მეთქი?!

- დაბოლოს, მინდა გკითხო: სერიალში კატოს შეფის - გიორგის როლის შემსრულებელი სხვა მსახიობით რატომ ჩაანაცვლეს?

- გიორგის როლის შემსრულებელს - დათუნა ბეშიტაიშვილს ცუდი რამ შეემთხვა: გაზის ბალონი აუფეთქდა და ძლიერად დაიწვა. ძალიან ცუდად იყო. საბედნიეროდ, ახლა უკეთ არის. მგონი, მალე საავადმყოფოდან გამოწერენ კიდეც... როგორც კი გამოჯანმრთელდება, სერიალს დაუბრუნდება...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება