ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს

ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს

"ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია. მოსწონს ფლირტი; სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს. ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ვერძს. რაში ეთანხმება მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ასტროლოგებს და რაში - არა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. გარდა ამისა, ნინო ახალი ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალები" შესახებაც გველაპარაკა, რომლის გადაღებასაც "ფორმულა კრეატივი" რამდენიმე დღეში დაიწყებს.

- პირადი ჰოროსკოპი შედგენილი გაქვს?

- არა. ამის სურვილი მქონდა, მაგრამ არ მოვინდომე. ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს.

- ასტროლოგები ამბობენ, - ცვალებადი ხასიათით გამოირჩევაო...

- ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს; ზოგჯერ ჩემი ხასიათის თავადაც მეშინია. რატომ? - ცვალებადი ხასიათი არასტაბილურობას ნიშნავს, არასტაბილური ადამიანი კი სანდო არ არის. ბოლო დროს ბევრი რამ ვისწავლე და მგონი, სტაბილურ ადამიანად ვყალიბდები. ხასიათის ცვალებადობა თინეიჯერობის წლებში უფრო მეტად მახასიათებდა. ძალიან იმპულსური ვარ. შეიძლება რაღაც დაუფიქრებლად ვთქვა და ადამიანს გული ვატკინო. ჩემი იმპულსურობის გამო ბოდიშიც მომიხდია. ბოლო დროს ვცდილობ, უმეტესად პოზიტიურ განწყობაზე ვიყო. სიცოცხლე ხომ უფლის დიდი საჩუქარია და მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ყოველი დღე მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო... მართალია, დღეს გადაღება უნდა გვქონოდა და გადაიდო, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გავაკეთე - ინტერვიუზე დაგთანხმდი.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია".

- გამომგონებელი ბავშვობაში ვიყავი - თოჯინებს ვკერავდი, რომლებსაც მერე შრომის კაბინეტში კიდებდნენ. მოხერხებული და ჭკვიანი ვარ თუ არა? - ამაში ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- პრობლემები და წინააღმდეგობები მთრგუნავს. ვცდილობ, ყველა ბარიერი უმტკივნეულოდ გადავლახო. თუმცა, ეს როგორ გამომდის, არ ვიცი.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- როცა საქმე რაიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. მირჩევნია დავფიქრდე, ყველაფერი ავწონ-დავწონო. პირად ცხოვრებაშიც ასე ვარ, ბევრს ვფიქრობ.

- ზოგჯერ ბევრი ფიქრიც ცუდია...

- გეთანხმები, მაგრამ პირად ცხოვრებაში რაც უფრო ფრთხილად იქნები და წინდახედულებას გამოიჩენ, მით უკეთესია. ეს არის საკითხი, რამაც ადამიანი შეიძლება ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით - გააუბედუროს.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- სამწუხაროდ, არაფერიც არ ხდება. სამაგიეროდ, ჩემი გმირის პირად ცხოვრებაში ბევრი სიახლეა...

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ მოგეწონოს?

- ჩემნაირი უნდა იყოს; ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს. ურწმუნო, გაუნათლებელ ადამიანთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავ. კიდევ, მამაკაცს ბევრი კრიტერიუმით ვაფასებ. ამ საკითხს შეიძლება ცოტა მკაცრად ვუდგები, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.

- შენი ხასიათით ბიჭებს ხომ არ აფრთხობ?

- შეიძლება, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი თუ არის, არ დაფრთხება. არ მესმის, ჭკვიანი ქალების მამაკაცებს რატომ ეშინიათ?

- ჭკვიან მამაკაცებს არ ეშინიათ!

- ჰოდა, ზუსტად ასეთი ადამიანი მჭირდება (იღიმის).

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- თავნებობა ცოტა თავხედობასაც ნიშნავს. თავხედი - არა, უფრო - თავშეკავებული ვარ. ცოტა სიჯიუტეც მახასიათებს. ფეთქებადი გახლავართ, რასაც ვნანობ. ვცდილობ, დასკვნები ცხელ გულზე არ გავაკეთო, არ ვიმოქმედო. ყველაფერი, რაზეც აქამდე ვილაპარაკეთ, ბავშვობაში უფრო მეტად მქონდა. ახლა მგონი, დავბრძენდი და იმის გამოსწორებას ვცდილობ, რაც ჩემში არ მომწონს.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება..."

- მართალია!

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ცნობისმოყვარე ჩემს პროფესიაში ვარ, ხელოვნებაში სიახლეები სულ მაინტერესებს. თუმცა, სხვის ცხოვრებაში ცხვირს არასდროს ვყოფ, არ ვჭორაობ.

- შენზე ჭორები გაგიგონია?

- ჩემზე - ნაკლებად, ჩემს დაზე, თაკოზე კი ბევრი ჭორი მსმენია. მას პატიების უნარი აქვს და შეუძლია იმ ადამიანთან, რომელიც ჭორებს უვრცელებს, ურთიერთობა გააგრძელოს, ეს კი ჩემთვის წარმოუდგენელია; ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავიც მოვიტყუო და ისიც მოვატყუო... შენ ჩემზე ჭორები გსმენია?

- მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ლევან ჯიბღაშვილთან დაგაწყვილეს.

- ეგ ხელოვნურად აგორებული ჭორი იყო; უნდოდათ, სერიალში მეტი ინტრიგა შეეტანათ. ამაზე მეც და ლევანმაც ბევრი ვიცინეთ.

- მშიშარა ხარ?

- გაუბედავი უფრო ვარ, ვიდრე - მშიშარა. რისკზე წასვლა მიჭირს.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- წარმატებული მხოლოდ ამბიციური ბუნების გამო არ ვარ. წარმატება დიდი შრომის გარეშე არ მოდის. როცა რამის კეთების უნარი გაქვს, ცოტა ამბიციაც გიჩნდება. ისე, ჯანსაღი ამბიცია ცუდი არ არის.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ნამდვილად ასეა! ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციო, მაგრამ რა ვქნა, ეს ყველაფერი ჩემი მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარეობს.

- "საქმეს ალღოს ადვილად უღებს. შეუძლია ნახევარ საათში გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც სხვები მთელ საათს ანდომებენ".

- განწყობას გააჩნია, თორემ შეიძლება, საქმე 15 წუთშიც მოვაგვარო.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- რომ გითხრა, - იმხელა ხელფასი მაქვს, რომ აღარ ვიცი, სად ან როგორ დავხაჯო-მეთქი, - მოგატყუებ. ჩემი შემოსავლიდან გარკვეული თანხის დაზოგვა შეიძლება, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს მაშინ, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- ხალხთან კომუნიკაცია არასდროს მიჭირდა. ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე, რომ მისთვის ჩემთან ურთიერთობა სასიამოვნო იყოს. ვაღიარებ, ეს ჩემი უპირატესობაა.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- კი, ასეა (იცინის)!

- შენს ქალურ ხრიკებზე რა იტყვი?

- რატომღაც, ქალი ეშმაკობასთან ასოცირდება. მე თუ მკითხავ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოაწონოს მამაკაცს თავი; ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ხრიკები, მაგრამ ამ ხრიკებში უნდა იდოს დიპლომატია.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები: სხვისი გრძნობებით არასდროს მითამაშია!

- "მაიმუნი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამბებს გონებით აფასებს და არა - გულით".

- ეგრეა. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ასეთ დროს გულის კარნახის უგულებელყოფა ხდება. მამაკაცის ჯიბის სისქე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, იყო შრომისუნარიანი, გქონდეს ინტერესი, შეგეძლოს გამოიმუშაო და წარმატებას ყოველთვის მიაღწევ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ადამიანთან თავს კომფორტულად ვგრძნობდე, ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, ინტერესებს ვითვალისწინებდეთ. ურთიერთობაში სიუხეშე არ მიყვარს.

- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა მხოლოდ გულის კარნახით იმოქმედე და არა - გონების?

- მქონია და მინანია!

- შეცდომების დაშვების გეშინია?

- ძალიან! წაგებას ვერ ვიტან.

- მიზანდასახული ხარ?

- ვარ. ჩემი მიზანია, საყვარელი საქმე ვაკეთო. კატეგორიულად არ მომწონს გამონათქვამი: მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს "საშუალება" ბინძური არ უნდა იყოს; ბინძური საშუალებით მიღწეულ მიზანს ფასი ეკარგება.

- "მისი ინტუიცია წინასწარმეტყველებამდე მიდის".

- კარგა ხანს მეგონა, რომ ცუდი ინტუიცია მქონდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი; ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ეს გრძნობა ძალიან კარგად მაქვს განვითარებული.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება".

- ერთფეროვანი არ ვარ და იმიტომ! ვფიქრობ, ეს ცუდი არ არის.

- "საკუთარ მოსაზრებებს და შეხედულებებს სხვებს გულღიად არასდროს უზიარებს".

- მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ვუზიარებ.

- "სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს".

- ვაიმე!!! ეს სიტყვები ზუსტად ჩემზეა ნათქვამი... როცა შენ გარშემო ბევრი ოჯახი ინგრევა და იხსენებ, ეს ოჯახები როგორ შეიქმნა, ძალაუნებურად ცდილობ, სხვების მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინო. მინდა თუ არ მინდა, ეს ჩემს ქვეცნობიერში ილექება და შეიძლება, ცუდ გავლენასაც ახდენს.

- "მის ცხოვრებაში უმთავრეს როლს უახლოესი გარემოცვა და პარტნიორი თამაშობენ".

- ბავშვობის დროინდელი ბევრი მეგობარი და ვფიქრობ, რჩეული მეგობრების სახით კარგი გარემოცვა მყავს. ძალიან მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღებისას დავუმეგობრდი. არ მინდა, ჩვენი დიდი "ოჯახი" დაიშალოს.

- შენი გმირის, კატოს ცხოვრებაში რა ხდება?

- მას ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელსაც თავიდან მალე მოიშორებს... მოსწონს მეზობელი ბიჭი, რომელთანაც ურთიერთობას ააწყობს და მომავალში რაღაც ამბებიც განვითარდება...

- ამბობენ, - ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღება უნდა დაიწყოსო. ეს სიმართლეა?

- დიახ. "ფორმულა კრეატივი" გადაღებებს სავარაუდოდ, 1 თვეში დაიწყებს. უნდათ, რომ ფილმი საახალწლოდ უჩვენონ მაყურებელს.

- წარმატებას გისურვებ!

- რა, ასტროლოგები ჩემზე სხვას არაფერს ამბობენ? მინდოდა, ეს ინტერვიუ კიდევ გაგრძელებულიყო...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება