რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"

რატი დურგლიშვილი: "აკრძალულ ხილს გემოს არ ვუსინჯავ"

"ყველაზე აქტიური მკითხველი სკოლისა და სტუდენტობის წლებში ვიყავი. ნაწარმოებისგან, მუსიკისგან, მხატვრობისგან თუ სიამოვნება არ მივიღე, ძალდატანებით ვერც წავიკითხავ, ვერც მოვუსმენ და ვერც დავათვალიერებ", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი. მას ყველაზე მეტად ბიოგრაფიული ჟანრის ლიტერატურა და ზღაპრები იზიდავს.

პრეამბულის მაგიერ

- რატი, როგორც ვიცი, მხოლოდ მომღერალი არ ხარ, სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდი, ხომ?

- ოოო! იმ წლებში ხატვით სერიოზულად ვიყავი გატაცებული. როცა ვმღეროდი, მაშინაც კი ხელში ფუნჯი მეჭირა. ოთახში შევიკეტებოდი და იმდენს ვხატავდი, თითმა დეფორმაცია განიცადა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ ვიჯექი, ადამიანებს სახის ნაკვთებზე ვაკვირდებოდი. დღეს უცნობ პიროვნებას რომ შევხედავ, მის შინაგან სამყაროს გამომეტყველებით ვხვდები. ძალიან დამჯერი ბავშვი ვიყავი, უფროსების დარიგებების მოსმენა მიყვარდა, რასაც მიკრძალავდნენ, ვიცოდი, ის არ უნდა გამეკეთებინა.

- აკრძალული ხილი უფრო გემრიელი რომ არის, არ იცოდი?

- ვიცოდი, მაგრამ... ეტყობა, ეს ჩემი ხასიათია.

- დღეს რა ხდება, აკრძალულ ხილს ხშირად "აგემოვნებ"?

- არა, უსიამოვნებასთან ვაკავშირებ და გემოს გასინჯვასაც არ ვცდილობ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- (ფიქრობს) ვერ დავასახელებ, იმდენი კარგი პერსონაჟი "შემხვედრია", ერთი როგორ დავასახელო?

- ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევ?

- კეთილი უნდა იყოს და დიდი სიყვარული უნდა შეეძლოს. ეს აუცილებელია.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა. ერთხელ ბავშვობაში, დედაჩემისთვის 8 მარტი რომ მიმელოცა, გეტრი მოვიპარე და ამ ქურდობისთვის შავი დღე მაყარეს. მას შემდეგ ქურდობას როგორღა გავბედავდი?

- დუეტ "ჯორჯიის" შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეა?

- ჩვენ 2 ახალ სიმღერას ვწერთ. ერთ-ერთზე ვიღებთ ვიდეორგოლს. უნდა გავრეპო და იმედია, კარგად გამომივა. ტექსტის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე, მუსიკის - ვაჟა დურგლიშვილი, რეპი ძვალმა დაგვიწერა. სიმღერებს "სანო სტუდიაში" ვწერთ. დიდი მადლობა ამ სტუდიას და ბორიკო შხიანს.

- ვიდეორგოლის გადაღებას როდის აპირებთ?

- როგორც კი ჩაწერას დავამთავრებთ, ამაზეც ვიფიქრებთ.

- სპონსორი გყავთ?

- საქართველოში სპონსორის პოვნა იოლი საქმე არ არის. საკუთარი სახსრებით გავაკეთებთ. ეს იქნება სტუდიური კლიპი, რომლის პრეზენტაცია საახალწლოდ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში შედგება. ქორეოგრაფიულად დატვირთული კლიპი იქნება. დიდი ხანია, ჩვენს კოლეგებს ვიდეორგოლი არ გადაუღიათ. ჩვენც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაჩერებულები ვიყავით. ახლა ძალა მოვიკრიბეთ და მუშაობას შევუდექით.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ვააიმე!!! შენ არ იცი, როგორ მეშინია...

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- დედალი თუ მამალი? ზუსტად არ ვიცი, ალბათ მამალი, არა?

- გამოიცანი. 1722 წლის 6 აპრილს ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა იაკობ როგევენიმ აღმოაჩინა კუნძული წყნარ ოკეანეში. რა დაარქვა ამ კუნძულს მორწმუნე ზღვაოსანმა?

- ვერ გეტყვი.

- აღდგომის კუნძული. ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

- რა იქნებოდა, თუ არა წითელი ვაშლი?

- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?

- იტალიიდან.

- საყვარელი გოგოსთვის სერენადა გიმღერია?

- არა, მაგრამ ერთი შემთხვევა მახსოვს, ქუჩაში მეგობრებთან ერთად მივდიოდი, დავინახე ერთ-ერთ სახლთან ბიჭი ჩამომჯდარიყო, ხელში გიტარა ეჭირა და მოკრძალებულად მღეროდა. იმ ბიჭს სოლიდარობის ნიშნად გვერდით მივუსხედით და ავყევით (იცინის).

- რას ნიშნავს არაბულად სიტყვა "აშუღი"?

- ვიცოდი, ცოტა ხნის წინ, სადღაც წავიკითხე და ვეღარ ვიხსენებ (პაუზის შემდეგ), მიჯნურს ხომ არა?

- გამოიცანი. "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ/ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,/ არაერთს ისე მოეღო ბოლო, -/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის". ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მომეწონა, მაგრამ ავტორი არ ვიცი.

- მუხრან მაჭავარიანს ეკუთვნის. "ის ერთი" ნაპოვნი გყავს?

- არა. რამდენჯერმე მეგონა, ნაპოვნი მყავდა, მაგრამ ურთიერთობა ვერ შედგა. ადამიანების პრობლემა ის არის, რომ უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მე როცა სხვაზე ვფიქრობდი და არა - საკუთარ თავზე, ვალდებულად ჩამთვალეს. დღეს ყოფილ შეყვარებულებთან ვმეგობრობ.

- გოგონა სარკესთან მივიდა, დაინახა თავისი თავი და შუბლზე აკოცა. შეიძლება, ასე რომ მოხდეს?

- არ შეიძლება. სარკეში საკუთარ გამოსახულებას შუბლზე ვერ აკოცებ.

- რომელი იმპრესიონისტი მხატვრის შთაგონების წყარო იყო ბალეტი?

- ედგარ დეგას.

- რამდენ ლიტრს შეიცავს 1 ბარელი?

- ვერ ვიხსენებ.

- 159 ლიტრს. ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" - მან სიკვდილის წინ, ბოდვისას წარმოთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- ბაირონი. რომელ ქართველ მწერალს აქვს სიკვდილმისჯილთა საკანში 2 თვეზე მეტი გატარებული?

- დაახლოებით რომელ წლებში ცხოვრობდა?

- ის ახლაც ჩვენ გვერდითაა.

- ჭაბუა ამირეჯიბი.

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერი არსებობს, კათოლიკური და მართლმადიდებლური. დაასახელე, რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- თაბორის მთა. ეს ქანდაკება პარიზში მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდმა დაამზადა, მაგრამ დღეს სხვა ქვეყანაში დგას. რომელ ქანდაკებაზეა ლაპარაკი?

- სხვაგან რატომ დგას?

- სხვა ქვეყნის ხალხს აჩუქა.

- "თავისუფლების ქანდაკება", რომელიც ამერიკაშია, არა?

- დიახ. გაიხსენე, მუშაობის დროს, მოქანდაკეს მოდელად ვინ ჰყავდა?

- არ ვიცი.

- საკუთარი დედა. დაასრულე ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "ორი რამ ენატერება ნამდვილ მამაკაცს - ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი, როგორც ყველაზე"...

- ეს გამონათქვამი ზეპირად არ ვიცი.

- "...სახიფათო სათამაშო". ნიცშეს ეთანხმები?

- ნაწილობრივ ვეთანხმები. მე ურთიერთობაში თამაში არ მიყვარს. ტყუილს ვერ ვიტან.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რომელი ლეგენდარული ადგილი გათხარა გერმანელმა არქეოლოგმა შლიმანმა?

- ტროა.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- ალბათ ყველაზე წვრილში.

- და მათ რა ჰქვია?

- კაპილარები.

- დაასახელე ქვეყანა, რომელიც დღემდე გამართულ მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- ბრაზილია იქნება.

- ეს ქალბატონი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის იმ დროისთვის საკმაოდ უცნაური გამოსახულებით. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და საქორწინო ბეჭედი იყო აღბეჭდილი. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

- მეუღლის გვარი? არ ვიცი.

- რენტგენი. ეს მისი პირველი სურათი იყო. ნაპოლეონი ალუროფობიით იყო დაავადებული. რისი ეშინოდა მას?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ერთ-ერთი შინაური ცხოველის ეშინოდა.

- შინაური ცხოველები უნდა ჩამოვთვალო? აჯობებს, თავად მითხრა.

- კატების ეშინოდა. მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- კოცნაზე.

- მართლა ასე ჰქვია? ეგ ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინება.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან, ერთი სასიამოვნოა და თაიგულმა შეიძლება"...

- ვერ დავასრულებ.

- "...თავი აგატკიოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება