მოდელი, ტელე და რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე საზოგადოების ძალებს დიზაინში მოსინჯავს.
როგორც გიორგი ნაზღაიძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა, ის მამაკაცის ტანისამოსის შექმნაზე მუშაობს და კოლექციის პრეზენტაცია ნიუ-იორკში 17 დეკემბერს გაიმართება.
- საზოგადოების გაოცება კარგად გამოგდის, მაგრამ აქამდე არასდროს გითქვამს, დიზაინერობაც თუ შეგეძლო.
- ბავშვობიდან ვხატავ და მეგობრებისთვის ყოველთვის ვაკეთებდი ტანსაცმლის ესკიზებს. მოვიდა დრო, სერიოზული განაცხადი გამეკეთებინა ამ სფეროში. თუმცა "საქართველოს მოდის კვირეულზეც" მინდოდა ჩემი ნაწარმი წარმედგინა, მაგრამ დამბლოკეს. რატომ მოხდა ეს, საინტერესო აღარ არის, რადგან "საქართველოს მოდის კვირეულიც" აღარ არსებობს.
- ნიუ-იორკი როგორ დააინტერესე შენი შესაძლებლობებით?
- 6 თვეა მაქვს ურთიერთობა აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ჰონორ ვიტასთან". მათგან მივიღე შეთავაზება, რომ პირველი ჩვენება ნიუ-იორკში გამემართა. ყველაფერი წინასწარაა შეთანხმებული. ამერიკაში 37 ნამუშევარს წავიღებ. ჩვენება საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ნაძალადევში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა სახლს. ამის შესახებ ამერიკულ მხარესთანაც არსებობს შეთანხმება. პირობის თანახმად, მოდა და ქველმოქმედება უნდა შევუთავსო ერთმანეთს.
- რა სტილის ტანსაცმელს ქმნი?
- "პრეტაპორტე" გავაკეთე, ანუ როგორც კლასიკური, ასევე სპორტული სტილის ტანსაცმელი. ტანსაცმელს პოდიუმზე ამერიკელი მოდელები წარმოადგენენ.
ესკიზები ნანახი აქვთ და განაცხადებიც არის უკვე, რომ პოდიუმის შემდეგ ტანსაცმელს აუცილებლად შეიძენენ. ამაზე არ ვნერვიულობ, რადგან გასაყიდი არაფერი დარჩება.
- მასალა და აქსესუარები აქ შეიძინე?
- ნაჭრების ნაწილი საქართველოში შევიძინე, ნაწილი კი უცხოეთიდან ჩამოვიტანე. რაც შეეხება ღილებს და სხვა აქსესუარებს, ნიუ-იორკიდან არის ჩამოტანილი.
- საქართველოში რა გეგმები გაქვს?
- თბილისშიც გავმართავ საქველმოქმედო ჩვენებას. ვისაც აინტერესებს ჩემი შესაძლებლობები, 27 დეკემბერს "სამეფო უბნის თეატრში" ვეპატიჟები.
გიორგი ბერიძე