ანი ტყებუჩავა შეყვარებულია

ანი ტყებუჩავა შეყვარებულია

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გათხოვილი და ორშვილიანი ნინა, ანუ მსახიობი ანი ტყებუჩავა შეყვარებულია. როგორც თავად ამბობს, ეს ურთიერთობა ახალი დაწყებულია, ამიტომ რჩეულის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა სხვა პირადი დეტალები არ დაუმალავს.

დილა

- თუ საჭიროა დილით ადრე ადგომა, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხან ისე ხდება, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ერთი წუთით ადრე ვიღვიძებ, თუ ძილი დამაკლდა, ადვილად მიფუჭდება ხასიათი, უარყოფითი აზრები მომდის თავში, მარტივად მეღლება გონება და ალოგიკურ ქმედებებს ჩავდივარ (იცინის). საერთოდ, ღამის ადამიანი ვარ, ამ დროს უფრო კარგად ვგრძნობ თავს და ბევრის გაკეთება შემიძლია. დილას აუცილებლად ვიწყებ ყავით, საუზმე დიდად არ მიყვარს და იშვიათად მივირთმევ, თან ბოლო დროს მივხვდი, რომ სწრაფი კვება საზიანოა და აღარ მინდა ასე ვიკვებო, თუმცა რეჟიმის გამო ეს საკმაოდ რთულია.

განწყობა ამინდის მიხედვით

- როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ან სულ მეძინება, ამინდს ვაბრალებ ჩემს ასეთ მდგომარეობას. რასაკვირველია, მზიანი ამინდი კარგად მოქმედებს განწყობაზე, ამ დროს თითქოს სულ გაღიმებული ხარ, მაგრამ მე წვიმაც მიყვარს, თან იცით, როგორი წვიმა?! თავსხმა, ყველაფერს რომ ანგრევს, შენ კი ამ დროს ან უნდა იძინო, ან იკითხო და ან კიდევ წვიმის ცქერით დატკბე. თუ არსად გეჩქარება და დრო გაქვს, წვიმაში სეირნობაც არაჩვეულებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს კიდევ რამდენიმე სირთულე იჩენს. ერთი ის, რომ ქოლგას არასდროს ვატარებ და მეორე - ვარცხნილობა. მართალია, სწორი თმა მაქვს, მაგრამ მცირე წვიმაც კი საშინელ დღეში აგდებს ჩემს ვარცხნილობას, რის გამოც თავს ვიკავებ წვიმაში გარეთ გასვლისგან.

სარკესთან...

- ძალიან მოკლე დროში შემიძლია თავის მოწესრიგება. მკვეთრ მაკიაჟს არ ვიკეთებ, თუ გადაღებაზე მივდივარ, საერთოდ არაფერს ვისვამ, გარდა მკვებავი საცხისა. რაც შეეხება ჩაცმას, მაქსიმალურად კომფორტულ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ყოველდღიურად ნინასგან სრულიად განსხვავებულად ვიმოსები, დიდი ხანია კლასიკურად არ მცმია, ამის სურვილს ძირითადად გადაღებებზე ვიკმაყოფილებ, რადგან სულ კაბები და მაღალქუსლიანები მაცვია. სერიალის გმირების ჩაცმულობაზე თავიდან ბოლომდე მხატვარი თამუნა ხიზანიშვილი ზრუნავს, ყველაფერი მისი შერჩეული გვაცვია და გვიკეთია, ვარცხნილობასაც კი ის გვირჩევს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეკა დოლიძე, რომელიც საოცარ შარფებს ამზადებს, შევედი "ფეისბუქზე" მის გვერდზე და მომეწონა რაღაცები, მან კი დაბადების დღეზე ულამაზესი შარფი მაჩუქა, ძალიან მომერიდა, მაგრამ მითხრა, დიდი სურვილი მაქვს ეს საჩუქარი გაგიკეთოო. მართლა ულამაზესია, ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარია, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი საჩუქრისთვის. ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის საოცრებები ხდება და ამას უკვე მიჩვეული ვარ, 30 სექტემბერს ვარ დაბადებული, წელს ეს თარიღი როგორ ვნებათაღელვას უკავშირდებოდა, თქვენც კარგად იცით, არჩევნების წინა დღე იყო, არავის ეცალა, ამიტომ ქალაქგარეთ წავედით უახლოესი მეგობრები და იქ აღვნიშნეთ.

თეატრი

- სამწუხაროდ, ამჟამად არც ერთ თეატრში არ ვარ დაკავებული. ბოლო სპექტაკლი ორი წლის წინ "ათონელის თეატრში" ვითამაშე და ხანდახან ნოსტალგია მიჩნდება. შარშან მეშინოდა, თეატრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონოდა, რადგან ცდუნებას ვერ გავუძლებდი, არადა, იმ პერიოდში სერიალში თამაში ახალი დაწყებული მქონდა და ბევრი უნდა მესწავლა, თუნდაც კამერასთან მუშაობა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამ პერიოდმა მშვიდად გადაირა, უარი არაფერზე მითქვამს. ახლა კი იგეგმება ახალ სპექტაკლზე მუშაობა, მაგრამ ჯერ კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძნელია, ისიც კი არ ვიცი, რომელ თეატრში გადაწყვეტს რეჟისორი ამ სპექტაკლის დადგმას.

თეატრში შესრულებული რო­ლებიდან ჩემთვის ყველაზე გამორ­ჩე­უ­ლია ნინა ზარეჩნაია ჩეხოვის "თო­ლიას" მიხედვით დადგმულ სპ­ექტაკლში, დიდი შრომა ჩავდე ამ როლში, ამ გადმოსახედიდან შეიძლება გადასარევი არ ჩანდეს, მაგრამ იმ პერიოდში ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. რაც შეეხება რაიმე ჩვევას გადაღების ან სცენაზე გასვლის წინ, განსაკუთრებული არაფერი მახასიათებს, თუმცა მსახიობები ცრუმორწმუნეობით გამოირჩევიან. ნათქვამია, რეჟისორსა და სცენას შორის გავლა არ ვარგაო, სცენარი თუ დაგივარდა, სანამ აიღებ, აუცილებლად უნდა დააჯდე, რომ წარატებული იყოსო და ა.შ. ნინო გაჩეჩილაძე ამ ყველაფერს პირნათლად ასრულებს, რაზეც ბევრს ვიცინით, გიორგი ლიფონავა კი ამბობს, თქვენც ასე იქცევით, უბრალოდ, ჩუმად აკეთებთ ამას, ნინო კი არ მალავსო (იცინის).

გადაღებები

- ჩვენი პავილიონი დაყოფილია სხვადასხვა გმირის "სახლებად", სცენარის მიხედვით ვიწყებთ ამა თუ იმ ოჯახის ამბების გადაღებას. მე და ყოჩი, იგივე ლევან ყოჩიაშვილი, უკვე კარგად ვართ აწყობილები, რაც იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა, ეს კი სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის მუშაობას. უკვე ბავშვებიც "მოვირგეთ", ადრე ქეთას რაღაცების შეხსენება სჭირდებოდა, ახლა უკვე მიეჩვია, თან ისე გაიზარდა, ხელში ვეღარ ამყავს, გიო კი ცოტა ხანში სიმაღლეში გამასწრებს და როგორ უნდა ვითამაშოთ დედა-შვილი, არ ვიცი (იღიმება). პირველი სირთულე გადაღებებთან დაკავშირებით მაშინ წარმოიქმნა, როცა სცენარის მიხედვით ბავშვებმა ლეკვი მოიყვანეს, ისე გაგვიჭირდა გადაღება, თავი შევიკავე, რომ არ მეტირა. ხშირად ქალბატონ მედიკოს ავიწყდება ბატონი ლეო ანთაძის გმირის სახელი და ჯემალის მაგივრად ლეოს ეძახის. ერთ დღეს ქეთა ბავშვთა დაბადების დღის ცენტრში იყო დაპატიჟებული, ეჩქარებოდა, გადაღებები უკვე სრულდებოდა, ძალიან დაღლილ ქალბატონ მედიკოს ლეო ანთაძესთან ჰქონდა სცენა, სადაც, როგორც მის გმირს სჩვევია, აქტიურად ლაპარაკობდა, ამ ლაპარაკში კი სახელი ავიწყდებოდა და ჯემალის მაგივრად ლეოს ეძახდა, რამდენჯერმე მოხდა ასე, ქეთა შეწუხებული იდგა და ელოდა, როდის დასრულდებოდა გადაღებები, რომ წასულიყო. ბოლოს ვერ მოითმინდა, მიუბრუნდა ქალბატონ მედიკოს და ეუბნება, ლეო კი არა ჯემალი, ჯემალი, რით ვერ დაიმახსოვრე ჯ-ო-ვ-ი, ანუ ჯემალიო, გადაწყვიტა დამარცვლით ეთქვა და ჯემალი ასე დამარცვლა - ჯ-ო-ვ-ი, წელს შევიდა სკოლაში და რა ქნას?! (იცინის)

ვის დაჰყავს სამსახურში

- როგორც იქნა ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ ჯერჯერობით მანქანის ყიდვა ვერ მოვახერხე. დღემდე მამას დავყავარ გადაღებებზე, თუ ვაგვიანებ, მას ვაბრალებ ხოლმე, თვითონაც "რუსთავი 2"-თან ახლოს მუშაობს, ამიტომ ერთად მივდი-მოვდივართ.

უარყოფითი განწყობა და სამსახური

- საკუთარი პრობლემების გადასაღებ მოედანზე მიტანა არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი მუშაობს სერიალზე, ყველამ რომ თითო სიტყვით ჩამოვთვალოთ ჩვენი პრობლემები, რა მოხდება?! როცა მოწყენილი ხარ, მეგობრებს, მუსიკას, პოეზიას უნდა მიმართო. თუ გაბრაზებული ხარ, მდგომარეობიდან გამოსასვლელად გადასარევი საშუალებაა სირბილი, ვარჯიში. მოწყენას უფრო სეირნობა შველის, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ცუდ ხასიათზე მყოფი გავსულვარ გარეთ და სახლში სულ სხვა განწყობით დავბრუნებულვარ.

ნივთები, რომლებიც სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს

- ჩემმა დაქალებმა თამუნამ და ნინიმ მაჩუქეს ფუმფულა ჩანთა-თოჯინა, რომელშიც ვინახავ უახლოესი ადამიანების, მეგობრების მიერ მოწერილ წერილებს, მათ ძირითადად მაშინ ვკითხულობ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ. ასევე მაქვს ყუთი, სადაც თინეიჯერობის ასაკიდან ვინახავ ნივთებს, კასეტებს, დღიურის მსგავს ჩანაწერებს, საფულეს, რომელიც დაქალმა მოსკოვიდან ჩამომიტანა. ამ ყველაფრის დათვალიერება ისეთ დადებით ემოციებს აღმიძრავს, რომ ყველაფერ ცუდს მავიწყებს.

მეგობრები და გართობა

- უახლოესი მეგობრები ძირითადად ახლო-ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის ნახვა დღის ან ღამის რომელიმე მონაკვეთში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სერიალს არა აქვს ისეთი გიჟური გრაფიკი, რომ ვერ შეძლო ადამიანის თვეობით ნახვა, აქედან გამომდინარე, გასართობადაც იმის მიხედვით მივდივართ, რამდენი დრო გვაქვს და როგორ ხასიათზე ვართ.

სიახლეები პირად ცხოვრებაში

- შეყვარებული ვარ, ახალი დაწყებულია ეს ურთიერთობა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრების წრეში ვხვდებოდით, ნელ-ნელა ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ისეთი თვისებები, რომლებმაც მოგვხიბლა და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია. იმასაც გაგიმხელთ, რომ ხელოვანია.

რასაკვირველია, უყურებს სერიალს და ჩემს ჩაცმულობაზე ხალისობს, მეუბნება, ბელა მირიანაშვილივით გაცვიაო. მოლაპარაკებულები ვართ, რომ მტკივნეული შენიშვნები მივცეთ ერთმანეთს. როცა ადამიანს კარგად იცნობ, ისიც იცი, რისი გაკეთება შეუძლია, სად დააკლო ძალა და ემოცია, სად მოუვიდა ზედმეტი. ამიტომაც არის შინაურების შენიშვნები უფრო სამართლიანი.

რაც შეეხება რომანტიკას ჩვენს ურთიერთობაში, დღეს რომანტიკამაც იცვალა ფერი, ჩვენ რეალისტი რომანტიკოსები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გახლავართ, ალბათ ამაზე ბევრს გაეცინება, ძალიან თავშეკავებული და მორიდებული ადამიანი ვარ, არ მიზიდავს ოფიციალურობა, მიყვარს, როცა სრულიად უმიზეზოდ ვუკეთებ ახლობლებს საჩუქარს. ახლა ერთ-ერთ მცირე ეპიზოდს გავიხსენებ, რამაც ძალიან გამახარა. მაისურზე სხვადასხვა გამოსახულების დახატვაზე ვსაუბრობდით, ვარჩევდი, რა შეიძლებოდა დამეხატა და გამეხუმრა, ამხელა ვარსკვლავი მყავხარ და რაღა სხვა უნდა გამოვისახო მაისურზეო. მოკლედ, ჩაიარა ამ ამბავმა, ცოტა ხნის წინ ძალიან ციოდა, როცა ერთმანეთს შევხვდით, შევამჩნიე, ძალიან თხლად ეცვა და ვკითხე, რატომ ხარ ასე, ამ "მაიკაზე" რა გახატია, გოგონები-მეთქი, გოგონები არა, მხოლოდ ერთიო, მითხრა, ქურთუკი გაიხსნა და ეცვა მაისური ჩემი ფოტოთი, ვერ აგიხსნით, როგორ გამიხარდა, ჩემთვის ასეთი წვრილმანები და მოულოდნელობები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დაბადების დღეზე ან ახალ წელს მოძღვნილი დაგეგმილი საჩუქარი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება