ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა

ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა

გობელენი ხელით ნაქსოვი "ნაწარმოებია", იგივე ფერწერული ტილო - ძაფებით შექმნილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება.

გობელენი საფრანგეთში გაჩნდა და მისი საქართველოში შემოტანა გივი ყანდარელის სახელს უკავშირდება.

მიმდინარე დღეებში ქართველი დიზაინერის ხატია ძიძიკაშვილის მიერ შექმნილი გობელენი ჩინეთში გამართულ მსოფლიო ბიენალეზე მონაწილეობს. გამოფენით გათვალისწინებულია საპრიზო ადგილები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება ისინი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ხატიას ნამუშევარი მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა, უკვე წარმატებაა და გადავწყვიტეთ, ეს ხელოვანი უფრო ახლოს გაგაცნოთ...

- მხატვრების ოჯახში და მათ გარემოცვაში გავიზარდე. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. სამი და ვართ და სამივე მხატვრები. ორი მამიდა მყავს, ისინიც მხატვრები არიან და სამხატვრო აკადემიაში მუშაობენ. მთელი ბავშვობა აკადემიაში გავატარე. ახლო ურთერთობა მქონდა იქაურ ლექტორებთან, განსაკუთრებით გივი ყანდარელთან, რომელიც ხშირად მეუბნებოდა, მოდი, მე და შენ რამე დავხატოთო.

მახსოვს, ერთხელ დავხატე ცხენი, ძალიან ბავშვური გამოვიდა და მერე ბატონმა გივიმ ნახატში თავისებული კორექტირება შეიტანა. სამწუხაროდ, ის ნამუშევარი შენახული არ მაქვს (იღიმის). სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლესი ქულებით სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის სპეციალობაზე ჩავირიცხე. სტუდენტობისას ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობდი - როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა პერსონალური გამოფენა მქონდა და წარმოვადგინე თექის, გობელენის, აბრეშუმისა და ქაღალდის ნამუშევრები. ჩემი ერთ-ერთი ტრიპტიხი სამხატვრო აკადემიაში დაიტოვეს და ახლა ის დეკანატშია გამოფენილი. სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დიზაინერად ვმუშაობდი. დღესდღეობით ტექსტილში ვმუშაობ და ვქმნი კოსტიუმებს, თექის ქუდებს, შარფებს. ვაკეთებ ინტერიერის დიზაინსაც და ამ სფეროთი დღეს უკვე ბევრი ინტერესდება.

- თექაზე ბევრი მუშაობს, თუმცა მის ხარისხზე იშვიათად თუ დაიკვეხნის ვინმე...

- დიახ, ასეა. ბევრმა ისწავლა თექაზე მუშაობა, მაგრამ ხარისხი ხშირ შემთხვევაში დაბალია. არა იმიტომ, რომ ჩემი ნამუშევრებია, მაგრამ რადიკალურ განსხვავებას იგრძნობთ ჩვეულებრივი დიასახლისის მიერ გაკეთებულ და პროფესიონალის ნაკეთობას შორის. ერთი პერიოდი თექის ნივთებზე ბევრი შეკვეთა მქონდა და აქტიურად ვთანამშრომლობდი საელჩოებთან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საჩუქრებად ყიდულობდნენ თექის შარფებს, კედლის პანოებსა და სხვა ნაწარმს. მათში აუცილებლად ფიგურირებდა ქართული ელემენტები, რასაც ხშირად ვიყენებ. უცხოელებს ჩვენი ეროვნული კულტურა აინტერესებთ და ეს ნამუშევრებში უნდა აისახოს. გობელენითაც ინტერესდებიან, თუმცა ეს შედარებით ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

- თქვენი ნახელავიდან თქვენ თვითონ რას ატარებთ?

- ბატიკის შარფებს ხშირად ვატარებ, რადგან ვფიქრობ, რომ ის თექაზე უფრო კომფორტულია. სახლშიც ბევრი მაქვს ჩემი ნამუშევარი, ფაქტობრივად, ჩემი სახლი საგამოფენო სივრცეა (იღიმის).

- ხატია, მინდა გვესაუბროთ იმ ბიენალეზეც, რომელზეც მცირე ხნის წინ თქვენი ნამუშევარი გაგზავნეთ...

- მამიდაჩემი მანანა ძიძიკაშვილი წარმატებული მხატვარია. ის 2002 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო ბიენალეში. ბეინალე ჩინეთში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მასზე ძირითადად გობელენებია წარმოდგენილი, რომელზეც მუშაობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საერთოდ, ამ გამოფენაში მონაწილეობა თუ შეძელი და ორგანიზატორებმა მიგიწვიეს, ეს დიდი პატივია. მასში მონაწილეობა ფასიანია, მაგრამ მანანა ბიენალეს წარმომადგენლების ერთ-ერთი რჩეული მხატვარია და მას ყოველთვის იწვევენ, როცა კი ბიენალე იმართება. წელს მეც გადავწყვიტე ჩემი მონაცემებისა და ნამუშევრების გაგზავნა, რომელთაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. წერილში ეწერა, რომ ჩემს აპლიკაციას შეეძლო ბიენალეზე მონაწილეობა. მიწვევა მომივიდა, მონაწილეობისთვის თანხის გადახდა არც მე მომთხოვეს და ჩინეთში ტრიპტიხი გავგზავნე. წესით, ნამუშევარი თავად უნდა წამეღო, მაგრამ ვინაიდან პატარა ბავშვი მყავს და სხვა უამრავი დეტალი იყო მოსაგვარებელი, გამგზავრება ვერ მოვახერხე. ბიენალეს შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. სამი საპრიზო ადგილია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ისინი როგორ და ვისზე გადანაწილდება. ჩემთვის უკვე შედეგია ის, რომ ორგანიზატორებმა უამრავ ნიმუშს შორის ჩემი ნამუშევარიც აარჩიეს გამოსაფენად.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება