ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა

ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა

8 ნოემბერს მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა. როგორც იცით, ის ბროდვეიზე მიუზიკლ "კაბარეს" შესარჩევ ტურზე გამოიძახეს. მანამდე კი მომღერალმა მეგობრები, კოლეგები და ჟურნალისტები შეკრიბა და გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო.

საღამოს წამყვანი თამუნა მუსერიძე უნდა ყოფილიყო. პრინციპში თავიდან ასეც იყო, მაგრამ მალევე ტელეწამყვანი თავის რჩეულთან ერთად გაუჩინარდა და სცენაზე მისი ფუნქცია ხან პაატა თედიაშვილმა, ხან კოტიკო თოლორაიამ და ხანაც თვითონ საღამოს გმირმა შეითავსა.

ნინიმ საღამო გამოსამშვიდობებელი სიტყვით დაიწყო. სათითაოდ დაასახელა ყველა მეგობარი, კოლეგა, ვისაც პატარა წვლილი მაინც მიუძღვის მის მომღერლად ჩამოყალიბებაში. იმდენი მადლობა გადაიხადა, თავი "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიაზე მეგონა. ჟურნალების ჩამოთვლა "რეიტინგიდან" დაიწყო და ჩემი სახელი და გვარი საგანგებოდ გამოაცხადა, ჩემი პირველი ნერვების მომშლელია და მაინც მიყვარსო. აქ ცოტა სინდისმაც შემაწუხა, გულიც კი ამიჩუყდა.

სცენაზე პირველი მარკუს მეტრეველი ავიდა, მას მაიკო კაჭკაჭიშვილი, დუეტი "ჯორჯია" და კოტიკო თოლორაია მიჰყვნენ. დათუნა მგელაძემ ჯგუფ "სახეს" ძველი ჰიტი "დიდხანს გელოდი" შეასრულა.

შთამბეჭდავი იყო ქეთი ორჯონიკიძის გამოსვლა. საოცარი სასცენო მანერები და იმიჯი აქვს, მის ვოკალურ მონაცემებზე რომ არაფერი ვთქვა.

ნინი დედასთან, ძმასა და შვილთან ერთად იყო მოსული. მეუღლე ახლდა მაკა ზამბახიძეს. სცენაზე ავიდნენ მიშა სულუხია, გელა გნოლიძე.

საღამოს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. დუეტ "ჯორჯიას" სცენაზე ასვლამ და მაკა ზამბახიძის სიტყვებმა ნინის გული აუჩუყა.

სცენაზე ქალიშვილთან, პატარა მარიამთან ერთად იდგა და ტიროდა. ამ კადრების შემხედვარე მაყურებელიც ცრემლმორეული ადევნებდა თვალს ნინის ემოციებს. ცოტა ხანს მეგობრებთან განმარტოვდა, მერე კი კვლავ სცენაზე ავიდა და გიორგი ჩიქოვანთან ერთად დუეტი გვიმღერა.

მაყურებელს შორის გიგა კვენეტაძე, ნანა ცინცაძე, ქეთი და თამუნა გომართელებიც იყვნენ. საღამომ გვიან ღამემდე გასტანა. მხიარული, ხალისიანი და იმავდროულად ემოციური გამოდგა შერმადინის გაცილება. იმედია, ნინის ამერიკაში გამგზავრება წარმატებული ნაბიჯი იქნება მისი კარიერისთვის.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება