გივი სიხარულიძე: ”ჩემი მეწყვილე კარგი გოგოა, მაგრამ ერთ რამეში შეცდა”

გივი სიხარულიძე: ”ჩემი მეწყვილე კარგი გოგოა, მაგრამ ერთ რამეში შეცდა”

მისი რეგალიების ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ, რადგან გივი სიხარულიძე თითქმის ყველა სფეროშია. მისი პერსონა პოპულარულობით ხანდახან მიხეილ სააკაშვილსაც აჭარბებს. ბოლო დროს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში. ამბობს, რომ ასაკი დაამარცხა, მაგრამ გივი სიხარულიძისა და ლელო ჩქარეულის წყვილი, როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევს.

- ბატონო გივი, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არა მარტო ასაკი დაამარცხეთ, არამედ საზოგადოებაც გააოცეთ...

- უამრავჯერ დამირეკეს და არ ვთანხმდებოდი. მერე ალინამ (ალინა არველაძე შოუს პროდიუსერია - ავტ.) დამირეკა, კარგი გოგოა, თბილი, მეხვეწა და მივედი, ოღონდ პირველივე დღეს გამოვაცხადე, რომ არავის ვეჯიბრებოდი და დუელში საკუთარი ასაკი გამოვიწვიე. ვნახოთ, ვინ ვის დაამარცხებს, წლოვანებას მე, თუ პირიქით.

- წლოვანება კი არა, ბევრი წყვილიც დაამარცხეთ, იმდენი ხანია, რაც პროექტში ხართ...

- ამ პროექტში რატი წითელაძე მომწონს, მსოფლიო ჩემპიონია, კარგად ცეკვავს, კარგი ბიჭია და ვხედავ, რომ პატრონი არ ჰყავს, ხალხი არ ჰყავს, რომ დაუმესიჯონ. ერთ-ერთ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ქულების რაოდენობით, ძალიან კარგად იცეკვა, მაგრამ მესიჯების რაოდენობით პროექტიდან ვარდებოდა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, თუ რატის წყვილს გააგდებდნენ, მე დამეთმო მისთვის ადგილი. მერე ია სუხიტაშვილი რომ კინაღამ გავარდა, მაშინ ვაპირებდი ადგილის დათმობას, ეს გოჩა ჩერტკოევსაც ვუთხარი და ჩემს ია ფარულავასაც. პროდიუსერმა მითხრა, არ შეიძლება, ამაზე პასუხს მომთხოვენო. შემდეგ ტურში ქართულს ვიცეკვებ და მერე სურვილი აღარ მაქვს, კიდევ ვიცეკვო. რეპეტიციებზე სამი საათი ვცეკვავ და არ ვიღლები, დანარჩენები კი ენაგადმოგდებულები სხედან. ყოველდღე რეპეტიციები გვაქვს, სამ-სამი საათი და ხუთ დღეში უნდა ისწავლო ერთი ცეკვა, არადა, მაგ ცეკვებს წლობით სწავლობენ.

- თქვენი წყვილი ჟიურის განსაკუთრებულად უყვარს...

- ია ფარულავა შვილივით მიყვარს. თეა გობეჯიშვილი და კოტე ფურცელაძე დიდებული მოცეკვავეები არიან. რაც შეეხება მარინა ბერიძეს, ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვატყობ, რომ კეთილშობილურად მექცევა და მადლიერი ვარ ამ ქალის. გოჩა ჩერტკოევი უდიდესი პროფესიონალია. ყველა კარგად არის ჩემ მიმართ განწყობილი.

- ძალიან კარგი მეწყვილე გყავთ...

- კარგი გოგოა, მაგრამ ერთ რამეში შეცდა, ბოლო ტურზე ცუდი მუსიკა ამარჩევინა. შემდეგ ჩერტკოევმაც თქვა, ეს იგივეა, რომ ტანგოს დროს ქართული დაუკრაო. ვერაფრით გადავათქმევინე, პატარა გოგოა, შემეცოდა და დავთანხმდი.

- მაინც როგორ გარისკეთ თქვენს ასაკში ცეკვის კონკურსში მონაწილეობა?

- რა გარისკვა ამას უნდოდა, მე ვარ კაცი, რომელიც მთის თხილამურით უკუსვლით ვეშვები ყველაზე საშიში ტრასიდან. მე ვარ წყლის მოთხილამურე, ცალი თხილამურით დავფრინავ. ვცურავ და რა იყო ახლა ეგ? 68 წლის ვარ და 50 წლის ქართველი კაცი უკვე ამბობს, ვაიმე, ჩემთვის რაღა დროს ეგ არისო. შეიძლება ახალგაზრდა იყო და თავი თვითონ დაიბერო, მოხუცი იყო, მაგრამ წლოვანება დათრგუნო. ეს ყველას შეუძლია, მაგრამ ქართველები უცნაური, კომპლექსებით სავსე ხალხი ვართ. საზღვარგარეთ 90 წლის ქალი კეკლუცობს, ჩვენთან კი 60 წლის ქალი ამბობს, რაღა დროსიაო. მთელ სამყაროს ვუთხარი, რომ საქმეს წლოვანება კი არა, მონდომება, სურვილი სჭირდება.

- თუმცა თქვენს ასაკში შეიძლება ბევრი სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენილიყო...

- ქართველებს ერთი დიდი უბედურება გვჭირს, თვითონ სასაცილოები ვართ და სხვაზე ვიცინით. სანამ ქართველი ამას არ მოიშლის და სარკეში არ ჩაიხედავს, არაფერი გვეშველება. წაიკითხეთ აკაკის, ილიას ნაწარმოებები, ისინი გვეუბნებიან, იყავით ტოლერანტულები, მოსიყვარულე გარემოს მიმართო. მცირერიცხოვანი ერი ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ მაშინ გადავრჩებით, თუ ერთმანეთს მოვეფერებით. აიღეთ სერიალები, ტელევიზიით რომ გვაჩვენებენ. უამრავჯერ რომ ეუბნებიან ერთმანეთს, მე შენ მიყვარხარო. ერთხელ ყველაზე საშინელება ვნახე. ერთი გოგო მეორეს ურეკავს და ეუბნება, თავისუფალი ვარ, მოდი დავსხდეთ და სხვის უბედურებაზე ვიჭორაოთო. ეს უბედურება სჭირთ ქართველებს, სიყვარულით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მე უბრალო ხალხი ძალიან მიყვარს, რადგან მათ უბრალოებაში ყველაზე დიდი ბრალიანობაა, მაგრამ იმ მეტიჩრებს, "ფართებზე" რომ დადიან, არ ვუყვარვარ და არც მე მიყვარს ისინი.

- რატომ არ უყვარხართ?

- იმიტომ, რომ ქართული ტრადიციების მოყვარული კაცი ვარ. ქართველი ქალი მიყვარს, კდემამოსილებით, პატიოსნებით სავსე. მათ კი ბოზები და ლესბოსელები უყვართ. არც ერთ მთავრობას არ ვუყვარვარ, მე ხომ იმას არ ვიტყვი, კარგია, კაცი რომ კაცზე გათხოვდეს და ქალი - ქალზე-მეთქი.

- ბატონო გივი, ამის გამო ხშირად გდებენ ბრალს ჰომოფობიურ განცხადებებში.

- რა არის ეს ჰომოფობიური განცხადება? მთელი ცხოვრება გავიმეორებ, რომ ვინც ამის წინააღმდეგი არ არის, ის ერის დამღუპველია. შენ გინდა ჰომოსექსუალი იყავი, გინდა ლესბოსელი, ოღონდ შენთვის იცხოვრე. ხელსაც ჩამოგართმევ, ქორწილშიც დაგპატიჟებ, მაგრამ ნუ გამოხვალ და ჩემს ახალგაზრდებს ნუ მიუთითებ, რომ ეს კარგია და უნდა მოგბაძონ.

- ეს მიბაძვით არ ხდება, ბატონო გივი.

- სიმამრი პროფესიით სექსოლოგი და ვენეროლოგი მყავდა და მეუღლეც ამ დარგში მუშაობდა. არსებობს ჰომოსექსუალების ორი ტიპი. ერთი, ვინც ასეთად დაიბადა და მეორე - ვინც გახდა. ვინც დაიბადა, ისინი ავადმყოფები არიან, სიყვარულით უნდა მოეპყრო, მაგრამ ვინც გახდა, ამორალურია და ამისკენ უბიძგებენ ხალხს, რომ ამორალური ქვეყანა იყოს. მათ არ ვუყვარვარ და მეც ვაცხადებ, რომ არ მიყვარს ისინი, ვინც ამას რეკლამირებას უკეთებს, თუ არ უწევს რეკლამას, ის ადამიანი მისაღებია ჩემთვის.

- ხშირად აღნიშნავთ, რომ არც ერთ მთავრობასთან ახლოს არ ყოფილხართ.

- ჩემთვის მთავრობა არ არსებობს, ჩემთვის არსებობენ ადამიანები. ძველ გაზეთებს რომ გადახედოთ, ბიძინა ივანიშვილზე ყველგან ვამბობ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც ჩემთვის არაფერი გაუკეთებია. როგორ ფიქრობთ, იმათზე მეტი აღარ მეკუთვნის, 500-კაციანი სია რომ გამოქვეყნდა, ვისაც ხელფასებს უხდიდა?! რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ვარ, სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი ოცი წლის განმავლობაში, ღირსების ორდენოსანი, 18 გრან-პრი მაქვს ჩემი ფილმებით აღებული მთელ მსოფლიოში. მე აღარ მეკუთვნოდა პენსია, მდიდარი კაცი ვარ? ჩემთვის არაფერი მოუცია, მაგრამ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ვამბობდი, რომ ღმერთმა გამოგზავნა ეს უწმინდესი კაცი საქართველოსთვის. კაცი, რომელმაც სამების ეკლესია ამიშენა, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ოპერა გაარემონტა, ხელფასები დაუნიშნა ბევრ უღირსს და ბევრ ღირსეულს, მჯერა, რომ ეს კაცი ჩემს საქართველოს გამოადგება.

- პოპულარობა არ გაკლიათ, ყველა ტელევიზიაში გიწვევენ.

- ჩემი ნიჭით მიწვევენ, თორემ ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებს უჭირავთ ყველაფერი და კაცი, რომელიც მაგათ წინააღმდეგ ვიბრძვი მთელი ცხოვრება, როგორ ფიქრობთ, მათ გულზე ვეხატები? ყველგან გზას მიკეტავენ. ეგენი ერთად არიან, მაგრები არიან, ჩვენ, მამაკაცები, ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვჭამთ. მთელი ცხოვრება ჩემი წინააღმდეგი არიან, მაგრამ ფეხები ვერ მომჭამეს, ჩემი ნიჭით გავდივარ.

- ვანო ჯავახიშვილმა მითხრა, რომ მისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი ხართ.

- ვანო უნიჭიერესი კაცია. ხალხს პოლიტიკური ნიშნით არ ვაფასებ. ნიჭიერი თუ ხარ, მომწონხარ, თუ უნიჭო ხარ, გინდა "ოცნებაში" იყავი, გინდა "ნაციონალებში" და გინდა "ქრისტიან-პროჭიანებია" თუ რაღაცა, მაინც მეზიზღები. ასე დაწერეთ ზუსტად.

- როგორ ფიქრობთ, ხელოვანი ადამიანი რომელიმე პარტიას უნდა ეკუთვნოდეს?

- არა, მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი, მშიერს ამოგძვრება სული, თუ ვიღაცასთან არ იმღერე და იცეკვე. მე სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ხალხი, ინტელიგენცია არ მიყვარს, რადგან ეგენი ძალით ინტელიგენტები არიან.

- ახლა სად მუშაობთ?

- ხუთი თვეა, რაც რადიოდან წამოვედი. ახლა დავიწყე მუშაობა, ჰაერბურგის ტრესტის მმართველი ვართ.

- ეგ რას ნიშნავს?

- არაფერი, ვზივარ და ჰაერს ვუშვებ პირიდან. ვწერ მოთხრობებს, ნოველისტი ვარ, ჩემი ერთ-ერთი წიგნი ფრანგულად ითარგმნა და მალე გამოვა. ერთი ლექსი მაქვს დაწერილი, "მზის სხივი - სანთელი, ყველაფერი ნათელი, ბედნიერი მტერი და უბედური ქართველი". ღმერთო, რა იქნება ისე მოხდეს, რომ ეს ლექსი შევცვალო და დავწერო, "ბედნიერი მტერი და ბედნიერი ქართველი", მტერიც ბედნიერი იყოს. მე დედით რუსი ვარ, ულამაზესი დედა მყავდა. ამერიკას პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან კარგია, თუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება. მერე გადავიდეთ ტერიტორიების დაბრუნებაზე. ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დანიშნა, მიმაჩნია, სანთლით რომ ეძებნა, ასეთ წესიერ, პატიოსან, ჭკვიან, აზრიან ადამიანს ვერ იპოვიდა ქვეყანაზე. ამაშიც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ჭკუა.

- შემოქმედებაზე საუბრობდით...

- ახლა დავამთავრე ნოველისტიკაში გაცოცხლებული ლადო ათანელის ავტობიოგრაფია. ის და მისი მეუღლე მიყვებოდნენ პატარა ისტორიებს და იქვე ნოველებს ვწერდი. ასევე ერთ-ერთ ჟურნალში ვბეჭდავ რომანს, "კუდა მელია". კუდა ქალის სახელია, მელია - გვარი. ამ ქალში ჩავატიე ქალის ყველა გათახსირებულობა, რაზეც კაცი ვერც იოცნებებს, მაგრამ იქვე ჩავდე, რომ ასეთი ქალიც შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე და სიყვარულმა აჯობოს ჭკუას.

- როგორც მწერალი, კონკურენციას თუ გრძნობთ?

- როგორ არა, თუ მაგარი მწერალი ხარ, ყველა გებრძვის, თუ საშუალო ხარ, გეფერებიან. საქართველოში მაგრები არ უყვართ. ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, შანსი ჰქონდათ, რომ დამსეოდნენ, მაგრამ ახლა ვერაფერს გახდებიან. მსოფლიოშია ყველაფერი გასული, ინტერნეტი, "ფეისბუქი", ათასი რამე, ახლა სიჩუმით მებრძვიან. მაგარ რომანს რომ გამოუშვებ და ჩუმად არიან.

- ვინ არიან თქვენი მეგობარი მწერლები?

- ჩემთვის პოეტის იდეალია რეზო ამაშუკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ბრწყინვალე პოეზიით ვახტანგ ღლონტი, ტარიელ ხარხელაური, გენო კალანდია, ვაჟა ოთარაშვილი...

- დასასრულ ისევ "ცეკვავენ ვარ­სკვლავებს" დავუბრუნდეთ, რა დაუმტკიცეთ ამ პროექტით საკუთარ თავს?

- ერთხელ საფრანგეთში გახლდით და რომ ჩამოვედი მითხრეს, "რუსთავი 2"-ზე, რაღაც გადაცემაში ერთ-ერთმა სტუდენტმა გმირად დაგასახელაო. ის ბიჭი ვერ მოვძებნე, მაგრამ ტელევიზით გამოვედი და ვუთხარი: "შვილო, შენ დიდ შეცდომას უშვებ, რომ გმირი გგონივარ, გმირი არ ვარ, მაგრამ რადგან შენ გინდა, რომ გმირი ვიყო, შეიძლება შენ ხარ გმირი და მე გგონივარ, მაგრამ შენთან ერთად მეც მაქვს ეგ თვისება, გმირების სიყვარული". ამ პროექტით საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ არც გმირი ვარ და არც კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. არც ისეთი კაცი ვარ, ჩემი მრწამსის მთელ საქართველოს სჯეროდეს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით, არასწორი საქციელით, მაგრამ სიკეთით სავსე ვარ და ადამიანები მიყვარს. საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ სიკეთემ და სიყვარულმა ბევრჯერ გამამარჯვებინა ცხოვრებაში. ყველას მინდა ვუთხრა, აკეთეთ, ხალხო, სიკეთე, სიკეთე გამარჯვებამდე მიგიყვანთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება