ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"

ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"

ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი "ფსიქოს" წყალობით ბავშვობაში დავაბრუნეთ და ერთ დროს მისი ოცნების მამაკაცი, მისტერ როჩესტერიც გავახსენეთ... ქალბატონი ნატო თავის ერთგულ მსმენელს მალე ახალ სიმღერებს აჩუქებს:

- კარგა ხანია, ახალ ალბომზე ვმუშაობ, მაგრამ ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, მუშაობა შევაჩერე. ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა და მგონია, დადგა დრო, რომ საზოგადოებას შევთავაზო ახალი სიმღერები. რამდენიმე დღეში რადიოებში ჯერჯერობით ერთი სიმღერის პრემიერა გაიმართება.

- ბოლო წლებში ქართული შოუბიზნესი შუაზე იყო გახლეჩილი: ერთი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებას ასხამდა ხოტბას, რის გამოც ჰქონდათ სამუშაო და სამთავრობო კონცერტებზე ამღერებდნენ, მეორე ნაწილი კი, შეიძლება ითქვას, პროფესიაწართმეული იჯდა შინ.

- ეს ყველაფერი ნამდვილად უსამართლობა იყო. სამთავრობო კონცერტების ორგანიზატორებისთვის ხშირად უკითხავთ­, რატომ არ ეძახდით ე.წ. ოპოზიციონერ მომღერლებსო და ამაზე პასუხობდნენ, ვეძახით, მაგრამ თვითონ არ მოდიანო. ასეა თუ ისე, რაც ხდებოდა, ნამდვილად ცუდი იყო. საქართველოში ისედაც ძალიან ცოტა გვყავს კარგი მომღერალი, ამიტომ ისინი არც პოლიტიკაში უნდა გავსვაროთ და არც პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დავსვათ შინ. მთავარია, ქვეყანამ პროფესიონალები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

- ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე მომღერალი მართლაც ამბობდა უარს სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სცენაზე გასვლამდე მოუხსნიათ კონცერტებიდან. მაგალითად, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კვალიაშვილი...

- ამ ყველაფერს ყოველთვის ვაპროტესტებდი. ჩემი ნებისმიერი სოლო კონცერტი სავსე იყო ე.წ. ოპოზიციური მომღერლებით, რადგან ჩვენ ერთად მოვდივართ ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, ისინი პროფესიონალები არიან და არავის პოლიტიკური თვალსაზრისი არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ამ სფეროს ყველა ასე უნდა მიუდგეს. არ შეიძლება შენი ხუშტურების, სიმპათია-ანტიპათიის გამო ხელოვნება და ნამდვილი ხელოვანები მოკლა. არც მხოლოდ ერთი მომღერლის ან ხელოვანის ამოჩემება შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მოგწონს. ეს არ ნიშნავს, რომ მის გარდა საქართველოში სხვა მომღერალი არ არსებობს.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ჩემი საყვარელი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში მაქვს წაკითხული და დღემდე ძალიან მიყვარს, არის შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი". ცუდ განწყობაზე როდესაც ვარ, "ჯეინ ეარს" ვშლი და ბავშვობის ბედნიერ ხანაში ვბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს კითხვა და უამრავი რამ მაქვს წაკითხული, ყველაზე მეტად მაინც ეს ნაწარმოები მიყვარს, რადგან ჩემი ბავშვობაა. მისტერ როჩესტერს კი ყველა მამაკაცში­ ვეძებდი, ეს პერსონაჟი ჩემთვის კაცის იდეალი­ იყო. ეს წიგნი ლამაზი ზღაპარია და ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან დღემდე ვერ გამოვედი.

- რომანტიკოსი ყოფილხართ.

- რა თქმა უნდა. სწორედ რომანტიზმი მშველის, რომ არ გავგიჟდე. რაც უნდა ცუდი მომენტი მქონდეს, ყოველთვის ვიცი, რომ კარგად დამთავრდება.

- წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ გაზეთში კითხულობთ კახა ბენდუქიძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, სიმღერა "აყვავდება როცა ნუში" ჩემი დაწერილიაო. როგორი რეაქცია გექნებათ?

- თუ ძალიან უნდა, რომ მისი დაწერილი იყოს, ვეტყვი, დაგითმობ, შენი იყოს-მეთქი. თუმცა, საზოგადოდ, ხმას არ ამოვიღებ, რადგან ეს სიმღერა თავის პატრონს ისედაც მიაგნებს.

- თუმცა, საქართველოში გახშირდა პლაგიატის ფაქტები.

- უჰ, ძალიან. ჩემი სიმღერის მელოდია თუ ფრაზები არაერთხელ მიპოვია სხვა სიმღერებში, მაგრამ ხმა არ ამომიღია. თუ ასე დაიწყო ფრაზების მითვისება, მაშინ გაგიჟებულა ეს ხალხი, გიჟების აყოლა კი არ ღირს. პირიქით, უნდა დაეთანხმო, კი ბატონო, ნამდვილად შენია, შენ დაწერე (იცინის)...

- წარმოიდგინეთ, გიბარებთ კულტურის მინისტრი და გნიშნავთ შოუბიზნესის მმართველად. რას გააკეთებდით ამ სფეროში?­

- უარს ვეტყოდი, რადგან არც სკამი მაინტერესებს და, მით უმეტეს, არც შოუბიზნესის ხელში ჩაგდება. მირჩევნია, შინ, ჩემს საკუთარ სკამზე ვიჯდე და ჩემი საქმე ვაკეთო. ხელოვანი ვარ და ვერ დავიწყებ ვიღაცის გაბედნიერებას და ვიღაცის გაუბედურებას, მით უმეტეს, ჩემი კოლეგების. რაც უნდა ვიძახო, რომ საქართველოში ნამდვილი მომღერალი ძალიან ცოტაა, ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი უჭირავს, თავი მაინც მომღერალი ეგონება.

- სერენადა უმღერიათ თქვენთვის?

- რა თქმა უნდა. სტუდენტობისას დიღომში ვცხოვრობდი. არც შუქი იყო, არც-გაზი. ქუჩებში მხედრიონი დათარეშობდა, მაგრამ დღეს ყველაზე ბედნიერად მაინც ეგ პერიოდი მახსენდება. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ბიჭები ჩემს სახლთან და მღეროდნენ სერენადას. ეს არც მე მაღიზიანებდა და არც მეზო­ბლებს. რაღაცნაირად ლამაზი იყო ეს ყველაფერი.

- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- მიშაზეა ლაპარაკი?

- დიახ, ეგ არის ჩვენი პრეზიდენტი.

- რა ვიცი, ისე აირია ყველაფერი... ვაიმე, დავიბენი, რა გაუხარდებოდა? მიშას ვაჩუქებდი ძალიან კარგ ვერტმფრენს.

- რატომ ვერტმფრენს?

- ძალიან უყვარს, თანაც - საჭიროა.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - თავშეკავებული და მშვიდი ადამიანია. თუ რამე არ მოსწონს, დაუფიქრებლად არავის საყვედურობს, ცდილობს, მოზომილად, დიპლომატიურად აუხსნას ვითარება. უყვარს თავისი კუთხე, ოჯახი, სადაც ყველაზე კარგად ისვენებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება