"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"

"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"

ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომღერალ ქეთა თოფურიას დიდი ხნის უნახავ დედას წავაწყდი. როგორც გაირკვა, ის თბილისში ხშირად ჩამოდის. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ნატა თოფურიას ინტერვიუ ვთხოვე. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი მის ვარსკვლავ შვილსა და მათი ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებას შეეხო.

- თბილისი ქეთასთვის ერთადერთი ქალაქია, საქართველოზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ჩემი შვილი ყოფნით არ იღლება. როგორც კი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, სულ იმას ცდილობს, აქეთ გამოიქცეს. 9 წელია, უკვე ასე გრძელდება. მაგრამ აღმაშფოთა ფაქტმა, როდესაც საქართველოში ქეთას მოღალატის იმიჯი შეუქმნეს იმიტომ, რომ პუტინს უმღერა. არადა, ჯგუფი "ა სტუდიოს" წევრები რუსეთსა და მოსკოვში რიგითი მომღერლები არ არიან და მათ იქაურ შოუბიზნესში "ა კლასის" მუსიკოსებად მიიჩნევენ, ყველა სამთავრობო კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.

- ქეთა რუსეთის მოქალაქეა?

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა 4 წლის წინ მიიღო... მოკლედ, იმ საშინელმა იარლიყმა, რომელიც ქეთას საქართველოში მიაწებეს, ძალიან გამაღიზიანა, მაგრამ ამან არანაირად არ შემიცვალა დამოკიდებულება ჩემი ქალაქის, მეგობრებისა და ხალხის მიმართ... თავიდან ქეთაც განიცდიდა, ნერვიულობდა, ტიროდა, თუმცა არ დაბოღმილა და არ გაღიზიანებულა, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისთვის ,,მოღალატის" წამოძახებამ რეგულარული ხასიათი მიიღო, რაზეც უკვე სერიოზულად გაღიზიანდა. ვიმეორებ, რუსეთი ქეთას მეორე სამშობლოა, ისევე როგორც ვთქვათ, ყაზახეთი, სადაც გიჟდებიან მასზე, შვილად მიიჩნევენ... მაგრამ საშინელებაა, როდესაც ქვეყანაში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, მოღალატედ გაცხადებენ, შეუძლებელია ამას მშვიდად უყურო... არადა, იყო დრო, საქართველოში მოიწვიეს, სიამოვნებით უმღეროდა მიშა სააკაშვილსაც, როდესაც ნატო დუმბაძემ ჯგუფი "ა სტუდიო" აქ ჩამოიყვანა... მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს პიროვნული ბოღმაც აქვთ ქეთასი. ამის დასტურია ის, რომ საქართველოში ზოგიერთი გაზეთი, რომელთა მფლობელები ყოფილ ხელისუფლებასთან და დღევანდელ პრეზიდენტთანაც დაახლოებული პირები არიან, საოცრებებს წერდნენ ქეთაზე. ერთ-ერთმა გაზეთმა ცხოვრება გამიმწარა, მაგრამ შევძელი და იმ ყველაფერზე თვალი დავხუჭე...

- საინტერესოა, როგორ აფასებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

- 1-ელ ოქტომბრამდე საშინლად ვაფასებდი. ახალ ხელისუფლებაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი... ისე, მთელი ამ წლების განმავლობაში ისე ემთხვეოდა, რომ საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდებში აქ მიწევდა ყოფნა, რაც შოკში მაგდებდა. ერთადერთი, 2008 წლის ომის დროს არ ვყოფილვარ აქ და იმ უმძიმეს პერიოდს იქიდან ვადევნებდი თვალყურს. საშინელ დღეში გახლდით. დამიჯერეთ, იქ ყოფნა ჩემთვის 100-ჯერ უფრო ძნელი იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქეთაც იმავეს განიცდიდა, - დედა, ნეტავ, იქ ვიყოთო, - სულ ამას მეუბნებოდა...

- მოსკოვში ცხოვრებას დედა-შვილმა ადვილად აუღეთ ალღო?

- ჯერ ერთი, მადლობა პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომ "ა სტუდიოს" დაგვაკავშირა. ეს ქეთასთვის კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო. საქართველო შოუბიზნესისთვის პატარაა. ამიტომ, საკუთარი ძალების მოსინჯვას უცხო ქვეყანაში ბევრი ცდილობს, რადგანაც ქეთას ამისი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ეს ყველაფერი გაამართლებდა თუ არა. ჯგუფთან ერთად ქეთა იქაურმა პუბლიკამ თბილად მიიღო, "ა სტუდიოს" წევრებს შვილივით ჰყავთ; მაგრამ პირველი 2 წელი ქეთას დეპრესია ჰქონდა და დილიდან სა-ღამომდე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, თბილისში ხან ერთ, ხან მეორე მეგობარს ურეკავდა. მერე იქაურობას ნელ-ნელა მიეჩვია, რადგანაც საქმე არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ქვეყანამაც დაუფასა, სტიმული მიეცა და ინტერესი გაუჩნდა... არც ჩემთვის იყო ადვილი იქაურ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ვცდილობდი, ეს არ გამომეხატა.

- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ქეთა მოსკოვში მარტო გაგეშვათ?

- ჩემთვის იქ ყოფნა სასურველი იყო, რადგანაც იმ პერიოდში ჩემი მეუღლე აქედან უკვე წასული გახლდათ და მაინც ხშირად მომიწევდა მოსკოვში სიარული.

- მეუღლე ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მასზე? როგორც ცნობილია, ის უკვე 2 წელია, რაც აღარ არის.

- რადგან ჩვენ, მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით, როგორც კი აქედან წასვლის შანსი გაგვიჩნდა, წავედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდით... სამწუხაროა, რომ ჩემმა მეუღლემ ცხოვრება ცუდად დაამთავრა, რაც უკვე მისი "პროფესიის" ბრალია.

- მეუღლე კანონიერი ქურდი გყავდათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- ადვილი არ იყო, რადგანაც ეს ჩემთვის საპატიო მისია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანონიერი ქურდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, ასეთი ხვედრი ერგოთ და თუ მიჰყვები ცოლად ასეთ ადამიანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვრო კიდეც მისი ცხოვრებით...

- გააზრებული გქონდათ ეს მაშინ, როდესაც მას ცოლად მიჰყვებოდით?

- გააზრებული არაფერი მქონია. მე ანდრო თოფურიას იმიტომ არ გავყოლილვარ, რომ ქურდი იყო ან ფული ჰქონდა თუ არ ჰქონდა, დაიჭერდნენ თუ - არა. მე ის მიყვარდა და ცოლად ამიტომ გავყევი... საკმაოდ კარგი ოჯახის შვილი იყო. მამა პროფესორი ჰყავდა, დედა დოცენტი, ორივენი ექიმები იყვნენ. მაგრამ ასე წაუვიდა ანდროს ცხოვრება... თავიდან გაუგებრობის მსხვერპლი შეიქმნა, ციხეში სხვის მაგივრად ჩაჯდა და აერია კიდეც ყველაფერი... ანდრო რომ გარდაიცვალა, აქ, გასვენებაში ბევრმა ვერ გაბედა მოსვლა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამძიმარზე დღის საათებში ვერ მოდიოდნენ და შუაღამისას გვისამძიმრებდნენ. ესენი იყვნენ მისი მეგობრები, რომელთაგან ბევრი მთავრობაშიც მუშაობდა... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ეთქვას, რომ ანდრომ მას აწყენინა. ანდროს განზრახ, ვინმესთვის ცუდი არასდროს გაუკეთებია და დაუმსახურებლად არავისთვის უწყენინებია... პიროვნულად კარგი ბიჭი იყო, განათლებული, კარგი მამა; ქეთა გიჟდებოდა მასზე. მამა-შვილი საოცარი მესაიდუმლეები იყვნენ...

- როგორ შეხვდა იმას, რომ ქეთამ კარიერის გაგრძელება მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ ჯგუფში გადაწყვიტა?

- თავიდან საერთოდ წინააღმდეგი იყო ქეთას სიმღერის. ოჯახიდან მოსდევდა, რომ თოფურიები ყველანი ექიმები იყვნენ და მეუბნებოდა, ქეთას სამედიცინოზე ჩაებარებინა. რატომ აირჩია ეს გზა, რატომ უნდა იმღეროს, ხომ შეიძლება, ექიმი გამოვიდესო? - ამბობდა. მერე, როდესაც ნახა, ქეთას ამ საქმეში გარკვეული წინსვლა ჰქონდა, ხელი ჩაიქნია; მიხვდა, მის წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.

- თავიდანვე ხედავდით ქეთაში იმ პოტენციალს, რომელიც მას იმ შედეგამდე მიიყვანდა, რაც დღეს აქვს?

- არა, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ დილიდან საღამომდე ყველგან და ყოველთვის მღეროდა. ადრე შუქები რომ ქრებოდა, ქეთა აივანზე გადიოდა და ხმამაღლა იწყებდა სიმღერას და შუქიც მოდიოდა. მერე მეზობლები ეხვეწებოდნენ, სიმღერა არ შეეწყვიტა (იცინის)... ჩვენს მეზობლად იზო ლილუაშვილს საბავშვო სტუდია ჰქონდა გახსნილი. ამ ქალბატონმა მთხოვა, რაკი ბავშვი მღერის, კარგი ხმაც ამოსდის, იქნებ ჩემს სტუდიაში იაროსო და 4 წლის ქეთა მასთან მივიყვანე. 9 წლიდან კი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილთან მეცადინეობდა. ერთხელ ოთარის დეიდამ - მომღერალმა ცისანა ტატიშვილმა მითხრა, ბავშვს საოპერო ხმა აქვს და ამაზე იფიქრეო... მოკლედ, რადგან პედაგოგებმაც მირჩიეს, ქეთა სიმღერას გაჰყოლოდა, ბავშვისთვის არაფერი დამიკლია.

- და "ლელო" მაინც გაიტანეთ, არა?

- კი და არ ვარ ამით კმაყოფილი. როგორ არ მომწონს, როდესაც ჩემს შვილს ტელეეკრანზე ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხედავ, ეს ყველაფერი რამხელა შრომის ფასად უჯდება და ძალიან მეცოდება... წარმოიდგინეთ, დილას გადიხარ, 5-6 საათი უნდა იფრინო, ჩახვიდე ქალაქში, სადაც კონცერტია დაგეგმილი, მოემზადო და გახვიდე სცენაზე, ცოცხლად იმღერო. თუ იმ ქალაქში მეორე კონცერტი არ გაქვს, იმავე დღეს მოსკოვში უნდა გამოფრინდე. გამოძინებას ვერც კი ასწრებს. ძალიან დატვირთულია, მაგრამ რა ქნას? ასეთია მისი პროფესია. კვირაში ერთხელ მაინც უწევთ საზღვარგარეთ კონცერტი: ევროპაში ან ამერიკაში. მაგრამ მიხარია, რომ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს...

- როგორც ვიცი, დედა-შვილს თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა გქონდათ...

- როდესაც ერთი შვილი გყავს, თან ჰყვები. სულ იმას ვცდილობდი, რომ ზედმეტი მზრუნველობით ეგოისტი არ გამხდარიყო, რაც დედისერთა შვილებს ახასიათებთ. შემიძლია, ვთქვა, რომ ქეთა ეგოისტი არ გამოსულა. თავიდანვე მინდოდა, რომ მისთვის მეგობარი ვყოფილიყავი. არ ვთრგუნავდი, მაგრამ რომ ჰკითხოთ, მის მიმართ არანორმალურად მკაცრი ვარ. ალბათ, რაღაც მომენტში ვარ კიდევაც ასეთი. მთავარი ის არის, რომ ის ჩემთვის მეგობარი იყო და მეგობრად რჩება! შვილთან პრობლემა არ მქონია.

- რას გვეტყვით მის პირად ცხოვრებაზე?

- რა თქმა უნდა, შეყვარებულიც უნდა ჰყავდეს და ჰყავს კიდეც. ოღონდ, ლიოვა გეიხმანი უკვე მისი საქმროა, მაგრამ ქეთა დაქორწინებას რატომღაც არ ჩქარობს... ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა, რომ ეს ადამიანი მოსწონდა, რაც ჩვეულებრივად მივიღე, რადგანაც ქეთა პატარა აღარ არის. როდესაც ლიოვა გავიცანი, მომეწონა, ქეთაზე უფროსია, 37 წლის გახლავთ. ჩამოყალიბებული პიროვნებაა. აქვს თავისი საქმე, ჭკვიანია და მინდა, რომ მას ჩემი შვილი ცოლად გაჰყვეს.

- შვილის საქმრო როგორ გაიცანით?

- ის მაშინ გავიცანი, როდესაც ანდრო, ჩემი მეუღლე დაიჭირეს. ქეთა მაშინ გასტროლებზე იყო. იმ პერიოდში ლიოვა ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა: თქვენთან იმისთვის მოვედი, როგორც ადამიანი ამ რთულ დროს, მეგობრულად გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ქეთა მომწონსო. ამ ჟესტით მან ჩემში ნდობა დაიმსახურა... უკვე 3 წელია, ერთმანეთს ხვდებიან.

- სავარაუდოდ, როდის იგეგმება მათი დაოჯახება?

- ამაზე სულ მელაპარაკება ლიოვა, მაგრამ ყველაფერი მაინც ქეთაზეა დამოკიდებული. ვინაიდან მას ქორწილის გადახდა არ უნდა, ამიტომ ვურჩიე: მართლაც, არ არის აუცილებლობა ქორწილის გადახდის, რადგან შეიძლება ბევრი ადამიანის დაპატიჟება ვერ მოხერხდეს და გაგვინაწყენდნენ, ამიტომ დიდი ცერემონიალის გარეშე მოაწერეთ ხელი-მეთქი. - რადგანაც უკვე დავიღალე ლოდინით, შვილიშვილი მინდა!

- სად ცხოვრობთ მოსკოვში?

- ცენტრში. რომ გითხრათ, ჩვენს სახლში მეზობლები ერთმანეთს იცნობენ-მეთქი, მოგატყუებთ.

- არც ის იციან, რომ მათი მეზობელი "A სტუდიოს" სოლისტია?

- (იღიმება) ეს ყველამ იცოდა, სანამ ჩვენ იმ სახლში გადავიდოდით. მეზობლები მართლაც პატივს გვცემენ. მაგალითად, ერთ-ერთს სამჯერ ჩავუშვით წყალი და საყვედურიც არ უთქვამთ, არადა, ასეთ დროს მოსკოვში მილიციას იძახებენ;

- ქეთას სხეულის ფორმების კორექციასა და პლასტიკურ ოპერაციებზე ლამის ლეგენდები დადის. იქნება რეალურად გვითხრათ, რა ოპერაციები აქვს გაკეთებული?

- სხეულში არანაირი გელი თუ სილიკონი არ აქვს შეშვებული და არც არაფრის კორექცია არ აქვს გაკეთებული. ცხვირზე კი ორი იძულებითი ოპერაცია - ერთი ქირურგიული და მეორე პლასტიკური - გახდა აუცილებელი. ჰაიმორიტი აწუხებდა, რომელიც პერიოდულად უმწვავდებოდა მაღალი სიცხის ფონზე, ნახევარი სახე უსივდებოდა და ვერ სუნთქავდა. ძგიდეც გამრუდებული ჰქონდა. ამიტომ, მეუბნებოდნენ, ოპერაცია გაუკეთეო, მაგრამ ვერ ვუკეთებდი. მოსკოვში რომ გადავედით, ჰაიმორტის გამწვავების გამო კონცერტებს ვერ ჩააგდებდა და საჭირო გახდა მისი ოპერაცია. თბილისში ერთ-ერთი ქირურგი ურჩიეს და ჩამოვიდა, - ძგიდეს გავისწორებო, ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ეს ყველაფერი წარმატებული არ აღმოჩნდა - ბავშვს ოპერაციის შემდეგ ცხვირი დაუგრძელდა. ექიმმა ის პრობლემები კი მოაცილა, რაც აწუხებდა, მაგრამ ამასობაში მისთვის თურმე ხრტილი მოუჭრია და გადაუგდია, რის გამოც ცხვირმა ფორმა შეიცვალა. ეს რომ გამოსწორებულიყო, პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა, რომელის დროსაც ექიმმა მისი კეხის შენარჩუნება ვერ შეძლო. მოკლედ, ღმერთმა დაგვიფარა და ამ ყველაფრიდან მშვიდობიანად გამოვედით. ეს არის და ეს.

- მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებას გისურვებთ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება