"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება

"ჩემი წუთისოფელი" ანუ ეულად გავლილი ტკივილიანი ცხოვრება

"უკვე რამდენიმე წელია, რაც აღარავის ვახსოვარ, არავინ დაინტერესებულა იმით, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი", - ასე იწყებს ჩემთან საუბარს მსახიობი გრიგოლ წიტაიშვილი... "წუთისოფელი", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დათა თუთაშხია", "იმერული ესკიზები", "ცისკრის ზარები", "უყაიმო თამაში", "ღამის ვიზიტი", "არაჩვეულებრივი რეისი", "პლაჟის ავაზაკი", - ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, სადაც ბატონმა გრიგოლმა არაერთი საინტერესო როლი შექმნა. დღეს კი, ხანდაზმული მსახიობი ყველასგან დავიწყებულად გრძნობს თავს...

- ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. სულ ღმერთზე ვარ მინდობილი. მისი ნებითა და იმედით ვარსებობ... მოკლედ, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია; ამაზე ახლა ვლაპარაკობ ხმამაღლა, თორემ ახალგაზრდობაში ამის შესახებ არავის ვუყვებოდი... საკუთარ დარდის გამზიარებლად არც დედ-მამა მყავდა და არც ამხანაგი. გარშემო არავინ იყო, რომ დავერიგებინე და ჩემთვის რაიმე ერჩია; ამიტომ, გულსაც ვერავის ვუშლიდი. მეგობრისთვის როგორ უნდა მეთქვა, რომ დედ-მამა მყავდა, მყავდნენ დეიდებიც, მამიდებიც, მაგრამ ისინი ჩემთვის უცხონი იყვნენ. ამას ალბათ ობლობა სჯობდა...

- მძიმე ბავშვობა გქონიათ.

- კი, ასე იყო, რასაც მთელი ცხოვრება განვიცდიდი... დავიბადე ბათუმში, 1937 წლის თებერვალში. იმ წელს ბათუმში თურმე დიდი თოვლი მოსულა. უამინდობის გამო დედაჩემი სამშობიაროში ვერ წაუყვანიათ და სახლში უმშობიარია. თავიდან ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ყველაფერი აირია. დედა დაიჭირეს და მამამ სხვა ოჯახი შექმნა.

- დედათქვენი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი ხომ არ გახდა?

- ზუსტად არ ვიცი, დედა რისთვის დაიჭირეს, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ადამიანის დაჭერა ადვილი გახლდათ... მოკლედ, მამამ სხვა ოჯახი შექმნა და ძალიან პატარა, ბედის ანაბარად დავრჩი. ხან დეიდასთან ვიყავი, ხან - მამიდასთან და ბებიასთან (დედის დედა). ბოლოს კი, მახინჯაურის ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი, საიდანაც 1-ელ კლასში დავიწყე სიარული. იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ბავშვთა სახლში პატარები საშინელ პირობებში ვიყავით, - რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები გვჭამდა, არც საჭმელ-სასმელი გვქონდა. არც საპონი იშოვებოდა, რომ დაგვებანა. წამალიც დეფიციტი იყო...

- რამდენი წელი იყავით მახინჯაურის ბავშვთა სახლში?

- იქ, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ვიყავი. ბავშვთა სახლი მაღლობზე იყო აშენებული, სკოლა კი მახინჯაურის ცენტრში მდებარეობდა. ბავშვთა სახლიდან სკოლამდე ფეხით დავდიოდით. ზამთარში ფეხსაცმელიც არ მქონდა და ფეხიშველს მიწევდა სიარული. ერთხელ, სკოლიდან რომ დავბრუნდი, ფეხები ისეთი გაყინული მქონდა, რომ ტირილი დავიწყე. დამლაგებელმა ქალმა დამინახა და შევეცოდე, - ხელში ამიყვანა, მომეფერა, სველი წინდები გამხადა, გაყინული ფეხები დამიკოცნა, დამითბო და დამამშვიდა. მერე ერთი ამბავი ატეხა, ამ ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც, აქ რა უნდაო?.. მაშინ მამაჩემი თანამდებობის პირი გახლდათ და ბათუმში ყველა იცნობდა. ვფიქრობ, რომ იმ ქალბატონმა მამაჩემს ჩემი ამბავი შეატყობინა. მან კი ბებიაჩემი (დედის დედა) გამოგზავნა, რადგან ამ ამბიდან ძალიან მალე ბავშვთა სახლიდან წამიყვანეს...

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ის სულ სამსახურში იყო. დედინაცვალი კარგი ქალი გახლდათ, მაგრამ არ მივიღე. საკუთარი დედა მინდოდა...

- როდესაც დედათქვენი ციხიდან გამოვიდა, თავისთან არ წაგიყვანათ?

- დედა 10 წელი იჯდა ციხეში, იქიდან რომ გამოვიდა, 14-15 წლის ბიჭი ვიყავი და ბათუმში მარტო ვცხოვრობდი. მამაჩემი პროფესიით იურისტი იყო და სამსახურის გამო ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. სამუშაოდ ჯერ თბილისში გადმოვიდა (მაშინ მე-6 კლასელი გახლდით და თბილისში ერთი წელი ვიცხოვრეთ), მერე ოზურგეთში გადაიყვანეს და ოჯახიც (მეორე ცოლ-შვილი) თან წაიყვანა. ოზურგეთში აღარ გავყევი და საცხოვრებლად ბათუმში, ჩვენს პატარა ბინაში დავრჩი... დედა ციხიდან რომ გამოვიდა, ეს ამბავი მეზობლის ქალისგან შევიტყვე, - დედაშენი დეიდასთან არისო. დედის სანახავად დეიდასთან რომ მივედი, ის ადამიანი ჩემთვის უცხო აღმოჩნდა. დასთან ცოტა ხანს დარჩა, მერე კი თბილისში გათხოვდა. იმ მოკლე დროში, რაც დედა ბათუმში ცხოვრობდა, ჩვენ შორის არსებული "ყინული" ვერ გალღვა...

- დედამ თბილისში არ წამოგიყვანათ?

- არა, მასთან ურთიერთობა არ მქონია. თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვედი და ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინაც იშვიათად ვნახულობდი დედას. ინსტიტუტში მხოლოდ ორჯერ მომაკითხა... სიარული რომ აღარ შეეძლო და ლოგინად ჩავარდა, მაშინ ვპატრონობდი, მაგრამ მაშინაც ცივი ურთიერთობა გვქონდა...

- ბათუმში მარტო ცხოვრობდით, ქუჩამ ხომ არ ჩაგითრიათ?

- არა და ახლაც მიკვირს, როგორ არ ავცდი გზას. იმ დროს ბათუმში ახალგაზრდების სამი დაჯგუფება არსებობდა: "ქალაქელები" (ვინც ბათუმის ცენტრში ცხოვრობდა), "ჭაობელები" (ბათუმში, ერთი დასახლება ჭაობთან იყო და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ასე ეძახდნენ) და "მარეხოტკები" (საზღვაოსნო სასწავლებლის მოსწავლეები). სამივე დაჯგუფების ბიჭებს ვიცნობდი, მაგრამ არც ერთ დაჯგუფებას არ ვეკუთნოდი, არც მათ საქმეში ვერეოდი. არც ისინი მექცეოდნენ ცუდად... ზღვა და ფეხბურთის თამაში მიყვარდა, დავდიოდი კინოსა და თეატრში. ბათუმში ყველა ბიბლიოთეკაში ვიყავი ჩაწერილი, რადგან მხატვრული ლიტერატურის კითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ზაფხულობით, როდესაც სკოლის არდადეგები მქონდა, ბახმაროში, მამაჩემის ბიძაშვილთან, ბიჭიკო თოიძესთან მივდიოდი. ბიჭიკო ბიძია შუახევის მთავარი ვეტექიმი იყო. ზაფხულობით, ბახმაროს საძოვრებზე საქონელი რომ აჰყავდათ, ბიჭიკოც, როგორც მთავარი ვეტექიმი, ცოლ-შვილთან ერთად, საძოვრებზე ადიოდა, სადაც პატარა ქოხი ჰქონდა და თავის 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა და მეექვსე მე ვემატებოდი... მერე სკოლისთვის, 30 აგვისტოს ჩამოვდიოდი ბათუმში.

- სასკოლოდ ვინ გამზადებდათ?

- სულ სხვისი ნაცვამებით ვიმოსებოდი, ყურადღებას მხოლოდ ნათლია მაქცევდა. ჩემი ნათლია, დათიკო ფხაკაძე ბათუმის ატელიეში მუშაობდა. სკოლაში რომ მივდიოდი, გზად ნათლიას სამსახურში გავუვლიდი, ისიც ტკბილეულს მახვედრებდა. კვირაში ერთხელ კი საქუდე ქსოვილს მჩუქნიდა. იცოდა, რომ ქუდის ტარება მიყვარდა. საქუდე ქსოვილი ებრაელი მექუდისთვის მიმქონდა, რომელიც ქუდს უფასოდ მიკერავდა. მიშა ძიას (ასე ერქვა მას) შეკერილ ქუდს ერთი კვირა ვატარებდი, მერე კი ამხანაგს ვჩუქნიდი. დიდხანს არ მიყვარდა ერთი და იმავე ქუდის ტარება.

- სკოლის წლებს როგორ გაიხსენებთ?

- ერთ სკოლაში ვერ ვჩერდებოდი და ბათუმში რამდენი სკოლაც იყო, ყველა მოვლილი მქონდა... #10 სკოლაში რომ გადავედი, კლასში გრძელნაწნავიანი გოგონას გვედით დავჯექი. ლეილას (ასე ერქვა მას) გაკვეთილების განმავლობაში ვაწვალებდი. ხან ნაწნავით სკამზე მივაბამდი, ხან თმას ვწიწკნიდი... გვიან გავიგე, რომ ის ჩემი და იყო.

- თქვენი და?

- დიახ. ქალმა, რომელიც მამას მეორე ცოლი გახდა, ქორწინებამდე მამასგან გოგონა გააჩინა და გააშვილა, ხოლო დაქორწინების შემდეგ კი მათ ნანა გაუჩნდათ. ნანა თვეების იყო, როდესაც დედამისი ჭლექით გარდაიცვალა და მამაჩემმა მესამე ცოლი შეირთო. მამაჩემის მესამე ცოლი უშვილო აღმოჩნდა და ნანას შვილივით ზრდიდა.

- როგორ გაიგეთ, რომ ლეილა თქვენი და იყო?

- ეს ამბავი გვიან გავიგე, მაშინ ლეილას უკვე შვილიშვილები ჰყავდა. ლეილას და ნანას ურთიერთობა ჰქონდათ, ისინი ხომ ერთი დედმამიშვილები იყვნენ. ხანდახან მეც ვეკონტაქტებოდი მათ. დღეს, არც ერთი აღარ არის ცოცხალი...

- თეატრალურ ინსტიტუტში როგორ ჩააბარეთ?

- კინო და თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. მერვე თუ მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც მეზობლად ბერდია ინწკირველის ოჯახი გადმოვიდა. ბერდია ჩემი ტოლი იყო და ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ სკოლა რომ დაამთავრა, თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოხვდა. ბათუმში რომ დაბრუნდა, თეატრში მუშად დაიწყო მუშაობა. მეორე წელიწადს, მე და ბერდიამ თეატრალურ ინსტიტუტში (მისი რჩევით) გამოცდები ერთად ჩავაბარეთ. ისე მოხდა, რომ იმ წელიწადს მე ჩავირიცხე, ბერდია კი ჩაიჭრა. ის ჯარიდან რომ დაბრუნდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაირიცხა. დღეს ბერდია ბათუმის თეატრის მსახიობია...

- თქვენ როგორ მოხვდით?

- მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები გვიან იწყებოდა და მოსამზადებლად დრო ბევრი მქონდა. სანამ ტურები და გამოცდები დაიწყებოდა, 2 თვის განმავლობაში კონსულტაციები გავიარე. იმ კონსულტაციებზე რეჟისორები: გიზო ჟორდანია და გივი სარჩიმელიძე, სპეციალობაში გვამეცადინებდნენ. ის პროცესი ისე მომეწონა, რომ არც ერთი კონსულტაცია არ გამიცდენია. შემდეგ სამივე ტური გავიარე და მისაღები გამოცდებიც ჩავაბარე. ინსტიტუტში ჩემი ხელმძღვანელი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, რომელიც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ხოლო დამამთავრებელ კურსზე ლილი იოსელიანი მასწავლიდა. ლექციები არასდროს გამიცდენია. სტუდენტობისას ძალიან შევიცვალე, ჩემი სპეციალობით დავინტერესდი და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გორის თეატრში გამანაწილეს, მერე სამუშაოდ თბილისში გადმოვედი. აქ ყველა თეატრი მოვლილი მაქვს. რუსთაველის თეატრიდან ოთხჯერ წამოვედი და ოთხჯერ დავბრუნდი... თეატრსა და კინოში ბევრი როლი შევასრულე...

- ოჯახი რატომ არ შექმენით?

- ბავშვობის დროინდელმა ტკივილმა ჩემს ხასიათზე დიდად იმოქმედა... ჩემს ცხოვრებაში იყვნენ მანდილოსნები, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო დავრჩი. მოკლედ, ეულად გავიარე ჩემი წუთისოფლის გზა...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება