"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება

"ეს ქალაქია" - დათო არჩვაძის ახდენილი ოცნება

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსის - დათო არჩვაძის, როგორც სიმღერების ავტორის პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. რესტორანში მიწვეულ სტუმრებს დათოს მიერ ხელმოწერილ ალბომთან ერთად საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად მუსიკოსისთვის შექმნილი ღვინო - საფერავი, რომლის ეტიკეტიც მისი ალბომის დიზაინის მიხედვით არის შექმნილი. ღვინო დათომ საჩუქრის სახით, მეგობრისგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დათო არჩვაძის ამ პროექტზე "ბრავო რეკორდსის" გუნდი 6 თვის მანძილზე, მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით მუშაობდა. "ბრავო რეკორდსმა" უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, ალბომის პრეზენტაცია და ა.შ.

დათო არჩვაძე:

- მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირველი ალბომია და ამ დღისთვის დიდხანს ვემზადებოდი. თხუთმეტივე სიმღერა, რომელიც ალბომში შევიდა, საკუთარი შვილივით მიყვარს. ამ სიმღერებს არაჩვეულებრივი მომღერლები ასრულებენ. უბედნიერესი ვარ, რომ ზაზა შენგელიამ და მისმა სტუდიამ - "ბრავო რეკორდსმა" ამ საქმეში დახმარების ხელი გამომიწოდა; მათი მეშვეობით გამოიცა უმაღლესი ხარისხის დისკი, რომლის ფორმატი ქართული ბაზრისთვის უცხოა: ის დასურათებულია და თან - სიმღერების ტექსტიც ახლავს.

- ალბომში სულ რამდენი სიმღერა შევიდა?

- ალბომში ჩაწერილია 10 სრულიად ახალი სიმღერა, ხუთი კი საზოგადოებას უკვე მოსმენილი აქვს. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერებს ორიგინალური სახით მოისმენთ. მაგალითად, ავიღოთ "მონატრებიხარ ფიქრებს" - ალბომში ამ სიმღერის ინგლისურ-ქართული ვარიანტი შევიდა. მას ჩემთან და ლაშა ღლონტთან ერთად ამერიკის ყოფილი კონსული, ენდრიუ პარტინი ასრულებს... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, დავით სონღულაშვილს სიურპრიზის სახით გაკეთებული საჩუქრისთვის - გამოსცა ღვინო ეტიკეტით, რომელზეც ჩემი სურათი და ალბომის სახელია დატანილი...

რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას - "ეს ქალაქია" იმ სიმღერის სათაურია, რომელსაც ნანი ბრეგვაძე და ანსამბლი "ქართული ხმები" ასრულებენ. ამ სიმღერით ვეფერებით ერთმანეთს, საქართველოს, თბილისს, ქართველ ხალხს. დიდი მადლობა გია ჯოხაძეს ამ ლექსისთვის. ალბომზე მუშაობას ნახევარი წელი მოვანდომეთ. ეს პროექტი მხოლოდ ჩვენ კი არა, სრულიად საქართველოს ეკუთვნის.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

- თუ მიკერძოებაში არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ დათო ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები არაერთ ჟანრში გამოცადა. დათოს აქვს უდიდესი ინფორმაცია არა მხოლოდ ქართული სიმღერისა და ფოლკლორის, არამედ მსოფლიო მუსიკის შესახებ. საერთოდ, ძალზე ნიჭიერი და გულიანი ადამიანია... ამ ალბომში ჩემი შესრულებით 2 სიმღერა: "მონატრებიხარ ფიქრებს" და "ნაფერები იები" შევიდა, რომლის ტექსტიც ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. სხვა რა გითხრათ? - დათოც და მისი სიმღერებიც ძალიან მიყვარს. და კიდევ, სულითა და გულით ვულოცავ დაქორწინებას და მადლობას ვუხდი მის მშობლებს ასეთი შვილის აღზრდისთვის.

ლიზა ვადაჭკორია:

- არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქის კოლორიტს ქმნიან. ჰოდა, დათოც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტია, მისი მუსიკა კი გამორჩეული და ინდივიდუალური გახლავთ. გამოვარჩევდი სიმღერას - "მონატრებიხარ ფიქრებს", რომელიც უდავოდ, ჰიტია და მისი მოსმენისას, ალბათ, ყველა საკუთარ გრძნობებს უღრმავდება (იცინის).

დათო ადამიანი-კურიოზია. წარმოიდგინეთ, მან მღვდელს წვერის გასაპარსი საშუალებები აჩუქა... მასზე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ საოცრად არაპუნქტუალურია: ერთხელ ჩაწერაზე ველოდებოდით. ერთი საათის შემდეგ დარეკა, - გზაში ვარო; კიდევ ერთი საათის შემდეგ - მანქანას ვაყენებ უკვეო; კიდევ ნახევარი საათი გავიდა და ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა... მას მუსიკის წერა ღამით უყვარს. თურმე, მუზები დილის 4 საათზე აკითხავენ.

ოთო კოვზირიძე, "თეატრალური კვარტეტის" წევრი:

- უკვე რვა წელია, დათოსთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ის ჩვენი მაესტრო, ხელმძღვანელია და გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ თუ დღეს კვარტეტი არსებობს, ეს დათოს დამსახურებაა. მისგან სიმღერას რვა წელი ველოდით. ბოლოს, როგორც იქნა, მოაკითხეს მუზებმა და დაგვიწერა - "სიყვარულზე გიმღერებ", რომელიც ალბომშიც შეიტანეს.

ნანა ცინცაძე, პოეტი:

- ჩემთვის დათოზე ლაპარაკი ერთდროულად, იოლიცაა და რთულიც. იოლი იმიტომ, რომ დათოს ბავშვობის ასაკიდან ვიცნობ - 16 წლის იყო, როცა გავიცანი. დათოს ლამის გაცნობისთანავე დავუმეგობრდი. დროთა განმავლობაში ის არა მარტო არაჩვეულებრივ მომღერლად, არამედ შესანიშნავი სიმღერების ავტორადაც ჩამოყალიბდა. დიდი ბედნიერებაა, როცა ასეთი ნიჭიერი ადამიანი საკუთარი სიმღერის ლექსის ავტორად შენ გირჩევს. დათო მელოდიას მასმენინებდა, მე - ლექსს ვწერდი (და არავითარ შემთხვევაში - ტექსტს), ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი კი შესრულებიდან მეორე დღესვე ჰიტი ხდებოდა. მოკლედ, ჩემი და დათოს ტანდემი ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ; უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება