გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა

გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა

"მადლობა ჟურნალისტებს, რომ გახსოვართ და არ გავიწყდებით. 25 წელია გაღიმებული და მხრებში ლაღად გაშლილი ქართველი არ მინახავს.მომენატრა. დიდად მოლაპარაკე და გულგახსნილი კაცი არ ვარ და ამდენი წლის განმავლობაში ამდენი მოღუშული ადამიანის დანახვამ საერთოდ ბოლო მომიღო და ჩამკეტა. ქუჩაში ჩემი დაშინებული და გასაცოდავებული ქართველები რომ მხვდებოდნენ, აღარაფერი მინდოდა. ყველაფრის ხალისი დავკარგე. კიდევ კარგი, პატარა შვილიშვილი მყავს, გუჯა. პირველი ვაჟია შვილიშვილებში და მასთან თამაშს ვაყოლებდი გულს", - ამბობს მსახიობი და რეჟისორი ელგუჯა ბურდული. ის საზოგადოებამ ბევრისთვის საყვარელი ფილმიდან "უძინართა მზე" შეიყვარა, თუმცა ამის გარდა კიდევ არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები. "რამდენი ხანია არაფერი გამიკეთებია. არჩევნებამდე ჩემი ხალხის მდგომარეობით იმდენად გულმოკლული ვიყავი, არც მქონდა განწყობა, ახლა კი, თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, კი ბატონო, მათი გულის ჭირიმე", - ამბობს ჩვენთან საუბარში.

-  ხალხის განწყობა სარკესავით აისახებოდა ჩემზე. თუ ჩემიანი, კარის მეზობელი, ახლობელი, მეგობარი ცუდადაა, მე რა მეხალისება და მემღერება. მეტყვიან, ხომ არ გაგიჟდიო და ღირსიც ვიქნები. ბოლო დღეებში გაღიმებული დავდიოდი, რადგან ვხედავ, რომ რამდენიმე დღეში ხალხს იმედი მიეცა, წელში გაიმართა და გულიანად გაიღიმა. არ შეიძლებოდა ისე გაგრძელება, საზოგადოება დეპრესიის ზღვარზე იყო. ყოველ სიტყვაზე იჭერდნენ ადამიანებს, მერე კი კანონს ისე შეცვლიდნენ, არაფრის გამო 7-10 წელს კანფეტებივით არიგებდნენ. ამ დალოცვილ ქვეყანაში სამუდამო არაფერია და ვერც ამ ახალგაზრდა ბიჭებმა გათვალეს, რომ დროებით იყვნენ იმ სკამებზე. როგორც სიკეთე უბრუნდება ადამიანს სიკეთის სახით, ისე ბოროტებაც დაუბრუნდება ადრე თუ გვიან. კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც ამ დღეებში მოხდა. ღმერთმა დამიფაროს, ადამიანის ცუდი გამიხარდეს, მაგრამ როცა ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ჩირად არ გიღირს, დადგება დრო, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩები და უკან მოხედვის შეგრცხვება. ყველაფერი, რაც ადამიანების სიყვარულის გარეშე გიკეთებია, არის ფუჭი, ამის მიხვედრას დაფიქრება სჭირდება. ახლა ექნებათ დრო, მათ მიერ ნაშენებ "ევროსტანდარტების" დონის ციხეებში იყვნენ და იფიქრონ ამაზე.

-  ყველა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის სტილით რა­ღაც კვალი დატოვა ქართველ საზოგადოებაზე. უკვე ყოფილი ხელისუფლების დამსახურება რა არის?

-  შიში და დათრგუნული საზოგადოება, სახედაკარგული ადამიანები. "ახალი ქართველის", მორჩილი და უპრეტენზიო ადამიანების გამოყვანა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არ დათმო ხალხმა და ამან გადაგვარჩინა. მე ამდენი სიძულვილითა და ბოღმით სავსე ადამიანი ერთ ჯგუფში არასდროს მენახა. მათ მოძმე არ უყვარდათ, მეზობელი არ უყვარდათ, მეგობრებს არ აღიარებდნენ. ამიტომაც იყო მუდმივი ზეწოლა ადამიანებზე ყველანაირი მეთოდით. იმის შიშით, ვაითუ ამან მერე ჩემი სიტყვა სხვანაირად გამოიყენოსო, ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობოდნენ, არანორმალურია, როცა დედას ეუბნებიან, შვილის საწინააღმდეგო უნდა თქვაო, არანორმალურია, როცა ძმებს შორის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკური პოზიციაა. არ შეიძლება, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესის გამო პიროვნება დაიჭირო და ის დანაშაული ათქმევინო, რაც ფანტაზიაში მოგივა. არ შეიძლება, მიადგე შენს უფროს თაობას და ხელაღებით ჩარეცხილები ეძახო, ახლა ხომ ვხედავთ, ვინც ჩაირეცხა...

-  რას ელოდებით ხვალინდელი დღისგან?

-  რას ველოდები, შენი გულის ჭირიმე, და სიმშვიდეს. იმ დღის გათენებას ველოდები, ადამიანი რომ ადამიანად იგრძნობს თავს... ის ჩემი მესამე შვილიშვილი, რომელიც ერთ თვეში უნდა მოევლინოს ქვეყანას, შეშინებული, დაღვრემილი და სასოწარკვეთილი ადამიანების გარემოცვაში კი არა, ნორმალურ გარემოში გაიზრდება. მისი მეგობრები პურის ფულისთვის უცხოეთში კი არ გადაიხვეწებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, სამშობლოში იცხოვრებენ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.

-  თქვენი შვილიშვილიც უცხო­ეთში ცხოვრობს. გაქვთ იმედი, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები დაბრუნდებიან?

-  დიახ, უკვე წლებია ჩემი შვილიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და გვეუბნება, რომ ბედნიერია, მაგრამ სამშობლოს გარეთ ქართველი ადამიანის ბედნიერება არ მგონია, სრულფასოვანი იყოს... უკეთესი მომავლის შესაქმნელად მისნაირი მილიონზე მეტი ქართველია ქვეყნის გარეთ წასული. ისინი იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს. მათ დაბრუნებისკენ მოუწოდა პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმაც და იმედი მაქვს, ასეც მოხდება. არა მგონია, ქართველი კაცი საზღვარგარეთმა ისე გადარიოს, რომ იქ დარჩენა მოინდომოს. თუ აქ ნორმალური ცხოვრება იქნება, ხალხს ბანკის ვალებით არ მოუწევს ცხოვრება და ყოველდღიური ყოფა ოდნავ მაინც გაუმჯობესდება, ისინი მოპატიჟების გარეშე ჩამოვლენ. ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა მათ, იმდენად შეიცვლება ყველაფერი, თქვენ კი არა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ჩამოვა ხალხი და ჩვენთან ცხოვრებას მოისურვებსო. მათ კარგად იციან, რომ რუსეთისხელა იმპერიის ხელში დაიჩაგრებიან, საქართველოს შემადგენლობაში კი არც არასდროს დაჩაგრულან, უბრალოდ პროვოკაციას აჰყვნენ და ამას უკვე ხვდებიან.

-  თუმცა საზოგადოებაში უკვე ისმის აზრი, რომ ამ ხელისუფლების დაპირებები შესაძლოა მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდეს...

-  მესმის ხალხის, მაგრამ ერთ დღეში არ კეთდება საქმე, არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეიძლება ერთ დღეში, რადგან რუსეთს, ამხელა სახელმწიფოს აქვს დაპყრობილი. ეს ხალხი მიხვდა, რომ ომით არაფერი გამოვა და იქნებ დიპლომატიური პოლიტიკით შეიცვალოს რამე... რაღაცები უკეთესობისკენ მიდის და ეს იმედს იძლევა.

რამდენჯერმე მიფიქრია, უფრო სწორად მიოცნებია, როგორი იქნება გამთლიანებული საქართველო. ჯერ მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში გამოფენილი ბავშვებისა და მოხუცების რაოდენობა უნდა შემცირდეს. მანამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ისე კი, თუ გამთლიანებაზე მიდგა საქმე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეც არის ჩვენი მიწა-წყალი, სოჭიც ჩვენია, ლორეც, მაგრამ ჯერ მთავარია, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ, დევნილებს სახლები, ნორმალური კვებისა და ძილის საშუალება ჰქონდეთ. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, რეალურია და ამას მაშინ მივხვდი, როცა 2 ოქტომბერი გათენდა. მე თავად "ქართული ოცნების" წევრი ვარ და მაინც მეშინოდა და ახლაც მეშინია, რომ ისინი ყველაფერზე წავლენ. როცა ჩუმად იყვნენ და დამარცხება აღიარეს, შემეშინდა, რამეს ხომ არ აპირებენ-მეთქი. ხმაური რომ დაიწყეს, კიდევ უფრო შევშინდი, მაინც ჰყავთ მხარდამჭერები და რაიმე ცუდისკენ არ უბიძგონ-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველი ერი ბრძენია. ეს ჩემი თვალით ვნახე, როცა "ოცნების" სხვა წევრებთან ერთად რაიონებში დავდიოდი. ხალხი ისეთი შეშინებული იყო, ქუჩაში ვერ გამოდიოდა, მაგრამ ჩვენთან შეხვედრა უნდოდათ და მაინც ახერხებდნენ.

-  ეკლესიაში წასვლას და მღვდლობას აპირებდით, ბატონო გუჯა...

-  დიახ, ასე იყო. უფალზე დიდი არაფერი არსებობს. ძალიან მეცოდებიან ურწმუნო ადამიანები. ამას, რა თქმა უნდა, არ ვაგრძნობინებ მათ, ამის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ ძალიან ცოდოა ადამიანი, რომელსაც რწმენა არ აქვს. ეს უხილავი ძალაა, მაგრამ არის!.. ბერობის მეშინია, მაგრამ მღვდლობა ძალიან მინდა. თუ მაკურთხებენ, სიამოვნებით წავალ, თუ არადა, ვიქნები ისევ სტიქაროსანი, როგორც ვიყავი ამ ხნის განმავლობაში და როგორც აქამდე მიცხოვრია, ისე ვიცხოვრებ. ასაკი არ გიწყობს ხელსო, მეუბნებიან, თურმე 65 წლამდე შეუძლია ადამიანს გახდეს მღვდელი. მე კი უკვე 70 წელი შემისრულდა... იცით რაზე ვოცნებობ? საქართველოს მართლმადიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.

-  ხომ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა?

-  დიახ, მაგრამ სტატუსი მაინც ჰქონდეს, რა უშლის ხელს... ხომ არსებობს მუსლიმანური სახელმწიფოები და საქართველოც მართლმადიდებელ ქვეყნად მოიხსენიონ. იმედია, როცა ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება, ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში.

-  თქვენ რას აპირებთ მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება?

-  ხშირად მეკითხებიან, რას აპირებო. თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, დამიძახებს, აგერ ვარ, მივალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ. ერთი-ორჯერ შევახსენებ თავს, არადა, ვიქნები ჩემთვის ჩუმად და ჩემს შვილიშვილს ვეთამაშები. მეორე ვაჟკაციც რომ დაიბადება, შეიძლება, სხვა რამისთვის ვერც მოვიცალო. ისე, ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი მომხდარა, ყველაფერი დაუგეგმავად და წინასწარი გათვლის გარეშე მოხდა.

-  მაინც?

-  მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ბავშვობაში საზღვაო ქვეითობა მინდოდა. ხომ იცით, ბავშვზე ფილმს რამხელა ზეგავლენა აქვს. ჰოდა, მეც ერთ ფილმს ვუყურე და ზღვაში გასვლა გადავწყვიტე.

-  რატომ ვერ აიხდინეთ ბავშვობის ოცნება?

-  დამიწუნეს. სამხედრო სამსახურში ბრტყელტერფიანობის გამო არ წამიყვანეს. სამაგიეროდ, რადგან ბავშვობიდან ვმღეროდი, თითქმის ყველა ვოკალურ წრესა და ჯგუფში ვეწერებოდი. მადლობა უფალს, სმენა და ხმა დაბადებიდან მაქვს. დედაჩემი იავნანას რომ მიმღეროდა, მგონი, აკვნიდან მეორე ხმას ვაძლევდი.

-  კინოშიც შემთხვევით მოვხვდიო, მითხარით...

-  უფრო მოტყუებით, ვიდრე შემთხვევით. ძმაკაცმა "შემაცდინა". დამირეკა, სტუმრები მყავს, ორი სახალხო არტისტი, ბუხუტი ზაქარიაძე და მეორე რუსია, ამოდი და პურ-მარილი ამოიტანეო. მეგობარს გულს ვერ ვატკენდი და თხოვნა შევუსრულე. სუფრაც გაიშალა. დავიწყეთ ქეიფი. განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი, მაგრამ თურმე იქ შეკრებილებს საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონიათ, ოთახის სიღრმეში კამერა იყო დაყენებული, ფოკუსიც გასწორებული ყოფილა და ამ ყველაფერს იღებდა. ერთი უცნაური თვისება მაქვს, სიმღერის დროს თვალებს ვხუჭავ... ერთი სიტყვით, ფილმისთვის პირველი სინჯები სუფრაზე, ჩემგან ფარულად გადაიღეს. პირველს მეორე მოჰყვა. მეორედ უკვე მეორე მეგობარმა მომატყუა. ოდესიდან დამირეკა და მთხოვა, ჩამოდი, ქუჩაში ხულიგნები და ვიღაც ბიჭები მხვდებიან და მაწუხებენო. ამაზე მეგობარს უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ ოდესაში ჩასულმა ვერც ხულიგნები ვნახე და არც ჩემი მეგობრების შემწუხებლისთვის მომიკრავს თვალი, დავეჭვდი, რაღაცაშია საქმე-მეთქი. მთიული ვარ, მაგრამ არც ისეთი მიუხვედრელი, ეს ვერ შემემჩნია. იმ დროს ოდესაში რეჟისორი ვასილ ლისენკოც იმყოფებოდა, რომელიც ფილმის გადაღებას აპირებდა და უკრაინაში მეგობრის დასახმარებლად ჩასული კაცი გადამიღეს ფილმში "განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი" . ასე თანდათან გავხდი მსახიობი და გულით შევიყვარე კინო. ბედნიერებაა, როცა ადამიანი იმ საქმეს ემსახურები, რომელიც გიყვარს და ამიტომაც უყვარხარ ადამიანებს. რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ადამიანების სიძულვილს ფულის გამო ვემსახურო. ამიტომ არ მესმის იმათი, ვინც ასე იცხოვრა. იმედია, ეს ცხრა წელი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და შეცდომების გამეორების საშუალებას არ მოგვცემს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება