მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"

მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"

ლამაზმა მრავალ­სერიიანმა თურქულმა ისტორიულმა ფილმმა "დიდებული საუკუნე" მთელ მსოფლიოში დაიპყრო მაყურებლების გულები. მსახიობი მერიემ უზერლი, რომელიც როქსოლანას, სულთან სულეიმანის ლეგენდარულ ცოლს განასახიერებს, ერთ დღეში გახდა პოპულარული.

"მაშინ ვიფიქრე, როგორ გავქცეულიყავი"

29 წლის მერიემს ლამაზი და საბედისწერო, დაუნდობელი სლავი როქსოლანას როლი ერგო. თვითონ მერიემი გერმანიაშია დაბადებული და გადაღებების დაწყებამდე თურქულად საერთოდ არ ლაპარაკობდა.

-  დედაჩემი გერმანელია, მამა - თურქი, სტამბოლელი, - ჰყვება მერიემი, რომლის თურქი მამაც ახალგაზრდობაში გაემგზავრა ევროპაში და იქ გაიცნო მომავალი ცოლი, - მშობლებმა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტი, იქორწინეს, მერე კი მე დავიბადე.

მსახიობს კიდევ ორი ძმა და და ჰყავს. მის ოჯახში თურქულად არ ლაპარაკობენ, ასე რომ, მსახიობს საკმაოდ გაუჭირდა ფილმის გადაღებებზე.

-  თავდაპირველად მითარგმნიდნენ სერიალის ეპიზოდს, ახლა კი თვითონ ვკითხულობ და სადაც არ მესმის, იქ ვითხოვ დახმარებას. ამას ბევრი დრო მიაქვს.

სერიალში მერიემი შემთხვევით მოხვდა. გოგონას არაერთხელ მოუსინჯავს თურქეთში მუშაობა, მაგრამ ჩვეულებრივ უარს იღებდა. ერთხელაც მეგობარმა, რომელთან ერთადაც ჰამბურგის თეატრში მუშაობდა, სერიალის ავტორებს უამბო მერიემზე და ისიც სინჯებზე მიიწვიეს.

-  გადავწყვიტე, ისევ გამერისკა და ამირჩიეს! მაგრამ მითხრეს: "შეიძლება, აქ რამდენიმე წლით მოგიწიოს დარჩენამ". ვაღიარებ, მაშინ ვიფიქრე, როგორ გავქცეულიყავი, - იცინის მსახიობი, - ნუთუ შეიძლება მთელი ცხოვრების ერთ დღეში შეცვლა? თან მქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, რამდენიმე ჯინსი, რამდენიმე მაისური. მაგრამ დავრჩი. ახლა კი დღითიდღე სულ უფრო მეტად ვეჩვევი აქაურობას. აქ ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ, გერმანიაში ასეთი რამ არ არის. აქ შევიცანი ჩემი "მე"-ს თურქული მხარე. ერთი ეგაა, მარტოობა მკლავს. აქ არავის ვიცნობ, მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც სერიალში ვთამაშობ და არც არანაირი ადგილები არ ვიცი.

"ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია"

ახლა, მისივე თქმით, თაყვანისმცემლები გასაქანს არ აძლევენ და ხურემს ეძახიან - როქსოლანას მეორე სახელს. მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ მშვიდად ვეღარ ახერხებს ქუჩაში გასვლას - მას თაყვანისმცემლები და პაპარაცები დასდევენ.

-  სუპერმარკეტშიც ვერ გავდივარ! - ამბობს უზერლი, - პირდაპირ თავს მესხმიან. მანქანაში თუ დამინახავენ, მაშინაც მოდიან. ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია. არადა, მინდა, კარგად დავათვალიერო და შევისწავლო აქაურობა და ეს ხელს მიშლის.

იმავდროულად, ფანები აქტიურად განიხილავენ მსახიობის შეცვლილ ფორმებს. ზოგიერთებს მისი ტანსრულობა არ მოსწონს, სხვები კი ამბობენ, გერმანიაში, უფრო გამხდარი რომ იყო, ის არ უხდებოდაო.

-  მოწევას დავანებე თავი და ათი კილოგრამი მოვიმატე, - აღიარებს მსახიობი, - სამი უკვე დავიკელი, ექვსს ჯერ კიდევ ვებრძვი. ისინიც თანდათანობით წავლენ. მაგრამ ამაზე არ ვიციკლები, ჩემთვის ყველაზე მთავარია - ჯანმრთელი ვიყო.

"ჩვენმა ურთიერთობებმა თავი ამოწურა"

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ, მერიემის თქმით, მას ჯერ კარგა ხანს არ ექნება სიახლე. გადაღებებამდე ცოტა ხნით ადრე მომავალი ვარსკვლავი თურქ ბოიფრენდს დაშორდა, რომელსაც ექვსი წელი ხვდებოდა.

-  მას ოზჯანი ჰქვია. ისიც გერმანიაში დაიბადა, დიდხანს ცხოვრობდა სტამბოლში, მერე ისევ გერმანიაში ჩამოვიდა, - ამბობს მსახიობი, - ჩვენ ყოველთვის გერმანულად ვსაუბრობდით. ეს ჩემი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა იყო. ჩვენმა ურთიერთობამ თავი ამოწურა და ახლა საერთოდ აღარ გვაქვს კონტაქტი.

ყოფილმა შეყვარებულმა გვარიანად აზარალა მერიემი, როცა მასთან გადაღებული ფოტოები ყვითელ პრესას მიჰყიდა.

-  ყოველგვარი ურთიერთობები მასთან მას მერე გავწყვიტე, რაც გავიგე, რომ ჩვენი დასვენების ფოტოები გაყიდა. ეს ფოტოები პრესაში ისეთი კომენტარებით დაბეჭდეს, რომ ვნახე, კინაღამ გავგიჟდი, - ამბობს აღშფოთებული მსახიობი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება