ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს

ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს

"ყველა სიახლის" წინა ნომერში (N46, 14-20 ნოემბერი, 2012 წ.) დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა მომღერალ ია ორჯონიკიძესთან, რომელმაც ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო სასამართლოს მიმართავს. ლაპარაკია გიგა კუხიანიძის სიმღერაზე, რომელიც ია ორჯონიკიძემ 2008 წელს საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ ტურზე "ჰარალეს" სახელწოდებით შეასრულა, ნინო სურგულაძის და დავით შანიძის შესრულებით კი კომპოზიციას "ვარადო" ჰქვია... ია ორჯონიკიძეს გამოეხმაურა იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე:

"პრესასა და ინტერნეტში გამოქვეყნდა მოქალაქე ია ორჯონიკიძის ბრალდება, თითქოს მე საავტორო უფლებები დავარღვიე. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ. მინდა, აღვნიშნო, რომ იას პირადად არ ვიცნობ, მის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ია ორჯონიკიძე ჩემი "ფეისბუკის" მეგობართა 5000-კაციან სიაშია. სიმღერა "ვარადო" გიგა კუხიანიძემ დაწერა, (რასაც ადასტურებს კიდეც ია ორჯონიკიძე ინტერვიუში). და სწორედ მან გადმომცა, როგორც საკუთარი ნაწარმოები, რაც უკვე ავტომატურად მიხსნის იურიდიულ და მორალურ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჯგუფ "შინის" ყოფილ სოლისტ დავით შანიძესთან ერთად შევასრულე, ინტერვიუში ძირითადი აქცენტი კეთდება მხოლოდ ჩემზე, რაც მიუთითებს ჩემთვის გაუგებარ პირად მოტივებზე. გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოხსენიებული ვარ როგორც საავტორო უფლებების დამრღვევი, თითქოს კანონის წინაშე რაღაც დანაშაული მიმიძღვის. მინდა შევახსენო ყველას, რომ მხოლოდ სასამართლო ადგენს ადამიანის ბრალეულობას. ასევე, მივმართავ ინტერვიუში ნახსენებ ადვოკატებს, რომლებმაც კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქე ია ორჯონიკიძეს: არსებობს ადამიანის უფლებები, რომლის დარღვევაც კანონით ისჯება. პატივისა და ღირსების შელახვა, მორალური ზიანი ასევე დასჯადია სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ია ორჯონიკიძემ სწორედ ასეთი რამ მოიმოქმედა ჩემს მიმართ მასმედიის მეშვეობით. ვითვალისწინებ რა მომჩივანის მცირეწლოვან ასაკს, ვფიქრობ, რომ შეცდომაში იქნა შეყვანილი და დაუფიუქრებლად გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომლითაც ჩემი იმიჯი ილახება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ ვაპირებ არანაირ რეაგირებას და შემოვიფარგლები მხოლოდ პოზიციის გამოხატვით. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას, რომელიც მზად არის, დაიცვას ჩემი უფლებები და ინტერესები საქართველოში.

მე, როგორც მუსიკოს-შემსრულებელი, რამდენიმე სიმღერის ავტორი, ვაცხადებ: ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ საავტორო უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ვგმობ ყველა კანონდარღვევას ამ მიმართულებით! რაც შეეხება იას, ჩემი აზრით, ის არის პერსპექტიული ახალგაზრდა და ჩემი, როგორც უფროსი კოლეგის სურვილი და მეგობრული რჩევაა, განაგრძოს სწავლა-განვითარება და სწორედ თავისი შემოქმედებით მოიხვეჭოს სახელი, რაშიც წარმატებებს ვუსურვებ!"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება