სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, უკანასკნელ ხანებში ევროკავშირის ლიდერებს ბლოკისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ღამის საათებში უწევთ ხოლმე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არა მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების, არამედ დაძაბული რეჟიმის შედეგია. ბრიუსელში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის უკმაყოფილება და ჩივილი გაჭიანურებული სამუშაო დღის გამო.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ევროკავშირმა 25 სამიტი გამართა, უმეტესწილად ევროზონის კრიზისის მოსაგვარებლად, რომლებზედაც გადაწყვეტილებას როგორც წესი 8-12 საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგღა იღებდნენ, ან, უარეს შემთხვევაში, კონსენსუსის გამონახვას საერთოდ ვერ ახერხებდნენ. "როგორ გითხრათ, გუშინ დილის 5 ზე ავდექით და (მოლაპარაკებებს) დღეს დილის 4 -ისთვის მოვრჩით" - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიკო. "ეს არის ზოგადი პრინციპი. ასე ვმუშაობთ და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება წნეხის ქვეშ გვიწევს" - დასძინა მან. ძალების ხელახალი დაძაბვა ევროკავშირის ლიდერებს სულ მალე, საერთო ბიუჯეტის განხილვისას მოუწევთ.
ამასთან დაკავშირებით, ინგლისის ყოფილმა პრემიერმა, ტონი ბლერმა განაცხადა, რომ 2005 წელს მისი მონაწილეობა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის დასამტკიცებელ ყრილობაში "მტანჯველი გამოცდილება" იყო, უფრო რთულიც კი, ვიდრე 1998 წელს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოლაპარაკებები, რომელიც "კეთილი პარასკევის" შეთანხმებით დამთავრდა. ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერმა, დევიდ ქემერონმა კი მთელი მომავალი კვირის განრიგი გადასწია, რათა დრო მთლიანად ევროკავშირს დაუთმოს. ასევე მოიქცა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც. სამედიცინო და სოციოლოგიის ექსპერტები თვლიან, რომ პასუხისმგებელ პირთა ასეთ "დაქანცულობას" პირდაპირი შედეგი აქვს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე.