ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო

ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო

დავიწყეეთ: ერთი, ორი სამი და ნაბიჯი, ოთხი, ხუთი და ბრუნი, კარგია, თავიდააან! იიი.... ეკა ნიჟარაძე, ბოლო დღეებია, სულ ცეკვაზე ფიქრობს, სიზმრადაც კი ამას ნახულობს, ხან ეშლება და არ გამოსდის, ხან ყველაფერი კარგადაა და მაყურებლის აღფრთოვანებასაც იმსახურებს. საქმე ის გახლავთ, რომ მსახიობმა უკვე მერამდენედ გადაწყვიტა, ცეკვა ყოფილიყო მის ცხოვრებაში და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში მონაწილეობას დათანხმდა. მისი ცხოვრება საინტერესოა, მრავალფეროვანი და ზოგჯერ აღმაფრენით სავსე, სიყვარულით და ენთუზიაზმით გაჯერებული, ზოგჯერ ცრემლიანი და სევდანარევი. ისტორიის დასაწყისი ისევ ცეკვაა, ცეკვიდან ცეკვამდე კი დღემდე განვლილი ცხოვრება ჩაეტია.

დღეს მისი ცხოვრება მთლიანად ცეკვამ ჩაითრია, დილას დგება ადრე, ბავშვებს საუზმეს უმზადებს, სადილს აკეთებს, ალაგებს და სააბაზანოდან ახალგამოსული გიჟივით მირბის რეპეტიციაზე. მერე მთელი დღე რეპეტიცია და საკუთარ თავზე მუშაობაა. მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა და მონაწილეობის მიღებაზე დათანხმება რისკიც კი იყო. თავიდან შემოთავაზებას მაშინვე ვერ დათანხმდა, ჯერ შვილებს ჰკითხა და მათგან მხარდაჭერა მიიღო, შემდეგ რამდენიმე მეგობარს გაუზიარა, ზოგმა უთხრა, კარგად დაფიქრებულიყო, იქნებ, არ ღირდა. ამ სიტყვებმა განუმტკიცა გადაწყვეტილება და დათანხმდა. იმ დღის შემდეგ მის ცხოვრებაში მეტი არც არაფერი ხდება, მეგობრების ნახვა კი არა, შვილებსაც ვეღარ ნახულობს.

ის ცხოვრებაში ცეკვა ბავშვობაში შემოვიდა, პატარა იყო, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რომ ჩააბარა და ბალერინობაზე ოცნებობდა. ყველაფერი სკოლიდან და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებიდან დაიწყო. ეკას გაუმართლა, ფიზკულტურას ელენე ახვლედიანის და - მაკო ახვლედიანი ასწავლიდა, რომელიც მუდმივად დგამდა კლასისთვის ცეკვებს, ისინი ხან სკოლის დარბაზში გამოდიოდნენ, ხანაც ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში და ხან კიდევ სად. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. სწორედ ამ ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ ეკას ცეკვის ნიჭი ჰქონდა, მის აღმოჩენას ბებიაც დაეთანხმა, რომელიც თავის დროზე ბალეტზე დადიოდა. ისე მოხდა, რომ ცხრა წლის გოგონა ბაბუის უჩუმრად გამოცდებზე წაიყვანეს, ეკა სასწავლებელში უმაღლესი შეფასებებით მოხვდა. ახლა ხვდება, რამდენი რამ მისცა იმ წლებმა, ფაქტობრივად, მისი ხასიათი იქ ჩამოყალიბდა, ისწავლა პუნქტუალურობა, დისციპლინა და გაიაზრა, რომ ყველაფერს სჭირდება სერიოზული შრომა, იგემა წარმატების გემოც.

ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ომი იყო, არავის ეცალა ხელოვნებისთვის, ეკამაც საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა და მაღალი ქულებით ჩაირიცხა. ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სასწავლო წლის დაწყებამდე ეკა დედასთან ერთად ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორმა დაიბარა და უთხრა, რომ ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დაახლოებით ისე ჟღერდა, დღეს სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას მარსზე წასვლა რომ შესთავაზონ. დაიბნა და გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, თუმცა... გაცვლითი პროგრამა იყო, ამერიკიდან ჩამოვიდა გოგონა, რომელიც ეკას ოჯახში ცხოვრობდა, ხოლო ეკა იქ საბალეტო სკოლაში სწავლობდა და ცხოვრობდა სამხრეთ კაროლინაში. გაუმართლა, ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა, ოჯახის დიასახლისს ეკა დედას ეძახდა, დადიოდა საბალეტო სკოლაში, სწავლობდა, ბევრს მეცადინეობდა, ზოგჯერ ერთობოდა თანატოლებთან. ყველაფერი ოცნებას ჰგავდა, იქ ბევრი რამ ისწავლა, თუმცა ერთი წლის შემდეგ დარჩენის რეალური შანსის მიუხედავად, დაბრუნდა საქართველოში და თბილისის ომს შეეჯახა. ურთულესი წლები იყო, თეატრალურში სწავლობდა, ოჯახიც შექმნა, ორი შვილიც გააჩინა და მაშინ, როცა თანდათან ყველაფერი მოწესრიგდა, თეატრში მუშაობაც დაიწყო. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის დასი ამერიკაში იყო გასტროლებზე, ეკამ დედობილს დაურეკა და ისიც მოვიდა სპექტაკლზე. საოცარი შეხვედრა იყო. ეკას იმ ოჯახთან დღემდე აქვს მიმოწერა და ბედნიერია, რომ ცხოვრებამ მისცა შანსი, ასეთი გამოცდილება მიეღო. არაფერს ნანობს, არასდროს უნანია ჩამოსვლა, მართალია, არავინ იცის როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, ბალეტს რომ გაჰყოლოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო.

ნიკო გომელაურთან ერთად ცხოვრება, მასთან გატარებული დღეები დაუვიწყარია. მეორე კურსზე გათხოვდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და დაუფიქრებლად ენდობოდა. ნიკომ დაამთავრა ინსტიტუტი და ყველას გასაოცრად ვერც ერთ თეატრში ვერ დაიწყო მუშაობა, რაც ძალიან აწუხებდა, გიჟდებოდა პროფესიაზე და მუშაობა სწყუროდა.

ეკა ერთი წლით მოზარდ მაყურებელთა თეატრში დააკავეს, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან მიიღო მიწვევა. ერთ-ერთ თეატრში დააკავეს ნიკოც, იმდენად მონდომებული იყო და ენთუზიაზმით სავსე, გაყინულ დარბაზში დაუზოგავად რეპეტიციობდა. პრემიერის წინ კი ნიკოს უთხრეს, რომ მის ნაცვლად სხვა ითამაშებდა, ამან დიდი სტრესი მიაყენა, თუმცა ნიკომ შეძლო და გადალახა სიძნელე. ეკას ხელს უწყობდა, როცა ის რეპეტიციაზე იყო, ბავშვებს იტოვებდა, რჩევებს აძლევდა და ეხმარებოდა, თუმცა ეკა ხვდებოდა, რომ ნიკო იტანჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მათი თანაცხოვრება სიხარულითა და ბედნიერი წუთებით სავსე ყოფილიყო. პირველი შვილი ომის დროს დაიბადა, ურთულესი დღეები იყო, ნიკოს ახლობელი გარდაეცვალა, თუმცა ტასოს დაბადებამ ყველაფერი გადაწონა. ეკამ, როგორც კი შეხედა ბავშვს, მიხვდა, რომ იმ წუთიდან მისი ცხოვრება შეიცვალა, იყო მხოლოდ ტასო და მასზე ზრუნვა, მისთვის ცხოვრება. დღეს სამი შვილის დედაა, მათი აღზრდა და ადამიანებად ჩამოყალიბება რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. ცდილობს, შვილებთან იმეგობროს, გამოსდის კიდეც. ტასო უკვე გათხოვილია, თავისი ოჯახი ჰყავს, ტასოს სიყვარულის ისტორიაც ეკას თვალწინ განვითარდა, მისი მესაიდუმლეც იყო.

დღეს ეკა მარტოა, ოჯახი აღარ ჰყავს, ჩვევად ექცა მარტო ცხოვრება, ზრუნვა შვილებზე, განუწყვეტელი მუშაობა და ფიქრი, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე. დამოუკიდებელი ეკა ნიჟარაძე ცხოვრების ამ სტილს შეეჩვია და ახლა უკვე სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია.

ცხოვრებისგან ისეთი დარტყმა მიიღო, ტკივილისგან სული ეფლითებოდა, ამანაც გადაიარა, დამშვიდდა და დაღვინდა, ახლა მის ცხოვრებაში მისი შვილები და მათი მომავალია მთავარი.

და კიდევ საქმე, ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სიგიჟემდე უყვარს თავისი პროფესია - რამდენი როლიც ჰქონია, იმდენი ცხოვრებით უცხოვრია. ახსენდება პირველი სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში. ეს იყო ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დათო დოიაშვილის დადგმული სპექტაკლი "სამი და", შემდეგ "სალომეა". მაყურებელმა მიიღო და შეიყვარა სპექტაკლებიც და ეკაც მთავარ როლებში. ყოველი ახალი როლისას ღელავს, ფრთხილობს - შეძლებს? გამოვა?.. და გამოდის.

დღეს მხოლოდ ცეკვას უთმობს დროს. მისი მხრიდან კიდევ ერთხელ ცეკვა და თან სამეჯლისო ცეკვები გარკვეულწილად რისკი იყო, თუმცა იმედი აქვს, ეს ნაბიჯი გაამართლებს და საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ ესეც შეუძლია!

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება