როდის დაინიშნება რექტორის არჩევნები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში?

როდის დაინიშნება რექტორის არჩევნები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში?

ცოტა ხნის წინ აკადემიურმა საბჭომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ნოშრევან ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კვლავ გოგი მარგველაშვილი - ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დანიშნა. რა ვითარებაა დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და როდის დაინიშნება რექტორის არჩევნები? - ამ და სხვა საკითხებზე ბატონი გოგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- თუ სასწავლებელში ინფრასტრუქტურა ძირფესვიანად არ განახლდა, უნივერსიტეტის შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ შეიქმნა, პრეტენზიები ყოველთვის იქნება. მაგალითად, ჩვენს კინო-ტელეფაკულტეტს ნორმალური სასწავლო პროცესის ჩასატარებლად გადასაღები აპარატურის აუცილებელი მინიმუმიც კი არ აქვს. ნორმალური აპარატურის, - არ ვგულისხმობ ლოს-ანჯელესის რომელიმე კინოსკოლის დონისას, - შესაძენად დიდი თანხაა საჭირო, ჩვენ კი ეს თანხა არ გვაქვს.

- კულტურისა და განათლების ახალ მინისტრებს თუ გააცანით უნივერსიტეტის პრობლემები?

- კულტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან მჭიდრო, ფაქტობრივად, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. გამომდინარე ამ ურთიერთობიდან და ახალი ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო სფეროს პრიორიტეტად გამოცხადებიდან, რაც დაფინანსების გაზრდასაც ითვალისწინებს, იმედიანად ვართ. დარწმუნებული ვართ, სახელოვნებო სასწავლებლების დაფინანსებაც (ჩვენ კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს) გაიზრდება, რაც უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ხარისხითაც და რაოდენობითაც მნიშვნელოვნად განაახლებს.

- ცოტა ხნის წინ მმართველობასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას უნივერსიტეტის ავტონომიაზეც ლაპარაკობდნენ.

- კულტურის სამინისტროში მომხდარი ცვლილებები უნივერსიტეტში მომხდარ ცვლილებებს დაემთხვა - ვგულისხმობ აკადემიური საბჭოს მიერ ყოფილი რექტორის, ნოშრევან ჩხაიძის გათავისუფლებას, შემდეგ კი რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ჩემს დანიშვნას. მართალია, ახალი მინისტრი უკვე დანიშნული იყო, მაგრამ უნივერსიტეტში მომხდარ ამბებში სამინისტრო არ ჩარეულა. უნივერსიტეტის ავტონომიურობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული. რაც შვიდი თვის წინ მოხდა, სწორედ ამ პრინციპის უხეშად დარღვევამ გამოიწვია - იმხანად სწორედ კულტურის სამინისტროს ბრძანებით დამატოვებინეს კანონიერად არჩეულ რექტორს თანამდებობა. ამიტომაც იყო, რომ მინისტრის გადაწყვეტილება მხოლოდ მე კი არ გავაპროტესტე სასამართლოში, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომაც შეიტანა სარჩელი. თუმცა იმ სასამართლომ სამივე ინსტანციაში სამინისტროს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, მას შემდეგ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და კიდევ ორ სახელოვნებო სასწავლებელში როგორ განვითარდა მოვლენები - საბოლოოდ, მთავრობის დადგენილებით, სამივეს შეგვიცვალეს იურიდიული სტატუსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) არასამეწარმეო იურიდიული პირები (აიპ) გავხდით. ამ დადგენილებით ყველა წინა გადაწყვეტილება გაუქმდა და დაინიშნენ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლები, რომლებსაც რეორგანიზაციის ჩატარება ევალებოდათ. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა ჩვენთანაც და რამდენიმე დღის წინ - სამხატვრო აკადემიაშიც. სამინისტრო, ცხადია, საქმის კურსში იყო, სხვადასხვა მხარემ მის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებიც გა­იარა, მაგრამ არსებული რექტორების გათავისუფლებისა და რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლების დანიშვნის გადაწყვეტილება სასწავლებლების აკადემიურმა საბჭოებმა მიიღეს.

- რექტორის არჩევნებს მალე დანიშნავთ?

- უნივერსიტეტის ახალი, საკმაოდ ორაზროვანი და ბუნდოვანი კანონმდებლობით და წესდებით უნივერსიტეტში ჯერჯერობით კვლავ სსიპ-ის დროინდელი აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები მუშაობენ. ახალი საბჭოები რომ შეიქმნას, უპირველესად, აკადემიურ თანამდებობებზე უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რადგან ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ამ თანამდებობებზე ყოფნის ვადა გაუვიდათ - ეს კონკურსი გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო. როდესაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი შეივსება, ისინი უკვე ახალი, ანუ აიპ-ის წესით აირჩევენ ახალ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს. პარალელურად, კორექტივები უნდა შევიდეს წესდებაშიც და ჯერ საბჭოებმა უნდა დაამტკიცონ, შემდეგ - კულტურის სამინისტრომ. მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება რექტორის არჩევნები. წესით და რიგით, სასწავლო წლის დასრულებამდე ყველაფერს მოვასწრებთ.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება