საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში მოვალეობების შესრულებისას 119 ჟურნალისტი დაიღუპა. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1997 წელს ინსტიტუტმა ჟურნალისტთა შორის ყოველწლიური მსხვერპლის აღრიცხვა დაიწყო. "წელს დაღუპულ ჟურნალისტთა უმრავლესობა მიზანმიმართული მკვლელობის მსხვერპლი გახდა", - ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიას სირია ლიდერობს, სადაც მიმდინარე სამოქალაქო ომს წელს 36 ჟურნალისტისა და ათეულობით მედიააქტივისტის სიცოცხლე შეეწირა. 16 ჟურნალისტი დაიღუპა სომალიში. ნიშანდობლივია, რომ ამ მკვლელობებისთვის არავინ დაუსჯიათ, რაც ხელს უწყობს ამ პროფესიის ადამიანების მიმართ ძალადობას. ჟურნალისტებისთვის ერთობ სახიფათო ქვეყნებად მიიჩნევა ასევე მექსიკა, პაკისტანი და ფილიპინები. რეგიონების სიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველი ადგილი შუა აღმოსავლეთს უჭირავს, სადაც წელს 43 ჟურნალისტი დაიღუპა, მეორე ადგილზე კი, აფრიკის კონტინენტია, სადაც მთავრობებისა და მედიის დაპირისპირებებს 27 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ჟურნალისტთა სიკვდილიანობის რაოდენობა მაღალია აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც.
"მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებისა, შეაჩერონ თავდასხმები ჟურნალისტებზე, წელს მსხვერპლთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჟურნალისტის მკვლელობა არის ცენზურის უკიდურესი, ყველაზე ულმობელი და შემაძრწუნებელი ფორმა. თუ ვერ შევძლებთ, აღმოვფხვრათ დაუსჯელობის სინდრომი, ეს მკვლელობები კვლავ გაგრძელდება",- განაცხადა ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი მილსმა.