რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე

რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი ოჯახის ნაბოლარა შვილია. და - თათია მასზე 6 წლით უფროსია, ძმა - შოთიკო კი 8 წლით... თათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ძმაზე სასაუბროდ მას სამსახურში ვეწვიე. როგორც თათიასგან შევიტყვე, დედმამიშვილებს ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება ჰქონიათ.

თათია თარხნიშვილი:

- ტრადიციულ ოჯახში გავიზარდეთ. ჩემი ძმები არაჩვეულებრივად მღერიან. ჩემი მშობლებიც ძალიან მუსიკალურები არიან. დილით ისე არ გავიდოდნენ სახლიდან, რომ არ წაემღერათ. სამი დედმამიშვილი ვართ. მე და ჩემს უფროს ძმას ერთი სამეგობრო გვყავდა და სულ ერთად ვიყავით, ვანიკო კი ალბათ იმის გამო, რომ ნაბოლარა იყო, ბავშვობიდან ძალზე დამოუკიდებელი ჩამოყალიბდა. სულ ასე ამბობდა: "მე თვითონ", "მე თვითონო". გამოცდები თეატრალურ უნივერსიტეტში ისე ჩააბარა, რომ ჩვენ არც კი გაგვიგია...

- ამაზე მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მოეწონათ. სამივემ პროფესია საკუთარი სურვილისამებრ ავარჩიეთ. უფროსი ძმა იურისტია. დედა რაკი ფილოლოგია, მე მის კვალს გავყევი. დედისგან თავის პროფესიაზე ბავშვობიდან ბევრი მესმოდა, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკაც გვქონდა, რამაც მხატვრულ ლიტერატურას პატარაობიდანვე მაზიარა. მოკლედ, დედა და ბებია რომ არ ყოფილიყვნენ ფილოლოგები, ნამდვილად არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევდი, მათ ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს. დღეს არჩევანს ნამდვილად არ ვნანობ. ვანიკოს სკოლაში სწავლის პერიოდს საქართველოში ცუდი დრო დაემთხვა, - ქვეყანა რომ აირია, უტრანსპორტობის გამო მუსიკალურ სასწავლებელში სიარული ვეღარ შეძლო. ვეღარც თხილამურებზე სიარული გააგრძელა და ვერც სხვა წრეებზე. მაგრამ ამ ყველაფერს მასზე უარყოფითად მაინც არ უმოქმედია. შესაძლოა, დედას უნდოდა, ვანიკოს სხვა პროფესია აერჩია, მაგრამ მისმა არჩევანმა გაამართლა. დედაჩემი ხუმრობდა, აქამდე ქსენია სიხარულიძის (უნივერსიტეტის პროფესორი) შვილი ვიყავი და ახლა კი ვანიკოს დედა ვარო (იცინის). ამ ლოგიკით მეც ვანიკოს დად ვითვლები, რაც ნამდვილად მსიამოვნებს.

- როგორი ბავშვი იყო ვანიკო?

- ძალიან აქტიური და მოძრავი. ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ვანიკოს ბავშვობიდან ერთი ამბავი მახსენდება: მე და ჩემი უფროსი ძმა ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად მასწავლებლობანას ვთამაშობდით. ჩვენმა "მასწავლებელმა" დამსაჯა, თმა მომწიწკნა, მატკინა და ტირილი დავიწყე. ჩემს უფროს ძმას, რომელიც გვერდით მედგა, ამაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან ვთამაშობდით. ვანიკომ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავის თანატოლებთან თამაშობდა, ატირებული რომ დამინახა, ხელი წაავლო დიდ ფიცარს და "მასწავლებელს" გაეკიდა, უნდა ვცემოო. მუდამ მიცავდა. ორივე ძმა ჩემ მიმართ დღემდე ასეა. ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია.

ხშირად ღამით ვანიკოსგან მესიჯი მიმიღია: "ძალიან მიყვარხარ!" თბილი და ერთგული ადამიანია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი... ისე, ცოტათი ემოციურიც არის. ეს თვისება დედაჩემისგან მოსდევს... ჩემი ჩაცმის სტილი არასდროს გაუკონტროლებია. მოკლედ, დედმამიშვილებს ერთმანეთის კარგად გვესმის.

- ალბათ, ეს მშობლების დამსახურებაა, არა?

- რასაკვირველია. ოჯახში არსებული ატმოსფერო შვილებზე მოქმედებს. მშობლებისგან ყოველთვის თავისუფლება გვქონდა მონიჭებული, მაგრამ ზღვარს არასდროს გადავსულვართ. გარდატეხის ასაკში გოგონაზე მეტად ბიჭის აღზრდაა ძნელი, არასწორი ნაბიჯი რომ არ გადადგას, რაც მშობლებმა უნდა აკონტროლონ... დღესდღეობით, საბედნიეროდ, თითოეულს ჩვენი პროფესია და საქმე გვაქვს. მთელ ოჯახს ერთად ყოფნა სიამოვნებას გვანიჭებს და ხშირად ერთად ვვახშმობთ კიდეც. მე მშობლებთან ვცხოვრობ, ჩემი ძმები კი - ცალ-ცალკე. ყველას შეხვედრის ადგილი კი ჩვენი სახლია...

- ძმებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- მათ შორის 8 წელია განსხვავება, მაგრამ ეს ხელს არაფერში უშლით, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და რჩევასაც ხშირად ეკითხებიან. ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.

- თუ ესწრებით ხოლმე ვანიკოს სპექტაკლებს, კინოპრემიერებს?

- მის სპექტაკლებს სულ ვესწრები და ვცდილობ, პრემიერებზეც მოვიპოვო ეს უფლება, რომლითაც ჩემი მშობლები სარგებლობენ ხშირად. ისეთ პროექტებს, სადაც ვანიკო ტელეწამყვანის ამპლუაშია, არ ვესწრები, მას ტელევიზიით ვუყურებ... ვანიკოს კრიტიკული შემფასებელი დედაჩემია, ამიტომ, სულ ცდილობს, თეატრში პრემიერას დაესწროს. ვანიკომაც იცის, რომ დედის სახით ობიექტურ შეფასებას მიიღებს, რაც მას აუცილებლად სჭირდება.

ერთ კურიოზსაც მოგიყვებით: მაღალჭერიანი სახლი გვაქვს და ფარდის დაკიდებას ყოველთვის ვანიკოს ვთხოვთ ხოლმე, რადგან ჩემზე და დედაზე მაღალია, მაგრამ არასდროს კიდებს და გვეუბნება, სიმაღლის შიში მაქვსო. ერთხელ დედაჩემი ვანიკოს სპექტაკლს ესწრებოდა, სადაც სიმაღლიდან გადმოხტა. დედამ მაშინვე ის უთხრა: სიმაღლის არ შეგეშინდაო?!

- ერთ-ერთ ფილმში ვანიკოს შიშველმა კადრმა გაიელვა. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ თქვენ და თქვენს მშობლებს?

- ჩემთვის ის მიუღებელი ნამდვილად არ ყოფილა. დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის ცოტა უხერხული მომენტი ნამდვილად იყო. ვანიკომ კი ასე ახსნა, ჩემს პროფესიას როცა დასჭირდება, უხერხული სცენის გადაღებაზე თავს ვერ დავიკომპლექსებო.

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით?

- არასდროს. ერთმანეთის არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემთ. მართალია, რჩევებს ძმებისგან ყოველთვის ვითვალისინებდი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებდი. ასევე იქცევიან ჩემი ძმებიც. სხვათა შორის, ორივემ არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთა; რძლების სახით შესანიშნავი მეგობრები მყავს. ყველანი რაღაც ერთნაირები ვართ.

- იცოდით, რომ ვანიკოს საცოლე ჰყავდა?

- ვიცოდი სოფოს შესახებ, ვიცნობდი კიდევაც. მშვენიერი გოგოა. უბრალოდ, ის არ ვიცოდი, ერთად ცხოვრებას როდის გადაწყვეტდნენ... მთავარია, რომ ერთმანეთი უყვართ და თავს ერთად კარგად გრძნობენ. შესაძლოა, ხანდახან პოპულარობამ ადამიანზე ცუდად იმოქმედოს. ეს რომ არ მოხდეს, ჯანსაღი კრიტიკაა საჭირო. ვანიკოს მიმართ ამ კრიტიკას არ იშურებენ დედაჩემი და სოფო.

- ვანიკო დღესდღეობით რას საქმიანობს?

- თეატრშია დაკავებული, რაც ძალიან მომწონს. ეს სფერო მის შინაგან სამყაროს მეტად წარმოაჩენს, ვიდრე კინო. დაკავებულია სერიალში: "ჩემი ცოლის დაქალები" - სულ გადარბენაზეა. ბოლო დროს ოჯახურ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაერთო (იღიმება).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება