დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები

დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები

"საზოგადოებას უჭირს მასთან ურთიერთობა, რადგან საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა. სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია. მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე ცხოვრება უფრო იზიდავს, ვიდრე - ოჯახური", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობის, დათო ქაცარავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით არასდროს დავინტერესებულვარ. მხოლოდ ერთხელ, ისიც, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემი ზოდიაქოს დახასიათება ზერელედ წავიკითხე...

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გველს კარგი ინტუიცია აქვს.

- მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და ამის წყალობით სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი.

- შეგიძლია, ეს შემთხვევები გაიხსენო?

- მაგალითად, ერთხელ მეგობართან ერთად ბორჯომიდან ვბრუნდებოდი. საღამო იყო. მცხეთის ხიდზე გადმოსვლა ყოველთვის დიდი სიჩქარით მიყვარდა, მაგრამ იმ დღეს, უკვე შუა ხიდზე ყოფნისას თვალწინ დამიდგა სურათი, თითქოს მოსახვევში "ვასკდები" შავ ჯიპს, რომელიც ანთებული ფარებით მოძრაობს და მე და ჩემი მეგობარი ვიღუპებით. ხილვა წამის მეასედში მოხდა. სასწრაფოდ, მარჯვენა მხარეს გადავედი და დავინახე კიდეც შავი ჯიპი, რომელიც ხიდზე ანთებული ფარებით შემოვიდა. რომ არა წინათგრძნობა, გზიდან არ გადავიდოდი და აუცილებლად შევეჯახებოდი...

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მანქანით ქალაქში ვმოძრაობდი. ტელეფონზე დამირეკეს. ლაპარაკში გავერთე და სიჩქარესაც მოვუმატე. ბოლო წამს შევამჩნიე, რომ შუქნიშანზე წითელი აინთო. გაჩერება მოვასწარი. გავიფიქრე: ახლა რომ სვლა გამეგრძელებინა, გადაკვეთაზე ორი მანქანა წამოვიდოდა - ერთს კი ავაცილებდი, მაგრამ მეორე დამარტყამდა. თითქოს, ყველაფერი ცხადში დავინახე. უეცრად, გვერდით სამარშრუტო ტაქსიმ ჩამიქროლა, წითელზე არ გაჩერდა და რაც მე ვნახე, მას დაემართა...

ერთხელ თმოგვის ხეობაში საჯომარდოდ წავედით. იქ ერთი ძალიან რთული მონაკვეთია, რომელიც მე-5 ანუ სიცოცხლისათვის საშიშ კატეგორიას განეკუთვნება. გუნდის წევრები ვბჭობდით, გაგვერისკა თუ არა, საბოლოო სიტყვა კი მე უნდა მეთქვა. "დავინახე", თითქოს მდინარეზე დავეშვით და ნავი ამოგვიტრიალდა. მეტი არაფერი მინახავს, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ არ დავიღუპებოდით. ჰოდა, გავრისკეთ და მოხდა ის, რაც ვნახე.

- "შორსმჭვრეტელია და ემოციურობით არ გამოირჩევა".

- პირიქით უფროა - შორსმჭვრეტელობით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ და უზომოდ ემოციური ვარ. სამაგიეროდ, მაქვს უნარი, საკუთარი ემოცია დავფარო მაშინაც კი, როცა ჩემში დიდი "ქარიშხალი" ტრიალებს. მოკლედ, საკუთარი თავის მართვა არ მიჭირს.

- "აქვს უნარი, იყოს ეშმაკი და მოხერხებული".

- ტყუილია! ეშმაკი საერთოდ არ ვარ, მოხერხებული კი - ნაკლებად.

- "ის მატერიალისტია. სურს ყოველთვის სხვაზე მეტი ჰქონდეს"...

- (იცინის) არ მინდა, სხვაზე ნაკლები მქონდეს.

- ფულის მომტან გეგმას ხშირად ადგენ?

- ვადგენ, მაგრამ ბევრი ფული ჯერ ვერ ვიშოვე. ეტყობა, ამ გეგმის შედგენა კარგად არ ვიცი.

- "უყვარს დასვენება; არაფრის კეთებაშიც დიდ სიამოვნებას იღებს".

- დასვენება მიყვარს, მაგრამ უსაქმურობა მთრგუნავს. მოზღვავებული ენერგია თუ არ დავხარჯე, რა გამაჩერებს? სახლში შუადღის მერე ვეღარ ვძლებ; აუცილებლად სადმე უნდა წავიდე, ავმოძრავდე, დავიხარჯო...

- "ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ნაკლებად გახსნილი ნატურაა".

- მეგობრების სიმცირეს არ ვუჩივი. ვფიქრობ, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ; უბრალოდ, არის თემები, რომლებზეც არავისთან ვსაუბრობ. პირადი ცხოვრების დეტალებზე ლაპარაკი არა მგონია, სწორი საქციელი იყოს.

- "საზოგადოებას უჭირს მასთან ურთიერთობა, რადგან საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა".

- ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ბევრი საიდუმლო მაქვს. მგონი, არც საზოგადოებას უჭირს ჩემთან ურთიერთობა.

- "არასდროს გაპატიებს, თუ არასწორად მოექცევი".

- ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს: არც კარგი მავიწყდება და არც - ცუდი, მაგრამ თუ ადამიანი შეცდომას აღიარებს და მოინანიებს, პატიება შემიძლია.

- "პარტნიორის არჩევისას მის ბევრ თვისებას დეტალურად აფასებს".

- მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები 7 წლის მანძილზე ვიყავით და მერე ვიქორწინეთ. ამ ხნის განმავლობაში საყვარელი ადამიანი დეტალურად "შევისწავლე", მაგრამ ამას ისე ვაკეთებდი, რომ თავად ვერაფერს მიმხვდარიყო.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია. მართალია, პარტნიორს არასდროს ატყუებს, მაგრამ საკუთარ თავს ხშირად იტყუებს ამაო ილუზიებით".

- პირველ ნაწილს ვეთანხმები, მეორეს - არა. ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო.

- "იშვიათად ფიქრობს და დარდობს ხვალინდელ დღეზე".

- მომავალს უდარდელად ვერ ვუყურებ; ხვალინდელზე კი არა, ზეგინდელ დღეზეც ვფიქრობ.

- "ყველგან და ყველაფერში მრავალფეროვნებას ეძებს, ერთფეროვანი მდგომარეობა კი ბოლოს უღებს. თუ რეალურ ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება, შეუძლია, თავადვე მოახდინოს ფათერაკისა და სახიფათო თავგადასავლის პროვოცირება".

- ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს ვეთანხმები. თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ვარ.

- და ალბათ, გაბედულიც...

- კი, რისკზეც ხშირად მივდივარ!

- "მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე ცხოვრება უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე - ოჯახური".

- ოჯახური ცხოვრება მომწონს. ასე რომ არ იყოს, ოჯახს საერთოდ არ შევქმნიდი, მაგრამ დღეები მძაფრი შეგრძნებებით თუ არ დავტვირთე, ბედნიერი ვერ ვიქნები. გრძნობის სიმძაფრეში სასიყვარულო ურთიერთობებს არ ვგულისხმობ.

- "საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას აუცილებლად სჭირდება ინტელექტუალური ურთიერთგაგება".

- ეს აუცილებელია! მხოლოდ ქალის გარეგნული მონაცემები ჩემთვის საკმარისი არ არის.

- ეჭვიანი ხარ?

- არა, მაგრამ საბაბს თუ მომცემენ, შეიძლება გავპათოლოგდე. იმედია, ამ ზომამდე არასდროს მივალ.

- შენი მეუღლე თუ ეჭვიანობს?

- ზოგჯერ ეჭვიანობს. მე შემიძლია, დავჯდე და ყველაფერი წყნარად ავუხსნა, ამის გამო გვიკამათია კიდეც.

- შენი თილისმა ნიღაბია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოგჯერ ხელოვნურ ჯავშანს იქმნი ან თავს ნიღბით იცავ. ეს სიმართლეა?

- ცხოვრება ძალიან რთულია. ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცივებული და გახისტებულია. ყველას ღია და გახსნილი რომ დავხვდე, შეიძლება ამით ცუდად ისარგებლონ... ნიღაბს და ჯავშანს თავის დაცვის მიზნით ვირგებ.

- "ძალიან მიმნდობია".

- მიამიტი არ ვარ, მაგრამ მომწონს, როცა ადამიანებს შორის ნდობაა. ცუდ ადამიანთან ურთიერთობისას ვცდილობ, მასში კარგი თვისებები დავინახო. როცა ასეთ პიროვნებას ნდობას უცხადებ, მასში პოზიტიურ თვისებებს წინ წევ. მოკლედ, შანსს აძლევ, უკეთესი გახდეს და საკუთარ თავთანაც მართალი ხარ.

- შენი მოტყუება იოლია?

- არა!

- "იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომელსაც სითხესთან აქვს კავშირი. ის ნავზე, ხომალდზე ყოფნით ძალებს აღიდგენს".

- ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე: ხან ბანკირი ვიყავი, ხან იურისტი, ხან კონსერვატორიის სტუდენტი და მომავალი ოპერის მომღერალი, ხანაც - პროექტის მენეჯერი, კომპანიის დირექტორი, მაგრამ წყალი ყოველთვის მიზიდავდა. წყლისგან საოცარ ენერგიას ვიღებ. მოკლედ, ბუნება მიყვარს და ისიც ვიცი, რომ ქალაქში ჩემი ადგილი არ არის. სხვათა შორის, სამუდამოდ აქ დარჩენას არც ვაპირებ.

- სად დასახლდები?

- რამდენიმე ვერსია მაქვს. მინდა სახლი ისეთ სოფელში მქონდეს, სადაც მდინარეა. ჰოდა, მის ნაპირზე დავსახლდები; მინდა მცხეთაში ვიცხოვრო, რადგან ეს ქალაქი ძალიან მომწონს. თუმცა, ჩემთვის მთავარია, წყალთან ახლოს ვიყო. შეიძლება ისე გამიმართლოს, რომ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მეზობლადაც დავსახლდე.

- შენი ცხოვრება სოფელში როგორ წარმოგიდგენია?

- სახლში ბევრი საინტერესო წიგნი, საბილიარდო მექნება. რა სჯობია სუფთა ჰაერს, მდინარეს?!. ვფიქრობ, ჩემი შვილები ბუნებაში უფრო ჯანსაღები გაიზრდებიან.

- "გაორებული ნიშანია. მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- მართალია, პესიმიზმის შემოტევები ხშირად მაქვს, მაგრამ ბუნებით მაინც ოპტიმისტი ვარ.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია!"

- იმიტომ, რომ ჯიუტი კი არა, ზეჯიუტი ადამიანი ვარ! ხანდახან ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.

- "ხანდახან მისი იუმორი ფარული საბრძოლო იარაღია. ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- ვეთანხმები. იუმორის გრძნობა რომ დავკარგო, შეიძლება დეპრესიაც დამეწყოს. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ერთ-ერთ საიტზე შევდივარ, სადაც რუსულ ანეკდოტებს ვკითხულობ და გულზე მეშვება.

- "საყვარელი ადამიანის გამო შეუძლია, ყველაფერზე წავიდეს".

- მართალია! ერთი შემთხვევა გამახსენდა: როცა მე და ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით, ვიჩხუბეთ. იმ პერიოდში მე ბათუმში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ის კი თბილისში იყო. დედაქალაქში მხოლოდ უქმე დღეებში ჩამოვდიოდი. ჩხუბის მერე მივხვდი, შაბათ-კვირამდე ვერ გავძლებდი. ღამით მანქანით წამოვედი, შეყვარებული ვნახე, ვიგიჟეთ და დილის 10 საათზე ისევ ბათუმში ვიყავი.

- "შესაშური მოთმინების უნარი და რთულ სიტუაციაში საკუთარი თავის ფლობის ძალა შესწევს".

- ნამდვილად ასეა!

- დაბოლოს, "საკუთარი პრობლემებისა და განცდების ვინმესთვის თავს მოხვევა ნაკლებად ახასიათებს".

- ვცდილობ, ეს არასდროს გავაკეთო და მგონი, კარგადაც გამომდის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება