"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთარ ბერიშვილი ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარული იყო, "ოთო და ბინგო" - ამ სახელწოდებით "იუთუბზე" არაერთ ვიდეოს ნახავთ, სადაც მეგობრები, ოთო ბერიშვილი და ბინგო, იგივე ირაკლი ილურიძე ოთოს დაწერილ სიმღერებს მღერიან. ახლა რომანტიკული კონკურსანტის გულშემატკივარ თინეიჯერ გოგონებს საშუალება მიეცათ, ყოველ ოთხშაბათს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ან "რუსთავი 2"-ის ეთერში უყურონ თავიანთი რჩეულს და უგულშემატკივრონ.
- "ჯეოსტარზე" მინდოდა გასვლა, 2-3 წელი ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. წელს, როგორც იქნა, გადავწყვიტე და "ჯეოსტარის" ნაცვლად "საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგზე მოვხვდი. მეგობრებიც მიბურღავდნენ ტვინს, გადი, სცადე ბედიო, მაგრამ მხოლოდ მათი დამსახურება არ არის ის, რომ დღეს აქ ვარ, მეც მქონდა ამის სურვილი.
- სატელევიზიო კასტინგზე ნიკა მემანიშვილმა გითხრა, ამ წუთამდე შენსავით არავინ მომწონებიაო. როგორ გგონია, გაუმართლე იმედი პირველ კონცერტზე?
- ბოლომდე ვერ გავამართლე, მაგრამ ყველანაირად ვეცადე. უბრალოდ, ძალიან დაღლილი ვიყავი, უძილო და ხარვეზები ნამდვილად იყო, თუმცა სერიოზულად მოვეკიდე ამ კონცერტს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო საკონკურსო დღე. თან ჩემს სიმღერას ვასრულებდი და ბუნებრივია, მაქსიმალურად ვცდილობდი, მოსწონებოდა მაყურებელსაც და ჟიურისაც.
- შენი სიმღერა რომ უნდა გემღერა, თავად შესთავაზე ჟიურის?
- ნიკამ იცოდა, რომ ვწერ სიმღერებს და მომასმენინეო მითხრა. სწორედ ის გამოარჩია, რომელიც მეც ყველაზე მეტად მიყვარს, "გუშინ გნახე".
- რომანტიკულს რომ გეძახიან, რატომ ბრაზობ?
- არ ვბრაზობ, უბრალოდ, ყოველ კონცერტზე, ყოველ ჩემს გამოჩენაზე ეს სიტყვა ფიგურირებს. პუშკინის იმიჯი მომაკერეს, ლევ ტოლსტოი გავიჩითე უკვე (იცინის). გარკვეულწილად რომანტიკოსი ვარ, მაგრამ არც ასეთი გადარეული და გაგიჟებული. ეტყობა, პირველმა კასტინგმა, ჩემმა სიმღერებმა, თვალჟუჟუნა ბიჭი რომ გავიჩითე, ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ასეთი ხასიათი.
- დღესაც რომ გიჟუჟუნებს თვალები?
- დღეს ნაბახუსევი ვარ (იცინის).
- კასტინგზე შეყვარებულთან ერთად მიხვედი. დღეს რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
- ამ თემაზე არ ვსაუბრობ.
- დაშორდი?
- დაახლოებით.
- გული გტკივა, გატყობ.
- რა თქმა უნდა, მტკივა, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- მე მახსოვს "ჯეოსტარის" რამდენიმე კონკურსანტი, რომელსაც შეყვარებული ჰყავდა, ერთ-ერთს საქორწინო ბეჭედიც კი ეკეთა თითზე, მაგრამ ამას საჯაროდ არ ამბობდა, იმის გამო, რომ გოგონებს მხარი დაეჭირათ მისთვის. შენი შეყვარებულთან დაშორებაც ასეთი ფანდი ხომ არ არის?
- არა, არა, თქვენ კარგად იცით, რომ კასტინგზეც შეყვარებულთან ერთად ვიყავი. არანაირი ფანდი! მე თუ მოვწონვარ, მოვწონვარ თინეიჯერ გოგონებს და მაგათი დევნის თავი არ მაქვს (იღიმის). ასე რომ, არაფერს ვმალავ, სუფთა ვარ. უბრალოდ, რაღაცები მოხდა, კარგა ხანს ხდებოდა და, დამთავრდა.
- დღეს შეყვარებულია ოთო?
- ოთო სულ შეყვარებულია, ოღონდ ისეთი აღარ, როგორიც ადრე იყო.
- პროექტს დავუბრუნდეთ, მეორე ტურზე ლიზა ბაგრატიონთან ერთად იმღერე, რას იტყვი ამ ტანდემზე?
- ძალიან თბილია ლიზა, კარგი ადამიანი. ზედმეტად არც გაკრიტიკებს და არც განებივრებს. შენიშვნას ისე გეუბნება, მისი გათვალისწინება გინდება. ძირითადი შენიშვნები ჩემს უხასიათობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
- უხასიათო ხარ?
- არა, უბრალოდ, სიმღერა ვერ მოვირგე და ამის გამო ვბუზღუნებდი. ამ სიმღერას ძირითადად სუფრაზე ვმღერი ხოლმე და სხვანაირ შესრულებას ვარ მიჩვეული, თავისი ჩახვევებითა და მელიზმებით. იქ სხვანაირად, თან დაბალ რეგისტრში მომიწია სიმღერამ და გამიჭირდა. თუმცა ლიზამ იმდენი ქნა, სანამ სასურველი შედეგი არ მივიღეთ.
- კონკურენტებად ვის მიიჩნევ, რომელი კონკურსანტი მოგწონს ყველაზე მეტად?
- მათ, როგორც კონკურსანტებს, ისე არ ვუყურებ. მომწონს სამი გოგო: სალომე ცუხიშვილი, ანი გოზალიშვილი და თაკო ვადაჭკორია. პირდაპირ ვიტყვი და იმედია, არც ერთი კონკურსანტი არ მიწყენს, რომ ჩემი გავარდნის შემთხვევაში ამ სამ გოგონას განსაკუთრებით ვუგულშემატკივრებ.
- რას გვთავაზობთ შემდეგ ტურში?
- შემდეგი "ბითლზის" ტურია. პოლ მაკარტნის "ჯანქს" ვმღერი. ესეც რომანტიკული მომარჭვეს (იცინის). იმედია, ამ ტურის შემდეგ ცოტას გამაცოცხლებენ. თორემ სცენაზე სულ დაღვრემილი გამოვდივარ, მოწყენილი, თან მაკიაჟი თვალებს მიღიზიანებს და აცრემლებული მაქვს ხოლმე თვალები. ყველას ჰგონია, ნაბახუსევი ვარ. არადა, ამ კონცერტზე შევძელი და წინა ორი დღე არ დამილევია (იცინის).
- იმიჯი შეგიცვალეს მეორე კონკურსზე.
- ჰო, პირველ კონცერტზე ძალიან ვითხოვე და გამაკეთებინეს ჩემი განუყრელი შარფი. მეორეზე ჩემი ვეღარ გავიტანე (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)