ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის

ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის

მართალია, "იმედის" ეთერში "ნუკის დილას" ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ ნუკი კოშკელიშვილი ეთერს, მისდა გასახარად, არ ჩამოშორებია. სერიალ "შუა ქალაქში" ითამაშებს. მსახიობობა კი ის საქმეა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. ნუკი ყოველთვის ოცნებობდა, ამ პროფესიას დაუფლებოდა. თვითონვე აღიარებს, რომ ეს საქმე კარგად არ გამოსდის, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ყველაფერი შეიცვლება და კარგი მსახიობი იქნება.

- რას ლაპარაკობენ "იმედში" "ნუკის დილასთან" დაკავშირებით? განახლდება გადაცემა?

- "იმედის" ახალ ხელმძღვანელობასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ჭორის დონეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ განახლდება დილის გადაცემა, მაგრამ განსხვავებული ეთერით. ეთერში გავა განსხვავებული დილის ფორმატი. ახალი არ გულისხმობს "ნუკის დილას". იმიტომ, რომ "ნუკის დილა" უკვე იყო.

- ღია ეთერი იქნება?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

- "იმედის" ახალ ხელმძღვანელობასთან ხომ არ გქონია საუბარი?

- კონკრეტულად დილის ეთერზე მათთან არ მისაუბრია, თუმცა მოსვლისთანავე მათ დამიბარეს, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და ამით შემოიფარგლა ჩვენი ურთიერთობა. ამჟამად არ ვარ "იმედის" თანამშრომელი. კონტრაქტი შეწყდა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელთან. ეს არ ყოფილა მიკერძოებული გადაწყვეტილება მათი მხრიდან. ყველანი დათხოვილები ვიყავით სამსახურიდან.

- შენ იყავი "იმედის" სახე. არხმა ია კიწმარიშვილს გადაუხადა თანხა, რომ მათთან გემუშავა. ახლა, როდესაც კონტრაქტი შეწყდა, აპირებ, სხვა არხზე რაიმე პროექტის მიტანას?

- ძალიან ბევრი იდეა მაქვს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. უბრალოდ, ასაკიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ენთუზიაზმი მაქვს. მზად ვარ ნებისმიერ არხთან წავიდე მოლაპარაკებაზე, თუმცა გულწრფელად გეუბნებით, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერ არც ერთი ტელევიზიიდან არ ყოფილა, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არც ერთი ტელევიზია არ ჩამოყალიბებულა კონკრეტულ ფორმატზე. ალბათ ყველაფერი რომ დალაგდება, მერე შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება, თუმცა მეძლევა საშუალება, "შუა ქალაქში" ვიყო და ეკრანიდან არ გავქრე. ძალიან მაგარია, როდესაც ამ სერიალის ერთ-ერთი გმირი ხარ.

- ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა იმ ამბავს, როდესაც ციხის კადრები გავიდა ეთერში და "ნუკის დილა" არ გაჩერდა. მოგვიანებით ჩვენს ჟურნალთან კომენტარი გააკეთე, სხვა ფორმატის გადაცემა იყო და არ ვფიქრობდი, რომ უნდა შემეჩერებინაო. ნანობ მაშინდელ გადაწყვეტილებას?

- შეიძლება, გულწრფელად გვეგონოს, რომ კარგს ვაკეთებთ, მაგრამ კრიტიკას ყოველთვის დავიმსახურებთ. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად აკეთებს ცუდს, ის კრიტიკას კი არა, ჩაქოლვას იმსახურებს. ზოგადად კრიტიკა მისაღებია. რაც შეეხება იმას, შევცვლიდი თუ არა გადაწყვეტილებას, მინდა ვთვქვა, რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი. "ნუკის დილა" არ ყოფილა ჩემი გადაცემა და მე არ ვიღებდი გადაწყვეტილებას. ყველაფერს არხის ხელმძღვანელობა წყვეტდა. მათთან ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მქონდა შეხვედრა და ვუთხარი, ხომ არ ფიქრობთ, გადაცემა შევაჩეროთ-მეთქი, თუმცა ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, გადაცემა ეთერში არ გავიდეს-მეთქი. უბრალოდ, აზრი გამოვთქვი. ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის, მაშინ ძალიან მისაღები პასუხი გავიგე, რომ "ნუკის დილა" სხვა ტიპის გადაცემა იყო და არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებოდა მისი ნახვა. ამას გულწრფელად ვამბობ. ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო ის პერიოდი. ყოველთვის მგონია, რომ მასმედია ის საშუალებაა, რომელსაც შეუძლია, შექმნას ადამიანების განწყობა. როდესაც ტელევიზიაში ამბობენ, რომ რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ ამას ქუჩაში ვგრძნობთ. ცუდი ამბავი ადამიანებზე მაშინვე აისახება. რაც უნდა ცუდი ან კარგი მოხდეს ქვეყანაში, შევეცდები, გადავატანინო ყურადღება. ხალხის ასმაგად დათრგუნვა ძალიან ცუდია. არასდროს მივესალმები იმას, რომ ხაზი გავუსვათ საშინელებას. ცუდი მაგალითია, მაგრამ გეტყვით, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება, ყოველთვის დისკომფორტი მაქვს, როდესაც ტელევიზიით სულ ამ თემაზე ლაპარაკობენ. მაშინვე მახსენდება იმ ადამიანის ოჯახი, რომელსაც არ სიამოვნებს ამ ამბის მოსმენა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თემის გადატანა აუცილებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. იმ დროს სხვა არხებზე ამ ყველაფერზე ბევრს ლაპარაკობდნენ და სხვა რამის ყურების საშუალება ადამიანებს აღარ ჰქონდათ. მაყურებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, გადართოს სხვა არხზე და იქ სხვა რამ მოისმინოს და ნახოს. ადვილი შესაძლებელია, რომ ვიღაცას არ მოსწონდა მუდმივად შემზარავი კადრების ყურება. შეიძლება უნდოდა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სკოლაში რომ მიდიოდა, მხიარული გადაცემისთვის ეყურებინა. მით უმეტეს, რომ მე იმ დროს საბავშვო გადაცემები მიზანდასახულად გავაკეთე. ცეკვა-სიმღერა და ტაშ-ფანდური არ ყოფილა. საბავშვო გმირები მოვიწვიე. ერთ გადაცემაში პედიატრი მყავდა.

- ღია ეთერში რომ ყოფილიყავი, პროტესტს გამოხატავდი?

- პროტესტს მე გამოვხატავ, როგორც მოქალაქე, მაგრამ როგორც წამყვანი, რომელიც ტელეკრანზეა, არასდროს არავის მოვახვევ ჩემს აზრს, როგორი აზრიც უნდა მქონდეს. მივიჩნევ, რომ ადამიანებზე გავლენის მოხდენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ეს ჩემი პირადი აზრია.

- მითხარი, ბევრი იდეა მაქვსო. რა ტიპის გადაცემას წაიყვანდი?

- ცალსახად გასართობს. პოლიტიკურ თოქშოუს ვერ წავიყვან. ვფიქრობ, ამ ტიპის გადაცემა 22 წლის გოგოს არ უნდა მიჰყავდეს. თან, არ მაქვს ისეთი პოლიტიკური განათლება, რომ მსგავს თემებზე ვილაპარაკო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მივესალმები გასართობი გადაცემის წაყვანას. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საქართველოში შექმნილი თუ ნაყიდი გადაცემა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გამიხარდებოდა, რომ კვლავ ჩემი დილა გაგრძელებულიყო. ამ გადაცემის წაყვანა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ, რომ მქონდა საშუალება, რამე ახლებურად მომეფიქრებინა. ალბათ გამონაკლისი არ ვარ. ნებისმიერ წამყვანს მოსწონს თავისი საავტორო გადაცემა.

- "იმედის" დილის გადაცემა ღია ეთერშიც მიგყავდა, როცა დილით ხუთ საათზე გიწევდა ადგომა. "ნუკის დილის" ჩანაწერები გადიოდა ეთერში. რომელი უფრო მოგწონდა?

- უფრო მომწონდა "ნუკის დილა", ახლავე აგიხსნი რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ვაიმე, დილის ხუთ საათზე ადგომა რთულიაო, პირველ შემთხვევაში თუ დილის ხუთზე ვდგებოდი, "ნუკის დილა" რომ მომემზადებინა, დილის შვიდ საათზე ვწვებოდი. მთელი ღამე ვამონტაჟებდით მე და ჩემი მემონტაჟეები ჩანაწერს. გადაცემის ეთერში გასვლას ხშირად ვესწრებოდით. ეს ყველაფერი დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ, გინდა თუ არ გინდა, როგორი კარგი რესპონდენტიც უნდა მოდიოდეს შენთან, დილის რვა საათზე ვერანაირად ვერ გამოავლენს სიხალისეს. ნახევრად სძინავს. ჩაწერებზე კი ეს ადამიანები მოდიოდნენ გამოძინებული, უკეთესად მპასუხობდნენ შეკითხვებზე. დარბაზიც ჩვენთან ერთად იყო ჩართული ყველაფერში, თუმცა არც ერთი წამით არ მიმაჩნია, რომ ღია ეთერი რამით ნაკლებია. ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. რაღაც მომენტში მაყურებელს შეიძლება ერჩივნოს, რომ ღია ეთერში ნახოს გადაცემა. დანამდვილებით ის ვიცი, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ასეთი გადაცემების წაყვანისას.

- დარჩა ჩაწერილი გადაცემები, რაც ეთერში ვერ გავიდა?

- არა.

- "შუა ქალაქში" ეთერში მოულოდნელად დაბრუნდა. გადასაღებ მოედანზე დაძაბულობა ხომ არ იგრძნობა? სიტუაცია შეიცვალა არხის მფლობელის შეცვლის შემდეგ?

- სერიალი როგორც მოულოდნელად გაუჩინარდა, ისევე მოულოდნელად დაბრუნდა. რაც შეეხება დაძაბულობას, ბევრჯერ მითქვამს, რომ "ღამის შოუს" სტუდიასთან ყოველთვის სასიამოვნოა მუშაობა. სხვა გადაღებებზე დრო იწელება და "ღამის შოუსთან" იმიტომ არის საინტერესო მუშაობა, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ და მათთან მუშაობა კომფორტულია. მსახიობებს ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. დიდი შემართებით ვიწყებთ მუშაობას და იმედი მაქვს, მაყურებლის იმედებსაც არ გავაწბილებთ.

- "შუა ქალაქში" როგორ განვითარდება შენ გმირის ამბები?

- ეს ჯერ მეც არ ვიცი. როგორსაც ვთამაშობ, მე თვითონ ისეთ გოგონებზე ხშირად მეცინება. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მისი ცხოვრება.

- როგორც ვიცი, მსახიობობაზე ყოველთვის ოცნებობდი.

- ვოცნებობდი, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ მსახიობობა კარგად გამომდის. როდესაც დანარჩენ გმირებთან ერთად ვთამაშობ, ამას კარგად ვხვდები. მარტივად შედიან როლში. მე ძალიან ხშირად მეცინება. ცოტა ნუკი იპარება ჩემს პერსონაჟში.

- შენი გმირი ცოტათი დაიჩაგრა. ლაშა მოსწონდა და ბოლოს მან ყურადღება აღარ მიაქცია.

- ლაშა კვლავ არ მაქცევს ყურადღებას. ამით მეც ძალიან შევშფოთდი. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მე და ლაშას ერთად რამე უნდა გვქონოდა, მაგრამ ისე მარტივად გაგვცვალა ლაშამ მეც და რუსკა მაყაშვილიც სხვაში, რომ ორივე გაკვირვებული დაგვტოვა.

- დარწმუნებული ვარ "ცეკვავენ ვარსკვლავებს", თვალს ადევნებ. რას იტყვი, მეორე სეზონზე?

- არც ერთი გადაცემა არ გამომიტოვებია. მყავს ჩემი ფავორიტი. რა თქმა უნდა, რუსკასა და ოთოს ვგულშემატკივრობ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოთო ჩემი პარტნიორი იყო და ვერ მოვახერხე, რომ მას გაემარჯვა. და საერთოდაც, ყველა ცეკვა მომწონს, რომელსაც ასრულებენ. იმავდროულად სხვებიც ძალიან კარგად ცეკვავენ. ბევრს ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამორჩეულად, როგორც გითხარი, ოთოსა და რუსკას.

- ცეკვის სურვილი ალბათ კიდევ გაგიჩნდა.

- მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მივიღე მონაწილეობა, ცეკვის სურვილი არც გამქრობია. სულ ვფიქრობდი, კიდევ ერთხელ რომ მოვხვედრილიყავი ამ პროექტში, ბევრად უკეთესად ვიცეკვებდი-მეთქი. როდესაც ვუყურებ ჩემს ცეკვებს, რაღაცები არ მომწონს. თავიდან ძალიან მოუქნელი ვიყავი.

- უკვე დიდი ხანია, გყავს შეყვარებული. დარწმუნებული ვარ, ბევრს უკითხავს, როდის აპირებთ დაოჯახებასო.

- ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ. თუ დავაპირე, არ დავმალავ. კვლავ იგივე პიროვნება მიყვარს. ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ რა იქნება და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი.

- აქტიურად ხარ საქმიანობაში ჩართული. როცა გათხოვდები, დიასახლისობაც მოგიწევს. ეს ამბავი ხომ არ გაშინებს?

- არა, ეს თემა აბსოლუტურად არ მაშინებს. უბრალოდ, ცოლქმრული ტიპის ცხოვრებისთვის ჯერ მზად არ ვარ. პირობები და ფინანსებია საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი შექმნა. ისედაც კარგად ვართ ერთად.

- შეყვარებული რა აზრისაა შენს საქმიანობაზე?

- მოსწონს და ყველაფერში მხარში მიდგას, რა საქმეც უნდა წამოვიწყო. რა თქმა უნდა, შენიშვნები აქვს, მაგრამ კატეგორიული არასდროს ყოფილა. არ გააკეთოო, არასდროს არაფერზე უთქვამს.

- მახსოვს, ერთ-ერთ "ნუკის დილაში" ჯიჯი რეჯინიმ ჩაცმულობის გამო გაგაკრიტიკა.

- ეს შოუს ერთგვარი ნაწილი იყო. წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ აუცილებლად უნდა გავეკრიტიკებინე. ზოგადად კრიტიკა კარგია. როცა გაკრიტიკებენ, ე.ი. ვიღაცას აინტერესებ. იდეალური ხომ ვერავინ ვიქნებით. გამაკრიტიკონ და მე გავიზიარებ, თუ ის ჯანსაღი იქნება.

- შეყვარებულმა, ოთო მარგოშვილმა რა თქვა, ეს გადაცემა რომ ნახა?

- მითხრა, ხომ ხედავ, მეც ხომ ვამბობდი და იქნებ, ჯიჯისი მაინც დაიჯეროო. ოთოს არასდროს აუკრძალავს მოკლე კაბის ან დეკოლტეს ჩაცმა იმის გამო, რომ ვინმე შემომხედავს. ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება