ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?

ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?

ანსამბლ "ზარების" ხელმძღვანელი ციური მჭედლიძე აპირებს, მომღერალ ნინო ჩხეიძეს უჩივლოს. მუსიკოსი ნინო ჩხეიძეს საავტორო უფლებების დარღვევასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თუ რა მოხდა 2011 წლის 18 ივნისის ღამეს, ამის შესახებ ციური მჭედლიძე გვესაუბრება:

- კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე მე და თემურ წიკლაურმა შევასრულეთ სიმღერა "ფიროსმანი", რომლის შესრულების უფლებაც ქალბატონმა მარიკამ მხოლოდ მე და თემურს მოგვცა. რამდენიმე თვის შემდეგ კომპოზიტორთან მივიდნენ ნინო ჩხეიძე და დავით არჩვაძე და მას "ფიროსმანის" ერთჯერადად მღერის უფლება სთხოვეს ერთ-ერთი პროექტისთვის, რაზეც ქალბატონი მარიკა დათანხმდა. ნინო ჩხეიძემ და დათო არჩვაძემ ჩაწერეს სიმღერა და ის შემდეგ რადიო "აფხაზეთის ხმის" მუსიკალურ ბადეში ჩასვეს. როგორც ვიცი, ეს რადიო ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის და მას არ ჰქონდა უფლება, "ფიროსმანი"თავისი შესრულებით გაეშვა ეთერში, რადგან ეს ჩემი და თემურ წიკლაურის სიმღერაა. მე დავურეკე ნინო ჩხეიძეს, რომელმაც ტელეფონზე დამიწყო რაღაცების ახსნა, შემდეგ მობილური ვიღაც მამაკაცმა გამოართვა და უშვერი სიტყვებით გამლანძღა. ამ სატელეფონო საუბრიდან ზუსტად ათ წუთში ჩემს სახლთან, რუსთავში, მოვიდნენ სოდისა და კუდის წარმომადგენლები, ჩემი ძმა და მეუღლე მანქანაში ჩაისვეს და "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს. ყვირილი რომ ავტეხე, მეც ჩამსვეს ჯიპში უცნობმა მამაკაცებმა და სადღაც წამიყვანეს. როდესაც შეიტყვეს, რომ ეს სიმღერის გამო ხდებოდა, ძალიან გაუკვირდათ. ჩემი ძმა და ქმარი "მოდულის" შენობაში აღარ შეუყვანიათ, რადგან იცოდნენ, რომ ამას დიდი ამბავი მოჰყვებოდა.

- ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

- სწორედ ეს მაინტერესებს. როდესაც სატელეფონო საუბრის დასრულებიდან ათ წუთში საქმეში ასეთი დონის ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთო, ბუნებრივია, ბრძანება ზემოდან იყო გაცემული... როგორც ვიცი, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ნინო ჩხეიძემ დაარღვია საავტორო უფლებები, მან ნუნუ დუღაშვილის დაუკითხავად შეასრულა სიმღერა "კახეთი", ასევე, დაარღვია საავტორო უფლებები, როცა იმღერა "წაღვერი და თბილისი", თანაც მარეხ გოძიაშვილი საშინლად გალანძღა. მას უჩივლეს სიმღერისთვის "შენს ამოსვლას თან მზე მოჰყვა" და სასამართლომ დააჯარიმა.

- რა მუხლით გინდათ საქმის აღძვრა ჩხეიძის მიმართ?

- მან დაარღვია საავტორო უფლებები, მაგრამ ამის გამო არ ვუჩივლებ. მე მას იმისთვის ვუჩივი, რაც 18 ივნისის ღამით მოხდა. მაინტერესებს, ვინ იყვნენ ის პირები. როგორც ვიცი, საქმე სისხლის სამართლის მე-100 მუხლით აღიძვრება. რაც შეეხება დათო არჩვაძეს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ჩემმა მეუღლემ ამის გამო ინფარქტი მიიღო. ინერვიულეს ჩემმა შვილებმა, შეურაცხყვეს ჩემი ძმა. ადრე ჩივილს აზრი არ ჰქონდა, ახლა კი ვამზადებ სარჩელს და ადვოკატი შეიტანს პროკურატურაში.

დავით არჩვაძე, მომღერალი: იმის გარდა, რომ სიმღერა "ფიროსმანი" ჩავწერე, ამ საქმესთან სხვა შეხება არ მაქვს. ერთი სიმღერის შესრულება ყველას შეუძლია. რესტორნის ინციდენტზე კი ვერაფერს გეტყვით. რაც არ მინახავს, როგორ ვთქვა?

ინტერვიუ: ”ნინო ჩხეიძეს კიდევ უჩივიან”

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება