რით გააღიზიანა მიშა ანდღულაძე დავით გოგიჩაიშვილმა

რით გააღიზიანა მიშა ანდღულაძე დავით გოგიჩაიშვილმა

მისი იუმორისტობა ბევრ წელს ითვლის და ყოველთვის საკუთარი გუნდის ერთგული რჩება. მიშა ანდღულაძის პერსონაჟები ყოველთვის პოპულარულია. ის ერთნაირი წარმატებით თამაშობს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების სახასიათო როლებს. მიშას მიერ შესრულებული პოლიტიკოსების პაროდიებიდან გამორჩეული მაინც გუბაზ სანიკიძის გმირია. კულუარული ინფორმაციით გავიგეთ, რომ მიშა ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პაროდიაზე მუშაობს და საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- მიშა, ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაროდია კარგად გამოგდის.

- როდის გამიკეთებია მისი პაროდია (იცინის). შემთხვევით გავაკეთე და არ ვიცი?.. თუ დაბადების დღეებზე ვაკეთებ და ჯერ არ გამიტანია საჯაროდ?.. ამაზე გამახსენდა, ცოტა ხნის წინ პირველად დავჯექი "ფეისბუქზე" ერთი საათით. უამრავი ხალხი დავიმატე და უცებ პოლიტიკოსი ვიქტორ დოლიძე მწერს, ბესარიონ დალიაშვილის პაროდიას რატომ აღარ აკეთებთ, ძალიან მაგარია, ხალხს ეცინებაო. ვფიქრობ, ნეტავ ვისზე ამბობს და ვერ ვიხსენებ. მერე გამახსენდა, ვანელი პერსონაჟი რომ გვყავდა, ანეკდოტებს ჰყვებოდა, მაგის სახელმა და გვარმა ერთ სკეტჩში გაიჟღერა, აღარც მახსოვდა.

- ახალი პარლამენტარები გწერენ?

- დიახ, მე ვთქვი, რადგან ასეა საქმე, რას ლაპარაობთ, მაგაზე გაწყენინებთ-მეთქი. ისე, ირაკლი ღარიბაშვილის პაროდირება ძნელი არ არის.

- პაატა ზაქარეიშვილის პაროდია უკვე საჯაროდ გამოიტანეთ...

- მაგას საინტერესო ისტორია აქვს... ხუთი წელია ვქაჩავ მაგ კაცს. "დავით გოგიჩაიშვილის შოუ" რომ გადიოდა, მაშინ დავიწყე პაატას გაქაჩვა. იმ პერიოდში "202"-ზე იჯდა ხშირად. სტუმრად ლევან ბერძენიშვილი მოვიწვიეთ და დებატებში დავუჯექი, მე ზაქარეიშვილი ვიყავი. ვერავინ გაიგო, რატომ ვლაპარაკობდი სწრაფად. იქიდან მოყოლებული მაგის პაროდიას ვაკეთებ და დღეს ხომ ხედავთ, ხელისუფლებაში მოვიდა. არც იცოდა, ისე გავქაჩე (იცინის). მაგ კაცის ფანი ვარ. რადიოშიც ვიწერდი მის ლაპარაკს. თან რაც უფრო ეშხში შედის, უფრო გაუგებარი ხდება, რას ამბობს.

- თქვენი შესრულებული გუბაზი რამდენი წელია უკვე სკეტჩებში აქტუალურია...

- პირველად მაგის ჩხუბი "კავკასიაზე" რაღაც თოქშოუში ვნახე, ძალიან გაბრაზდა და იმაზე დავაფუძნე გუბაზის პაროდია.

- თუმცა მისი ოჯახის წევრებმა "პროფილში" წონა დაგიწუნეს, ფუმფულა არ არისო.

- ვიცი, მაგრამ გუბაზის გამო წონაში ვერ მოვიმატებ. პირადად არ ვიცნობ, მიხარია, თუ მოსწონს ჩემი პაროდია, ვფიქრობდი, ხომ არ ბრაზდება-მეთქი. "კავკასიის" სკეტჩს მაშინ ვდგამთ, როდესაც რაღაც ხდება, მასალას თვითონ "კავკასია" გვაწვდის, არაფრის მოფიქრება არ გვჭირდება. ხალხი ჩასაფრებულია, ვიდეოებს ჭრიან და ავრცელებენ. არ არსებობს, ყოველ კვირა რაღაც არ გაარტყან. ძველი, მაგრამ საოცარი კადრია, სოსო ცინცაძე ეთერში რძეს რომ სვამს, თან მაკრატელიც აქვს, რომ რძის კოლოფი გაჭრას.

- აქუბარდია ეთერში სტუმრობაზე ვერ დაითანხმეთ, კიდევ ვინ გეუბნებათ უარს?

- შალვა ნათელაშვილი ადრე ნამყოფია, მაგრამ ბოლოს გაგვლანძღა "კავკასიაზე". ვანო ჯავახიშვილი გაიძახის "დაუნ ვი დიქტეიტენო" და როდის ვთქვი, რომ ინგლისური ვიციო. თუ არ იცი, რაღას ლაპარაკობ (იცინის). ხანდახან შეიძლება საკუთარ თავზე ხუმრობა მოგეწონოს, მაგრამ გარემოს გააჩნია, თუ შენს დანახვაზე ყველა ამას გიხსენებს და იცინიან, რთულია. "პირიმზეში" ხანდახან რაღაც მიმაქვს შესაკეთებლად, იქ ერთი სლავიკა მუშაობს და რომ მხედავენ, მთელი "პირიმზე" მაგას დასცინის. ეძახიან, აი, სლავიკ, კარენა მოვიდაო. მგონი, არ ვევასები იმ ტიპს.

- ამბობენ, რომ, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თქვენი გუნდი უფრო გაიხსნა...

- ყოველთვის ზომიერების ფარგლებში ვხუმრობდით და შემოქმედებითი თავისუფლება გქვონდა. არ მახსოვს, ვინმეს დარეკა, მით უმეტეს "ვანოს შოუში", რომელიც უფრო პოლიტიკურია. პროცენტულად რომ ვითვლიდით, ათი ხუმრობა მთავრობაზე იყო და სამი ოპოზიციაზე, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გვეუბნებოდნენ, ბიჭო, ზედმეტი ხომ არ მოგდითო. მაგალითად, ქარხნების ბანერების აკეცვაზე.

- ბოლო სკეტჩზე გკითხავ, რადიო "ტრიპაჩობა", სადაც შენ და ვახო ბიჭიკაშვილმა გივი სიხარულიძე და ეთერ კაკულია განასახიერეთ...

- იმდენჯერ მაქვს ის პარიკი თავზე მორგებული, აღარ მახსოვს, როდის გავაკეთე კაკულიას პაროდია. ვიცი, რომ არ სწყინს ქალბატონ ეთერს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, კაცი რომ თავზე პარიკს იკეთებს და ქალს აჯავრებს, ლაზღანდარობის მარტივ ფორმულას ვეძახით. რთულია ნანულის პერსონაჟი, მას არც პარიკი ჰქონდა და არც მაკიაჟი. იმას ფრაზების მთელი იდეოლოგია აქვს.

- ნოსტალგიით საუბრობ ნანულიზე...

- არის რაღაც... ვანოს ოთახშიც რომ შევდივარ, სულ ვტირი. ხანდახან ღამე ვანოც ტირის, მაგრამ არ მეუბნება. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, მაგრამ წელიწადში ერთხელ კონცერტებზე მაინც გამოგვაქვს.

- "იმედის" პროექტის "ახალი ხმის" სკეტჩი გააკეთეთ, რაც ძალიან მოეწონა მაყურებელს...

- ეს გადაცემის პიარია, რეკლამას ვუკეთებთ. ახლა გვქონდა "ვასიკო ოდიშვილის აბების" პაროდია. ალეკო მალხაზიშვილი იყო მის როლში. ამ გადაცემის ხუმრობების მიმდინარეობაზე არასოდეს მიფიქრია. მაგალითად: "ბიძინამ თქვა, პენსიებს გავზრდიო, როგორ გაზრდიო, როგორ და ძველ პენსიებს გავყინავ მაცივარში, მერე გამოვიღებ, გაყინული პენსია დააცემინებს და ბიძინა ეტყვის, გაზრდაო". ასეთი ხუმრობები ორი ათასი გვაქვს და ვყრით ხოლმე, ეს არის კალამბური, მარტივი, სიტყვების თამაშზე აგებული იუმორი, რომლის მოფიქრებასაც არაფერი არ უნდა. ასეთ ხუმრობებზე ერთმანეთს დავცინით, მიმდინარეობა "ჩინურებს" ვეძახით.

- თქვენ მიიჩნევთ, რომ ვასიკოს გადაცემაში ასეთი ტიპის ხუმრობებია?

- დიახ, რასაც ვუსმენ (იცინის). შეიძლება, მე ვერ ვიგებ, მაგრამ ასეა - დააცემინა და გაზრდაო, ბიძინაჩემი, მაღალი...

- კონკურენტად არ აღიქვამთ?

- რატომაც არა, მისი მიმდინარეობაც იუმორისტულია.

- სატელევიზიო ბაზარზე თქვენი კონკურენტი "ოთარ ტატიშვილის შოუ" დაბრუნდა. მის ხუმრობებზე თუ გეცინებათ?

- მივესალმები, ცუდია კონკურენციის გარეშე მუშაობა. რაც შეეხება მის ხუმრობებს, როგორ არ მეცინება, როცა ოდიშვილის ხუმრობებზეც მეცინება. მხოლოდ საკუთარ ხუმრობებზე რომ გეცინებოდეს, ან გიჟი ხარ, ან ამპარტავანი, ჩემთვის შეიძლება "ვანოს შოუ" უფრო სასაცილო იყოს, ვიდრე ტატიშვილის, ვიღაცისთვის - პირიქით.

- რეიტინგებით რომ ვისაუბროთ, ან ხალხის გამოხმაურებით?

- რეიტინგებსაც რომ არ ვუყურო, ვფიქრობ, რომ "ვანოს შოუ" ყოველთვის ერთი თავით უსწრებს "ოთარ ტატიშვილის შოუს".

- რის ხარჯზე?

- საერთოდ, ზოგიერთები ათას სისულელეს ამბობენ, ვითომ ინტელექტუალური იუმორი მოსწონთ, მაგრამ რომ ჰკითხო, ვერ აგიხსნიან, რას ეძახიან ინტელექტუალურ იუმორს. ბალზაკს თუ ახსენებ, ინტელექტულურია და თუ არ ახსენებ, არა? ან რომ ამბობენ, ჯაზს ვუსმენ, ინტელექტუალური მუსიკაა, როკი, კლასიკა არ არის ინტელექტუალური? როცა შენ ამბობ, რომ ინტელეტქუალური იუმორი მოგწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტენზია გაქვს და იუმორის კრიტიკას შეეჭიდე. მე ახლა ფილოსოფიაზე გესაუბრებით, მაგალითად ფილოსოფიაში მე გიორგი ჯიბლაძეს მივანიჭებდი უპირატესობას.

- გიორგი ჯიბლაძე ვინ არის?

- არის ასეთი ფილოსოფოსი და ამას რომ ვამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ცოდნაზე პრეტენზია მაქვს, არადა, ამის მეტი არაფერი ვიცი. ასე რაღაცებს მეც ვიტყვი და გლობალიზაციაზეც გესაუბრებით. ჩვეულებრივი მაყურებლისთვის მთავარია, სასაცილო და ეთიკური იყოს გადაცემა. ვისი ხაჭაპურიც გემრიელია, ხალხი იმას ყიდულობს და მათ რეიტინგი საერთოდ არ აინტერესებთ. მაინც ლაპარაკობს დავით გოგიჩაიშვილი, ის ამას უსწრებდაო. საიდან მოაქვს ეს რეიტინგი, ან რად უნდა ამაზე ლაპარაკი, არ ვიცი, მაგრამ თუ რეიტინგებზე ვილაპარაკებთ, პროცენტულად რომ დავთვალოთ, ჩვენ ყოველთვის მეტი რეიტინგი გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ.

ამას წინათ შალვა რამიშვილთან იყო გოგიჩაიშვილი სტუმრად და ამბობდა, "ვანოს შოუს" "გოგონა გარეუბნიდან" უგებდაო. პირველი სეზონი კი, მაგრამ მერე სულ ვანო უგებდა. ასეთ რაღაცას რომ ამბობს და მსმენელი უსმენს, მას სულ არ აინტერესებს, ვის რამდენი რეიტინგი ჰქონდა, ან ეს მოსწონს, ან - ის. მაშინ მეც ვიტყვი, შენ კი არ უგებდი, მე გიგებდი და ვიაროთ ასე რეიტინგის ფურცლებით? ვერ ვიგებ, რატომ ამბობს ადამიანს ამას, თან აშკარად იტყუება. თუ ხალხი ჩემს გადაცემას არ უყურებს, რომ ვიტყვი, "ვანოს შოუს" ვუგებდი, ან "ნიჭიერს", ჩემზე გადმოერთვება მაყურებელი? ასეთი რაღაცები ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელია. ადრე "შუა ქალაქს" რომ ეწერა ტიტრებში, კონსულტანტი მიჩ სემელი, მოადგილე დევიდ დუხოვნი, ჯო სატრიანი და ეგეთი რაღაცები, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გიმოწმებს, მეც დავაწერ "კომედი შოუს", კონსულტანტი დევიდ გილმორი და მუსიკალური გაფორმება "პინკ ფლოიდი". ამერიკაში კონცერტი რომ გვქონდა, ქართველები შემხვდნენ. იმათ მკითხეს, რაც ძალიან გამიკვირდა და გამეცინა, "შუა ქალაქში" გოგიჩაიშვილი ქვევით რომ აწერს მიჩ სემელს და ვიღაცებს, რაში სჭირდება, ვკვდებით სიცილითო. "შუა ქალაქში" ხომ "ფრენდსის" ანალოგი იყო და ეტყობა იქ მიჩ სემელი მართლა იყო კონსულტანტი და ესეც აწერს - მიჩ სემელი (იცინის). მასე მეც შევალ "სიენენის" საიტზე, გავიგებ კონსულტანტის სახელს და გვარს და მეც მივაწერ, ვინ შემიმოწმებს... მერე ასეთი რაღაცების ზოგს სჯერათ. გხვდებიან და გეუბნებიან, რომ ძალიან ნიჭიერია, რომ ეკითხები რატომაა ნიჭიერი, გეუბნებიან, იმიტომ, რომ მაგას ამერიკაში აქვს ნასწავლი და კონსულტანტები ეხმარებიან. მე კი მეცინება, მაგრამ ნერვების მომშლელია, როცა ვიღაც გეუბნება დაჯერებულ ტყუილს. ამერიკაში ნებისმიერ ქართველს შეუძლია წასვლა, ბილეთს იყიდის, ქონან ბრაიანთან სურათს გადაიღებს, ჩამოვა და იტყვის, ვისწავლეო... რა პრობლემაა, შეგიმოწმებ თუ რა?..

- გოგიჩაიშვილი ხშირად საუბრობს რეიტინგებით...

- ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია. ჩვენ არასოდეს გვიფრიალებია, ვისზე მეტი რეიტინგი გვაქვს. ბევრი გადაცემაა, რომლებსაც რეიტინგით ვუსწრებთ, მაგრამ ეს რაში აინტერესებს მაყურებელს, ბიცოლაჩემს, ბიძას, ჩემს მეზობელს, ვიღაც ჯიგარ გელას, რა რეიტინგი მაქვს მე ან "იმედზე" რომელიმე შოუს.

- იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წელია, დათო გოგიჩაიშვილი თქვენგან წავიდა, პრესითა თუ ტელევიზიით ერთგვარი "კინკლაობა" არ მთავრდება...

- მაგისი დაწყებულია. ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, არ აქცევ ყურადღებას, ჩუმად ხარ, მერე ისე გამოდის, რომ თურმე ის შენზე ნიჭიერია, იმას ამერიკაში ჰყავს მიჩ სემელი და შენ სულელი ხარ, რომ ჯო სატრიანი ვერ დააწერე გადაცემას.

- პირადად არ გიცდიათ ამის გარკვევა?

- მე მგონი, ეგ არაჯანსაღი კონკურენციაა. უაზრო ტყუილზე აგებული რეიტინგის მომატება თუ რა, ვერ ვიგებ...

- ახალ არხზე ვისაუბროთ, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან გადის ეთერში...

- გვინდა უკეთესი ხარისხის იყოს ყველაფერი. თან ახალი კამერაც ვიშოვეთ და ჯო სატრიანთან არის შეთანხმებული, ის რომ დარეკავს, ჩაწერის ღილაკს დააჭირეთო, ვიღებთ.

- ტიტრებში ჯო სატრიანიც ეწერება?

- (იცინის) ჯო სატრიანი, სკოტ ენდერსონი, ტომ იორკსაც ჩავწერთ, რა პრობლემაა, ემზარ სოკოლოვსაც ჩავწერთ.

- ეგ ვინ არის?

- იმ სოკოლოვის ბიჭი. ეყოლება ალბათ, რა ვიცი. ფილოსოფოს გიორგი ჯიბლაძესაც ჩავწერთ. რომ დავაკვირდი, ტიტრები მოქმედებს (იცინის).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება