რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი

რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი

მზია ორველაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, სადაც ის ოთარ ტატიშვილის პარტნიორი გახლავთ. მზია ბელორუსიაში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე ამ ქვეყნის სახელით გამოდის; მოცეკვავემ აღიარა, რომ მეწყვილესთან ერთად, ქართველი მეტოქეები ბევრჯერ დაუმარცხებია. მიაჩნია, რომ საქართველოში მოცეკვავეებს სათანადოდ არ აფასებენ...

- დედამ დამირეკა და მითხრა: პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შემოგთავაზესო. ვთხოვე, ყველაფერი კარგად გაერკვია, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვედი. ვიდრე საცხოვრებლად ბელორუსიაში წავიდოდი, 14 წელი ამა თუ იმ შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით ვცეკვავდი. სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში საქართველოს და კავკასიის ჩემპიონი, აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვარ. აქ მე და ჩემს მეწყვილეს ფედერაცია ხელს არაფერში გვიწყობდა და როცა მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ბელორუსიის სახელით მეცეკვა, მათ წინადადებას დავთანხმდი. ახლა იქ მშვენივრად ვარ.

- ბელორუსიელ მეწყვილეს როგორ შეხვდი?

- როცა ჩვენმა საერთო ნაცნობმა შეიტყო, რომ ქართველ მეწყვილეს დავშორდი, შემომთავაზა, - ერთ ბიჭს ვიცნობ და იქნებ მასთან ცეკვა მოსინჯო, იმედია, მოგეწონებაო. მომავალ მეწყვილესთან ცეკვის შემდეგ მივხვდი, რომ ის ღირსეულ პარტნიორობას გამიწევდა.

- ქართველ მეწყვილეს რატომ დაშორდი?

- სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში ასე ხდება: რაღაც პერიოდის შემდეგ მეწყვილეები ერთმანეთს ვეღარ უგებენ. ალბათ, პატარები ვიყავით. ბავშვური ემოციების ბრალი იყო, რომ რაღაც მიზეზების გამო ვჩხუბობდით. მერე დაშორება გადავწყვიტეთ, რათა ერთმანეთისთვის ნერვები აღარ მოგვეშალა (იცინის). ახლა მეგობრები ვართ.

- ბელორუსიაში როგორ ცხოვრობ?

- ჩემს მეწყვილესთან ერთად ვცხოვრობ. მასთან დაძმური ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, როცა საქართველოში ჩამოდის, ჩემთან მიმყავს. ბელორუსიას უკვე შევეგუე - ბოლოს და ბოლოს, იქ 4 წელი გავატარე. საქართველოს სამუდამოდ ვერ დავტოვებ, მაგრამ ბელორუსიაში დიდხანს ცხოვრება შემიძლია. იქაური სამზარეულოც მომეწონა (იცინის). თან, იქ მოცეკვავეების ფასი იციან...

- კონკურსებზე ბელორუსიის სახელით მონაწილეობისას, რა მიღწევები გაქვს?

- ლათინურ ცეკვებში მე და ჩემი პარტნიორი ბელორუსიის მეორე წყვილი ვართ. "სპორტის ოსტატის" ტიტული მომანიჭეს. ახლა "საერთაშორისო სპორტის ოსტატის" წოდებისთვის უნდა ვიბრძოლო.

- საქართველოს სახელით მოცეკვავე წყვილებს შეხვედრიხარ?

- ბევრჯერ და ისინი დამიმარცხებია კიდეც. "თავში ავარდნილი" არაფერი მაქვს, ცუდად ნუ გამიგებთ: ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ყველა ქართველ მოცეკვავეს მეგობრად მივიჩნევ. არ ვიცი, თავად რას ფიქრობენ ჩემზე, მაგრამ პირადად მე მათ მიმართ დადებითად განწყობილი ვარ.

- ქართველ წყვილებთან პაექრობისას არასოდეს დამარცხებულხარ?

- როგორ არა და მერწმუნეთ, მოგებას შეჩვეული ადამიანისთვის მარცხი ძნელად გადასატანია...

- როგორც ვიცი, ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას აპირებდი. მასში მონაწილეობაზე უარი "საქართველოს ვარსკვლავის" გამო თქვი?

- არა. ჩემს მეწყვილეს ვიზა არ "ჩაურტყეს" - საბუთები დაგვაკლდა... არადა, კარგ ფორმაში ვიყავით, ჩემპიონატისთვის აქტიურად ვემზადებოდით.

- პროექტში ბევრი შრომა არ გიწევს?

- როგორ არა! დილიდან საღამომდე ვვარჯიშობთ, ზოგჯერ - ღამის 12 საათამდეც.

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ შენი პარტნიორი ოთარ ტატიშვილი იქნებოდა?

- ისეთი დაკავებული ვარ, რომ ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ვიცოდი, ოთარ ტატიშვილი ვინც იყო. ისე, უფრო მეტად მსუქანი მახსოვდა და დედას შევჩივლე: ვაიმე, მასთან როგორ უნდა ვიცეკვო-მეთქი? შემდეგ ოთარი პირადად ვნახე - მშვენივრად "შეფერთხილა" (იცინის). ერთმანეთს კარგად გავუგეთ. კმაყოფილი ვარ, რომ მეწყვილედ სწორედ ოთარი შემირჩიეს. რა თქმა უნდა, მცირე კონფლიქტი ყველა წყვილს შორის არის.

- ბევრს შრომობს?

- ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა, ანუ გააჩნია, როგორ ხასიათზეა. როგორც იცით, ოთარს დაძაბული დღის რეჟიმი აქვს, რადგან საავადმყოფოშიც მუშაობს. როცა დრო აქვს, რეპეტიციაზე მაშინ მოდის და ცდილობს, მაქსიმალურად იშრომოს.

- რეპეტიციისას ვარჯიშს უფრო მეტ დროს უთმობს თუ ხუმრობას?

- ვარჯიშსაც ასწრებს და ხუმრობასაც (იცინის). იშვიათად აგვიანებს. ძირითადად, 15 წუთით ადრე მოდის.

- კომედიური საცეკვაო ნომრების დადგმა ვისი იდეა იყო?

- ჩვენი პედაგოგების. მათ ზოგჯერ თავადაც ვეუბნებით, სცენაზე რისი გაკეთება შეიძლება. ერთმანეთის აზრებს ვითვალისწინებთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვინდა, სერიოზული ცეკვა შევასრულოთ. პედაგოგები დაგვთანხმდნენ. ვნახოთ, როგორი გამოგვივა.

- სცენაზე უკმარისობის შეგრძნება არ გაქვს? იქნებ უფრო რთული ილეთების შესრულება გინდა?

- ასეთი შეგრძნება ნამდვილად მაქვს! ალბათ, პროექტში მონაწილე ყველა მოცეკვავე ამას განიცდის. შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერც ერთი ვერ ვავლენთ, რადგან ეს ჩვენი კი არა, "ვარსკვლავების" შოუა - ცნობილი ადამიანები უნდა წარმოვაჩინოთ. შემიძლია, ბევრად უკეთ ვიცეკვო, მაგრამ ვცდილობ, ოთარი არ დავჩრდილო... სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, პროექტში ამდენ ხანს თუ დავრჩებოდით. ღვთის წყალობით, დღემდე კონკურსანტები ვართ. როგორც ჩანს, ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვა ხალხს მოსწონს და ამიტომაც გვიმესიჯებენ.

- ყველაზე აქტიურად ვინ გგულშემატკივრობს?

- ჩემი 5 წლის შვილი - ლევანი. ის ყოველი შოუს მერე, შინ დაბრუნებულს მეუბნება: დედიკო, შენ გამო ისე ვინერვიულე, რომ აღარ მინდა, მაგ პროექტში იყოო. ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები - ყველანი მგულშემატკივრობენ.

- მეუღლე შენ გვერდით არ არის?

- არა. უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს დავშორდით. 17 წლის ასაკში გავთხოვდი: თავის დროზე ყოფილ ქმართან ვმეგობრობდი, ერთმანეთი მოგვწონდა, მაგრამ ოჯახის შექმნისთვის მზად არ ვიყავი. თუმცა, მომიტაცა და მეც დავრჩი. სამწუხაროდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და ძალიან მალე (დაახლოებით, 8 თვეში) დავშორდით.

- როცა ბელორუსიაში ხარ, ბავშვზე ვინ ზრუნავს?

- ჩემი მშობლები. ამისათვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. ისინი ჩემი პედაგოგებიც არიან. ყველანაირად შემიწყვეს ხელი, რომ ბელორუსიაში წავსულიყავი. დედა შემპირდა, - ბავშვს არაფერს მოვაკლებთო.

- შვილის ნახვას ხშირად ახერხებ?

- ყოველ 3 თვეში ერთხელ ვახერხებ. ძირითადად, "სკაიპით" ველაპარაკები. მე და ჩემი შვილი ერთმანეთისთვის და-ძმაც ვართ, მეგობრებიც, დედა-შვილიც... მოკლედ, ერთმანეთთან ჯიგრულად ვართ. მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ლევანმა სექტემბრიდან ცეკვა დაიწყო. ჯერჯერობით, კარგად გამოსდის. მინდა, ჩემს გზას გაჰყვეს.

- ...რომელიც რთულია, არა?

- დიახ, ეს გზა ძალიან რთული და დეპრესიულია. როცა რაღაც არ გამოგდის, ნერვიულობ. შეჯიბრებებზე პოლიტიკა იმ დონეზე ახდენს გავლენას, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ პროფესიონალიზმი არ კმარა. მე და ჩემმა მეწყვილემ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიეთ. მსოფლიოს 150 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოვხვდით, ახლა კი გვინდა 50 საუკეთესოს შორისაც მოვხვდეთ და ვარსკვლავი მივიღოთ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ვიღაც მომწონს, მაგრამ საქმე ისე სერიოზულად არ არის, რომ გათხოვებაზე ვიფიქრო. ჩემი აზრით, ქალისთვის ერთხელ გათხოვება საკმარისია - მეორედ აღარ უნდა გათხოვდეს (იცინის).

- იმედგაცრუებული ხარ?

- არა, უბრალოდ, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება... კარგი, ვაღიარებ, ამ მხრივ ზოგჯერ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზეც მიფიქრია, მაგრამ ჯერჯერობით, თავს ვიკავებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება