ანა მიხალკოვა: "ჩვენს ხალხებს ბევრი რამ აკავშირებს"

ანა მიხალკოვა: "ჩვენს ხალხებს ბევრი რამ აკავშირებს"

რუსული კინოს მესამე ფესტივალზე თბილისში მსახიობ ანა მიხალკოვას სოფიკო ჭიაურელის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 38 წლის ანა მიხალკოვა დღეს რუსული კინოს ერთ-ერთი წარმატებული არტისტია. ნიჭთან და არაორდინარულ გარეგნობასთან ერთად, მისდამი ინტერესს ცხადია, ისიც ზრდის, რომ "ვარსკვლავური" ოჯახის წარმომადგენელია - სახელგანთქმული რეჟისორის, ოსკაროსანი (1994 წ. ფილმი "მზით გათანგულნი") ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი და რუსული ლიტერატურის კლასიკოს სერგეი მიხალკოვის შვილიშვილი... ანა მიხალკოვას მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის - ფილმ "კოკოკოს" ჩვენების შემდეგ შევხვდით, რომლისთვისაც 2012 წელს კინოფესტივალ "კინოტავრზე" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

- ანა, რით არის თქვენთვის გამორჩეული ეს ნამუშევარი?

- ეს როლი ჩემთვის ძალზე ძვირფასია, მივიჩნევ, რომ საეტაპო სახეა და ამიტომ დიდ გავლენას მოახდენს ჩემს პროფესიულ ზრდასა და საერთოდ, ჩემს ბედზე კინოში.

- ამ ფილმში პეტერბურგელ არისტოკრატს თამაშობთ; რომელ ამპლუაში ხართ უფრო ლაღად - ინტელიგენტი ქალის როლში თუ უბრალო, ხალხის წიაღიდან წამოსულის, როგორიც იყო თქვენი დუნიაშა ნიკიტა მიხალკოვის ფილმში "ციმბირელი დალაქი"?

- მთავარია, როლი საინტერესო და ღრმა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა - ვის, რომელი ფენის წარმომადგენელს ვთამაშობ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა როლს ვთანხმდები.

- რუსეთში დღემდე ძლიერია ხელოვნების სფეროში დინასტიური ოჯახების არსებობა; როგორ ფიქრობთ, ეს ყოველთვის ამართლებს? თქვენზე რა გავლენა იქონია ოჯახურმა ტრადიციამ?

- ჩემს შემთხვევაში გაამართლა თუ არა, სხვებმა უნდა იმსჯელონ, მშობლის პოპულარობა თავისთავად შვილის წარმატების გარანტი, რა თქმა უნდა, არ არის. ჩემს პროფესიულ არჩევანზე, ოჯახურმა გარემომ, სადაც ყველაფერი ხელოვნებით იყო გაჟღენთილი, იქ მოსმენილმა საუბრებმა, ცხოვრების წესმა დიდი გავლენა მოახდინა. ეს ასეა არა მარტო კინოსა და თეატრში, ხომ არსებობენ ექიმების, იურისტების დინასტიური ოჯახები?

- თუ გსურთ, რომ თქვენმა ვაჟიშვილებმა (ანდრეი და სერგეი ბაკოვები - ნ.კ.) მსახიობის ან რეჟისორის პროფესია აირჩიონ?

- არა, არ მინდა.

- თქვენ ხართ წამყვანი ერთ-ერთი პოპულარული ტელეგადაცემისა: "ღამე მშვიდობისა, პატარებო"... რა არის ამ გადაცემის დღეგრძელობის საიდუმლო?

- ამ ამპლუაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დიდ სიამოვნებასაც მანიჭებს, მხოლოდ დადებით ემოციას ვიღებ. ბავშვები ხომ ყველაზე მადლიერი მაყურებლები არიან... ამ გადაცემით სათქმელს ვეუბნები ჩემს შვილებსაც და რუსეთში მცხოვრებ ყველა პატარას, მოზარდს... რაც შეეხება ტელეპროექტის დღეგრძელობას, ეს კონკურენციის ნაკლებობითაც არის განპირობებული...

- დღეს ყველგან აქტუალურია კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა შემოქმედი ადამიანი - რეჟისორი, მსახიობი პოლიტიკაში?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა პიროვნებას, ხელოვანს აქტიური სამოქალაქო პოზიცია. მივიჩნევ, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, ეს მათი საქმეა... რატომღაც ითვლება, ცნობილ, სახელმოხვეჭილ ადამიანებს აქვთ უფლება, საზოგადოებას ხმამაღლა ესაუბრონ, თუმცა, ეს ყოველთვის სწორი არ არის. მე პოლიტიკაში არ ვერევი.

- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე? შესაძლებელია კულტურული კავშირების აღდგენა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ორ ხალხს შორის მოხდა?

- ეს კავშირი, რომელსაც დიდი და ხანგრძლივი ისტორია, ფესვები აქვს, არათუ შესაძლებელია, უნდა აღდგეს და გამყარდეს. ჩვენს ხალხებს ბევრი რამ აკავშირებს. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ჩამოსვლის ყველა შესაძლებლობას დიდი სიამოვნებით ვიყენებ, მერე რუსეთში ნაცნობ-მეგობრებს ვუყვები, რა კარგია საქართველოში, როგორი დადებითი ემოციით ვიმუხტები, რა გულღია ადამიანები ცხოვრობენ, რა შესანიშნავი იუმორი აქვთ. ეს ყველაფერი კი არ უნდა დავკარგოთ, უფრო უნდა განვამტკიცოთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება