რატომ გამოუცხადა ქეთი ორჯონიკიძემ პროტესტი ტომ სოიერს

რატომ გამოუცხადა ქეთი ორჯონიკიძემ პროტესტი ტომ სოიერს

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე ამბობს, რომ ბავშვობაში გაცილებით კარგი მეხსიერება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. როცა რამეს კითხულობს, ნაწარმოებებიდან იმ ფრაზებს იწერს, რომლებიც მოსწონს. მომღერალთან საუბრისას მის ლიტერატურულ გემოვნებაში გარკვევას შევეცადეთ...

-  ქეთი, ბავშვობაში, სანამ კითხვას ისწავლიდი, ვინ და რას გიკითხავდა?

-  ისევე, როგორც ყველა ბავშვს, პატარაობაში ზღაპრები ძალიან მიყვარდა. ზღაპარი დედას ან მამას უნდა მოეყოლა. მახსოვს, მათ ძალიან ხშირად მიკითხავდნენ. მერე დადგა ისეთი პერიოდი, რომ იმ ძირძველ ზღაპრებში მინდოდა, რაღაც "ექშენ" ელემენტები ყოფილიყო გარეული, მაგრამ ასეთები არ არსებობდა. როცა ამგვარ ზღაპრებს ვერ ვისმენდი, მწყინდებოდა და დედამ გადაწყვიტა, ისინი თავად მოეგონა. მძაფრსიუჟეტიანი ზღაპრების მოსმენის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ვიძინებდი. ერთხელ მთელი დღის დაღლილი დედა რაღაცას მიყვებოდა და ლამის ჩამოეძინა. ზღაპარს ასეთი სიუჟეტი ჰქონდა: წყალქვეშა პოლიცია ზვიგენს დასდევდა, რომელმაც იქვე წყალქვეშ არსებული ბანკი გაქურდა. მახსოვს, რომ ბოლოს მე და დედამ ამ ზღაპარზე ბევრი ვიცინეთ.

-  დედას არ სთხოვდი, ზღაპარში რომელიმე პერსონაჟი თავად ყოფილიყავი?

-  არა, მსგავსი რამ არ მახსენდება. როცა ზღაპარს მიყვებოდნენ, მერჩივნა, რომ მისი პერსონაჟი კი არა, ავტორი, მთხრობელი ვყოფილიყავი, ანუ ის, ვინც ეს ამბავი შექმნა.

-  ბავშვობაში ლექსებს გვაზეპირებინებდნენ. გიყვარდა მათი სწავლა?

-  დიახ. მამა დღემდე იხსენებს, რომ თურმე ნოდარ დუმბაძის ყველა საბავშვო ლექსი ზეპირად ვიცოდი. ვიდექი და ხან ერთ ლექსს ვამბობდი, ხან - მეორეს. დღეს რომ მქონდეს ისეთი მეხსიერება, ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი (იღიმის).

-  წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე იცოდი?

-  დიახ, რუსულად და ქართულად ვწერდი და ვკითხულობდი.

-  ეს ვისი დამსახურებაა?

-  ბებიას დამსახურება. მართალია, ის ქართველია, მაგრამ უნდოდა, რუსული ენა კარგად მცოდნოდა. საერთოდ ხომ ასეა, ყველა ოჯახსა და თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ ბავშვი მაქსიმალურად განათლებული იყოს. გადმოცემით ვიცი, სანამ რუსულ ენას კარგად ვისწავლიდი, როცა უნდოდათ, რამე არ გამეგო, ოჯახის წევრები ერთმანეთთან რუსულად ლაპარაკობდნენ. ერთხელ თურმე დედა და ბებია საუბრობდნენ, როცა მათთან მივსულვარ და მითქვამს, "ა ია ვსო პანიმაიუ" (იღიმის).

-  პირველად დამოუკიდებლად წაკითხულ წიგნად "ტომ სოიერის თავგადასავალს" ან "ბიძია თომას ქოხს" მისახელებენ. შენ რას გვეტყვი?

-  ჩემი პირველი წიგნი "განძთა კუნძული" იყო. საერთოდ, ძალიან მიყვარდა ყველა ის ნაწარმოები, რომელიც მეკობრეების ცხოვრებას შეეხებოდა. რაც შეეხება "ტომ სოიერს", მახსოვს, რომ მხოლოდ პირველი, შუა და ბოლო გვერდები წავიკითხე.

-  ასე ხშირად იქცეოდი?

-  არა, მაგრამ ამ წიგნზე იმდენს ლაპარაკობდნენ და იმდენად აქტუალური ნაწარმოები იყო, რომ პროტესტის ნიშნად ამოვიჩემე და არ წავიკითხე. ამით ვის რა დააკლდებოდა, არავის, მხოლოდ მე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს წიგნი დღემდე არ წამიკითხავს.

-  რომანებით დაინტერესებისა და მათი კითხვის პერიოდი გაიხსენე...

-  რომანები განსაკუთრებული ინტერესით არასოდეს წამიკითხავს, რადგან მე უფრო მეტად დეტექტივები მიყვარდა. ჩემს სახლში ძალიან ბევრი წიგნია. პატარაობაში მათ იმის მიხედვით ვირჩევდი, რომლის გარეკანიც მომეწონებოდა. ჩემთვის არავის გადმოუწყვია წიგნები და კითხვა არ დაუვალებია. ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მაძლევდნენ არჩევანის საშუალებას.

-  ვინ ზრუნავდა საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე?

-  შინ ძალიან ძველი წიგნები გვაქვს და მათ ბებია, დედა და ოჯახის სხვა წევრები ყიდულობდნენ. დღეს ჩემს სახლში ყველგან წიგნებია და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძვირფასი ლიტერატურა გვაქვს.

-  ქეთი, რომელი ავტორია დღე­სდღეობით შენს სამეგობროში აქტუალური?

-  ალბათ უფრო პაოლო კოელიო. ერთი პერიოდი ის ძალიან აქტუალური გახდა და დღემდე ასეა. სამწუხაროდ, ბოლო დროს წიგნის კითხვის ჩვევა მეტ-ნაკლებად გაქრა. ეს არა მხოლოდ მე მეხება და სამეგობროშია ასე, არამედ ყველგან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საინტერესო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტის საშუალებით. შეგიძლია, წიგნი "აიპედში" გადმოიწერო და ასე იკითხო, მაგრამ ბევრს ეს წიგნს ვერ უცვლის. ვისაც წიგნი უყვარს, ის მათთვის არასოდეს გაცვდება. მაგალითად, დედაჩემს წიგნს ვერაფერი შეუცვლის.

-  ბოლოს რა წაიკითხე?

-  ფსიქოლოგიური, რელიგიური თემები მაინტერესებს და ბოლო დროს მხატვრულ ლიტერატურას უფრო ნაკლებად ვკითხულობ. როცა რამეს ვეცნობი, ვიწერ ავტორს, სახელწოდებას და იმ ფრაზებს, რომლებიც მომწონს. ბოლოს "ქირომანტიის საფუძვლები" წავიკითხე.

-  ქირომანტიამ გაგიტაცა?

-  არა, უბრალოდ, მაინტერესებდა. ინტერესიანი ადამიანი ვარ და პერიოდულად სხვადასხვა თემით ვინტერესდები.

-  წიგნი ილუსტრირებული იქნებოდა...

-  არა. ეს იყო კომპიუტერიდან ამობეჭდილი, ვორდის ფაილში, რუსულ ენაზე აკრეფილი ტექსტი და ხელისგული მის ერთადერთ ფურცელზე ეხატა. როცა ეს წიგნი წავიკითხე, ყველას ეგონა, რომ ხელზე ხაზების მიხედვით რაღაც-რაღაცების თქმა შემეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. უბრალოდ, ეს ნაშრომი ინტერესის გამო წავიკითხე.

-  საყვარელი ავტორები დაგვისახელე...

-  შექსპირზე ვგიჟდები! ეს ავტორი განსაკუთრებით მომწონს. ასევე ვკითხულობ პუშკინს, ბულგაკოვს და ა.შ. ყველა ლიტერატურულ ჟანრში მყავს ერთი ან ორი საყვარელი ავტორი და რომელიმე ერთი მწერლის ამოჩემება არ მახასიათებს.

-  თანამედროვე ქართველ ავტორებს თუ კითხულობ და იცნობ?

-  სამწუხაროდ, დამწყები პოეტების გარემოცვაში იმდენად ხშირად ვერ ვხვდები და არც მათ შემოქმედებას ვიცნობ. ვერც თანამედროვე ქართველ მწერლებზე მოგახსენებთ ჩემს აზრს, არ წამიკითხავს და შესაბამისად, ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. თუ რომელიმე ავტორი და მისი ნაწარმოები ჩემამდე არ მოდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. თანამედროვე ავტორთა ნაწარმოები წაკითხული რომ მქონდეს, მაინც არ მივცემ უფლებას, რომ ვიღაცის ნაწარმოებზე ვიმსჯელო და კომენტარები ვაკეთო.

-  ქეთი, ლექსებს წერ. როდის დაიწყე და შენი პირველი კრებული როდის გამოიცა?

-  სამი კრებული მაქვს გამოცემული. პირველი ლექსი "ვირთხების ოდისეა" 6 წლის ასაკში დავწერე. ეს იყო ლექსი თაგვზე, რომელიც ეზოში მდგარ ძველ გაზქურაში ცხოვრობდა. ეტყობა, ძალიან შემაწუხა იმ თაგვის ბედმა და მასზე საკმაოდ დიდი ლექსი დავწერე - ოთხ თაბახის ფურცელს იკავებდა (იღიმის). სკოლაში ძალიან მიყვარდა თავისუფალი თემების წერა და როცა ასეთი გაკვეთილები გვქონდა, თემებს ლექსებს ვურთავდი. ვცდილობდი, თემები ჩემი ლექსებით გამელამაზებინა. თუ არ ვცდები და ზუსტად მახსოვს, ჩემი პირველი ლექსების კრებული 12 წლის ასაკში გამოვეცი. თხელი ბროშურა იყო და მასში რამდენიმე ლექსი შევიდა. შედარებით მეტი ლექსი დაიბეჭდა მეორე კრებულში. ის წიგნი ბაქოში გამოიცა და ორენოვანი იყო. მესამე წიგნში კი ბოლო წლებში შექმნილი ლექსებია თავმოყრილი.

-  თუ დაჰკვირვებიხარ, რომელი პოეტის გავლენის ქვეშ იყავი? სულ თავიდან მაინც?

-  ვცდილობ, რომ რომელიმე ერთი პოეტის ლექსი დიდი დროის განმავლობაში არ ვიკითხო. გინდა, არ გინდა, იმ კონკრეტული პოეტის ფრაზები, რაღაც დონეზე მაინც, შენს მეხსიერებაში ილექება და როცა უკვე ლექსს თავად წერ, შეიძლება, ბევრი მსგავსება აღმოაჩინო. მე პირადად მირჩევნია, "დამოუკიდებელი" ვიყო. ჩემი დაკვირვების მიხედვით, როცა შექსპირს დიდი ხნის განმავლობაში ვკითხულობდი, ჩემს ლექსებში მისი ზეგავლენა ვიგრძენი. სწორად გამიგეთ, რასაკვირველია, შექსპირამდე ბევრი მიკლია, მაგრამ შეიძლება, ეს შენდა უნებურად მოხდეს. ამიტომ, თუ ლექსებს ვკითხულობ, რამდენიმე ავტორის შემოქმედებას ერთდროულად ვეცნობი.

-  ქეთი, საკუთარი ლექსების კითხვა თავად გირჩევნია, თუ სხვისი წაკითხული უფრო მოგწონს?

-  საერთოდ, არ მომწონს, როცა ლექსებს ზედმეტად გადაჭარბებული ემოციითა და თეატრალურად კითხულობენ. მივიჩნევ, რომ ლექსის წაკითხვა მშვიდად და მორიდებულად შეიძლება. მე თვითონ ჩემი ლექსების წაკითხვას გავურბივარ, მგონია, რომ კარგად არ გამომდის და არ მომწონს. მირჩევნია, ისინი სხვამ წაიკითხოს, მაგრამ, როცა სადმე ვარ და მთხოვენ, რომელიმე ლექსი ვთქვა, სხვა გზა აღარ მრჩება. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს ჩემი ლექსების კითხვას შევეჩვიე და იმედი მაქვს, მომავალში ეს უკეთ გამომივა. ლექსი ხომ ჩვენი ემოციები და განცდებია, ან სხვისი, რომელმაც ჩვენში გაიარა, როგორც საცერში და ლექსად "გადმოვიდა". თითოეული ლექსი რაღაც პერიოდს გახსენებს და ზოგჯერ სულაც არ არის მათი გახსენება სასიამოვნო.

-  შენი ლექსების მიხედვით ბევრი სიმღერაა შექმნილი?

-  ჩემი ის სიმღერები, რომლებსაც ინგლისურად ვასრულებ, თითქმის ყველა ჩემს ლექსზე დაიწერა. რამდენიმე მომღერლის რეპერტუარშიცაა ჩემს ქართულ ტექსტებზე შექმნილი სიმღერები.

-  და ბოლოს, ახლა მაგიდაზე რა წიგნი გიდევს?

-  ეგვიპტოლოგია. პირამიდები და საერთოდ, ეს სამყარო ძალიან მაინტერესებს.

-  ეგვიპტეში ნამყოფი ხარ?

-  სამწუხაროდ, არა. თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ეგვიპტე ჯერ არ მინახავს. არადა ყველაზე მეტად პირამიდები მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, იქ რომ მოვხვდე, ისეთ ადგილებში გავძვრები, სადაც დამთვალიერებლის შესვლა აკრძალულია.

-  გისურვებ, ეს ოცნება მალე აგსრულებოდეს...

-  მადლობა, მადლობა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება