"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"

"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"

გულახდილი საუბარი არ სურს. ამბობს, რომ მისი აზრი არავის აინტერესებს, რადგან გრძნობს, რომ არავის სჭირდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ სიტყვების ავტორი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი, ლეგენდარული ანსამბლ "ივერიის" წევრი თემურ წიკლაურია, რომელმაც როგორც ანსამბლთან, ასევე დამოუკიდებლად არაერთი უკვდავი სიმღერა შეასრულა...

- ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებს, ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მტკივა და რა მიხარია?.. არ ვჭირდები არავის და ამას ყოველდღე გვაგრძნობინებენ, მეტი რანაირად უნდა გვითხრან? არავისთვის არაფერს ნიშნავს, ვის როგორ უყვარს სამშობლო და რა გაგიკეთებია, ამ ადამიანებს ქვეყნისადმი სიყვარულის გამოხატვის თავისებური კრიტერიუმი აქვთ, ოღონდ ვერ ჩავწვდი, როგორი...

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ ბატონო თემურ?

- ყველას, ვინც ამას აკეთებს, მათ სახელებს რა დამამახსოვრებინებს. იმ ხელისუფლებამ "წითელი ინტელიგენცია" და "ჩარეცხილები" გვეძახა, ამათ კიდევ არაფერში ვჭირდებით. მეტიც, არც კი ახსოვთ ჩვენი არსებობა და არც უნდათ გაიხსენონ.

- გაბრაზებული ჩანხართ...

- არა, არ ვარ გაბრაზებული, ადამიანობას გეფიცებით. ვის უნდა გავუბრაზდე და რაზე?.. უბრალოდ, არ ვიცი, რა დავარქვა იმ განცდას, როდესაც შენივე ქვეყანაში არ ახსოვხართ. ჩემს სათქმელს სიმღერით ვამბობ, როცა მტკივა, მაშინაც ვმღერი, როცა მიხარია, ამასაც სიმღერით გამოვხატავ, მაგრამ ახლა არ მაქვს საშუალება, ჩემს ხალხს "დაველაპარაკო". ვერ გეტყვით, ეს რამ განაპირობა, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიმღერე. ან ვის რაში სჭირდება ჩემი სიმღერა, დღეს სხვა კატეგორიის მომღერლებს უსმენენ და ტაშს უკრავენ, სხვა მოთხოვნები გაუჩნდა საზოგადოებას. კი ბატონო, როდესაც გავახსენდებით და დამიძახებენ, მაშინ ვიმღერებ და ვილაპარაკებ, მანამდე სათქმელი არაფერი მაქვს. ამიტომ ჯობს, ჩუმად ვიყო.

- ძალიან ბევრი ადამიანია, თქვენი კოლეგები, უბრალოდ შემოქმედი ადამიანები, რომლებიც ახლა თავიანთ საქმეს არ ან ვერ აკეთებენ, მაგრამ თავიანთ აზრს გამოხატავენ...

- თქვენ გგონიათ, იმ ჩემი კოლეგებისა და შემოქმედი ადამიანების აზრი, ვინც თქვენ გელაპარაკებათ, ვინმეს სჭირდება? არ დაიჯეროთ! ეს მათაც კარგად იციან. როდესაც საზოგადოებრივად აქტუალური პერსონა არ ხარ, არც შენ აინტერესებ ვინმეს. როდესაც ის ადამიანები ამა თუ იმ საკითხზე და პოლიტიკურ პროცესზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ, გულწრფელები არ არიან...

- ბატონო თემურ, ამ დუმილს ზოგი ქვეყანაში არსებული გარდამავალი პერიოდით ხსნის...

- შესაძლოა, ასეც იყოს, ოღონდ საქმე ის არის, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდები რატომღაც ძალიან დიდხანს გრძელდება. იმდენად დიდხანს, რომ ამასობაში ვავიწყდებით ის ადამიანები, ვისაც რამე გვიკეთებია ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით.

- ბოლოს როდის ვიმღერე, არ მახსოვსო, რით ხსნით ამას?

- სცენაზე სიმღერას ვგულისხმობ, თორემ ჩემთვის, შინაურებსა და სამეგობრო წრეში წავიღიღინებ ხოლმე. თუმცა ეს არ არის სიმღერა. სიმღერა სხვა განწყობაა და სხვა მოტივი უნდა, რომელიც არ მაქვს. საზოგადოებასაც დავავიწყდი და როდესაც თქვენ მეუბნებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რას ფიქრობთო, რა უფლება მაქვს, იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?.. ალბათ მართლა პერიოდია ასეთი, ალბათ მართლა არ სჭირდებათ ჩემი ნამღერი და თავს ძალით ხომ არ მოვახვევ ვინმეს. რას ვიზამთ, იმედია, ყველაფერი მალე გადაივლის და სიტუაცია დალაგდება, მე ქართველი კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ჩემს ხალხსა და ქვეყანას ვუმღეროდი და სხვანაირად არ შემიძლია. როცა დამიძახებენ, მაშინ ვიმღერებ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება