ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი

ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი

მსახიობ მარინა კახიანს რუსთაველის თეატრთან შევხვდი, ერთად გავიარეთ საგრიმიოროსაკენ მიმავლი ლაბირინთი და ოთახში, სადაც მსახიობები იმ პერსონაჟებად გადაიქცევიან, რომლებსაც მაყურებელი გულით ელოდება და იყვარებს, ინტერვიუს ჩასაწერად მოვკალათდით. საუბარი ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენებით დავიწყეთ...

- საბედნიეროდ, უკვე საკმაოდ დიდი ცხოვრება გავიარე, თუმცა, ერთი შეხედვით, ერთ წუთს ჰგავდა ყველაფერი. ცხოვრებაში ძალიან მალე ვითარდება მოვლენები, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, ზოგჯერ ხვდები, რომ ეს იყო შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ზოგჯერ კი ბევრი წელი გჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ მიხვდე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა შენს ცხოვრებაში. ქალისთვის ყველაზე დიდი მოვლენა რომ ახალი არსების ამქვეყნად გაჩენაა, უდავოა. გარდა ამისა, ცხოვრების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდენია თავს, საკმაოდ ლამაზი ბავშვობა მქონდა, რასაც მოჰყვა პირველი სიყვარული, რომელიც არც კი ვიცი, რა იყო, მართლა სიყვარული, თუ გატაცება, შემდეგ - ნამდვილი სიყვარული, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე, პროფესიული წინსვლა და ა.შ.

მოვლენა, რომელიც ბავშვობას ახსენებს

...ბებია-ბაბუას ოჯახში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მათთან ხშირად იშლებოდა ლხინის სუფრები, რაც ძალიან კარგად მახსენდება. დღეს უფრო იშვიათად მართავენ ასეთ საღამოებს და ასევე იშვიათად ილხენენ ისე, როგორც ძველად. რაც შეეხება ასოციაციას ბავშვობასთან, ეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელს უკავშირდება. 7-8 წლის ვიყავი, როდესაც შემიმოწმეს ქორეოგრაფიული მონაცემები და აღმოვჩნდი ზემოხსენებულ სასწავლებელში, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ჩემი მეგობრები, რომლებიც საშუალო სკოლაში სწავლობდნენ, იქ სიამოვნებით არ მიდიოდნენ, ჩემთვის აუცილებლობა კი არ იყო სკოლაში სიარული, არამედ დიდი სიხარული და ბედნიერება. მართალია, ზოგიერთ საგანს ვერ ვიტანდი, მაგალითად, ფიზიკას, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი მოსწავლეობა მაინც დადებით ემოციებს უკავშირდებოდა. ამიტომაც დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

პირველი სიყვარული

...არ ვიცი, პირველი სიყვარული იყო თუ არა ნამდვილი გრძნობა, მაგრამ საკმაოდ პატარა ასაკიდან მქონდა გატაცებები. 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომეწონა ყმაწვილი, არ ვიცი, შეიძლება, ეს უბრალოდ საპირისპირო სქესის ადამიანის აღქმა იყო, შემდეგ 11-12 წლის ასაკში კიდევ მქონდა მსგავსი გატაცებები, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარულიც ჩემს მეუღლეს, გია მატარაძეს უკავშირდება. მოგეხსენებათ, მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიცანი და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, რომელიც მე არანიარ დაბრკოლებას არ მიქმნიდა მასთან ურთიერთობაში, ალბათ ჩემი ოჯახის წევრებისთვის უფრო ამაღელვებელი იყო ეს საკითხი, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დედამ ან მამამ დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს. უბრალოდ, მირჩიეს, დავფიქრებულიყავი და გამერკვია, ეს ნამდვილი გრძნობა იყო თუ გატაცება.

რატომ არ შექმნა მეორე ოჯახი

...გიას გარდაცვალებიდან დიდი ხნის განმავლობაში ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონია. შემდეგ პერიოდში კი ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ახალი ოჯახი დედისა და შვილის გარეშე, უნდა შევგუებოდი ახალ გარემოს, ახალ სახლს და უამრავ ახალ წვრილმანს, რაც ჩემთვის რთული იყო. ამდენი წლის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია მეორედ ოჯახის შექმნა. შეიძლება, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ გულთან ახლოს არავინ მომდიოდა და არც არავის ვუშვებდი. დღეს კი ძალიან მიჩვეული ვარ ჩემს ცხოვრების წესს, ჩემს ყოველდღიურობას და ცოტა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევცვალო.

ცუდ დროში შვილთან მარტო დარჩენილი დედა

...საერთოდ, ვაჟის აღზრდა ურთულესია, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როგორშიც ჩვენ ვიყავით, ვგულისხმობ 90-იან წლებს, როცა არსებობისთვის გვიხდებოდა ბრძოლა. დედა, მეგობრები ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ ალბათ ვახტანგი კარგი გენეტიკის მატარებელია და ამან ითამაშა დიდი როლი მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, რასაკვირველია, იყო ნერვიულობაც და პატარ-პატარა ბრძოლებიც. ყოველთვის ვფიქრობდი, უნდა მებრძოლა თუ უნდა დავნებებულიყავი და არ მიმექცია ყურადღება. ყველა სიტუაციაში მქონდა შინაგანი იუმორის გრძნობა, იმედია, კარგად გამიგებს ამას მკითხველი. ანეკდოტის მოყოლას არ ვგულისხმობ. სწორედ ამ გრძნობამ გადამატანინა ბევრი რამ და სიმართლე გითხრათ, მეშინია, დროთა განმავლობაში ეს გრძნობა არ დავკარგო, ადამიანები ხომ დროდადრო რაღაც თვისებებს ვიძენთ და ვკარგავთ.

მარინა - დედამთილი და ბებია

...ნადვილად არ ვგავარ რომელიმე ზღაპრის გმირ ბებიას, რომელიც სახლში ზის და ქსოვს, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე მის სანახავად გავრბივარ და ვცდილობ, შევივსო მისი დანაკლისი. მართალია, ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა მივდივარ, სიხარულს ხან უფრო მეტად გამოხატავს, ხან - ნაკლებად. ერთი პერიოდი განსაკუთრებით უხაროდა ჩემი დანახვა, მერე ეტყობა, უფრო სხვა რაღაცებით დაინტერესდა და ისე მძაფრად აღარ გადმოსცემდა სიხარულს, რის გამოც ვწუწუნებდი და ვამბობდი, ისე აღარ ვუყვარვარ, როგორც ვუყვარდი-მეთქი.

რაც შეეხება ჩემს დედამთილობას, ძალიან მარტივად შევეგუე ამ სტატუსს, დღეს ჩვენ მეგობრები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია, ერთმანეთს მივმართოთ, როცა გაგვიჭირდება. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ დახმარების ხელს ერთიმეორეს ყოველთვის გავუწვდით, დღემდე ასეთი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ასე გაგრძელდება. მთავარია, შინაგანად რა განწყობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, თორემ აზრთა სხვადასხვაობა და კამათი დედა-შვილსა და მეგობრებს შორისაც შეიძლება მოხდეს, ეს გასაკვირი არაა. კარგია, რომ არსებობს უფროსის პატივისცემა, მაგრამ ყველაფრის იმით გამართლება, რომ მე უფროსი ვარ და ამიტომ ყველაფერში უნდა დამემორჩილო, სწორად არც არასდროს მიმაჩნდა და არც დღეს მივიჩნევ, როცა უფროსის პოზიციიდან გამოვდივარ.

- ცოტა ხნის წინ, მოსალოცი ამბავი გავიგეთ... ჩვენი ინფორმაციით, ქეთი ხიტირსა და თქვენს შვილს ერთმანეთი უყვართ და ერთად არიან...

- რამდენადაც ვიცი, მეგობრობენ.

- აშკარად მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ ერთმანეთთან...

- მე ამის შესახებ ამ ეტაპზე არაფერი ვიცი, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ქეთი ჩემი კოლეგა და მეგობარია, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. "სულიერ არსებებში" ერთად ვთამაშობთ. თუ თვითონ არაფერს მეტყვიან, მე ზედმეტი შეკითხვებისგან თავს ვიკავებ, ასე რომ, ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში.

როლი, რომელზეც მუშაობა ყველაზე ძალიან გაუჭირდა

...ძალიან კარგი შეკითხვაა, როგორც წესი, პირიქით მეკითხებიან ხოლმე (ჩაფიქრდა). მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კურსზე საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბატონმა რობერტ სტურუამ შემომთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება, ეს არ გამჭირვებია, მაგრამ შემდეგ "მეფე ლირში" კორდელიას განსახიერება გამიძნელდა, ალბათ იმიტომ, რომ მიმაჩნდა, ეს ჩემი როლი არ იყო. არსებობდა სტერეოტიპი, რომ კორდელია უნდა ყოფილიყო მიუსაფარი, ნაზი, დღევანდელი გადმოსახედიდან კი ბატონი რობიკოსეული კორდელია უფრო მისაღებია ჩემთვის. როგორ შეიძლებოდა, ეს ადამიანი ყოფილიყო ნაზი, როცა ის აღუდგა მეფეს, დებს, მთელ ქვეყანას და იყო სულით რევოლუციონერი. სწორედ ამის გამო დიდ სირთულეებს წავაწყდი ამ როლზე მუშაობისას, კომპლექსი მქონდა, მეგონა, ვერ ვაკეთებდი ჩემს საქმეს ისე, როგორც საჭიროა, ამან ძალიან შემიშალა ხელი დიდი ხნის განმავლობაში. მაშინაც კი, როდესაც უკვე სპექტაკლებს ვთამაშობდით, შინაგანად თავისუფალი არ ვიყავი და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც ბატონ რობიკოს უნდოდა, მაგრამ ერთ დღესაც გამონათდა რაღაც ჩემში, გავიხსენი თითქოს ამ მხრივ და შევძელი იმის გაკეთება, რასაც რეჟისორი ჩემგან ითხოვდა. ალბათ სწორედ ამიტომ დღესდღეობით კორდელია ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი როლია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა მედეას თამაში, პირადად მე დიდი პროტესტი მქონდა მისი დამოკიდებულების და სხვადასხვა საკითხთან მიდგომისადმი, ამიტომაც გამიჭირდა და მეშინოდა კიდეც ამ როლის თამაში. გარდა ამისა, არის როლები, რომლებშიც ძალიან მარტივად შედიხარ, შეიძლება, იმდენი შრომა არ ჩადო, რაც სხვაში, მაგრამ ეს უფრო კარგად გამოგივიდეს. ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, ბატონმა რობიკო სტურუამ და ბატონმა გოგა თავაძემ დადგეს სპექტაკლი "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", სადაც ვთამაშობდი ლიდას. სცენარის წაკითხვისთანავე მივხვდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ქალბატონი, როგორი სიარულის მანერა უნდა ჰქონოდა, როგორ უნდა ესაუბრა და ა.შ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მისი ხასიათის ძირითადი შტრიხები თავიდანვე მოვხაზე, ამიტომაც საერთოდ არ გამჭირვებია მასზე მუშაობა.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება