დიდ ბრიტანეთში მომავალი მემკვიდრის დაბადებას ზეიმობენ. სამეფო სასახლის წარმომადგენლებმა გუშინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა.
პრინცისა და კემბრიჯის ჰერცოგინიასთვის ეს პირველი შვილია. ქეითის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გავრცელდა, თუმცა წყვილმა ეს სასიამოვნო სიახლე საჯაროდ მხოლოდ გუშინ დაადასტურა.
SkyNews-ის ინფორმაციით, ჰერცოგინია ქეითი გუშინ საღამოს ლონდონის ცენტრში მდებარე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფოში თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნებით მოათავსეს. ქეითი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს დარჩება.
სასიამოვნო სიახლეს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი. მან წყვილს "ტვიტერით" მიულოცა: "აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია ბავშვს ელოდებიან, ისინი შესანიშნავი მშობლები იქნებიან", - დაწერა კემერონმა.
პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეითი უშვილოა. მიდლტონის უშვილობის შესახებ ინფორმაცია პრინც უილიამის დედინაცვალმა, კამილა პარკერ-ბოულსმა გაავრცელა. მაშინ მასმედიის საშუალებები წერდნენ, რომ მიდლტონს შვილები არასდროს ეყოლება, რადგან ბავშვობაში მძიმე დაავადება გადაიტანა. ჟურნალმა The Globe-მა ისიც კი დაწერა, რომ წყვილი ჩრდილო-ამერიკაში ვოიაჟის ფარგლებში, ფარულად ხელოვნური განაყოფიერების კლინიკას ესტუმრა.
მომავალი ბავშვი, განურჩევლად სქესისა, ტახტის მემკვიდრეთა შორის მესამე ადგილს დაიკავებს. ელისაბედ მეორეს პირდაპირ მემკვიდრედ მისი ვაჟი, პრინც უილიამის მამა, პრინცი ჩარლზი მიიჩნევა. შემდეგ თავად პრინცი უილიამი მოდის, მას კი ძმა - პრინცი ჰარი მოსდევს. ქეითისა და უილიამის შვილი ტახტის მემკვიდრეთა სიაში ჰარის ადგილს დაიკავებს.
უილიამი და ქეითი გასული წლის აპრილში დაქორწინდნენ.
იხილეთ ვიდეო