"საქართველოს ვარსკვლავის" არტისტულ მონაწილეს თბილი და ყურადღებიანი ბიჭები მოსწონს

"საქართველოს ვარსკვლავის" არტისტულ მონაწილეს თბილი და ყურადღებიანი ბიჭები მოსწონს

სალომე ცუხიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" შესარჩევი ტურებიდან დიდი მწვანე თვალებითა და ფართო ღიმილით, ასევე მსახიობისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი მიმიკებით დაგვამახსოვრდა. პროექტის ჟიურიმ ის ფინალისტებს შორის აარჩია და დღეს ფილარმონიის სცენაზე გამოდის. დედამ ძალით გააგდო "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე ტურზე. 18 წლის სალომე ფიქრობს, რომ დიდი სცენა უკვე მისია და წლების შემდეგაც აქ ხედავს საკუთარ თავს. სალომეს ერთ-ერთი ტურის წინ რეპეტიციაზე შევხვდით.

- რაიმე სხვა გატაცება თუ გაქვს სიმღერისა და მსახიობობის გარდა?

- ისეთი განსაკუთრებული არაფერი. როცა ჩაწერა გვქონდა გადაცემისთვის, ეს შეკითხვა მაშინაც დამისვეს. წელს დავამთავრე სკოლა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ძირითად დროს ვატარებ ან რეპეტიციებზე, ან თეატრალურში. დანარჩენ დროს მძინავს (იცინის).

- ე.ი. ძილი ყოფილა შენი ჰობი. როგორ გადაწყვიტე "საქართველოს ვარსკვლავში" მისვლა?

- ძალიან სასაცილოდ. დასასვენებლად ვიყავი. რეკლამების ნახვის შემდეგ ერთი დღით ჩამოვედი, ვიფიქრე, უბრალოდ, ვცდი-მეთქი. მეორე შესარჩევი ტური რომ იყო, არ მეცალა და აღარ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ დედაჩემმა ძალით გამაგდო.

- აქამდე სერიოზულად უყურებდი სიმღერას?

- სიმღერაზე ვგიჟდები და უმუსიკოდ ვერ ვცხოვრობ. ვიცოდი, რომ მქონდა ეს ნიჭი და მეგობრებთან ყოველთვის ვმღეროდი. დიდი სცენისთვის მზად ალბათ არ ვიყავი და ამას არც ველოდი. დღეს სცენაზე გამოსვლა, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული ძალიან დიდი ბედნიერებაა. ასევე ძალიან მომწონს ურთიერთობა ჟიურის წევრებთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ბენდის წევრებთან. ჩემი აზრით, საუკეთესო ბენდი გვყავს საქართველოში. ჟიურიზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი. მათზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, გარდა ამისა, თბილები და უშუალოები. ეს ძალიან გვახარებს და სცენაზე მეტად გახსნილები და თავისუფლები ვართ. ვიცით, რომ ისეთს არაფერს გვეტყვიან.

- ანუ კრიტიკას არ ელოდებით?

- კრიტიკას როგორ არ ველოდებით, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

- გასული ტურებიდან სად იყავი ყველაზე ძლიერი?

- ყველაზე თავისუფლად სადაც ვგრძნობდი თავს და ყველაზე ჩემი რაც იყო, ეს პირველ კონცერტზე შესრულებულ სიმღერაზე შემიძლია ვთქვა. თუმცა ისიც მომწონს, რომ სხვადასხვა ჟანრში თავის მოსინჯვის შესაძლებლობა მაქვს.

- ქუჩაში გასვლისას როგორ გხვდებიან და თუ გცნობენ?

- არიან ადამიანები, რომლებიც მცნობენ, მილოცავენ და მეფერებიან. ყველაზე მეტად ეს მიხარია. არის ხოლმე შეძახილები, რაც მსიამოვნებს.

- პოპულარობა იცი, რას ნიშნავს?

- დიდი სცენისთვის მზად არ ვიყავი-მეთქი, რომ გითხარით, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ამისთვის მზად ვარ. რაც შეეხება პოპულარობას, ასე აშკარად ამას ვერ ვგრძნობ და არ მაწუხებს.

- კონკურენციაზე გკითხავ. რაც უნდა ბევრი ილაპარაკოთ, რომ ერთმანეთი გიყვართ მონაწილეებს, გამარჯვების ჟინი ყველას გექნებათ.

- გულწრფელად რომ ვთქვათ, მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, შენიშვნებსაც ვაძლევთ, არის ის მომენტიც, რომ ერთი მეორეზე მეტად მოგწონს, მაგრამ ამას არავის ვაგრძნობინებთ. ამას ნიჭისა და სიმღერის თვალსაზრისით ვამბობ და ეს არ ეხება პირადულ ურთიერთობებს. აქაც, რასაკვირველია, არის ის, რომ ვიღაცასთან უფრო ახლოს ხარ, ვიღაცასთან - ნაკლებად.

- გვითხარი, ვისთან ხარ ახლოს?

- ახლა ვერ გამოვყოფ. ჩემი მეგობრები არიან და ყველა მიყვარს.

- შენი სუსტი წერტილი რომელი იქნება ამ კონკურსზე, ანუ ჟანრი, რომელსაც ვერ მოირგებდი?

- არ ვიცი... ალბათ, მძიმე როკს (იცინის). ამაზეც ვერ ვიტყვი, ვერ შევასრულებდი-მეთქი. მინდა, ლირიკული სიმღერებიც შევასრულო, ჯაზიც. არ მიფიქრია, რომ რომელიმე ჟანრში თავს ვერ მოვძებნი.

- ოჯახის წევრები რას ფიქრობენ შენს ცხოვრებაში შემოჭრილ საკონკურსო ალიაქოთზე?

- ოჯახის წევრები ძალიან გახარებული არიან, განსაკუთრებით, დედა, რომელიც დაფრინავს. მუდმივად ზის კომპიუტერთან და უყურებს ჩემს ვიდეოებს, კითხულობს კომენტარებს, ვიღაცაზე ნერვები ეშლება, ვიღაცის კომენტარის გამო სიხარულს გამოხატავს და ასე... ძალიან არის ჩართული ამაში.

- თავად როგორ იღებ კრიტიკას?

- ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგია. როცა თავადვე იაზრებ, რომ რაღაც არ გამოგივიდა და ამ დროს შენიშვნას გაძლევენ, უნდა მიიღო და გაითვალისწინო. თუკი სისულელეს ამბობენ და პიროვნულად გეხებიან, ძალიან მტკივნეულია. როცა მირჩევენ, ეს გაატარე და ყურადღებას ნუ მიაქცევო, არ შემიძლია.

- პოპულარობის დადებით მხარეზე ვისაუბროთ, თაყვანისმცემლები თუ მოგემატნენ?

- ვერ გამოვყოფ, ბიჭები უფრო აქტიურობენ, ვიდრე გოგონები-მეთქი. მამატებენ, მილოცავენ, სოციალურ ქსელებში ბევრი დამატების თხოვნა მომდის ყოველდღე. მწერენ, რომ ვარ ძალიან არტისტული და საყვარელი (იღიმის). ყველგან რომ ამბობენ, მსახიობი-მსახიობიო, ცოტა მრცხვენია, რადგან ახლა შევდგი ფეხი ამ სფეროში, დავიწყე სწავლა და საერთოდ არაფერი ვიცი, მაგრამ ალბათ ჩემი შინაგანიდან გამომდინარე ხდება ასე და ასევე იმის გამოც, რომ კონცერტებზე სულ ისეთ სიმღერებს მაძლევენ, რაც გარდასახვის საშუალებას მაძლევს. დავიმკვიდრე არტისტული ადამიანის იმიჯი და ასეთ სტილში მამღერებენ. ეს დისკომფორტს არ მიქმნის.

- არის ვინმე შენს ცხოვრებაში, ვინც განსაკუთრებულად გგულშემატკივრობს, შეყვარებული, სიმპათია?

- აუუ, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი (იღიმება).

- როგორია ის ადამიანი, ვინც შეიძლება, მოგხიბლოს?

- (იცინის) ასე ვერ გეტყვით. თბილი და ყურადღებიანი ბიჭები მომწონს. ასე ჩამოყალიბებული არ ვარ, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს (ფიქრობს...) დავიბენი!..

- კარგი, ისევ კონცერტებს და­ვუბრუნდეთ. სახალისო მომენტები იყო უკვე?

- ვერ დავდივარ ქუსლიანი ფეხსაცმლით, საერთოდ არ დავდივარ მაღალ ქუსლებზე. კონცერტისთვის მომიწია ჩაცმამ. ჩვენმა დიზაინერმა ანუკა ქებურიამ ძალიან მაღალი და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი შემირჩია. დაახლოებით 9-სმ-იანი იქნებოდა. ჩემთვის ეს ძალიან მაღალი იყო. ოთახიდან სცენისკენ ჩამორბენა რომ გვიწევდა, ნორმალურად ვერ გავრბოდი და ვეცემოდი. ბოლოს შემიცვალეს და სქელი ქუსლი მომარგეს. ალბათ მერე შევეჩვევი. სხვებზე ძალიან მომწონს, მაგრამ მე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. თაკო ვადაჭკორია, მაგალითად, სულ მაღალი ქუსლებით დადის. ჩემი ყოველდღიური სტილი სპორტულია.

- ალბათ გიოცნებია, შენ გახდე ამ პროექტის გამარჯვებული. ეს შეგცვლის თუ ისევ ასეთად დარჩები?

- მგონია, რომ ადამიანები, რომლებსაც წარმატება ცვლით, ძალიან სუსტები არიან, რადგან ეს მაქვს გააზრებული, მგონია, რომ არასდროს შევიცვლები. ძალიან მინდა გამარჯვება, რაც ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. მთავარი არ არის გამარჯვება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. როცა გაივლი და შენზე იტყვიან, რომ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ხარ, უფრო სხვა გრძნობაა, ვიდრე უბრალოდ მონაწილეობა.

- სიმღერა თუ მსახიობობა?

- ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდები, ორივე სფეროში ვიყო. ხომ არიან მომღერალი მსახიობები?

- წლების შემდეგ როგორი იქნები?

- ისევ ძალიან მხიარული. ყოველ შემთხვევაში, მსურს, ასე იყოს. მინდა, სცენაზე ვიყო წლების შემდეგაც.

- ვხვდები, რომ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც სიგიჟეების ჩადენა შეუძლია.

- კი, ასეა (იღიმის). ერთ დღეს ვიჯექი სახლში და საქმე არ მქონდა. საკმაოდ გრძელი თმა მქონდა, მხრებამდე. ვიფიქრე, რა ვაკეთო-მეთქი. წავედი სალონში და ნულზე გადავიპარსე. ასე დავდიოდი ზაფხულში. სტილისტი გაგიჟდა, არ უნდოდა, ჩემთვის თავი გადაეპარსა. ყოველთვის მომწონდა თავგადაპარსული გოგონები. მენანებოდა თმა, მაგრამ იმ დღეს ასეთ ხასიათზე გავიღვიძე. თან, შინიდ ო,კონორს ვუსმენდი. სახლში რომ მივედი, ოჯახის წევრები გაგიჟდნენ, მეგობრებს კი მოეწონათ, ვფიქრობ, მომიხდა.

- იმედია, ახლა არ გადაიპარსავ...

- ახლა ვფიქრობ შეჭრას, უფ­ორმოდ მაქვს, არ ვიცი, გავიზრდი თუ შევიჭრი.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება