ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია

ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია

ჟურნალ Forbes-ის ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" ვარსკვლავების რეიტინგს მსახიობი ედი მერფი ლიდერობს. რეიტინგის შედგენისას ამა თუ იმ ვარსკვლავის მონაწილეობით ბოლო სამი ფილმის შემოსავლები და ამ სურათში აღებული ჰონორარები გაითვალისწინეს. ამასთან, ეს ფილმები კინოგაქირავებაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩაეშვა.

მერფისთვის გადახდილი ჰონორარის თითოეულმა დოლარმა, ფილმის შემქმნელებს მხოლოდ 2,3 დოლარი მოუტანა. ფილმები "წარმოიდგინე", "ათასი სიტყვა" და "გაიცანით: დეივი", რომლებშიც მერფი მონაწილეობდა, კინოგაქირავებაში ჩავარდა, ხოლო ფილმმა - "როგორ მოიპარო ცათამბრჯენი" მხოლოდ 153 მლნ დოლარი მოგება მოიტანა, მაშინ როცა მისი ბიუჯეტი 75 მლნ დოლარს შეადგენდა. Forbes-ი გვახსენებს, რომ ფილმმა რომ დავალიანება ამოიღოს, მან მის შექმნაზე დახარჯული თანხის მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა გამოიმუშავოს და რეკლამის მრავალმილიონიანი ხარჯები დაფაროს.

ყველაზე ნაკლებ რენტაბელური კინოვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილი კეტრინ ჰეიგლმა დაიკავა. მსახიობის მონაწილეობით ბოლო ფილმმა- "ძალიან სახიფათო ხუმრობა" წარმოების ღირებულებაც კი ვერ ამოიღო. სურათმა 40 მილიონიანი ბიუჯეტით, მხოლოდ 37 მილიონი დოლარი მოიტანა. ჰეიგლში ჩადებულმა თითოეულმა დოლარმა, კინოკომპანიებს 3,40 დოლარი მოუტანა.

მესამე ადგილზე "ოსკაროსანი" რიზ უიზერსპუნი აღმოჩნდა. "მიუხედავად იმისა, რომ უიზერსპუნი თავისი თაობის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობია, მას როლების სიფრთხილით ამორჩევა მართებს",- წერს Forbes-ი. სურათმა "ვინ იცის...", რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა და რომლის ბიუჯეტი 120 მილიონი იყო, ბიუჯეტით 49 მლნ მოაგროვა. ასეთი უიღბლობის შემდეგ მსახიობის რენტაბელურობის ამაღლება მისმა ახალმა ნამუშევარმა - ფილმმა "ასე რომ, ომმაც" ვერ შეძლო. 65 მლნ ბიუჯეტიანმა ფილმმა 157 მლნ მოაგროვა. უიზერსპუნის ჰონორარის თითოეულმა დოლარმა ფილმის შემქმნელებს საშუალოდ მხოლოდ 3,9 დოლარი მოუტანა.

მეოთხე ადგილი კიდევ ერთმა "ოსკარის" მფლობელმა - სანდრა ბალოკმა დაიკავა. მისი მონაწილეობით ბოლო ორმა ფილმმა - "ყველაფერი სტივზე" და "უკიდურესად ხმამაღალი და წარმოუდგენლად ახლო"- საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენა. ამასთან, ბალოკის მონაწილეობით 2009 წელს გამოსულმა სურათმა "უხილავი მხარე"  30 მილიონიანი ბიუჯეტით 310 მილიონი დოლარი შეაგროვა და წლის ერთ-ერთი წარმატებული ფილმი გახდა. ბალოკისთვის გადახდილმა თითოეულმა დოლარმა კინოკომპანიებს 5 დოლარი მოუტანა.

ჰოლივუდის ყველაზე ნაკლებად მომგებიანი მსახიობების ხუთეულს ჯეკ ბლეკი ასრულებს, რომლისთვისაც გადახდილ თითოეულ დოლარს 5,2 დოლარი მოაქვს. 2011 წელს კინოეკრანებზე გამოსულმა კომედიამ - "გრძელი წელი" კინოგაქირავებაში მხოლოდ შვიდი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მსახიობი დრიუ ბერიმორი, რომელიც 2011 წელს Forbes-მა ყველაზე წარუმატებელ კინოვარსკვლავად აღიარა, ამჯერად რეიტინგში ვერ მოხვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფართო კინოგაქირავებაში ბერიმორის მონაწილეობით არცერთი ფილმი არ გამოსულა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება