"ტოპ გოგოს" ორგანიზატორებმა კონტრაქტი სალომე ღვინიაშვილსაც დაურღვიეს

"ტოპ გოგოს" ორგანიზატორებმა კონტრაქტი სალომე ღვინიაშვილსაც დაურღვიეს

"რუსთავი 2"-ის რეალური შოუ "ტოპ გოგო" ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროექტის მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა სამოდელო ბიზნესისთვის და შემდეგ მათი დასაქმება ლონდონის წამყვან სააგენტოებში, მაგრამ... მოდელებს დაპირებები არ შეუსრულეს.

რამდენიმე დღის წინ გამარჯვე­ბულმა თაკო თალაკვაძემ პროექტის ხელმძღვანელ "კიკალა სტუდიო ტივის" სასამართლოში უჩივლა. მოდელი ამბობს, რომ კონტრაქტის პირობები დაირღვა, დაპირებები არ შეუსრულეს და მხოლოდ 100 გირვანქა სტერლინგი და ქურთუკი აჩუქეს. პროექტში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე თვის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში პირველად მოდელმა გურანდა ცერცვაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის ორგანიზატორებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები დაარღვიეს. პროექტში მონაწილეობისთვის მოდელები სალომე ღვინიაშვილმა, ოქსანა პოპკოვამ და ავთანდილ ცქვიტინიძემ შეარჩიეს. ცნობილი ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი ახალბედა კოლეგებს სამი განმავლობაში უზიარებდა გამოცდილებას, მაგრამ ის "ტოპ გოგოს" მორიგ სეზონში მონაწილეობას აღარ აპირებს და ჟიურის სავარძელზეც უარი განაცხადა. ჩვენი წყაროს ცნობით, "კიკალა სტუდიომ" კონტრაქტის პირობები ცნობილ მოდელსაც არ შეუსრულა და ერთი თვის ხელფასი დღემდე არ გადაუხდია... კომენტარისთვის სალომე ღვინიაშვილს დავუკავშირდით:

- სალომე, ცნობილი გახდა, რომ "კიკალა სტუდიომ" ერთი თვის ხელფასი აღარ გადაგიხადათ და კონტრაქტის პირობები დაგირღვიათ, რის გამოც ახალ შოუში აღარ მიიღებთ მონაწილეობას.

- დიახ, იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ არ ვაპირებ ამ საკითხზე დეტალურად საუბარს. "ტოპ გოგოს" ახალი სეზონი მალე დაიწყება, მაგრამ მასში აღარ მივიღებ მონაწილეობას. სხვას ვერაფერს გეტყვით... 

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება