რა შანსი მისცა ჯულიანამ რომანტიკულ თაყვანისმცემელს

რა შანსი მისცა ჯულიანამ რომანტიკულ თაყვანისმცემელს

24 წლის დავით აბრამიშვილი მომხიბვლელი მოცეკვავის - ჯულიანა ბარ-გნარის ფანი გახლავთ. დავითი ჯულიანას შესახებ პრესაში გამოქვეყნებულ ყველა ინფორმაციას ეცნობა, მის ფოტოებს აგროვებს, ვიდეოებს კომპიუტერში ინახავს... მოკლედ, ჯულიანათი შორიდან ტკბება, თუმცა მომავალში, მის პირადად გაცნობასაც აპირებს. იმედოვნებს, რომ მოცეკვავე სინამდვილშიც ისეთი კარგი ადამიანია, როგორიც ინტერვიუებიდან ჩანს...

- ჯულიანა ბარ-გნარით "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონიდან მოვიხიბლე. მის მიმართ გაჩენილი სიმპათიის გამო, აღელვების ნიადაგზე, კინაღამ ჯულიანას პარტნიორი - აჩიკო მეფარიძე მოვძებნე და ვეჩხუბე (იცინის). ინტერნეტიდან ჩემი ფავორიტის მონაწილეობით ვიდეოები გადმოვტვირთე, ფოტოები გადმოვწერე... ვტკბებოდი ჯულიანას პროფესიონალიზმით, შარმით, ნავარჯიშევი ტანით, მომხიბვლელი გამოხედვით... მის გამო "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონსაც აქტიურად ვუყურებდი. ჯერჯერობით, ჯულიანას პირადად გაცნობის ბედნიერება წილად არ მხვდა, მაგრამ ეკრანიდან, პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან "ვიცნობ" და მისი პიროვნებით მოხიბლული ვარ.

- რას ფიქრობ, როგორი ადამიანია?

- ჩემი აზრით, თბილი და წესიერი პიროვნებაა.

- ჯულიანას პირადად გაცნობა არ გიცდია?

- ჩემი დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ მომავალში ვეცდები, გავიცნო. იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.

- დამეგობრებაში რომანტიკულ ურთიერთობას გულისხმობ?

- თუკი ასეთი ურთიერთობის სურვილი მასაც ექნება, რატომაც არა? არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. მომავალზე ლაპარაკი რთულია. ისე, ძალიან რომანტიკული პიროვნება ვარ.

- გიფიქრია, რომ შეიძლება, სინამდვილეში ჯულიანა ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელი?

- მგონია, რომ პოპულარობა "თავში ავარდნილი" არ აქვს. ვიცი, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანი არაპოპულარულ ხალხთან ურთიერთობას არ კადრულობს. ჯულიანაც მათნაირი რომ აღმოჩნდეს, იმედები გამიცრუვდება. ყველაზე მაგრები უბრალო ადამიანები ვართ!..

- დავით, რას საქმიანობ?

- ერთ-ერთი ავტოსერვისის დირექტორის მოადგილე ვარ. ღვთის წყალობით, ბევრი კლიენტი გვყავს. ქალბატონი ჯულიანა ბარ-გნარით ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ მისი პოსტერი ჩემს მოკრძალებულ კაბინეტსაც ამშვენებს, საქართველოს დროშის გვერდით.

- ჯულიანას გარდა, ოდესმე ვინმეს ფანი ყოფილხარ?

- კი, ოღონდ - "ლაითად". ბავშვობაში ნინი ბადურაშვილი მომწონდა. შეყვარებულ ბიჭს მისი სიმღერები გულს მიჩუყებდა.

- ახლა შეყვარებული არ ხარ?

- არა. 4-5 წელია, რაც შეყვარებულს დავშორდი. მას მერე, ჩემს გულს სიყვარული არ მიჰკარებია.

- ...მაგრამ ჯულიანამ გული ცოტათი გაგითბო, არა?

- უბრალოდ, ჯულიანათი მოხიბლული ვარ. თან, ცეკვა ძალიან მიყვარს.

- თავადაც ხომ არ ცეკვავ?

- პროფესიონალურ დონეზე - არა. "სალსას" და "ბაჩატას" შესრულება ვიცი. "ბაჩატა" ავსტრიაში ყოფნისას ვისწავლე. ვენაში, წმინდა სტეფანეს ეკლესიის გვერდით ღამის კლუბია, რომელსაც ცეკვის შემსწავლელი კურსებიც აქვს. სამეჯლისო ცეკვის სფეროში პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი... თუ ჯულიანას პირადად გავიცნობ, ალბათ, ცეკვის კარგად შესწავლას გადავწყვეტ და სტუდია "თელაში" მივალ.

- კი, მაგრამ სამსახურისა და დატვირთული დღის რეჟიმის პარალელურად ამას როგორ მოახერხებ?

- ამასობაში ვინმე მშრომელ, პატიოსან თანაშემწეს ვიპოვი, რომელსაც მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი გავაკონტროლებთ. ალბათ, ჯულიანას უახლოეს მომავალში გავიცნობ, მაგრამ მანამდე კარგად დავფიქრდები - საერთოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს თუ არა? წაგებას ვერ ვიტან! როგორც ვიცი, ჯულიანას გული ამჟამად თავისუფალია. ისიც ვიცი, რომ ცეკვისას პარტნიორების მიმართ მხოლოდ სიმპათია თუ უჩნდება. ის თავშეკავებული პიროვნებაა. როცა საჭირო იყო, საკუთარ თავს ეუბნებოდა: "სდექ!" - ეს ყველაფერი ჟურნალებში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ვიცი.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მის პარტნიორზე - ჯაბა კილაძეზე არ ეჭვიანობდი?

- არა. ვფიქრობ, ისინი პარტნიორები მხოლოდ სცენაზე იყვნენ.

- თავად არ მითხარი, - ჯულიანას პარტნიორების მიმართ სიმპათია უჩნდებოდაო? იქნებ ჯაბა კილაძემ ისე მოხიბლა, რომ საკუთარ თავს აღარ ეუბნება, - სდექო?

- არსებობს გამონათქვამი: "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი"...

- და ელოდები, ჯულიანა ავტომობილის გასამართავად შენთან როდის მოვა?

- შეიძლება, არც მოვიდეს. თუკი ჯაბა და ჯულიანა ცხოვრებას ერთმანეთს დაუკავშირებენ, ვიფიქრებ, რომ ჯულიანა ჩემი ბედი არ ყოფილა. მერწმუნეთ, "დასტოინი" ტიპი ვარ და სხვებს ხელს არასდროს ვუშლი; თუ ისინი ურთიერთობას ააწყობენ, კარგად იყვნენ, მე კი ბედს შევეგუები...

ჩვენ ჯულიანას დავუკავშირდით და დავითის ინტერვიუ წავაკითხეთ, მერე კი თაყვანისმცემელზე შექმნილი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ...

- ეტყობა, რომ მოვწონვარ (იცინის). ძალიან მიხარია, რომ ჩემდამი სიმპათიას ასე გამოხატავს.

- მასთან შეხვედრას მოისურვებდი?

- გააჩნია, ჩემს გაცნობას როგორი ფორმით ეცდება. თუმცა, მე ვერაფერს ვუკარნახებ, ეს თავად უნდა მოიფიქროს. დავითს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობს, მაინც მაფასებს. მიხარია, რომ მისნაირ სერიოზულ და კარგ ადამიანს მოვწონვარ.

- ბევრი ფანი გყავს?

- სოციალურ ქსელში ფანები ხშირად მწერენ. ვცდილობ, მათთან გულწრფელი ვიყო და თითოეულს თბილად ვუპასუხო. ისე, პირადად მე, უცხო ადამიანს როგორც უნდა მომწონდეს, ვერ მივწერ, - ძალიან მაგარი ხარ-მეთქი. განა იმიტომ, რომ რაღაც თავში მაქვს ავარდნილი, უბრალოდ, მომერიდება...

- ფანებისგან მოწერილ ყველა შეტყობინებას კითხულობ?

- ვფიქრობ, უსიამოვნო ფაქტია, როცა ადამიანს რაღაცას მისწერ, ის კი შენს წერილს არც წაიკითხავს. შეიძლება, ვიღაცას პასუხი მოუცლელობის გამო, იმავე დღეს ვერ მივწერო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც ვუპასუხებ.

- ფანები შენთან დაკონტაქტებას სხვა ფორმით თუ ცდილობენ? საჩუქრებს ხომ არ გიძღვნიან?

- საჩუქრებს არ მიგზავნიან, მაგრამ ქუჩაში რამდენჯერმე გამაჩერეს და მკითხეს: ვაიმე, შენ ხომ ჯულიანა ხარო? ისე თბილად მომმართავენ, რომ შეუძლებელია, მათ მიმართ კარგი დამოკიდებულება არ მქონდეს. რამდენიმე დღის წინ, ქალბატონმა მომწერა: შვილო, ძალიან მიყვარხარ! მიხარია, რომ მშობლებმა ასე კარგად აღგზარდესო (იღიმის).

- ფანები შენი პირადი ცხოვრებით არ ინტერესდებიან?

- ზოგს ეს საკითხი არც აინტერესებს. პირდაპირ მეუბნება: მომწონხარ და ერთმანეთს ხომ არ შევხვდეთო?..

- შეყვარებული გყავს?

- ერთი პიროვნების მიმართ სიმპათია მაქვს, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულია.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში შენს პარტნიორთან - ჯაბა კილაძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჯაბა საოცრად თბილი, კარგი პიროვნება და არაჩვეულებრივი მეგობარია. როგორც ადამიანს, მას ძალიან ვაფასებ. თავდაპირველად, ერთმანეთს ვერ ვუგებდით და ვჩხუბობდით. მეკითხებოდნენ: შენ ხომ ძალიან წყნარი ხარ და ნუთუ, მართლა ჩხუბობდითო (იცინის)?!

- თავდაპირველად ჯაბა ზარმაცობდა?

- კი. პროექტში გასართობად მოდიოდა. მერე, როცა აუტსაიდერებს შორის მოვხვდით, მიხვდა, რომ შრომაც საჭიროა... თავიდან ვფიქრობდი, რომ ჯაბას მხოლოდ კომედიური ჟანრი უხდებოდა, მაგრამ როცა ტანგო შევასრულეთ, ის სხვა კუთხითაც დავინახე და ძალიან მომეწონა!

- მას შემდეგ, რაც პროექტს გამოეთიშეთ, მეგობრობას აგრძელებთ?

- კი, ერთმანეთს ვეკონტაქტებით. მიხარია, რომ გავიცანი.

- ბოლო დროს სოციალურ ქსელში შენს ოჯახურ ტრაგედიაზე წერენ...

- ამაზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ ვინაიდან სოციალურ ქსელში ინფორმაცია მაინც გავრცელდა, ვიტყვი: ავადმყოფობის გამო, ჩემი და ხელიდან გამოგვეცალა... ვგრძნობ, როგორ დამაკლდა. 3 თვის წინ შევიტყვეთ, რომ ავად იყო და ამიტომ მისი გარდაცვალება ჩემთვის ძლიერი შოკი გახლდათ. როცა დაზე ვსაუბრობ, ვითიშები და მგონია, რომ ისევ ცოცხალია, გონს მოსული კი ვხვდები, რომ ჩვენ გვერდით აღარ არის და ძალიან ცუდად ვხდები...

- სხვა დედმამიშვილები გყავს?

- ძმა მყავს. მასთან ვმეგობრობ. საერთო ინტერესები გვაქვს. მე ნაბოლარა შვილი ვარ. ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობს. მას ცოლ-შვილი ჰყავს.

- ძმა შენი თაყვანისმცემლებით ინტერესდება?

- მეკითხება ხოლმე: ვინმე გყავსო? მეც ვპასუხობ, - არა-მეთქი და ამ თემაზე ლაპარაკს ამით ვასრულებთ (იღიმის). იცის, რომ ახლა არავის ვხვდები.

- პირად ცხოვრებაზე ვისთან ლაპარაკობ?

- 3 დაქალი მყავს, მაგრამ ზოგადად, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ყველაფერზე დაქალებთანაც ვერ ვლაპარაკობ - რაღაც მაინც მაქვს ჩემთვის შენახული...

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- რომ ვთქვა, - ბიჭის გარეგნობა საერთოდ არ მაინტერესებს-მეთქი, - ტყუილი იქნება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ადამიანობა, მამაკაცურობა და მტკიცე ხასიათია მთავარი. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა მამაკაცმა იცის, ამ ცხოვრებისგან რა უნდა. წყვილის ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენამდე მოვიდეს?

- თუ ბიჭს უარს ვეუბნები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია. შეიძლება, კარგი პიროვნება იყოს, მაგრამ ვგრძნობდე, რომ ურთიერთობა არ გამოგვივა.

- შეგიძლია, ბიჭთან ერთი შეხვედრით განსაზღვრო - ურთიერთობა აგეწყობათ თუ არა?

- კი. საუბრისას მივხვდები, ეს ადამიანი "ჩემია" თუ არა. არ მესმის, ვიღაცას იმედი ტყუილად რატომ უნდა მივცე? გული რატომ უნდა ვატკინო? შანსი მომეციო, - მეუბნებიან, მაგრამ ურთიერთობის აწყობის იმედი რომ მქონდეს, უპირველეს ყოვლისა, შანსს საკუთარ თავს მივცემდი.

- შენი გაცნობის მოსურნე რომელიმე ფანს თუ შეხვედრიხარ?

- არა. ზოგჯერ ვხვდები, რომ თაყვანისმცემლები გულით მწერენ, მაგრამ მათთან შეხვედრა არ შემიძლია. ზოგადად, ვირტუალური ურთიერთობაც არ მხიბლავს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება