ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება

ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება

ჯგუფ "მგზავრების" წევრი - ნინი დედალამაზიშვილი პატარის მოლოდინშია. მართალია, ორსულობისას ვარცხნილობა შეიცვალა, მოკლედ შეიჭრა და ამას არც ნანობს, მაგრამ გრძელი თმა უფრო მოსწონს...

- ნინი, თბილისში "მგზავრების" ახლახან გამართულ კონცერტში რატომ არ მონაწილეობდი?

- ავად ვიყავი. საერთოდ, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისას სულ ვნერვიულობ, რადგან მეშინია, რაიმე ვირუსი არ შემეყაროს. ვიცი, რომ კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. დაცვის თანამშრომლებიც კი ცეკვავდნენო, - მითხრეს. მინდა, გიგისთან ერთად, ორსულობის თემაზე სიმღერა ჩავწერო. სახელწოდებაც მოფიქრებული მაქვს: "მგზავრები და ნინი+1". სიმღერას ყველა ორსულს მივუძღვნი.

- რომელ თვეში ხარ?

- მეხუთეში. ძალიან კარგი ორსულობა მაქვს და რაც მთავარია, წონაში არ მომიმატია - ეს მიხარია. საერთოდ, ორსულობა ქალისთვის ყველაზე რთული პერიოდია: ამ დროს მას მხარდაჭერა და გაგება ყველაზე მეტად სჭირდება. როცა ვინმეს ფეხმძიმობის შესახებ შევიტყობ, რეკომენდაციას ვიძლევი, - ყველა სურვილი აუხდინეთ-მეთქი. პირადად მე, ემოციები გაორმაგებული მაქვს, სულ მეტირება ან მეცინება. გიჟი უნდა იყო, რომ ორსულ ქალს ცუდად მოეპყრო. ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი - განსაკუთრებით დედას. ადრე მე და გიგი ყველა საკითხზე, მუდმივად ვჩხუბობდით; ყველა ჩემს ნაბიჯს აკრიტიკებდა. ახლა რაც უნდა გავაკეთო, შენიშვნას არ მაძლევს. მისგან საოცარ ყურადღებას ვგრძნობ.

- მეუღლესთან ერთად ცხოვრობ?

- ამ პერიოდის გატარება დედასთან მირჩევნია, სულ მასთან ყოფნა მინდა. დედას ჩემი იდენად კარგად ესმის, რომ მას "მივეჯაჭვე". თუმცა, მეუღლესთანაც ვარ ხოლმე.

- ბავშვის სქესი იცით?

- გოგონა გვეყოლება, რომელსაც მამამ სახელი უკვე შეურჩია - ელენეს დავარქმევთ... ტყუპი ისე მინდოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მეყოლებოდა. ვიფიქრე, ერთდროულად გოგონაც შეგვეძინება და ბიჭიც-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა (იცინის).

- აქტიური ორსული ხარ?

- 15 წლიდან ვმუშაობ და საკუთარი შემოსავალი მაქვს. უსაქმურობა ჩემთვის რთულია. ამიტომ კომპოზიტორ მიშა მდინარაძის მუსიკალურ პროექტზე მუშაობა ძალიან დამეხმარა: 18 ნოემბერს ნუკა მარგველაშვილის სოლო კონცერტი გავმართეთ. ნუკა ცნობილი საოპერო მომღერლის - თენგიზ ზეინკლიშვილის შვილიშვილი გახლავთ, მაგრამ მომღერლობის ამბიცია არა აქვს - ძალზე თავმდაბალია. მიმაჩნია, რომ ის ქართულ მუსიკალურ სივრცეში "ახალი სიტყვაა". კონცერტის მომზადებაში სუხიშვილების ქორეოგრაფი - ეთერ გამსახურდია, მსახიობი - მაია დობორჯგინიძე (რომელმაც რეჟისორის ფუნქცა შეითავსა) და ნიკუშა წულუკიძე დაგვეხმარნენ. მე პროდიუსინგს მივხედე. საქმეში ისე ჩავერთე, რომ ხანდახან ჩემი მდგომარეობა მავიწყდებოდა და ღამეს და დღეს ვასწორებდი. ძალიან გვინდოდა, კარგი კონცერტი გამოსულიყო. მიხარია, რომ ასეც მოხდა. კონცერტის დღეს უბედნიერესი ვიყავი.

- შვილის მუსიკალურ განათლებაზე მისი მუცლად ყოფნის პერიოდშივე ხომ არ ზრუნავ?

- ბოლო დროს კლასიკურ მუსიკას ვასმენინებ. მითხრეს, - მშვიდი და წყნარი რომ იყოს, ასე უნდა მოიქცეო. ვერ წარმომიდგენია, ჩემი შვილი მშვიდი როგორ უნდა იყოს? ჰოდა, სტერეოტიპებს და რჩევებს ვეპოტინები (იცინის). სხვათა შორის, "მგზავრების" სიმღერებსაც ვასმენინებ.

- მამის სიმღერებს არ ასმენინებ?

- ისეთ სიმღერებს, როგორსაც მამამისი ასრულებს, მიმაჩნია, რომ "ცოცხლად" უნდა უსმენდეს.

- დუეტში ხომ არ აპირებთ სიმღერას?

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული ქალაქური სიმღერის წინაშე ქედს ვიხრი და ძალიან მიყვარს, ეს ის ჟანრი არ არის, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. პრინციპში, მომღერალიც არ ვარ: უბრალოდ, "მგზავრების" ბიჭებს ვოკალისტი გოგონა დასჭირდათ და დავეხმარე...

- მას შემდეგ, რაც ორსულად ხარ, "მგზავრებს" შენი პიარსამსახური არ დააკლდათ?

- არა, რადგან ფანტასტიკური პროდიუსერი - ოთო ედიშერაშვილი გვყავს. ის ბევრ რამეში გვეხმარება. ჩემი აზრით, "მგზავრებმა" თბილისში თავისი სიტყვა უკვე თქვეს. მიუხედავად ამისა, გიგი კონცერტამდე მაინც ძალიან ნერვიულობდა. ამბობდა: ნეტავ, ხალხი მოვაო?.. რამდენიმე თვის წინ კონცერტი კიევში, ღია ცის ქვეშ გამართეს. უცხო ქვეყანაში რომ გაღიარებენ, ეს დიდი წარმატებაა! უკრაინაში "მგზავრების" კლიპი ტრიალებს, ჯგუფის შემოქმედებით პრესაც ინტერესდება. როცა სიმღერა "ნამდვილია", მას ენის ცოდნა არ სჭირდება.

- "მგზავრები" თბილისში კონცერტს უკვე იშვიათად მართავენ. უკრაინაში გადასვლას ხომ არ აპირებენ?

- გიგის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება. საქართველოს მიმართ მისი მეუღლის - მარინას დამოკიდებულებაც ვიცი. მარინა ღიზიანდება, როცა ეკითხებიან, - საქართველო როგორ მოგწონსო? ჰოდა, ასეთი შეკითხვის ავტორს ასე პასუხობს: მსგავს კითხვას შენ ხომ არ გისვამენ, რადგან აქაური ხარ? ჰოდა, ამას ნურც მე მეკითხებით, მეც აქაური ვარო!.. უკრაინაში "მგზავრებს" ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. მარინა ფოტოგრაფობას განაგრძობს და როცა შეკვეთა აქვს, უკრაინაში მიდის. ასე, 2 ქვეყანას შორის "გადებულები" არიან. მგონია, რომ გიგი უცხოეთში სამუდამოდ ვერ იცხოვრებს.

- მარინაც ორსულად ხომ არ არის?

- ჯერჯერობით - არა. გიგი მეუბნება, - როგორ დაგვასწარიო (იცინის)?!.

- ნინი, ფეხმძიმობისას უცნაური ახირებები თუ გაგიჩნდა?

- პრეტენზიული არ ვარ. ერთადერთი, ალუჩა მახსენდება, რომელიც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მიშოვეს. ადამიანებისგან მხოლოდ ყურადღებას ვითხოვ, განსაკუთრებულად - ახლობლებისგან. ხშირად უნდა დამირეკონ და მომიკითხონ. ერთი დღეც რომ "ჩააგდონ", ვსაყვედურობ.

- დედობისთვის როგორ ემზადები?

- მიმაჩნია, რომ როგორც კი ორსულობის შესახებ შეიტყობ, პასუხისმგებლობა მაშინვე უნდა იგრძნო. მხოლოდ შვილის ყოლის სურვილი საკმარისი არ არის. მგონია, რომ ჩემი გოგონა ლამაზი და ნიჭიერი იქნება. მის აღზრდაში ბევრი ადამიანი დამეხმარება. ძიძის აყვანა არ მინდა... ვიცი, ბავშვს უფროსი ადამიანივით უნდა მოვეპყრო. მაგალითად, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული პატარა რომ გეტყვის, - შეყვარებული ვარო, ამაზე არ უნდა გაიცინო. მისთვის ხომ ეს სერიოზული საკითხია?! არ მიყვარს, როცა მეგობარს რაღაცას უყვები, ის კი გპასუხობს: კარგი, რა, უარესიც ხდებაო. უარესი რომ ხდება, ვიცი, მაგრამ იმ მომენტში ესა თუ ის პრობლემა ჩემთვის აქტუალურია...

- შენს ახალ ოჯახს როგორ შეეწყვე?

- ნორმალურად. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალია და მულიც კარგი გოგონაა. მათ კატა ჰყავთ, სახელად - გოგოშკა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ, მასზე გიჟდებიან!

- შენმა მეუღლემ და მარინამ ერთმანეთს როგორ გაუგეს?

- მშვენივრად. გიგის არანორმალურად ვუყვარვარ! ის ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მტკივნეულად აღიქვამდა, მაგრამ კოტიკოს (ჩემს მეუღლეს) ენდო. მახსოვს, ჩემს მშობლებს როგორ არწმუნებდა, რომ ჩემს რთულ ხასიათს გაუძლებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა... დაბოლოს, მინდა ერთი რამ გითხრათ: ქართველებს ასეთი რამ გვახასიათებს - როცა ბედნიერები არ ვართ, სხვისი სიხარული არ გვახარებს. ამიტომ მივედი დასკვნამდე: ბედნიერი მხოლოდ იმიტომ უნდა იყო, რომ სხვა არ გააუბედურო...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება