"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს

"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი თავს "შოპოჰოლიკს" უწოდებს

ქართველი მოდელი თამთა შედანია ხუთი წელია ევროპისა და აზიის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. მსოფლიოს სამოდელო სამყარომ თამთა "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას" კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო. წელს კი მან "მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანას ლას-ვეგასში "მის სამყაროს" კონკურსზე წარადგენს. თამთასთან ინტერვიუ აშშ-ში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჩავწერეთ:

- კონკურს "მის საქართველოში" მონაწილეობა ია კიწმარიშვილმა შემომთავაზა და დავთანხმდი. აქამდე "მის საქართველო" მხოლოდ "მის მსოფლიოზე" მიემგზავრებოდა, მაგრამ წელს ია კიწმარიშვილმა გოგონები სხვადასხვა კონკურსზე გადაანაწილა. მე "მის სამყაროზე" წარვადგენ საქართველოს, რადგან იქ უპირატესობა გამოცდილ მოდელებს ენიჭებათ... ვთანამშრომლობდი "პრადასთან", "ჯორდანოსთან", "კელვინ კლაინთან", "რობერტო კავალისთან", ჩემი ფოტოები დაბეჭდილა ბევრ ცნობილ ჟურნალში - "კოსმოპოლიტენში", "გლამურში"...

- გაქვთ კი წარმატების შანსი "მის სამყაროზე"?

- დიდი შანსი გვაქვს! ბოლო წლებში ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიეთ შედეგს. როდესაც ია კიწმარიშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს მისწერა ამის შესახებ, უპასუხეს, საქართველოდან კონკურენტუუნარო, გამოუცდელი გოგონები ჩამოდიანო. წელს კი ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება, ინტერნეტგამოკითხვით უკვე ტოპხუთეულში ვარ და ვნახოთ, რა მოხდება. 19 დეკემბერს ყველაფერს ვიღონებ საქართველოს წარმოსაჩენად. ძალიან ცუდია, როცა მოდელი ქვეყნის სახელით გადის კონკურსზე და მისგან ბევრს მოითხოვენ. არადა, არც ბილეთის, არც კაბის ფული არ ამინაზღაურეს, ყველაფერზე თვითონვე ვიზრუნე. არ ვიცოდი, ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი თუ იქნებოდა. ამაზე, წესით, სააგენტო უნდა ზრუნავდეს. მნიშვნელოვანია მხარდაჭერაც. გოგონებს ასეთ კონკურსებზე დიდი დელეგაცია მიჰყვება, მე სრულიად მარტო მივფრინავ ლას-ვეგასში.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- მთავარია, სამოსი კომფორტული იყოს. გააჩნია იმასაც, სად მივდივარ. მიყვარს ბრენდული სამოსი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ნაკლებად ცნობილი მარკის სამოსი მომწონებია და მიყიდია. ჩემი საყვარელი ბრენდებია "პრადა","დიორი", "გუჩი", "არმანი ექსჩეინჯი".

- ვიცი, რომ პირადად იცნობ იტალიელ დიზაინერს რობერტო კავალის...

- რობერტო კავალი სინგაპურის მოდის კვირეულზე გავიცანი. ჩვენება მისი კოლექციით იხურებოდა. 500 გოგონადან მან 10 მოდელი შეარჩია. ძალიან თბილი ადამიანია. ჩვენების დაწყების წინ შამპანური შემოიტანა და გვითხრა, დალიეთ, პოდიუმზე უფრო თამამად გახვალთო (იცინის). რობერტო კავალის პირადად ვესაუბრე, მილანში დამპატიჟა. მითხრა, ჩამოდი, იქ დიდ წარმატებას მიაღწევო, მაგრამ მაშინ ევროპაში წასვლა ხელს არ მაძლევდა, რადგან კრიზისი იყო და დიდ ანაზღაურებას არ ველოდი.

- სად იძენ სამოსს?

- თავს "შო­პო­ჰოლიკს" ვუწოდებ. მაღაზიაში შესულმა, შეიძლება ათნაირი სამოსი ვიყიდო, მაგრამ იმ ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე დამწყდეს გული, რომელიც ჩემი ზომა არ არის. ყოველთვის ვითვალისწინებ მოდის ტენდენცი­ებს, ყოველთვის ვიცი, რომელი დი­ზაინერი რას სთავაზობს მომხმარებელს და ამის მიხედვით ვიმოსები. წელს აქტუალურია ოქროსფერი - ჩემი საყვარელი ფერი. ფერებს სეზონის მიხედვით ვირჩევ. ზამთარში მუქი ფერის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, ზაფხულში კი პირიქით. მიყვარს აქსესუარები, განსაკუთრებით - საათები. მხოლოდ ძვირად ღირებულ საათებს ვიძენ, ბევრს და უხარისხოს მირჩევნია, ერთი მქონდ­ეს და კარგი.

- რას შეცვლიდი ქართული მოდის ინდუსტრიაში?

- პირველ რიგში, ქართველმა დიზაინერებმა ხარისხიანი პროდუქცია უნდა შექმნან. საზღვარგარეთ მოდის კვირეული ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს იმართება და მისთვის დიზაინერები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. კვირეულამდე ექვსი თვით ადრე არჩევენ მოდელებს, მანამდე კი კოლექციას ქმნიან. ყოველ დეტალზე მუშაობენ, რომ ნამდვილი შოუ შედგეს. ჩვენთან კი როცა მოესურვებათ, მაშინ მართავენ კვირეულს, ურეკავენ დიზაინერს, ეუბნებიან, ორ კვირაში კოლექცია მზად გქონდესო. ეს არაპროფესიონალიზმია. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ქართულ კვირეულში, მოსაწვევი რამდენჯერმე გამომიგზავნეს, მაგრამ არ მივედი. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ყველას უნდა მოდელობა, პოდიუმზე ნაცნობობით გამოდიან... თუ მოდელობა გინდა, თავსაც უნდა მოუარო და ანაზღაურებაც მოითხოვო. რამდენიმე მოდელს ცელულიტი ჰქონდა. შესაძლოა, ასეთი გოგონა ქუჩაში მოგეწონოს, მაგრამ პოდიუმზე არ უნდა გამოიყვანო. დამსწრეები ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავენ, კოლექცია კარგი იყო, მაგრამ მოდელები არ მოგვეწონაო. ქართველ მოდელებს მეტს ვერ მოსთხოვ...

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან მანდილოსნად?

- ძალიან მომწონს მაკა ასათიანი. ლამაზიც არის და დახვეწილიც. ქვეყნის პირველი ქალბატონებიდან კი ძალიან მომწონს ბრიტანეთის პრინცის, უი­ლიამის მეუღლე ქეით მიდლტონი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი.

სახის კანის მოვლის რეცეპტი

თამთა შედანიასგან: სახის კანისთვის შესანიშნავია სიმინდის ფქვილისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი უნდა აურიოთ 2 წვეთ ზეითუნის ზეთში, მთელ სახეზე გადაინაწილოთ და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ. ეს ნიღაბი მკვდარ უჯრედებს აშორებს­ სახის კანს და განსაკუთრებით კარგია ზაფხულში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება