რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში

რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში

სოსო თოლორაია უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ამბობს, რომ ქართველები არ დავიწყნია. სულ ცოტა ხნის წინ მისი დახმარებით ნინი შერმადინი საზღვარგარეთ, საქველმოქმედო კონცერტზე მიიწვიეს. ამერიკულ ამბებზე სასაუბროდ სოსოს "სკაიპით" დავუკავშირდი.

- კასტინგი, რომელშიც მე და ნინი ვმონაწილეობდით, ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში ჩატარდა. ჩვენი გამოსვლით უცხოელები მართლაც, რომ კმაყოფილები დარჩნენ, განსაკუთრებით კი ნინის ნამღერი მოეწონათ. რაც შეეხება თავად პროექტს, ამერიკაში ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათ უამრავი აგენტი ადევნებს თვალყურს, კონცერტის შემდეგ კი ისინი თავიანთ ფავორიტებს ამა თუ იმ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. ჩვენ პირველივე კასტინგის შემდეგ, ათ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ეს კონცერტები მაისამდე გაიმართება... ამჯერად, ჩვენი მიზანია უკვე ცნობილი პროდიუსერები დავაინტერესოთ. იმედი გვაქვს, ნინი მათი ყურადღების მიღმა არ დარჩება. ჰოდა, არ არის გამორიცხული, რომ ის სულ მალე, რომელიმე პოპულარულ მიუზიკლშიც ვიხილოთ.

- კონცერტზე რომელი სიმღერა შეასრულეთ?

- ჩვენი საყვარელი სიმღერები შევასრულეთ. როგორც წესი, მსგავს საღამოზე არც ერთი შემსრულებელი ერთ სიმღერაზე მეტს არ მღერის, ნინი კი ერთადერთი იყო, ვისაც სამი სიმღერის შესრულება სთხოვეს. მე კონცერტებზე ძირითადად, შოუმენის "დატვირთვა" მაქვს, მაგრამ ვმღერი კიდეც. პირველ კონცერტზე ჩემი სიმღერა - "მიო ფერარი" შევასრულე, რომელიც სულ ახლახან ჩავწერე. ეს სიმღერა მეგობარს მივუძღვენი, ის "ფერარების" კოლექციონერია. როგორც წესი, მონაწილეები ყველა კონცერტზე იცვლებიან, ჩვენ კი გაგვიმართლა - თითოეულ მათგანში მივიღებთ მონაწილეობას... საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და მინდა, ყველას მიეცეს ასეთ ასპარეზზე საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა.

- ამ კონცერტების ორგანიზებას ვინ ახდენს?

- კონცერტებს ბროდვეის ერთ-ერთი სკოლა-სტუდია მართავს, რომლის სულის ჩამდგმელი როუზ ქაიოლა გახლავთ. ამ ქალბატონთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. წელს მისი სკოლა ქარიშხლისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება, შარშან კი იმ ნიჭიერ მოსწავლეებს დაეხმარა განათლების მიღებაში, რომლებიც კარგად ცეკვავდნენ, მაგრამ სკოლაში სიარული მატერიალური პრობლემების გამო არ შეეძლოთ...

- შეიძლება ითქვას, რომ ნინის ამერიკაში წაყვანის იდეამ გაამართლა?

- (იღიმის) ჰო, ნამდვილად ასეა! თავიდან ყველაფრის მუღამი ის იყო, რომ ნინის ენახა, აქ რა ხდებოდა: ყოველდღიური ვარჯიში, აქეთ-იქით სირბილი... მინდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ასეთ რეჟიმში მუშაობას. აქ მომღერალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, კარგად ცეკვავდეს და იდეალურად მღეროდეს; ამავდროულად, ავად არასოდეს არ უნდა გახდე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და იდეალურად ზრუნავდე საკუთარ გარეგნობაზე. საქართველოში შეიძლება, მომღერალი სახლიდან არ გავიდეს ათი დღე; იჯდეს ტელევიზორთან, იძინოს და ჭამოს, აქ კი მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ამერიკაში იმდენი საქმე გაქვს გასაკეთებელი, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ გყოფნის.

- ანუ ამერიკული ცხოვრების წესი ქართველებისათვის ცოტა რთული გასათავისებელია, არა?

- მართალია, მაგრამ ამ საქმეში ქართველებმა ამერიკელებს უნდა მივბაძოთ. თორმეტსაათიანი ძილით კარგი სიზმრების მეტს, ვერაფერს ვნახავთ და მოვიგებთ.

- რამ გაგიჩინა სურვილი, ნინისთვის ამ კასტინგში მონაწილეობა შეგეთავაზებინა?

- ნინის ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. კარგად ვიცი, მისი ვოკალური შესაძლებლობებიც. ჰოდა, როგორც კი ამ კონცერტებში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე ჩვენი ნიჭიერი ნინი გამახსენდა და პროდიუსერებს მისი კანდიდატურაც შევთავაზე. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე აქეთ-იქით დაიწყო სირბილი და გაცივდა. ყველაფერთან ერთად, ის ქართველი სათვისტომოსთვის გასამართი კონცერტებისთვის ემზადება, რომელსაც ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ჩაატარებს. ამ ქალაქებში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მათ ერთ კარგ ქართულ საღამოს მოვუწყობთ... ნინის ამერიკაში დარჩენა არ უნდა, რადგან საქართველოში შვილი ჰყავს და ძალიან ენატრება, მაგრამ მისი კარიერისათვის როგორც უკეთესი იქნება, ისე უნდა მოიქცეს. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთ ნიჭიერ მომღერალს ყურადღებასაც არ აქცევდნენ; ყველა კონცერტზე სააკაშვილის ფავორიტი მომღერლები გამოდიოდნენ. არადა, ნინი ბევრ ქართველ "ვარსკვლავზე" ნიჭიერია. ქვეყანაში ხელოვანი კი არ უნდა იჩაგრებოდეს, არამედ ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ხელოვნება ერთადერთი რამ არის, რაც შეგვიძლია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ და უცხოელებს თავი მოვაწონოთ.

- სოსო, ნინი შენს ოჯახში ცხოვრობს?

- აქ იმდენი მეგობარი ჰყავს, რომ ჩემამდე არც უშვებენ. ისე კი, ხშირად მსტუმრობს.

- როგორც ვიცი, ამერიკაში ერთ-ერთ სპექტაკლში მონაწილეობ...

- დიახ. ხათუნა იოსელიანმა "თეთრი ბაირაღები" დადგა, რომელშიც ემიგრანტი მსახიობები ვმონაწილეობთ. აქ მხოლოდ შემოქმედებითი ცხოვრებით ვერ გაიტან თავს და ამიტომაც, სხვა სამსახურითაც ვარ დაკავებული... ამას წინათ ჩემს სიმღერაზე კლიპის გადაღება შემომთავაზეს. ჰოდა, მერე "ფერარის" კომპანიამ ეს კლიპი თუ იყიდა, მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდები (იცინის). საერთოდ, უცხოელებს ამერიკაში გზის გასაკვლევად ორმაგი წვალება სჭირდებათ, მაგრამ ქართველები ნიჭიერები ვართ და ყველანაირ გზას იოლად ვიკვლევთ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება