რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე

რატომ ამბობს ხატია ბრაჭული უარს ეროტიკულ როლებზე

სერიალის - "მედიარი" ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ხატია ბრაჭული ამბობს, რომ სერიალზე მუშაობის შეწყვეტის ამბავი მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო ფაქტი იყო. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ამას როგორც ტრაგედიას, ისე არ აღიქვამს. ფიქრობს, რომ ზოგჯერ ასეთი "ჩავარდნებიც" ხდება და ეს დრო აუცილებლად, საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითგანვითარებისთვის უნდა გამოიყენო.

ამჯერად, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ხატიას ირაკლი კაკაბაძის ფილმში - "კაცების კინო" იღებენ; როლი მისცეს თავისუფალ თეატრშიც და როგორც ამბობენ, იანვარში სერიალზე - "მედიარი" მუშაობაც განახლდება. ასე რომ, ვფიქრობ, ხატიას, ჯერ კიდევ სტუდენტის, მაგრამ უკვე საკმაო კინოროლების შემსრულებელი მსახიობის წარმატების ფორმულა გასათვალისწინებელია...

- მიუხედავად იმისა, რომ შენს პროფესიაში ჯერ მწვერვალები არ დაგიპყრია, 21 წლის ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული ხარ...

- ჯერ კიდევ ბაღის ასაკში ვამბობდი, - ცნობილი მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. ასაკის მატებასთან ერთად, მიზნის მიღწევის სურვილი უფრო მეტად გამიმძაფრდა. თეატრალურ უნივერსიტეტში სკოლის დამთავრებიდან პირველსავე წელს ვერ ჩავაბარე, სამაგიეროდ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, თურქოლოგიაზე მოვეწყვე; მეორე წელსაც ვცადე ბედი, მაგრამ სამსახიობოს ნაცვლად, კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი; მიუხედავად ყველაფრისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია და ოცნება მესამე წელს ავისრულე...

- როგორ ფიქრობ, სერიალში - "მედიარი" როლზე რატომ დაგამტკიცეს? ამას რას მიაწერ - განსხვავებულ გარეგნობას, გამორჩეულ სამსახიობო მონაცემებს, გამართლებას თუ სამივეს ერთდროულად?

- ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მანამდეც სულ იმას ვცდილობდი, ამა თუ იმ კასტინგში მიმეღო მონაწილეობა. ირაკლი კაკაბაძემ პირველად თეატრალურში, გამოცდაზე მნახა და სხვა ბავშვების ტელეფონის ნომერთან ერთად, ჩემიც ჩაიწერა. მერე "ღამის შოუს სტუდიიდან" დამირეკეს, მაგრამ კასტინგზე არ მივედი, რადგან მეგონა, არ ამიყვანდნენ. მოგვიანებით ისევ დამირეკეს. აი, მაშინ კი გადავწყვიტე, ეს შანსი გამომეყენებინა. თავდაპირველად ქეთას როლზე "გამსინჯეს", მაგრამ მარიკას როლზე დამამტკიცეს. როგორც თავად აღნიშნეს, ჩემი სამსახიობო მონაცემებითა და გარეგნობით დაინტერესდნენ.

- ძალიან ხშირად ლაპარაკობ შეყვარებულზე. ამბობენ, არ ღირს პირად გრძნობებზე ხმამაღლა საუბარიო...

- (მაწყვეტინებს) საერთოდ, ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და საკუთარ გრძნობებზეც ამიტომ ვლაპარაკობდი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უკვე 7 თვეა, რაც შეყვარებულს დავშორდი.

- საყვარელმა ადამიანმა რაიმეში რომ შეგზღუდოს, ამას გააპროტესტებ? მომავალმა მეორე ნახევარმა არჩევანის - ან სამსახური, ან ოჯახი - წინაშე რომ დაგაყენოს, რომელს აირჩევ?

- ვერ ვხვდები, საყვარელ ადამიანს შენ გამო პროფესიის დათმობა რატომ უნდა მოსთხოვო? მართალია, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლები რაღაცებს კი არ მიკრძალავენ, არამედ პირიქით, ყველაფერში ხელს მიწყობენ. ვფიქრობ, განათლებული ადამიანი მსგავს მოთხოვნებს არასოდეს წამოგიყენებს. ერთადერთი, რაზეც მის გამო უარის თქმას შევძლებდი, ეროტიკულ სცენებში მონაწილეობაა.

- როგორ ფიქრობ, რა არის ქალისთვის ყველაზე მთავარი - წარმატებული კარიერა თუ დალაგებული პირადი ცხოვრება?

- ვფიქრობ, ქალისთვის ყველაზე მთავარი მაინც, დედობაა. თუმცა, ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ დიასახლისი; მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე.

- როგორც ვიცი, სერიალის გადაღებების გამო უნივერსიტეტის გაცდენა გიწევდა, ამან კი პრობლემები შეგიქმნა...

- მსახიობის პროფესიას თან სდევს მუდმივი შური. არაჯანსაღი დამოკიდებულება მსახიობებს შორის უნივერსიტეტშიც იგრძნობა. პატარ-პატარა მიზეზებმა დიდი პრობლემა შემიქმნა. არც ისეთი ძლიერი ვარ, რაღაცებზე გული რომ არ მეტკინოს. გამოგიტყდებით და იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, საერთოდ წამოვსულიყავი უნივერსიტეტიდან. თუმცა, მოგვიანებით გავაანალიზე, რომ იქ მოხვედრისთვის მართლა ბევრი ვიწვალე და კონკრეტული ადამიანების გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ღირდა. გამოსავალი სხვა ჯგუფში გადასვლა იყო. გული მწყდება, რომ ასე მოხდა. მე და ჩემი ძველი ჯგუფის რეჟისორი ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და სამწუხაროა, რომ ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტით დასრულდა... სერიალზე მუშაობისას უდიდესი გამოცდილება მივიღე. ასე რომ, სანანებელი ნამდვილად არაფერი მაქვს.

- ფსიქოლოგიურად თუ ხარ მზად საიმისოდ, რომ ამა თუ იმ სირთულეს გაუმკლავდე?

- ფსიქოლოგიური სტრესი და წყენა თეატრალურში ჩაბარებისთანავე მქონდა. გითხარით, რომ სუსტი ვარ, მაგრამ ამასთანავე, ბრძოლისუნარიანი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: უნივერსიტეტში კარგი როლი მომცეს. ერთ დღეს მოხდა ისე, რომ ვერ მივედი. ჰოდა, სტუდენტებმა ეს გააპროტესტეს და შესაბამისად, ჩემი როლი სხვას ერგო. ასეთ შემთხვევებს განვიცდი, ვტირი კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერს ვაანალიზებ და ვხვდები, რომ მსგავს რაღაცებზე ამდენი ნერვიულობა უბრალოდ, არ ღირს!

- რაიმე ცრურწმენის თუ გჯერა?

- მსახიობებში გავრცელებულია ერთი ასეთი ცრურწმენა: თუ ფურცელზე დაწერილი როლი დაგივარდა, აუცილებლად უნდა აიღო და სამჯერ დააჯდე (იცინის). ამის მეც მჯერა.

- ავთო ვარსიმაშვილმა ბევრი როლი მოგარგო. როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე მისი სიმპათია?

- შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ავთო ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, რადგან ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. ნათქვამი აქვს, რომ თავიდან ჩემი გარეგნობა მოხვდა თვალში და რომ მე, როგორც მსახიობს, შემიძლია ბევრს მივაღწიო. ახლა რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ბედი თეატრშიც უნდა ვცადო. ჰოდა, თავისუფალი თეატრის ახალ სპექტაკლში - "ზღაპარი" მეც ვმონაწილეობ.

- მსახიობები ხშირად ხდებიან საკუთარი გარეგნობის მსხვერპლი: ზოგიერთ მათგანს მუდმივად ტრაგიკული, ზოგს კი მხოლოდ კომიკური როლების შესრულებას ანდობენ...

- ჯერჯერობით, რაც კი მითამაშია, ყველა როლი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; შესრულებული მაქვს როგორც სერიოზული, ისე არასერიოზული როლები. ასე რომ, ამ მხრივ არც ბედს ვუჩივი და არც - რეჟისორებს (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, პროფესიონალმა მსახიობმა უარი არც ერთი როლის შესრულებაზე არ უნდა თქვას?

- ვფიქრობ, მსახიობს ნებისმიერი როლის მორგება უნდა შეეძლოს. რაც შეეხება თამამ სცენებს, საქართველოში ამას არ აღიქვამენ როგორც ესთეტიკას, რაც ვფიქრობ, მცდარი მოსაზრებაა. ამჟამად, ეროტიკულ როლებზე უარს ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. როცა პროფესიულად გავიზრდები, შესაძლებელია, ასეთ როლშიც მიხილოთ, მაგრამ გააჩნია რეჟისორს, ფილმის შინაარსს და ა.შ. მართალია, ეს არის მარტივი გზა პოპულარობისკენ, მაგრამ მე მირჩევნია საზოგადოებას ღირებული როლებით დავამახსოვრდე და არა - საკუთარი სხეულის დემონსტრირებით.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება