თამარ ივერი: არ მეგონა, თუ ჩემს რეჟიმს მამაკაცი აიტანდა, რომელიც არც ეჭვიანი იქნებოდა და არც მძიმე ხასიათის

თამარ ივერი: არ მეგონა, თუ ჩემს რეჟიმს მამაკაცი აიტანდა, რომელიც არც ეჭვიანი იქნებოდა და არც მძიმე ხასიათის

მსოფლიო სოპრანოს, თამარ ივერს თბილისში შინ ვესტუმრე, სადაც ორი მშვენიერი ქალბატონი, თავად თამარი და მისი დედა, ქალბატონი მერი ყიფიანი დამხვდნენ. ინტერვიუს ჩაწერას მომღერლის საყვარელი პეკინესი, სისიკოც დაესწრო...

- ეს წელი ჩემთვის ნაყოფიერი იყო, გამოსვლები მქონდა: ლასკალაში, ტულუზაში, საფრანგეთში... ამასთან, გავთხოვდი კიდეც. ჩემი მეუღლე, მოჭიდავე რაულ ცხადაძე ტოსკანის, ქალაქ ვენის და ზემო ავსტრიის მხარის ჩემპიონია. სანამ საცხოვრებლად იტალიაში წავიდოდა, 2001 წლის საქართველოს ჩემპიონი გახლდათ... ქორწილის შემდეგ დასვენებისა და განტვირთვის ლამაზი თვეები ბათუმში გავატარეთ...

სექტემბერში კი სტრასბურგში, "ზენიტის" დარბაზში ვიმღერე, ვერდის "რეკვიემი" სპეციალური განათებისა და სპეცეფექტების თანხლებით შევასრულე. ეს იყო უჩვეულო და ულამაზესი სანახაობა. ბერლინში "დონ კარლოსი" ბრწყინვალე შემადგენლობასთან ერთად შევასრულე, თუმცა, თავად სპექტაკლი, ცოტა სკანდალური გახლდათ: ფილიპ II, ესპანეთის დიქტატორი მეფე ოჯახის წევრებთან ერთად მაშინ სადილობს, როცა მის წინ სიკვდილმისჯილების წინასასიკვდილო რიტუალი სრულდება. სიკვდილმისჯილები თოკებზე გამობმულები შიშვლები (სამი მამაკაცი და ორი ქალი) იყვნენ. მოგვიანებით, მათ ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ჩემი პერსონაჟი - დედოფალი, ელიზაბეტ ვალუა ამ ყველაფერს არ ეთანხმება და პროტესტს აცხადებს. შიშველი ადამიანების ცქერისას პარტიის შესრულება ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ჩემთვის ერთგვარი შოკი იყო. ამ სცენამ პუბლიკაც დათრგუნა, მაგრამ საბოლოოდ მოეწონათ... ამჟამად ვერდის "ბალმასკარადს" ვამზადებ და ავსტრალიაში მივემგზავრები. ამ სპექტაკლით აღნიშნულ ქვეყანაში და თეატრშიც, სადაც უნდა ვიმღერო, დებიუტი მექნება. ცოტა კი მეშინია, რადგანაც 2-3 დღე მგზავრობა მელის. ავსტრალიაში საათშიც განსხვავებაა და წელიწადის დროშიც - ახლა იქ ზაფხული იწყება. ერთი თვის განმავლობაში რეპეტიციებს მელბურნში გავივლით, შემდეგ კი სპექტაკლებისთვის სიდნეიში გადავალთ. სიდნეის თეატრში საახალწლო კონცერტზე მიწევს გამოსვლა. გასტროლები მაქვს ტულუზაში, შემდეგ დებიუტი დანიაში, სადაც ვმღერი სპექტაკლში "მონაზონი ანჟელიკა". ბევრი სოპრანო უარს ამბობს ამ როლზე, რადგან ემოციურად რთული შესასრულებელია... მაქვს ასევე სოლო კონცერტი პარიზში. შემდეგ ისევ ტულუზაში მაქვს გამოსვლა...

- დღევანდელი გადასახედიდან ალბათ ბედნიერი ხართ, რომ თავის დროზე ეს პროფესია აირჩიეთ, მაგრამ ოდესმე ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ არჩევანში შეცდით?

- როცა ჯანმრთელად ხარ, 7-8 სპექტაკლს უპრობლემოდ ჩაატარებ, მაგრამ სიტუაცია მაშინ რთულდება, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გაქვს. ხანდახან არის პერიოდები, როცა დასუსტებული ხარ ავადმყოფობის გამო ან უბრალოდ, ფორმაში არ ხარ. ზოგჯერ, ასეთ დროს მიფიქრია: ღმერთმა დალახვროს, რატომ ავირჩიე ეს პროფესია-მეთქი?..

- ხმის ჟღერადობაზე ამა თუ იმ კონცერტზე თქვენი განწყობილება თუ მოქმედებს?

- თუ დარდი გაქვს, ან ვინმეზე ნაწყენი ხარ, ძნელია იმღერო, თუმცა უფლება არ გაქვს, ეს ნამღერს დაეტყოს. ასე რომ, ბევრი ჩრდილოვანი მხარე აქვს ამ პროფესიას... თუმცა, თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც ამ პროფესიას ავირჩევდი.

- როგორც ცნობილია, დედას, მერი ყიფიანს და მამას, ავთანდილ ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვით ახლა უკვე თამარ ივერის საოპერო მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში...

- მამა, ავთანდილ ჯავახიშვილი, ოპერის თეატრის ცნობილი ბარიტონი და ამ სფეროში უგანათლებულესი ადამიანი იყო, "მისტერ ენციკლოპედიას" ეძახდნენ. ბავშვობიდან საოპერო მუსიკის მოსმენით გამზარდა; ჩემი პირველი პედაგოგი და მრჩეველი გახლდათ. 19 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ამ ფაქტმა გამანადგურა, აღარც კი ვაპირებდი სიმღერის გაგრძელებას, მაგრამ ეს საქმე ისევ იმაზე ფიქრმა შემაძლებინა, რომ თავად მამას ოცნება იყო მემღერა... დღემდე, სადაც უნდა ვმღეროდე, მგონია, რომ დარბაზიდან მისმენს. მეუბნებოდა: როცა სცენაზე დგახარ, უნდა გახსოვდეს, რომ ერთი თამრიკო მღერის და მეორე დარბაზიდან გისმენს - შენს თავს გარედან უნდა შეხედო; ხელის მოძრაობას, მზერას სულ უნდა აკონტროლებდე, რადგან ხელის ერთმა ზედმეტმა მოძრაობამ, შესაძლებელია, ტრაგედია კომედიად გადაგიქციოსო... მამის საფლავზე ავდივარ ხოლმე და მას ჩემი პროფესიული სიახლეების შესახებ ვუყვები... მადლიერი ვარ ასევე დედის. მისი მამაც საოპერო მომღერალი გახლდათ. თავის დროზე დედაჩემსაც ოპერის მომღერლობისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ბავშვობაში გადატანილმა ავადმყოფობამ ყელი დაუზიანა, რამაც მისი ბედიც გადაწყვიტა - დიდ სცენაზე ვეღარ იმღერა. ამიტომ, მან თავისი ოცნება ჩემი მომღერლობით აიხდინა.

- ბავშვობაში გამუდმებული მეცადინეობა არ გბეზრდებოდათ?

- იცით, იყო პერიოდი, როცა მეგობრებთან გართობა მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა. რაღაც პერიოდში არ დავემორჩილე მკაცრ რეჟიმს და მეგობრებთან ერთად ვერთობოდი. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ საქმე, რასაც ვეჭიდებოდი, უფრო დიდი იყო, ვიდრე მეგობრებთან ერთად გართობა და ხშირად უაზრო დროს ტარება...

- ოჯახი გვიან შექმენით, ეს თქვენი პროფესიის ბრალია?

- ნამდვილად. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლები არ მყოლია. სიყვარულიც ყოფილა, მაგრამ ამას თან ახლდა ჩემი თაყვანისმცემლების პრინციპები: შეწყვეტ სიმღერას... საქმე თანაცხოვრებამდე არასოდეს მისულა. ადრე თუ გვიან, ისინი გრძნობდნენ, რომ ჩემი ცხოვრებით ვერ იცხოვრებდნენ და ამის გამო მეც აღარ ვაღრმავებდი ურთიერთობას. ასე მგონია, იმ ადამიანებს ჩემში თამარ ივერი უყვარდათ და არა ჩემი პიროვნება, თანაც აინტერესებდათ თუ შევძლებდი და მათ გამო ყველაფერს დავთმობდი. რაულს კი პირველ რიგში ჩემში თამრიკო უყვარს და მერე მისი ხელოვნება. მას განსხვავებული მენტალიტეტი აქვს და ამით ბედნიერი ვარ... არ მეგონა, რომ ჩემს რეჟიმს მამაკაცი გაუძლებდა და აიტანდა; თუ შევხვდებოდი ისეთი ხასიათის ქართველ მამაკაცს, რომელიც ეჭვიანი არ იქნებოდა და არც მძიმე ხასიათის... გაცნობიდან 8 თვის შემდეგ მე და რაულმა თანაცხოვრება, 2 წლის შემდეგ კი დაქორწინება გადავწყვიტეთ. ასე რომ, მქონდა საშუალება, სრულად შემესწავლა მისი ფსიქოლოგია. 2-3-საათიანი შეხვედრებისას შეიძლება ითამაშო, თანაცხოვრებისას კი ეს გამორიცხულია. ის სულ იმაზე ზრუნავს, რომ კარგ ფორმაში ვიყო. ოდნავ არ მიგრძნია მისგან, რომ რამით დაიღალა, არაფერში შევუზღუდივარ...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი შესაძლებლობების რამდენი პროცენტია დღემდე რეალიზებული?

- არის დაახლოებით ათი-თხუთმეტი როლი, რომელიც ჯერ არ შემისრულებია. მათი შესრულების გარეშე გამიჭირდება იმის თქმა, რომ რეალიზებული მომღერალი ვარ. მინდა, რეპერტუარი შევავსო, ევროპაში სოლო კონცერტები მოვაწყო, კომპაქტ-დისკი ჩავწერო. ვიტყოდი, რომ ჯერ ჩემი შესაძლებლობების 60 პროცენტი მაქვს ათვისებული...

- პირველად საზღვარგარეთ ჩასულს არ გაგიჭირდათ გარემოსთან შეგუება?

- გრაცის თეატრში ერთი ჩემოდნით ჩავედი, სადაც სოლისტად ამიყვანეს. ისიც არ ვიცოდი, რომ ბინაზე ჩასვლამდე უნდა მეზრუნა და ერთ-ერთ მომღერალს რომ არ შევეკედლებინე, ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. მოგვიანებით, ბანკის კრედიტით ბინა ვიქირავე და მცირე ავეჯი შევიძინე. პირველი წლები მართლაც ძალიან მძიმე იყო...

- დაღლილობის მოხსნაში რა გეხმარებათ?

- სახლში დიდხანს ყოფნა არ მიყვარს, ამით უფრო ვიღლები. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვაა, როცა გამოვეწყობი და ცენტრალურ ქუჩებში შოპინგზე დავდივარ. შეიძლება ძალიან უმნიშვნელო ნივთი ვიყიდო, მაგრამ გულს უხარია (იცინის). ამ დროს თუნდაც სიარულით დაღლაც სტრესს მიხსნის. ამასთან, ჩემი მეუღლე სპორტსმენია და საოცარი სხვადასხვა ტიპის სტრესის მოსახსნელი მასაჟი იცის...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება