დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ

დათუნა მგელაძე - კლუბებში გართობა მიზიდავს, თუმცა ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ

მომღერალ დათუნა მგელაძეს დედის მიერ შერჩეული სამოსი ადრეულ ასაკშივე გაუპროტესტებია და შესაბამისად, ბავშვობიდანვე იმას იცვამს, რაც თავად მოსწონს. დათუნამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რამდენიმე სუნამო და სათვალე მანქანაში ყოველთვის აქვს...

- გარეგნობაზე ზრუნვა 4-5 წლისამ დავიწყე: საბავშვო ბაღში შეყვარებული მყავდა და არ მომწონდა, დედა "მიკი მაუსის"-ნახატიან ჯემპრს რომ მაცმევდა. ჰოდა, ერთხელაც საკიდრიდან სხვისი ქურთუკი ჩამოვხსენი და ჩავიცვი, რის გამოც ერთი ამბავი ატყდა... მას შემდეგ, დედა იმას მაცმევდა, რაც მინდოდა. სკოლაშიც ჩემი შერჩეული სამოსით მივედი. ახლა დილით, შინიდან გასვლამდე, მოსაწესრიგებლად დაახლოებით, საათ-ნახევარი მჭირდება. ძირითადი დრო იმაზე ფიქრში გადის, თუ რა ჩავიცვა. შეიძლება, შერჩეული სამოსი არ მომეწონოს, გამოვიცვალო და ა.შ.

შოპინგი და თეთრი კედი

- შოპინიგი საქართველოშიც მიყვარს, მაგრამ საზღვარგარეთ ყოფნისას, მაღაზიებში გაუჩერებლად სიარული შემიძლია. დაღლის შეგრძნება არა მაქვს. ბევრი ისეთი სამოსიც მიყიდია, რომელიც არასოდეს ჩამიცვამს და რატომ ვიყიდე, ვერ ვხვდები. შავ-თეთრი სამოსი განსაკუთრებულად მიყვარს. ასევე, მწვანე მომწონს. ფეხსაცმლის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ის კომფორტული იყოს. რატომღაც, ბავშვობიდან თეთრი კედი მომწონს. როცა გასტროლზე მივდივარ და დანიშნულების ადგილზე მისული ფეხსაცმელების ამოლაგებას ვიწყებ, იქ ძირითადად, სულ თეთრი კედები დევს (იცინის).

აქსესუარები

- ყოველდღიურად ჯვარს ვატარებ. მამაომ საეკლესიო ბეჭედი მაჩუქა, რომლის გარეშე შინიდან არ გავდივარ.

სათვალის დიდი კოლექცია მქონდა. სამწუხაროდ, ნელ-ნელა მცირდება - რამდენიმე სათვალეღა დამრჩა. უცნაურია, მაგრამ 2 კვირაში თითოს მაინც ვკარგავ. როცა შესაფერისი ამინდია, სახლიდან სათვალის გარეშე არ გავდივარ. საათიც მიკეთია ხოლმე, მაგრამ თუ შინ დამრჩა, მის გამო უკან არ მივბრუნდები.

ვარცხნილობა

- იყო პერიოდი, როცა ძალიან გრძელი თმა მქონდა. სამწუხაროდ, ეს ჩემი სურვილი არ იყო: ავარიაში რომ მოვყევი, წოლითი რეჟიმი დამინიშნეს და თმა მაშინ გამეზარდა. სხვათა შორის, ძალიან მომწონდა. ყველა მეუბნებოდა, - გიხდებაო. ახლა ვცდილობ, თმა ისევ გავიზარდო. თუმცა, სალონში ხშირად დავდივარ. ჩემი სტილისტი მყავს, რომელსაც ვენდობი. მან ზუსტად იცის, რა მინდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი სტილისტი მეუბნებოდა, - ცოტა გახუნებული თმა მოგიხდებაო. თმა ჯერ არ შემიღებავს და არც შევიღებავ! ჩემი თმის ბუნებრივი ფერი მომწონს.

ვარჯიში და დიეტა

- სამწუხაროდ, ოპერაციის გაკეთება ხშირად მიწევდა, რის მერე 3-4 თვე ფიზიკური დატვირთვა მეკრძალებოდა. ახლა სპორტდარბაზში სიარულს ისევ დავიწყებ, აბონემენტი უკვე ავიღე.

ბოლო დროს წონაში ძალიან მოვიმატე - ჩემს ნორმალურ წონას 5 კილოგრამით ავცდი. ეს ერთი შეხედვით, არ მეტყობა, მაგრამ საკუთარი თავი ეკრანზე რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და სასწორზე შევდექი (იღიმის). თუმცა, ისე არასოდეს გავსუქებულვარ, რომ დიეტა დამეცვა და სალათის ფურცლების ჭამა დამეწყო.

საქმე

- ჩემი ძირითადი საქმე სიმღერაა, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობ. ისე კი, პროფესიით მსახიობი ვარ - თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. არ ვნანობ, მსახიობის კარიერას მომღერლობა რომ ვარჩიე.

ახლა მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. 3-4 სიმღერაღა დამრჩა ჩასაწერი, შემდეგ კი ალბათ, ღვთის წყალობით, ის დღეც დადგება, როცა საკუთარი ალბომი მექნება. ერთ-ერთ სიმღერაზე, რომლის ავტორი ვაჟა ტუღუში გახლავთ, კლიპს ვიღებთ. ალბათ, საახალწლო დღესასწაულების მერე გამოვა.

ოჯახი

- მყავს დედ-მამა - მარინა და ვახტანგ მგელაძეები. დედა რუსული ენის პედაგოგია და ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის, მამა კი ეკონომისტი გახლავთ, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. ჩემი დაიკო - მაია ბუღალტერია. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღერის. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემს საქმეს ვაკეთებ და ფულს ამით ვშოულობ. ჩემი დაიკო რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სხვა სფეროში ვიმუშავებდი.

გართობა

- კლუბებში გართობა მიზიდავს. ვერ გეტყვი, - ცეკვა მიყვარს-მეთქი, მაგრამ ხალხმრავლობა და კლუბური სიტუაცია მომწონს. თუმცა, ამ ბოლო დროს ვღიზიანდები, ყველგან რომ ერთსა და იმავე ხალხს ვხედავ. ჰოდა, ვცდილობ, მეგობრები შემოვიკრიბო და მათთან ერთად გავერთო.

ჩემი ჰობი კალათბურთი და ნადირობა გახლავთ.

კალათბურთი ბავშვობიდან მიყვარს - 6 წელი ვთამაშობდი. კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებ, მეგობრებთან ერთად კალათბურთი ვითამაშო. ეს ძალზე მამშვიდებს. სხვათა შორის, ძალიან ცუდადაც არ ვთამაშობ, მოყვარულ კალათბურთელებს ღირსეულ მეტოქეობას გავუწევ... ნადირობაც მომწონს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ სანადიროდ წასული შინ იმავე დღეს ვერ ვბრუნდები - 2 დღე მაინც მჭირდება. მნიშვნელოვანი ნანადირევი ჯერ არ მქონია, მაგრამ ახლა ტახზე სანადიროდ წასვლას ვაპირებ და იმედია, ხელცარიელი არ დავბრუნდები (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება