ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია

ნინო ჩხეიძე - ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია

"ახალი ქართული ხმა" ეთერში გასვლის დღიდანვე საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ვიღაცას ერთი მწვრთნელი არ მოსწონს, ვიღაცას - მეორე, სხვა ფიქრობს, რომ მწვრთნელების მიერ შესრულებული სიმღერა Crazy ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, მეორე მხრივ, მოჭარბებული ადრენალინი ამ პროექტს მაყურებლის გარეშე მაინც არ ტოვებს და თანაც, რამდენიმე საკმაოდ ძლიერი მონაწილეც გამოიკვეთა, ვისთვისაც ღირს გადაცემის ყურება.

ნინო ჩხეიძე ერთ-ერთია მწვრთნელებს შორის, რომელსაც თავისი კონკურსანტების რეპერტუარზე, ვოკალზე, ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე უწევს ფიქრი და ამასთანავე, მლანძღველთა ფართო მასების შეტევების მოგერიებაც.

- ინტერნეტში თქვენი ნამღერი Crazy დადეს და ამერიკელი მწვრთნელების ნამღერს ადარებდნენ, ინგლისურიც დაგიწუნეს...

- როდესაც ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ძალიან პოპულარული პროექტია, ჩვენთან ნაკლებად იცოდნენ. სიამოვნებით დავთანხმდი, მეგონა, მარტივი იქნებოდა, გავიპრანჭებოდი და წამოვიდოდი. როდესაც დავიწყეთ ბრმა კასტინგების ჩაწერა, მივხვდი, რასთან გვექნებოდა საქმე და კარგად გავიაზრე. ბევრი კრიტიკა წამოვიდა ჩემ მიმართ. მინდა, დათო იმედაშვილს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ამ პროექტმა ძალიან გამზარდა. რვა წელია შოუბიზნესში ვარ და მეგონა, ყველაფერი ვიცოდი ამ სფეროზე და ასე თუ ისე, ყველაფერს ვაკონტროლებდი, მაგრამ ისეთი შოუბიზნესი, როგორიც ამ პროექტში ვნახე, არსად მინახავს. ვგულისხმობ შიდა დაძაბულობას, კონკურენციას, კონფლიქტებს, დაუნდობელ ბრძოლას მონაწილეებს შორის. ასეთივე ბრძოლაა მწვრთნელებს შორის. ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები, რომლებიც ახლა ბევრ რამეში მეხმარებიან და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ კონკურენცია დიდია, რადგან ყველა დიდ შრომას დებს ამ პროექტში. წარმოუდგენელია, რომ არ გინდოდეს მოგება და ამ შრომის დაფასება, ჩემი დილა იწყება "ახალი ქართული ხმით" და ღამის ოთხ საათზე მთავრდება. აქამდე ჩემს კოლეგებთან ასეთი ახლო შეხება არ მქონია. ახლა სულ ერთად ყოფნა გვიწევს. თავიდან ასეთი სიტუაცია იყო, მაიას არ მოსწონდა ჩემი მუსიკა, ზოგადად ჩამოუყალიბებელი ვიყავით, რა დამოკიდებულება გვქონდა პროექტის მიმართ. პირველ ბრმა კასტინგზე მივხვდი, რომ მჭირდებოდა პროფესიონალების დახმარება. ამ კონკურსის ფორმატს მე, როგორც მუსიკოსი, არ ვერგები და არც მაქვს ეს ამბიცია. მე აქ ვარ, როგორც კარგი პროდიუსერი, რომელმაც აიყვანა თავისი ჯგუფი, რასაც პროექტი ითვალისწინებს. აქ არიან მუსიკოსები, დიზაინერები, მეხმარება სალონი და ესთეტიკის ცენტრი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მეც, როგორც მომღერალს, მჭირდება შოუბიზნესში. არ მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეს რაიმე უნდა ვასწავლო. შემიძლია, დავაკვალიანო და ჩავაბარო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს შოუბიზნესში კომპეტენტურები არიან.

ყველას, ვინც მლანძღავს, პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვარ იმ ჟანრის მომღერალი, რომელიც Crazy-ს შეასრულებს ინგლისურ ენაზე. უბრალოდ, ფორმატი ითვალისწინებდა ამას. ყველას შევედავები, რომ მაია დარსმელიძემ შესაძლოა, უფრო უკეთესადაც კი შეასრულა ეს სიმღერა, ვიდრე ორიგინალშია შესრულებული. წამოვიდა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, რაც ძალიან გაუგებარია. სანამ გამლანძღავთ, მანამდე უნდა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სიმღერა აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. როგორც შემეძლო, ისე ჩავწერე. უკვე აღარ მეცინება ამ ლანძღვაზე, თუმცა ამ პროექტმა, ლანძღვასა და კრიტიკასთან ერთად, ჩემი რეიტინგიც ასწია. ისე ვარ ჩართული შოუბიზნესში, როგორც არასდროს. ასეთი მობილიზებული არასდროს ვყოფილვარ.

- კონფლიქტებზე მინდა გკითხო, სტეფანემაც, მაიამაც და დათომაც ზოგ შემთხვევაში გითხრეს, რომ მონაწილეებისთვის ესა თუ ის სიმღერა არ უნდა შეგერჩია. ასეთი შეფასებები არ გწყინს ხოლმე?

- რაც ტელეეკრანზე არ ჩანს და მაყურებლისთვის უხილავი რჩება, არის ის სტრესი და დაძაბულობა, რასაც ყველა მწვრთნელი განვიცდით. შემიძლია, დავდო თავი, რომ სტეფანე, რომელიც ჩემი მეგობარია, ცუდად არაფერს მეუბნება. გარდა პასუხისმგებლობისა, რომელიც კონკურსანტის წინაშე გაქვს, დიდი სტრესია ასევე, შენი ნამუშევარი რომ გამოდის საზოგადოების წინაშე. გეშინია, კონკურსანტმა არ ინერვიულოს და შენც ნერვიულობ.

- რეპერტუარს კონკურსანტებს შენ ურჩევ?

- მეც ვაძლევ რჩევებს, მაგრამ რინგზე მაია კაჭკაჭიშვილმა და გელა გნოლიძემ შეარჩიეს. ფინალისთვის ამაში ზაზა ხუბუკელაშვილიც ჩაერთო, ვითვალისწინებ მონაწილეების აზრსაც, რადგან მინდა, თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც კონკურსანტს უნდოდა თავისი შერჩეული სიმღერის შესრულება და მე ვუთხარი, თავს დავდებ, რომ ამ სიმღერით ესემესებს ვერ მიიღებ-მეთქი. ის სიმღერა ორმხრივი შეთანხმებით შევცვალეთ. არ მინდა, ჩემი კონკურსანტი დავძაბო. ყველა ძალიან მიყვარს. ვამბობდი, ერთ შვილს ვერ ვუვლი წესიერად და 14 ავიყვანე გაზრდილი-მეთქი (იცინის).

- გავიგეთ, რომ ინდირა ჯგერნაია შენი გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა...

- იქაც ვთქვი და ახლაც არ ვმალავ, ინდირა რომ ავიყვანე, მისი იმედი მქონდა ფინალში და რეპერტუარიც გათვლილი მქონდა. ყველას ეშინოდა მასთან რინგზე დადგომის. როდესაც სოფო საჟინიანი დავუყენე, სოფო ორი დღე ტიროდა, ვიცი, გავარდნილი ვარო. მე ვუთხარი, თუკი აჯობებ, შემდეგ ტურში აუცილებლად გადაგიყვან-მეთქი. მან მაქსიმუმი გააკეთა. ინდირას ხმა ღვთის საჩუქარია, მას გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის რეპეტიციებზე არ დადიოდა. ამის გამო სოფო ვერ სწავლობდა სიმღერას. ვურეკავდით ინდირას, რომ ჩამოსულიყო. ქუთაისიდან დადიოდა და ყოფითი პრობლემები ექმნებოდა, მაგრამ როგორც მწვრთნელს, მქონდა ყველანაირი უფლება, ამ არასტაბილურობის გამო, რაც კონკურსის მონაწილისთვის მიუღებელია, უკმაყოფილო ვყოფილიყავი. რინგის სიმღერა ორ დღეში მოვამზადეთ. ინდირას ვპატიობდი ამას, რადგან ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ რინგზე სოფომ მაქსიმუმის მაქსიმუმი აჩვენა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მუხტი იყო და სხვანაირად ისმოდა ხმა დარბაზში. ყველა დამეთანხმება, ვინც ჩაწერას ესწრებოდა, სოფოს უპირატესობა აშკარა იყო. ინდირა მწერდა, ამიხსენი, რატომ თქვი, რომ უფლება არ გქონდა, სოფო არ გადაგეყვანაო. უფლება არ მქონდა იმიტომ, რომ სოფო მართლა ახალი ხმაა, ბევრი რამ გააკეთა და შევპირდი, რომ ამ შემთხვევაში გადავიყვანდი. არ ვნანობ. არაფერში არ ვჭირდები ინდირას. ინდირა ჩემზე კარგი მომღერალია, თავის გზას აუცილებლად ნახავს, სოფოს კი ძალიან ვჭირდები. მისი იმედი მაქვს ფინალამდე.

- როგორ ფიქრობ, შენი რომელიმე კონკურსანტი შეძლებს გამარჯვებას?

- არა მხოლოდ ერთზე, ბევრზე ვფიქრობ. ოთხის იმედი მაქვს. იმ დღეს ვფიქრობდი, რომ ეს არის კონკურსი, სადაც ვერ გათვლი, ვინ გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ამიტომაც დავტოვე სხვადასხვა ტიპის კონკურსანტები.

- არ გეშინია მწვრთნელების?

- არა, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ყველას საკუთარი ხელწერა გვაქვს. თუ არ გაიმარჯვებს ჩემი კონკურსანტი, ვიტყვი, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა და მეორე სეზონში სხვა სტრატეგიას ავირჩევ. დღეს ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად კარგ პროდუქტებს შევქმნი ჩემს გუნდთან ერთად.

- ნინო, შენ მიმართ შუალედური დამოკიდებულება არ არსებობს, ან ძალიან გლანძღავენ, ან უყვარხარ.

- არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ გეთანხმები. ალბათ იმიტომ, რომ გამოკვეთილი ვარ ჩემი რეპერტუარით, არ ვბაძავ არავის და ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა. არ ვითვალისწინებ, რა არის იმ დროს "სვეტსკი". ისე ვიცვამ და გამოვიყურები, როგორც მე მინდა და არასდროს ვაკეთებ რამეს იმის გამო, რომ სხვას მოვეწონო და სხვის თვალში კარგი გამოვჩნდე. ალბათ ვინც მიგებს და ვისთანაც ახლოს არის ჩემი ქცევა, ლაპარაკის მანერა, მიმიკა თუ რეპერტუარი, მას ვუყვარვარ, ვისთვისაც არ არის ეს მისაღები, არ ვუყვარვარ.

- გამოჩნდა მომღერალი, ციური მჭედლიძე, რომელიც აცხადებს, რომ მიუგზავნე "სოდი" და "კუდი"...

- ბოლო პერიოდში იმდენი ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემ გარშემო, რომ რა კომენტარი გავაკეთო, არც კი ვიცი. ამ შემთხვევაში ჩემი კომენტარი მგონი, ზედმეტი იქნება. ეს თემა უკვე გამოვლილი მაქვს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მისი ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია და ზღაპრის ელემენტებს შეიცავს, ამაზე სერიოზულად ვერ ვუპასუხებ.

- აგრესიაზე თუ ვისაუბრებთ, სულ ამბობენ, რომ მეუღლის ფულით "გაიქაჩე". ამაზე გული არ გწყდება?

- არ დავბადებულვარ "შანელის" ეტლში, ყველანაირი ცხოვრება მაქვს გავლილი. დავიბადე სოლოლაკში, ჩვეულებრივ, ფეხზე დამდგარ ოჯახში, არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ 90-იან წლებში ეს ყველას გამოუვლია. მქონია პერიოდი, როდესაც პარიზში დავდიოდი, მაგრამ ამაში სალაპარაკოს ვერ ვხედავ. იცი, რა მწყინს ყველაზე მეტად? პოპულარულია იმიტომ, რომ ფული აქვსო, ჩემზე ამბობენ. შოუბიზნესის კანონია, რომ პოპულარობისთვის გარკვეული თანხის დახარჯვა გიწევს, მაგრამ ხალხს რომ უყვარხარ, მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში რომ ჩემი სიმღერა არის ჩართული, ეს აღარ არის ფულის დამსახურება. ძნელია იყო ხალხის საყვარელი ადამიანი, ამას ღმერთის საჩუქრად მივიჩნევ და გარკვეულწილად გამართლებაც არის. რაც მაქვს და რის გამოც ხალხს ვუყვარვარ, ძალიან გთხოვთ, ეს მაინც დამიტოვეთ. ამას წინათ "ფეისბუქზე" ვიღაცამ მომწერა, გახსოვს, სალონში დადიოდი და 10 ლარად თმას ივარცხნიდიო, მაგრამ ეს არ მეთაკილება და ახლაც წავალ ასეთ სალონში. მგონია, რომ ამდენი აგრესია არ უნდა იყოს. მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამას მწერს. 10 კაცს თუ ვუყვარვარ, მინდა ეს დამიტოვონ და არ თქვან, ამ 10 კაცს ფულის გამო უყვარსო (იღიმება).

- ნინო, გარკვეული ჯგუფის ანტიპათია შენს პოლიტიკურ შეხედულებებსაც ხომ არ უკავშირდება?

- არა მგონია, რადგან ჩემი შეხედულებები არასდროს დამიმალავს, თქვენც გიკითხავთ და მიპასუხია. ლოზუნგებით არასდროს გამოვსულვარ. ჩემი მოსაზრების გამო არავის გავუკიცხივარ. თუკი ზომიერების ფარგლებში გააკეთებ, არ გაგლანძღავენ. როგორც მე არ გამიკრიტიკებია არავინ პოლიტიკის გამო, იგივე მივიღე მეც. ყოფილა შემთხვევები, როცა რიგ სამთავრობო კონცერტებზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ამის გამო არ გავბოროტებულვარ და არ გავნაწყენებულვარ. არ ყოფილა ისე, რადგან ნინო ჩხეიძე ხარ, მობრძანდი და ყველა კარი ღიაა შენთვისო. ასე არც უნდა ყოფილიყო და არც მინდოდა ეს. ყველა კონცერტს თავისი ფორმატი აქვს და შესაძლოა, იმ პროგრამაში ვერ ჩაჯდე. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერში მაინც დადებითი უნდა ეძებო, ხალხიც დაისვენებს და ჩვენც (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება