საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა

საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ლუკა ყარმაზანაშვილით დაინტერესდა

საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი გოგონა ანასტასია პეტრიკი გახდა. ანასტასიას და საბავშვო "ევროვიზიაზე" 2008 წელს მონაწილეობდა, როდესაც "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველები წელსაც ფავორიტები იყვნენ, თუმცა ყველა წელს გამარჯვებულები ხომ რომ ვერ ვიქნებით. ქართველი ბავშვები უკრაინელ გოგონასთან დამეგობრდნენ და გამარჯვება პირველებმა მიულოცეს, ბავშვები ანასტასიას ძალიან გულშემატკივრობდნენ. მათ დამეგობრება რეპეტიციებზევე მოახერხეს, მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ, თან მათი ოთახები გვერდიგვერდ იყო. როგორც პროდიუსერ ნათია უზნაძესთან საუბრისას შევიტყვეთ, კონკურსანტი ბიჭები ქართველ გოგონებზე გადარეულან, გამარჯვებულ ანასტასიას კი ლუკა მოეწონა.

- საბავშვო "ევროვიზია" წელს მეათედ გაიმართა. საქართველომ ამ კონკურსში მეექვსედ მიიღო მონაწილეობა. ორჯერ გავიმარჯვეთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი ყოველთვის ხუთეულში ვიყავით.

- რატომ ხდება, რომ საბავშვო "ევროვიზიაზე" ყოველთვის წარმატება გვაქვს, დიდების "ევროვიზიაზე" კი გულდაწყვეტილები ვრჩებით?

- ეს ძალიან რთული კითხვაა. ორივე შემთხვევაში ბევრს ვშრომობთ. ვერასდროს იტყვი, რატომ გვაქვს წარმატება, ან რატომ არ გვაქვს. პატარების "ევროვიზიაზე" ცოტა ქვეყანა მონაწილეობს და ყოველ ჯერზე ძალიან ღირსეულად წარვდგებით ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ დიდების "ევროვიზიაზე" რომელიმე მონაწილე ცუდად წარდგა. ყოველთვის კარგი წარმომადგენლები გვყავს და მათით ვამაყობ. ზოგადად ძალიან რთულია, "ევროვიზიის" სცენაზე დადგე და იმღერო. წელს საბავშვო "ევროვიზია" ამსტერდამში "ჰეინეკენ მიუზიკ ჰოლში" ჩატარდა, ბავშვები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, რომ იდგნენ იმ სცენაზე, რომელზეც კონცერტი გაუმართავთ ბიონსეს, რიანას, ლედი გაგას, პინკს, ქეთი მელუას და სხვა ძალიან ცნობილ მომღერლებს.

- როგორ შეიქმნა THE FUNKIDS?

- წელს "საზოგადოებრივმა მა­უწყებელმა" შანსი მისცა ყველა ნი­ჭიერ მომღერალ ბავშვს, მონაწილეობა მოეღოთ კონკურსში. დაახლოებით 150 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის კი ოთხი შეირჩა, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ: ქეთი სამხარაძე, ელენე არაჩაშვილი, რომელიც ჯგუფში ყველაზე პატარა, მხოლოდ ათი წლისაა, ნინი დაშნიანი და ლუკა ყარმაზანაშვილი. გადაწყდა, შექმნილიყო ჯგუფი, რომელსაც დაერქვა THE FUNKIDS, ანუ მხიარული ბავშვები. მინდა აღვნიშნო, რომ ქეთი საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსში აქამდე ორჯერ მონაწილეობდა. ჯგუფის შექმნის შემდეგ გიგა კუხიანიძემ მათ მისცა დავალება, დაეწერათ რაზე უნდოდათ, სიმღერა ყოფილიყო. რამდენიმე ვერსია ჩამოწერეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სიმღერა ყოფილიყო ლიმონათზე, იმიტომ, რომ ლიმონათი უყვარს ყველა ბავშვს. ჯგუფის წევრების ვიზუალზე იზრუნა მარიკა ქურდობაძემ, რომელიც უკვე ოთხი წელია, ჩვენთან ერთად მუშაობს. მან შექმნა წლევანდელი "ევროვიზიის" ბავშვების კოსტიუმები. ასევე ოთხი წელია, ჩვენთან თანამშრომლობს სოფო ოყრეშიძე, რომელიც ბავშვებს ვოკალში ამეცადინებდა. წელს პირველად ჩვენთან ერთად იყო ცეკვის პედაგოგი თაკო გოგორელიანი, მან პირველად იმუშავა საბავშვო "ევროვიზიაზე". დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ნათია მშვენიერაძე. ასევე ჩვენთან ერთად იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუსიკალური პროდიუსერი მამუკა მეგრელიშვილიც. სულ 12 ადამიანი ვიყავით, მაგრამ შეკრული გუნდი გვქონდა. სხვა დელეგაციები სულ აღნიშნავდნენ, ქართული ჯგუფი ერთი ოჯახივითააო. ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რამე შედეგს მიაღწიო, მთავარია, ჯგუფში იყოს კარგი ურთიერთობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გიდს, ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველს მაია ადუაშვილს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბავშვების სიმღერაზე კლიპი გადაიღო თემო კვირკველიამ და მას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. ამ სიმღერას თორმეტივე ქვეყანა ატრიალებდა კონცერტამდე.

- რა ხდებოდა "ევროვიზიის" კულისებში?

- საბავშვო "ევროვიზიაზე" ქარ­თველი მონაწილეები ყველას ძალიან უყვარდა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მღეროდა ქართველების სიმღერას. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და რაც მთავარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიგა კუხიანიძის გუნდს, რომლებმაც ეს ბავშვები მოამზადა. ბავშვებს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. სანამ მაყურებელი იხილავს მათ ღია ეთერში, ისინი ორ რეპეტიციას გადიან. იმართება კონცერტი, სადაც ჟიური ქულებს წერს. რა თქმა უნდა, ბევრს ნერვიულობდნენ. ზოგს ნერვიულობისგან ეძინებოდა, ზოგი ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა ქართველი ბავშვები კარგად იყვნენ. ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად ვამზადებდით, ვეუბნებოდით, რომ მთავარი იყო, მათ მაყურებლისთვის კარგად დაემახსოვრებინათ თავი და ეს ამ ბავშვებმა მოახერხეს.

- ამსტერდამში რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა?

- ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა. კარგი იქნებოდა, რომ ყველა მომღერალს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმუშაოს "ევროვიზიის" კოლექტივთან ერთად. მათთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. ყველა გადაყოლილია შენზე და ყველანაირ კომფორტს გიქმნიან, რომ კარგად წარმოაჩინო შენი თავი. ნებისმიერ ახირებას გისრულებენ. ჩვენ, მაგალითად, პირველ გადაღებაზე არ მოგვეწონა ფონი და როგორც კი ვთქვით, არ მოგვწონსო, მაშინვე შეცვალეს. ასევე არ მოგვეწონა განათება და ისიც შეგვიცვალეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგი შოუ გამოვიდეს.

- რა ხდებოდა სცენაზე გასვლის წინ? ბავშვები ალბათ ძალიან ნერვიულობდნენ.

- გვქონდა ჩვენი რიტუალი. ერთმანეთს ხელს ვკიდებდით და ბავშვები ამბობდნენ "მამაო ჩვენოს". როდესაც მივეგზავრებოდით, შარშანაც და წელსაც ბავშვები მიიღო საქართველოს პატრიარქმა და დალოცა. პატრიარქთან შეხვედრა ბავშვებს დიდ ენერგიას აძლევს.

- მახსოვს, "ევროვიზიიდან" ჩამოსულ ბავშვებს პრეზიდენტი ასაჩუქრებდა ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება?

- ჩვენ სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრა.

- ე.ი. მეორე ადგილზე გასულებს შეიძლება პრიზები არ ერგოთ?

- არ მგონია, როგორც ყველა აღნიშნავდა, ეს საქართველოსთვის პირველი ადგილი იყო. ყველა გვეუბნებოდა, არ შეიძლება, საქართველომ ყოველ წელს გაიმარჯვოს და წელს მეორე ადგილს დასჯერდითო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სამინისტროს დიასპორის საკითხებში, ძალიან დაგვეხმარნენ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნეს წერილები, რომ აუცილებლად ეყურებინათ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის". ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სპეციალურად ბავშვების გასამხნევებლად რეჟისორი ლაშა ონიანი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. დარბაზში ძალიან ბევრი ქართველი ბავშვი იჯდა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.

- უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებული უკრაინელი გოგონა ლამაზი იყო და კარგად მღეროდა.

- ჩვენ ფავორიტებად ვითვლებოდით. როდესაც სავარაუდო ადგილებს განვიხილავდით, ყოველთვის ვამბობდით, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ არ გვეწყინებაო. ანასტასია მართლაც არაჩვეულებრივად მღეროდა. ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც გამარჯვება მივულოცეთ.

- როგორც მივხვდი, ლუკას უკრაინელი გოგონა მოეწონა...

- ბავშვები არიან და ერთობოდნენ, მარტო ლუკას არ მოეწონა. მინდა გითხრათ, რომ თავიდან სიმპათია ანასტასიასგან წამოვიდა. კონკურსი რომ დამთავრდა, გაიმართა ფართი, სადაც ლუკა და ანასტასია, ფაქტობრივად, ვერ მოვწყვიტეთ ერთმანეთს, სულ ერთად ცეკვავდნენ. შეიძლება ითქვას, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და უკრაინელ გოგონას ქართველი ბიჭი მოეწონა.

- ზოგჯერ პირდაპირ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წყვეტს, ვინ გაემგზავრება დიდების "ევროვიზიაზე". ამჯერადაც ასე მოხდება?

- სოფო ხალვაშისა და სოფო ნიჟარაძის დროს მოხდა მხოლოდ ისე, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" რამდენიმე კანდიდატურა განიხილა და არჩევანი მათზე შეჩერდა. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს უფლება, რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩაატაროს და პირდაპირ ის მომღერალი დაასახელოს, ვინც წარადგენს საქართველოს კონკურსზე.

- ამჯერად ამ უფლებას გამოიყენებთ?

- ჯერჯერობით არ ვიცით. დიდების "ევროვიზიის" მომზადებისთვის დიდი დრო გვაქვს. ყველაფერი ბოლო მომენტში წყდება ხოლმე. ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, როგორ შეირჩევა მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ განაცხადი უკვე გაკეთებულია და საქართველო მიიღებს "ევროვიზიაში" მონაწილეობას.

- ბაქოში განცდილ იმედგაცრუებაზე რას იტყვით?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს დიდი მარცხი იყო. ჟიურის შეფასებით, ანრი ჯოხაძემ დიდი მოწონება დაიმსახურა და მათი ქულებით ის მეშვიდე ადგილზე იყო, ჟიურის ქულების მიხედვით შეიძლება, პირველ ადგილზე იყო, მაგრამ თუ მესიჯები არ შემოვიდა, შესაძლოა, საერთოდ არ მოხვდე ფინალში. ანრი იყო ჟიურის ქულების მიხედვით ათეულში, თუმცა რადგან ვერ მიიღო ესემესები, ვერ მოხვდა ფინალში. მინდა აღვნიშნო, რომ ანრი ფინალში გადასვლას იმსახურებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. "ევროვიზიაზე" ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება.

- ვიცი, რომ ის თავის ნომერზე ბევრს მუშაობდა და თავისი ინიციატივით ბევრ რამეს ცვლიდა.

- მოწვეული გვყავდა არაჩვეულებრივი რეჟისორი ლაშა ონიანი, რომელმაც ბევრი იმუშავა. ანრიმაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა ყველაფერს ანრის ვერ დააბრალებ. ყველამ ერთნაირად გადავინაწილეთ პასუხისმგებლობა. ანრიმ რაღაცები გადაწყვიტა თავის ნომერში, ეს არცაა გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს ეს მისი სიმღერა იყო.

- თვითონ თქვა, რომ შემდეგ წელსაც უნდა კონკურსში მონაწილეობა.

- ძალიან კარგია, თუ ასე ფიქრობს, თუმცა მას ეს ჯერ ჩემთვის ოფიციალურად არ უთქვამს. პირადად მე მოხარული ვიყავი ანრისთან და გოგონებთან მუშაობით. მოხარული ვიქნები, თუ შიდა შესარჩევ კონკურსში კიდევ მიიღებს მონაწილეობას. ის ნიჭიერია და ბევრს იმსახურებს.

- პატარების "ევროვიზიაზე", სამწუხაროდ, არ ხდება ისე, რომ გამარჯვებული ქვეყანა ატარებდეს კონკურსს. საქართველოს რატომ არ შეაქვს განაცხადი, რომ ეს კონკურსი ჩვენთან ჩატარდეს?

- ყველა დელეგაცია აღნიშნავდა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ საქართველოში ჩამოვიდოდნენ. ჟურნალისტებმაც თქვეს, თბილისის ნახვა გვინდა და კარგი იქნება, თუ კონკურსი თბილისში ჩატარდებაო. უკრაინამ უკვე შეიტანა განაცხადი და 2013 წელს საბავშვო "ევროვიზიას" უკრაინა უმასპინძლებს, განაცხადის შეტანამდე დრო კიდევ გვაქვს. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, უკრაინას სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი ანასტასია პეტრიკი გახდა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება