ლევან ჯიბღაშვილი: "ლოგიკური კითხვა მაქვს: რატომ ვარ მექალთანე?!"

ლევან ჯიბღაშვილი: "ლოგიკური კითხვა მაქვს: რატომ ვარ მექალთანე?!"

დამსახურებული არტისტების ოჯახში არ გაზრდილა, მაგრამ გულმა მაინც ამ სფეროსკენ გაუწია. მის ცხოვრებაში ბევრი სიძნელე იყო, უმამობა, მარტო ცხოვრება თბილისში, იყო პერიოდი, როცა მონასტერსაც მიაკითხა, სტიქაროსანიც გახლდათ. ყოველთვის ოცნებობდა, 27 წლის ასაკში მილიონერი გამხდარიყო. მიზნის მიღწევამდე სულ რაღაც სამი წელი დარჩა, თუმცა ამბობს, რომ ამ მხრივ წინ საკმაოდ სწრაფად მიდის. დღეს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- რუსთავში დავიბადე და დედოფლისწყაროში გავიზარდე. დედას პედაგოგიური განათლება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, თეატრალური განხრით. მთელი ცხოვრება კულტურის სფეროში ტრიალებდა, დღესაც კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილეა კახეთში. აქედან გამომდინარე, თეატრალური ცხოვრება უცხო არ ყოფილა ჩემთვის. მამა იურისტია, მაგრამ მასთან არ მქონდა ურთიერთობა. მას სხვა ოჯახი ჰყავდა, მანამდეც, სანამ დედას გაიცნობდა.

- როდის დაინტერესდი, სად იყო მამა?

- ყოველთვის ვიცოდი, სად იყო მამა. დამალული არაფერი ყოფილა ჩემთვის. ყოველთვის ვიცოდი, ვინ იყო და რატომ არ იყო ჩემ გვერდით. მამა საზღვარგარეთ არის და კამფეტებს ჩამოგიტანსო, არასდროს მოუტყუებია დედაჩემს.

- ის ფაქტი, რომ შენს მეგობრებს ორივე მშობელი ჰყავდა და შენ უმამოდ იზრდებოდი, დისკომფორტს არ გიქმნიდა?

- იმის განცდა ყოველთვის მქონდა, რომ ორივე მშობელი მყავდა. უბრალოდ, ურთიერთობა არ მქონდა მამასთან. დისკომფორტს არა, ამის გამო ტკივილს ვგრძნობდი შიგნით, გულთან ახლოს.

- მასთან ურთიერთობის აწყობა თუ გიცდია?

- ბავშვობაში ვერ ვცდიდი, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ვიყავი. ამის მცდელობა დღეს უფრო მაქვს. დღეს გარკვეული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა მთლად მამაშვილურს არ ჰგავს ეს. ბევრი წელი გავიდა. მე უფრო მეგობრულს დავარქმევდი ამ ურთიერთობას.

- განსაკუთრებული დარიგება რა გახსენდება დედისგან?

- დარიგება ძირითადად დედაჩემის მშობლებისგან მახსოვს. შიგადაშიგ დედა ერთვებოდა ხოლმე. დედა უფრო მეგობარი, ძმაკაცია ჩემი (იღიმება). სულ ცდილობს კომფორტი შემიქმნას და ამ კუთხით მაგრძნობინოს, რა არის კარგი და რა - ცუდი. დარიგებას იშვიათად მიმართავს. პაპაჩემიც ძმაკაცურია, მაგრამ მისი სიტყვა კანონია ოჯახში.

- რას გიკრძალავდა, რისი გაკეთება გინდოდა ყველაზე მეტად და ვერ ახერხებდი?

- არაფერს არ მიკრძალავდა. პირიქით, სულ ჩემს მხარეს იყო. უბრალოდ, რასაც პაპა იტყოდა, ის უნდა გაგეკეთებინა. ის, რომ დროზე უნდა ვყოფილიყავი სახლში ან სიგარეტი არ უნდა მომეწია, არავის უთქვამს ჩემთვის. ეს თავისთავად მოვიდა. ოჯახში არავინ ეწეოდა. დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, მათ ოჯახებში ყველა ეწევა, ეს თავისთავად მოქმედებს 13-15 წლის ბავშვზე. ცოტა დალიეო, მეუბნებოდა პაპა, მეც გვიან, 22 წლისამ დავიწყე დალევა და ახლა უფრო ბევრს ვიტან. მანამდე პაპასთან სუფრაზე გასინჯული კი მქონდა ღვინო. მის გვერდზე ბევრ რამეს ვსწავლობდი. ზოგადად, მგონია, რომ მშობელმა მაგალითი უნდა მისცეს შვილს. თუ შენ არ იქცევი ისე, როგორც გინდა შენი შვილი იქცეოდეს, "შვილო, მე ცუდი ვარ და შენ კარგი უნდა იყო", არ ჭრის. ასე რომ, ჩემს ოჯახს ზედმეტი ტვინის ბურღვა და ჭიდაობა არ დასჭირვებია ჩემთან. ძალდატანება ბავშვის აღზრდაში არ ჭრის. მთავარია, კარგი მაგალითი მისცე შვილს. თბილისში პირველად რომ ჩამოვედი, 14 წლის ვიყავი. მაშინ დედა თბილისიდან კახეთში გადავიდა სამუშაოდ. ფაქტობრივად, მარტო ვიყავი ამხელა ქალაქში. პატრონი არ მყავდა, რომ ვინმეს ვეკონტროლებინე.

- 14 წლის ასაკში თბილისში რას აკეთებდი?

- ცხრა კლასი დავამთავრე და წამოვედი დეიდასთან. პრინციპში, უნებლიეთ ვიცრუე, როცა ვთქვი, პატრონი არ მყავდა-მეთქი. აქ ბიძაჩემი, დეიდის ქმარი მაკონტროლებდა, მაგარი მკაცრი ტიპია. სულ მაკონტროლებდა, არ დამეგვიანა, პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. სხვათა შორის, ვუჯერებდი. ზოგადად ჯიუტი არ ვარ. როცა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის მეუბნებიან, რა თქმა უნდა, ვიზიარებ და ვითვალისწინებ.

- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. შენ რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?

- ძველბიჭობისკენ მიდრეკილება არასდროს მქონია. მსგავსი ტიპის ადამიანებთანაც ვერიდებოდი ურთიერთობას. თუმცა გარკვეული დოზით მაინც მიწევდა. კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ შენც მას ჰგავხარ. ის მისი გზაა, მან აირჩია და მიჰყვება. შენ შენი გზით უნდა იარო, იმ გზით, რომელიც მოგწონს.

- თუ მდგარხარ ცდუნების წინაშე, არასწორი გზით გევლო?

- ის გზა, რომელსაც მოძველბიჭო ტიპები ირჩევენ, მათთვის კომფორტია. ვიღაცისთვის ეს ცუდია, მაგრამ მისთვის ნორმალურია. შეიძლება ამ ტიპებისთვის კოსტიუმიანი და ჰალსტუხიანი ტიპები არიან სასაცილო. ასე რომ, არასდროს არავის განვსჯი. მე ჩემი გზა ავირჩიე. თუმცა, გამოცდილება ქუჩამაც შემძინა. ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი. მეც მიწევდა უბანში დგომა, ფეხბურთის თამაშიც და ჩაცუცქვაც (იცინის). კაცობა, ვაჟკაცობა ვისწავლე, გაჭირვებაში მეგობრის გვერდით დგომა, უფროს-უმცროსობა, ქალის პატივისცემა ვისწავლე.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- დამსახურებული არტისტების ოჯახში ნამდვილად არ გავზრდილვარ. უბრალოდ, ხელოვნებისადმი სიყვარული დედისგან მქონდა. ბავშვობაში ეკლესიაში სიარული დავიწყე. 3-4 წელი სტიქაროსანი ვიყავი. ერთი წელი მონასტერში ვცხოვრობდი. მაშინ გადავწყვიტე, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა, ბოლოს თეატრისადმი სიყვარულმა მძლია და თეატრალურში ჩავაბარე ისე, რომ განსაკუთრებულად არც მოვმზადებულვარ. ღვთის წყალობით, პირველივე წელს გავხდი სტუდენტი.

- მონასტერში ასე უბრალოდ არ მიდიან, წინაპირობა არის ხოლმე...

- განსაკუთრებული არაფერი. მთავარია, ამისთვის დრო და სურვილი გქონდეს. აქ შინაგანად იცლები, გიწევს მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, გარემო პირობებთან. მონასტერში სულიერად ივსები. სხვა სამყარო, სხვა გარემო, სხვა განზომილებაა. მატერიალური ღირებულებები უკანა პლანზე ინაცვლებს და სულიერად ივსები. სიამოვნებით წავიდოდი დღესაც, დრო რომ მქონდეს.

- პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

- ეს იყო ჩემი სტიპენდია 20 ლარის ოდენობით. არ იყო ცოტა ფული. ვიზოგავდი და კაფეში ვსხდებოდით ხოლმე მეგობრები. ლობიანს მაინც რომ იყიდი შენი ფულით, სხვა განცდაა. პირველი ჰონორარი მაშინ ავიღე, როცა მოსკოვმა დამამტკიცა სტალინის როლზე. მაშინ სხვა პროექტებიც იყო, მაგრამ თითქმის ყველგან უფასოდ ვთამაშობდი, როგორც ახალბედა მსახიობი, ოღონდ სადმე გამოვჩენილიყავი. აი, სტალინის როლმა ასდოლარიანი კუპიურები მომიტანა. ეგრევე პაპაჩემს დავურეკე, რა გინდა გიყიდო-მეთქი. მაშინ სატელევიზიო "თეფშები" ახალი შემოსული იყო და დავუყენე პაპას. ჭკუაზე არ იყო, იჯდა და 500 არხს უყურებდა. დედაჩემი მეუბნებოდა, ფული რომ გამოუგზავნე, ერთი კვირა ჯიბით დაჰქონდა, არაფერს ყიდულობდა, უხაროდა, შენი გამოგზავნილი ფული რომ ედო ჯიბეშიო. მაშინ 18 წლის ვიყავი.

- ფიზიკურად თუ გიმუშავია, რომ ოჯახს დახმარებოდი?

- რამდენიმე ძმაკაცი შევიკრიბეთ და პრომოუტერული კომპანია გავაკეთეთ. ვაკეთებდით ივენთებს, კლუბებში დიჯეებს ვაკვრევინებდით. იმის გამო, რომ დამწყებები ვიყავით, ორ კაპიკზე ვმუშაობდით, ღამეებს ვათენებდით, ქუჩაში ჩვენი ხელით ვაკრავდით პლაკატებს, მანქანის ე.წ. "დვორნიკებში" ვდებდით ფლაერებს. მეორე თუ მეოთხე დღეს, როცა "ივენთი" იყო, კი ვიყავით მაგარი ტიპები, იმიტომ, რომ ჩვენი საღამო იყო, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ჩვენ 3-4 ღამის უძილოები გახლდით.

- ლევან, უმამობა მძიმე სოციალურ ფონს ქმნიდა ოჯახში?

- დიდი პრობლემები, ღმერთის წყალობით, არ მიგრძნია, თუმცა ფუფუნებაში არასდროს მიცხოვრია. მაგალითად, მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ველოსიპედი და არ მყავდა. თუმცა საჭმელი არასდროს გვაკლდა, ღვთის წყალობით... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ჩემი ოცნებაა, 27 წლის ასაკში მილიონერი გავხდე.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 24 წლის ვარ, სამი წელი წინ მაქვს ჯერ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინ ჩემით, დამოუკიდებლად მივდივარ, ამ ოცნების ახდენაც არ არის შორს.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- ამ მხრივ გამოცდილება მართლაც მაქვს. იყო ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიყვარდა. შეყვარებული რომ ვიყავი, ყველამ იცოდა, მაგრამ ჩემი რჩეულის ვინაობა მხოლოდ ახლო მეგობრებმა იცოდნენ.

- ე.ი. გაითვალისწინე, რომ სიყვარულს მალვა უნდა?

- არა, გვქონდა მიზეზი, რის გამოც ამ ურთიერთობას ვმალავდით.

- არ მითხრა, რომ გათხოვილი ქალი შეგიყვარდა...

- არა, პატარა იყო და ოჯახიც არ იყო თანახმა. არც მე მინდოდა ამ ამბის გახმაურება. ერთი სიტყვით, სამწლიანი ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდა. ძალიან ძვირფასი იყო ის სამი წელი ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებაო, ამბობენ და ვნახოთ.

- ამ ხნის განმავლობაში ამოიცანი ქალის ფენომენი?

- როგორც ამბობენ, ერთ-ერთ გამოცდილ ადამიანად ვითვლები მაგ საკითხში. ტელესივრცეს თუ დავუჯერებთ, სადაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეა საუბარი, ყველგან მეპატიჟებიან. მექალთანეს მეძახიან, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ქალთან ერთად მნახეს სადმე. ამიტომ ლოგიკური კითხვა მაქვს, რატომ ვარ მექალთანე (იცინის)? თუმცა ზოგადად ქალის ძალიან კარგად მესმის.

- მაშინ გვითხარი, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- ქალს გააჩნია. შვეიცარიელი სიძე მყავს. ერთხელ მითხრა, ყველაზე მაგარი კაცი ის არის, ვინც იმდენ ფულს იშოვის, რომ ცოლი ვერ დაუხარჯავსო და ყველაზე მაგარი ქალი ის არის, ვინც ეგეთ ქმარს იშოვისო (იცინის). მე მაინც მგონია, რომ ბედნიერება მატერიალურში არ არის. მატერიალური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მთავარი მაინც გრძნობა, სიყვარული მგონია ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც.

- დღეს შეყვარებულია ლევანი?

- არა.

- რას აკეთებს დღეს ლევან ჯიბღაშვილი?

- სამსახიობო კარიერის პარალელურად ბიზნესი მაქვს. ბავშვთა გასართობი კომპლექსები მაქვს, ჩართული ვარ სამშენებლო ბიზნესშიც.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, ჩვენ ყველას ჩვენი წილი შეცდომა გვაქვს დაშვებული ამ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი ისეთი, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება, ხშირად დარდობ, გაქვს ასეთი?

- ერთადერთი, რასაც ყოველდღე ვნანობ, არის ის, რომ არ ვიქცევი ღმერთთან მიმართებით ისე, როგორც საჭიროა. მინდა უფრო მეტი სიკეთე, კარგი საქმე ვაკეთო.

- "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე?.."

- დაახლოებით ეგ მომენტი მაქვს. საბედნიეროდ, უპატიებელი შეცდომები არ დამიშვია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება