PSY კორეელი რეპერის რეკორდები

PSY კორეელი რეპერის რეკორდები

ეს კაცი ნამდვილი სასწაულია. გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად დააფიქსირეს მისი რეკორდი. კლიპი-ვირუსი სიმღერაზე სახელწოდებით Gangnam Style, რომელიც ისედაც უკვე აღიარეს "ვიდეოდ, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს "იუთუბის" არსებობის ისტორიაში", გინესის წიგნში შევიდა შემდეგი შედეგით - 2 მილიონზე მეტი "ლაიქი" და 233 მილიონზე მეტი ნახვა.

საის სტილი

პაკ ჩე სანი 1977 წლის 31 დე­კე­მბერს დაიბადა სეულში, სამხრეთ კორეაში. მისი ფსევდონიმია საი (PSY) და ცნობილია იუმორისტული ვიდეოკლიპებითა და საკონცერტო გამოსვლებით. თუმცა ყველაზე წარმატებული და აღიარებული აღმოჩნდა მისი ზემოხსენებული სიმღერა, რომელმაც ჯასტინ ბიბერის რეკორდებიც კი მოხსნა. კლიპი 2012 წელს გამოჩნდა და მაყურებლის ფავორიტად რჩება.

მომღერალმა და სიმღერების ავ­ტორმა ბოსტონის უნივერსიტეტი და ბერკლის კოლეჯი დაამთავრა. გარდა იმისა, რომ მისი სიმღერა წარმატებული აღმოჩნდა, ასევე აიტაცეს მისი ქორეოგრაფია - მომღერალი ელემენტარულ ილეთებს აკეთებს, თითქოს ცხენს აჭენებს, ისე ცეკვავს და ასევე აცეკვებს მრავალ ადამიანს თავის კლიპში. ეს მოძრაობა საყოველთაოდ ცნობილი გახდა და მოგვიანებით რამდენიმე კონცერტზე საიმ ის ცნობილ მომღერლებთან ერთად გაიმეორა. ეგ კი არა, თვით პან გი მუნთან ერთადაც კი იცეკვა ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

2012 წლის სექტემბრის დასაწყისში შემსრულებელმა ამერიკულ leibl Island Records -თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მართავს მომღერლის საქმიანობას მთელ მსოფლიოში, სამხრეთ კორეის გარდა. უკვე 6 სექტემბერს კი MTV-ის ცერემონიაზეც კი მოასწრო ყოფნა ღონისძიების ერთ-ერთი ვიპსტუმრის სახით.

საის ჰიტმა Gangnam Style ასევე პირველი პოზიცია დაიკავა დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ ჩარტებში და ეს მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას კორეულ ენაზე ასრულებს. ასეთივე შედეგებს მიაღწია რეპერმა ამერიკულსა და ბევრ ევროპულ ჩარტში.

ფრედი მერკურის მიმდევარი

Gangnam Style - სალაპარაკო გამოთქმაა კორეულ ენაზე, რომელიც ფუფუნებით ცხოვრებას ნიშნავს, რო­მლითაც სეულის მდიდარი და მოდური რაიონი კანამგუ არის განთქმული. ინტერვიუში საიმ ის ბევერლი-ჰილზს შეადარა.

სიმღერა ეძღვნება "იდეალურ გოგონას, რომელმაც იცის, როდის უნდა იყოს დახვეწილი და როდის - ველური".

რეპერის ანგარიშზე ექვსი მუსიკალური ალბომია. მან უკვე გაუთქვა სახელი მსოფლიოში პოპულარულ სტილ კეი-პოპს - საცეკვაო პოპმუსიკის სამხრეთკორეულ სახესხვაობას. მის სამშობლოში ის უყვართ პაროდიული ნომრებისა და იუმორისტული სცენებისთვის. მისი მთავარი ჰიტი კი, რასაკვირველია, პირველ რიგში სამხრეთ კორეაშია პირველი კომპოზიცია. სამხრეთ კორეაში დებიუტი 2001 წელს ჰქონდა სიმღერით Bird, და მას მერე ადგილობრივი მაყურებლის ფავორიტია.

სამხრეთკორეულ პოპსენსაციად აღიარებული საის თქმით, მისი მაგალითი და მისაბაძი პიროვნება, ასევე შთამაგონებელი ფრედი მერკურია. ისიც აღნიშნა, რომ მისი ფსევდონიმი "ფსიქოს" შემოკლებაა და მისი მეგაჰიტი სინამდვილეში სოციალური კრიტიკა კი არ არის, არამედ "უბრალოდ სიამოვნება!"

Gangnam Style-ს საი თავისი ცხოვრების უმთავრეს მიღწევად და ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს.

სკანდალი

საის სახელს მცირე სკანდალიც უკავშირდება - 2002 წელს მარიხუანის შენახვისთვის დააპატიმრეს, რის გამოც ბაბუის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მოგვიანებით ინტერვიუში აღნიშნა: "ძალიან ახლოს ვიყავი მასთან, მაგრამ მისი დაკრძალვა გამოვტოვე. ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, მას მართლა ძალიან ვუყვარდი და დიდი ამაგიც ჰქონდა ჩემზე, მე კი ელემენტარული რამ ვერ გავუკეთე".

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საიმ 2006 წელს იქორწინა იუ ჰე ენზე, თავის მეგობარ გოგონაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ხვდებოდა.

წყვილს ტყუპი ქალიშვილი ჰყავს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება