როგორი გოგონები მოსწონს ოთო ფოლადაშვილს

როგორი გოგონები მოსწონს ოთო ფოლადაშვილს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მომ-ხიბვლელ და ენერგიულ მოცეკვავეს - ოთო ფოლადაშვილს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. როცა ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, მეც ერთ-ერთი ფანი ვეგონე და დაეჭვებულმა მითხრა: ალბათ, იტყუები, ჟურნალისტი არ იქნებიო. ბოლოს, რესპონდენტის დარწმუნება მოვახერხე. ოთოს თაყვანისმცემლები ინტერვიუს დროსაც აქტიურობდნენ - ტელეფონზე ურეკავდნენ და მისთვის თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ...

- გარეგნობაზე ბავშვობიდანვე ვზრუნავ. ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც მომწონდა, ოღონდ - ოჯახის წევრებთან შეთანხმებით. თავის მოსაწესრიგებლად რამდენი დრო მჭირდება, არ დამითვლია, მაგრამ გარდერობიდან ტანსაცმლის გამოღებას, ჩაცმას, დაბანას და თავის მოწესრიგებას ყოველთვის ვასწრებ. სარკესთან საათობით არ ვდგავარ. დილით სულ "გადარბენაზე" ვარ.

ვარჯიში და დიეტა

- დიეტა არასოდეს დამიცავს, მაგრამ საჭმელზე "გადამკვდარიც" არ ვარ. ვარჯიშის გამო, წონაში იმდენსაც ვერ ვიმატებ, რომ დიეტის დაცვა დამჭირდეს. ღამით რომ არ ვჭამო, გამორიცხულია! თუ ძალიან მშია, ნოყიერ საკვებსაც სიამოვნებით გეახლებით. გვიან ვახშმობას ჩემთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეუქმნია.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ დავდიოდი. თუმცა, მალევე შევეშვი; ჩვენი ცეკვების შესრულებისას, სხეულის თითქმის ყველა კუნთი მუშაობს და ტრენაჟორებზე სიარული აუცილებელი არ არის.

ვარცხნილობა

- მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. შესაბამისად, მინდა, რომ ვარცხნილობაც კარგი მქონდეს. თმის მოსაწესრიგებლად, სარკესთან 2-წუთიანი პროცედურა მჭირდება - ამაში ბავშვობიდან "დასპეცებული" ვარ. ვარცხნილობას ზამთარ-ზაფხულ ვიცვლი (იცინის). ორიგინალური, მაგრამ ძირითადად, ერთი და იმავე სტილის ვარცხნილობა მომწონს. ბავშვობაში გრძელი თმაც მქონდა (სხვათა შორის, მიხდებოდა), შემდეგ შევიჭერი. რატომ? - ალბათ, მომბეზრდა. თან, ცეკვის კონკურსებისთვის მოკლე ვარცხნილობა უკეთესია.

შოპინგი

- შოპინგი მიყვარს, მაგრამ მთელ დღეს არ ვუთმობ. მაღაზიებში მივდივარ, სასურველ სამოსს ვისინჯავ, თუ მომიხდება, ვყიდულობ და შინ ვბრუნდები. შოპინგზე მარტო არ დავდივარ. სასურველი სამოსის შეძენამდე, რჩევას თანმხლებ მეგობარს ან ოჯახის წევრს ვეკითხები. ყველანაირი ფერის ტანსაცმელს ვიცვამ. ზოგადად, მრავალფეროვნება მიყვარს და შესაბამისად, ყველანაირი სტილის სამოსს ვირგებ.

სამკაულები და აქსესუარები

- სამაჯურები მიყვარს. ყელსაბამებს და საათებსაც ვხმარობ. ბეჭედს ვერ ვეგუები. უფრო მეტიც - არ მომწონს, ბიჭებს თითებზე ბეჭდები რომ აქვთ ასხმული. დილით რომელი აქსესუარის ხასიათზეც ვარ, იმას ვიკეთებ...

ოჯახი

- დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ. დედა ქიმიის პედაგოგია - სკოლაშიც ასწავლის და მოსწავლეებს შინაც ამზადებს. მამა რას საქმიანობს, დღემდე ვერ გავიგე. შეიძლება, ბიზნესმენად მივიჩნიოთ (იცინის). ჩემი და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. გათხოვილია, უკვე მეორე შვილს ელოდება. სიძე ყოფილი მორაგბე გახლავთ.

სიმართლე გითხრათ, ოჯახის წევრებისთვის დრო არ მრჩება. ღამით შინ რომ მივდივარ, უკვე სძინავთ, დილით კი მათ რამდენიმე წუთით ვნახულობ. ისინი ძალიან მიყვარს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები უფრო ახლობლები არიან და მათთან მირჩევნია. "შეკრული", თბილი, იუმორის გრძნობის მქონე ოჯახი მაქვს. ჩემი აზრით, კარგი ადამიანები ვართ. როგორც ყველა, ახალი წლის დღესასწაულისთვის ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით. მოგვწონს სახლის ლამაზად მოწყობა, გემრიელი კერძები, ხუმრობა და დროს ტარება. ცხადია, თოვლის პაპის არსებობის აღარ გვჯერა, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთისთვის "თოვლის პაპები" ვიყოთ - ოჯახის წევრებს საჩუქრები მივუძღვნათ, გავახალისოთ.

ჩემს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, შეყვარებული მყავდა, რომელიც ალბათ, ბავშვური გატაცება უფრო იყო. 2-3 წელია, რაც დავშორდი. ამჟამად თავისუფალი ვარ. საკუთარ საქმეში წარმატებული, განსაკუთრებულად მიმზიდველი გოგონები მომწონს. ჩემს რჩეულს რაღაც დამახასიათებელი უნდა ჰქონდეს, რითიც მიმიზიდავს და მომხიბლავს...

საქმე

- ჩემი ძირითადი საქმიანობა ცეკვაა. სტუდია "თელას" ქორეოგრაფ-ასისტენტი გახლავართ. დილიდან საღამომდე ცეკვით ვარ დაკავებული: მოსწავლეები მყავს, მერე მე და ჯულიანა (რომელიც სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში ჩემი მეწყვილეა და საერთაშორისო კონკურსებზე ერთად გამოვდივართ) ვვარჯიშობთ, მე და რუსკაც "ვრეპეტიციობთ"... ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე (ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები) 70%-იანი გრანტით ვსწავლობ. პერსპექტიული ფაკულტეტია...

სხვა ქართველი მოცეკვავეების მსგავსად, საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მსგავსი შოუს დაწყებას მეც ბავშვობიდან ველოდი. მიხარია, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ. ჩემი პარტნიორი - რუსკა მაყაშვილი ნიჭიერი გოგონაა. ალბათ, ხედავთ, როგორ კარგად ცეკვავს. ჩემი აზრით, ძლიერი ადამიანია. დილიდან საღამომდე გადაღებები და სპექტაკლები აქვს. მიკვირს, ამდენს რომ ახერხებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ტურისთვის ცეკვის სწავლა 1 დღეში მოვასწარით. მიხარია, რომ პარტნიორად ასეთი კარგი გოგო შემხვდა. წარმატებას ვუსურვებ!..

გასულ სეზონზეც მშვენიერი პარტნიორი მყავდა - ნუკი კოშკელიშვილთან დღემდე ვურთიერთობ. მგონი, შევძელით, რომ პროექტის პირველ სეზონზე ხალხისთვის თავი შეგვეყვარებინა. ნუკი პიროვნულადაც ძალიან კარგი გოგონაა. ის მე და რუსკას გვგულშემატკივრობს, ჩვენი წარმატება ძალიან უხარია.

თაყვანისმცემლებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ახლახან 19 წლის გავხდი და შესაბამისად, ძალიან სერიოზულიც არ ვარ, ამიტომ თაყვანისმცემლების კეთილგანწყობა მიხარია. მათ მიმართ მეც სითბოსა და სიყვარულს გამოვხატავ. მუდო არ ვარ, პირიქით - სულ ენერგიული და მოღიმარი გახლავართ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუო და პროექტში მე და რუსკამ გავიმარჯვოთ!

დასვენება და გართობა

- ალბათ, ახალი წლის დღესასწაულების მერე ბაკურიანში წავალ და თხილამურებით ვისრიალებ. რომ გითხრა, - სპორტის ამ სახეობას ისე ვფლობ, რომ ჰაერში სალტოებს ვაკეთებ-მეთქი, - მართალი არ ვიქნები, მაგრამ თხილამურებით სრიალისას სიამოვნების მიღებას ვახერხებ. ფეხბურთს და კალათბურთსაც ვთამაშობ. როცა დრო მაქვს, ძირითადად - ღამით, ძილის წინ წიგნსაც ვკითხულობ... გასართობად მეგობრები ერთად ვიკრიბებით და სადმე მივდივართ: რესტორანში, კლუბში ან სულაც - მთაში... განტვირთვისა და ხალისისთვის ყველანაირ საშუალებას ვიყენებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება