მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა

მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა

მომღერალმა მარიამ როინიშვილმა გადაწყვიტა, საოპერო მუსიკას სერიოზულად გაჰყვეს. სულ მალე კონსერვატორიაში მაგისტრატურის კურსს დაასრულებს. ახალგაზრდა სოპრანოს მუსიკისმცოდნეები სერიოზულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ... ცოტა ხნის წინ კონსერვატორიაში გამართულ ორ სტუდენტურ სპექტაკლში ("რიგოლეტო", "სიყვარულის ნექტარი") მთავარი პარტიები წარმატებით შეასრულა... მარიამს საკუთარ კარიერაზე სასაუბროდ შინ ვეწვიე. ჩვენს დიალოგში მონაწილეობა დედამისს, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს ვთხოვე.

მარიამი:

- ვერ წარმომედგინა, თუ ასე ღრმად ჩავეფლობოდი იმ საოცარ სამყაროში, რასაც სერიოზული მუსიკა ჰქვია. არადა, თავიდან კონსერვატორიაში ჩაბარებას არც ვაპირებდი, სწავლის გაგრძელება სამედიცინო უნივერსიტეტში მინდოდა... კონსერვატორიაში რამდენიმე წელი ბატონ ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე გახლდით, ახლა კი ჩემი პედაგოგი დოდო დიასამიძეა; ამ ქალბატონმა საქმე რაღაც სხვანაირად შემაყვარა - საოპერო ვოკალს ვგულისხმობ, თორემ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, სიმღერა ყოველთვის მიყვარდა...

თამრიკო:

- მარიამმა არჩევანი სერიოზული მუსიკის სასარგებლოდ რომ გააკეთა, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან პატარას კარგ, გემოვნებიან მუსიკას ვასმენინებდი. თვეების იყო, როცა ბეთჰოვენის "ზაზუნაზე" გული აუჩუყდა და ატირდა. მერე ამიკრძალეს, - აღარ მოასმენინო, ბავშვს ნერვული სისტემა არ დაუზიანდესო. მე ასე არ ვფიქრობ; მიმაჩნია, რომ ბავშვს რაღაც უნდა გაუხარდეს კიდეც და გულიც აუჩუყდეს... ასე რომ, ძალიან პატარა ეზიარა ხელოვნებას და არ გამკვირვებია, არჩევანი კლასიკური მუსიკის სასარგებლოდ რომ გააკეთა... თუმცა, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა. ამ პროფესიის დაუფლების სურვილი თავის დროზე, მეც მქონდა და რადგანაც არ გამომივიდა, ამიტომ მარიამს ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რათა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

- და რატომ გადაიფიქრა?

- ერთი წლით ადრე, ვიდრე მამაჩემი გარდაიცვლებოდა, მარიამმა იხუმრა და კლასიკური ვოკალით ცნობილი მომღერლების იმიტაცია გააკეთა. მამამ რომ მოუსმინა, მოეწონა და თქვა, ბავშვს ჩემს კოლეგებს მოვასმენინებო; ამაზე მარიამს გაეცინა... მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მარიამს უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩაებარებინა, ასეთი რამ თქვა: ბაბუს მაშინდელი ნათქვამი ჭკუაში დამიჯდაო. ეს ჩემთვის გამაოგნებელი რამ იყო, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე. ერთ წელიწადში სერიოზული მასალა დასძლია, რაც ძალიან გამიხარდა. მოკლედ, გაამართლა. შრომისმოყვარეა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და პროფესიულად იზრდება. მამა ამას რომ მოსწრებოდა, გაუხარდებოდა. იამაყებდა, რომ მარიამი მისი კოლეგებისგან დადებით შეფასებებს იღებს...

- მარიამ, რას გვეტყვი ცოტა ხნის წინ კონსერვატორიაში წარმოდგენილ სტუდენტურ სპექტაკლზე - "სიყვარულის ნექტარი", რომელშიც მთავარი პარტია შეასრულე?

- სპექტაკლში ადინას როლი მერგო წილად. დონიცეტის ეს ცნობილი ოპერა მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში იდგმება. აღნიშნულმა სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, რამაც შემდგომი მუშაობისთვის უფრო მეტი სტიმული მომცა. მე და ჩემმა მეგობრებმა კარგი შეფასებები მივიღეთ ისეთი ხალხისგან, ვისი მოსაზრებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, გამოვყო ორკესტრისა და გუნდის როლიც - ისინი სცენაზე ყოველთვის გვამხნევებენ და მხარში გვიდგანან; თუ საჭიროა, შენიშვნებსაც გვაძლევენ და გვაქებენ კიდეც. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო რეზო ტაკიძეს, რომელმაც ჩვენს სპექტაკლზე იდირიჟორა, რეჟისორ ლელა გვარიშვილს და, რა თქმა უნდა, კოლეგებს, რომლებიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან... მანამდე კი იყო "რიგოლეტო", აგრეთვე, ცნობილი ოპერა, რომელმაც მაყურებელზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ზოგადად, რას გაძლევს კლასიკური მუსიკის სამყარო, რომელშიც თავდაუზოგავად იღვწი და გარკვეული წარმატებებიც გაქვს?

- ვიდრე სპექტაკლი დაიწყება, მინდა, სადღაც გავიქცე, კულისებიდან გავქრე, მაგრამ სცენაზე გასვლისთანავე ეს განცდა ქრება, ჩემი როლის გარდა, ყველაფერი მავიწყდება. ასე რომ, ეს სამყარო უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს.

- მოკლედ, პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხარ...

- კი, მაგრამ კითხვის ნიშანი ყოველთვის მაქვს და ალბათ, მომავალშიც მექნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე საკუთარ თავს მუდმივად ვუმტკიცებ იმას, რომ რაღაც შემიძლია. სულ სიძნელეების გადალახვა მიწევს და როცა მიზანს ვაღწევ, უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ. იმედია, ბარიერების დაძლევას მომავალშიც შევძლებ.

- შენს უახლოეს და გრძელვადიან გეგმებზე რას გვეტყვი?

- რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, საქართველოს ფარგლებს გავცდე და ვიმღერო სხვადასხვა საოპერო თეატრში. ეს რომ არ მინდოდეს, ამდენს არც ვიშრომებდი და თავს ამ საქმისთვის არ გადავდებდი. ძალიან მინდა, შრომა მეც დამიფასდეს და ჩემს პედაგოგსაც.

- სამების გუნდში კვირაობით წირვაზე ისევ გალობ?

- კი, მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს სპექტაკლებისთვის ვემზადებოდი, სამების ტაძარში საგალობლად მისვლას ვერ ვახერხებდი... ახლა ამ საქმეს ისევ შევუდგები.

- გალობა შემსრულებლისგან სრულიად სხვა ენერგიას მოითხოვს, საოპერო მუსიკა - სხვას, საესტრადო სიმღერასაც სულ სხვა ძალისხმევა სჭირდება. სხვადასხვა ჟანრის სიმღერის თანაბარი წარმატებით შესრულებას როგორ ახერხებ?

- უნდა გითხრათ, რომ საესტრადო მუსიკას ჩამოვშორდი. საერთოდ უარი ვთქვი ამ ჟანრზე, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საქმე უნდა ვაკეთო და ყველაფერს არ უნდა მივედ-მოვედო; როგორც წესი, "მიდებ-მოდება" არ ამართლებს ხოლმე. თუმცა, ძალიან მიყვარს საესტრადო მუსიკაც. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამ ჟანრის მუსიკაზე გავიზარდე, ოჯახში სულ ეს მესმოდა და დღემდე მესმის.

თამრიკო:

- ქალბატონი ალა სიმონიშვილი ოზიმოს აკადემიაში ასწავლის და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში; ის მარიამის პედაგოგი გახლავთ, მასტერკლასებს უტარებს; ამ ქალბატონმა მარიამს უთხრა: მცდარია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საოპერო მომღერალმა მხოლოდ კლასიკური ნაწარმოები უნდა შეასრულოს. ისეთი მონაცემები გაქვს, რომ საესტრადო და ფოლკლორულ ჟანრშიც უნდა იმღეროო. მეც ამის მომხრე ვარ. თუმცა, მარიამს ჯერჯერობით მხოლოდ საოპერო მიმართულებით უწევს მუშაობა, რაც აბსოლუტურად გასაგებია...

- როგორ ფიქრობ, მომავალში საესტრადო სიმღერას აღარ მიუბრუნდები?

მარიამი:

- როცა საესტრადო სიმღერების შესრულება მომინდება სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვიმღერებ. საერთოდ, ვიდრე ასე სერიოზულად გადავიხრებოდი საოპერო მუსიკისკენ, მანამდეც არ მქონდა ესტრადაზე ყოფნის დიდი სურვილი.

- აღნიშნე, რომ მსოფლიოს საოპერო სცენებზე სიმღერის სურვილი გაქვს. როგორ ფიქრობ, ამის შანსი დაახლოებით, რამდენ ხანში მოგეცემა?

- ამისთვის იღბალია საჭირო. ბევრი ისეთი მომღერალი ვიცი, ვინც ფანტასტიკურად მღერის, მაგრამ არსად ჩანს...

- ამბობენ, - მარიამ როინიშვილმა ლა სკალის თეატრიდან მიწვევა მიიღოო...

- ეს ნაადრევი და ხმამაღალი ნათქვამია. თან, მსგავსი რაღაცები ასე მარტივად არ ხდება და ასეთი ინფორმაციის პრესაში გამოქვეყნებაც ცოტა არ იყოს, სასაცილოა... საერთოდ, წინასწარ ვერაფერს განჭვრეტ.

- როგორც ვიცი, დასახული მიზნის მიღწევაში ოჯახი ყველანაირად გიწყობს ხელს და შვილის აღზრდაშიც მაქსიმალურად გეხმარებიან...

- ოჯახის ყველა წევრი მართლაც, მხარში მიდგას, მაგრამ დედა განსაკუთრებულად მიწყობს ხელს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღამე მშვიდად მეძინოს. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურადაც მეხმარება. მოკლედ, თამრიკო ჩემთვის ფსიქოლოგიც არის, მრჩეველიც და კრიტიკოსიც. როდესაც გასაკრიტიკებელი ვარ, უკან არ იხევს...

- მართალია, ოჯახის წევრები პატარის აღზრდაში გეხმარებიან, მაგრამ როგორც დედას, არ გაწუხებს ის ფაქტი, რომ შვილს მაინცდამაინც ბევრ დროს ვერ უთმობ?

- ელენე 2 წლის და 4 თვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამხმარე მყავს: დედა, ბებია, ქალბატონი ირა, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული ელენეს აღზრდაში, ვერ გავექცევით იმ ამბავს, რომ ბავშვს ყველაზე მეტად დედა სჭირდება. ამიტომაც, თავისუფალ დროს მხოლოდ შვილს ვუთმობ...

თამრიკო:

- მარიამი, როგორც დედა, ოსტატურად ახერხებს სწავლის, რეპეტიციებისა და სპექტაკლების პარალელურად დრო შვილს დაუთმოს. ყურადღებიანი და თბილი დედა გახლავთ. მოგეხსენებათ, ბავშვი ისე ვერ გაიზრდება, რომ არ იავადმყოფოს. ასეთ დროს პატარას ყველაზე მეტად, დედის სითბო სჭირდება და მარიამიც ელენეს არ სცილდება ხოლმე; თუ საჭიროა, ღამესაც უთენებს...

- მარიამ, მეორე შვილის გაჩენას არ აპირებ?

- ჯერჯერობით - არა, რადგანაც შესაძლოა, ამან კარიერაში შემიშალოს ხელი, მაგრამ მომავალში, თუ ღმერთი ინებებს, რა თქმა უნდა, გავაჩენ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება