რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს

რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს

სერიალის - "ალუბლების ქუჩა #12" დახურვის შემდეგ, მასში მონაწილე მსახიობებმა მიწვევა ახალი "კომედი არხიდან" მიიღეს. ჩემი რესპონდენტი თათული ედიშერაშვილი გახლავთ. ის ამბობს, რომ შემოქმედებითი პაუზა არა აქვს, მაგრამ საქმიანობის შესახებ ჯერჯერობით, არაფერს აკონკრეტებს. სამაგიეროდ, გვიმხელს, რა არის მისი სისუსტე, როდის იბნევა, ვის ეპრანჭება და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი. ამ ყველაფერს კი მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 14 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდანვე მსახიობობაზე ვოცნებობდი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ოჯახმა და იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე.

- ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ისიც უნდა ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს დასთან ერთად, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. 2 წელია, არ მინახავს და ძალიან მენატრება.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ის წუთები, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ. ვერ გეტყვი, იმ დროს რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი... საოცარია, როცა შენს შვილს პირველად ხედავ და ეხები.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან ბევრ რამეს და მათ შორის, იმასაც, რომ ადამიანების მოსმენა შემიძლია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი; ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ. ისე, მარტოობა სულაც არ მაღიზიანებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მიყვარს კიდეც.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვიწერ პირჯვარს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მატყუებენ, მაქებენ, მეფერებიან, ყვირიან... ბევრ რამეზე ვიბნევი.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...მას, ვინც მე მიყვარს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი შვილები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კოსმონავტი, როგორც შვილი, მეუღლე, დედა, მსახიობი (თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის), მეგობარი - შემდგარი ვარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლი არ მაქვს.

- მეზარება...

- ...ძალიან ბევრი რამე. მაგალითად, ახსნა-განმარტებების მიცემა. ეს ვისთან მჭირდება? - ცნობისმოყვარე ადამიანები ხომ არსებობენ?! მაგალითად, სადღაც რომ მივდივარ, მეზობელი მეკითხება, - შვილები სად გყავს? ჰოდა, მეზარება მისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა.

- დათმობა შემიძლია იმ შემთხვევაში, თუ...

- ...დამნაშავე ვარ. ასეთ დროს ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ისევ დავუშვებ! ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ ისწავლი, რადგან რაც უნდა ჭკვიანი იყო, ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ შეიძლება შეცდომა ხელმეორედ, ძალაუნებურად დაუშვა.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ქიმია და ფიზიკა.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ნიშნების მჯერა. ქურქის ჯიბეში სულ მიდევს რკინის ფოთოლი, რომელიც სამკაულივით არის. არ ვიცი, ეს ნივთი ჩემს ჯიბეში როგორ აღმოჩნდა, მაგრამ სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის ვამოწმებ, ისევ ადგილზეა თუ არა? მოკლედ, თილისმასავით მაქვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მიხარია. საერთოდ, მომავალზე ოპტიმისტები ფიქრობენ. ჯერ ჩემი შვილები იმდენად პატარები არიან, რომ საკუთარი თავი ბებიის ამპლუაში ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მჯერა, მომავალში ძალიან კარგი ცხოვრება მექნება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმაზე, თუ რამდენად მორწმუნე ადამიანი ვარ. არ მიყვარს, როცა ადამიანები ამას ხაზს უსვამენ. ზოგადად, ტაბუდადებული თემა არ მაქვს.

- რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას...

- ...ამაზე ღიად ყველასთან ვერ ვილაპარაკებ. პირადი ამბები მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეიძლება გაანდო.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...მიხარია და მწყინს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...შემწვარი გოჭის ხორცის სიყვარულია (იცინის). კარგად დაბრაწულ ხორცზე ვგიჟდები და რა ვქნა? ვაღიარებ, ყველაფერზე მეტად მიყვარს.

- ყოველ ახალ წელს ჩვევად მაქვს...

- ...გამოვიპრანჭო და ისე შევხვდე.

- ვეპრანჭები...

- ...არსებობს ადამიანი, ვისაც ვეპრანჭები; სხვანაირად არ გამიგო, მეუღლეს ვგულისხმობ. სხვისი გაპრანჭვის სურვილი ჯერ არ გამჩენია.

- ახალ წელს ყოველთვის ვხვდები...

- ...ხან ოჯახში ვარ, ხან - მეგობრებთან. ყოველი ახალი წელი დაუვიწყარია.

- მეკვლედ...

- ...ოფიციალური მიპატიჟებები არ მქონია, მაგრამ მეკვლე ვყოფილვარ. ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ბლომად გოგონები გამითხოვებია, ჰოდა, გაუთხოვარ გოგონებს შეუძლიათ, მეკვლედ დამპატიჟონ. ადრე ქორწილებში თამადას გოჭის თავს ხომ ჩუქნიდნენ და მეკვლედ ვინც დამპატიჟებს, მორთულ-მოკაზმული გოჭის თავი უნდა დამახვედროს. ისე, ეს რა კარგი რამ მოვიფიქრე (იღიმის)!..

- ჩემს ოჯახში მეკვლე...

- ...ყოველთვის თავად ვარ. როცა სადმე მივდივართ და მერე შინ ვბრუნდებით, პირველი მე შევდივარ.

- ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებ, რომ...

- ...ვიყო ძალიან ბედნიერი ჩემს ოჯახთან ერთად.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა შვილებმა.

- ხშირად მსაყვედურობენ, რომ...

- ...მეგობრებთან მისვლას ვერ ვახერხებ.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს შინაგან სამყაროს, ჩემს სიხარულს, ტკივილს, სევდას, ლამაზ მოგონებებს...

- ყოველთვის ძალიან განვიცდი...

- ...როცა ჩემი შვილები ტირიან. განსაკუთრებით მაშინ ვნერვიულობ, როცა მათი ტირილის მიზეზი მე ვარ. პატარები დატუქსვას ვერ იტანენ.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი წარსულის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ ადამიანს მივცემდი, რომ მერე ისინი უფრო კარგად გამეცნო. ფული ადამიანს კი არ აფუჭებს, მის ხასიათს უკეთესად ავლენს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ პროფესიას და ღირსებას ვერ შევლახავ.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...დედის გარდაცვალებაა.

- არასდროს დამავიწყდება დარიგება...

- ...რომელსაც თავის დროზე დედისგან ვიღებდი. წლების წინ ნათქვამი მისი სიტყვები დღესაც მართლდება. დედა ჩემთვის ყველაზე კარგი მრჩეველი იყო.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...არცთუ ისე ხშირად მივდივარ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარხართ ადამიანებო, თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით! მინდა, ყველამ მოვიპოვოთ სიმშვიდე გულებში და ბედნიერად ვიცხოვროთ.

- ვიდრე დაგემშვიდობები, შენს სამომავლო გეგმებზეც გკითხავ. "ალუბლების ქუჩა #12" დაიხურა. როგორც გავიგე, შენ და სერიალის სხვა მსახიობებს ახალი "კომედი არხიდან" გაქვთ მიწვევა.

- სერიალი დაიხურა, მაგრამ ახლა უმოქმედოდ ნამდვილად არ ვარ. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი იმდენად გაურკვეველია, რომ ჯერ ვერაფერს გეტყვი.

- ისიც ვიცი, რომ დღეს გადაღებაზე იყავი...

- მართალია, მაგრამ ეს სიურპრიზად დავტოვოთ. ახლა რამე რომ გითხრა, მერე შეიძლება ჩემი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს, ეს კი არ მინდა. ყველაფერი რომ დალაგდება, ამ თემაზე მერე სიამოვნებით ვილაპარაკებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება